მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს პარლამენტის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ პროდუქტებზე ფასები გაიზარდა.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა პროდუქციის ფასების დინამიკით და აღნიშნული განცხადების გადამოწმება გადაწყვიტა. ჩვენ გადავამოწმეთ, როგორც მიმდინარე, ასევე გასული წლის სტატისტიკური მონაცემებიც.
საქართველოში ინფლაციის დონის გამოსაანგარიშებლად სამომხმარებლო ფასების ინდექსი[1]გამოიყენება (CPI). სამომხმარებლო ფასების ინდექსის გაანგარიშების საფუძველია სამომხმარებლო კალათა, რომელიც მომხმარებლის მიერ პირადი დანიშნულების საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული ხარჯების სტრუქტურას ასახავს (დიაგრამა 1). სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონელი და მომსახურება დაყოფილია ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფს ენიჭება შესაბამისი წონა, მასზე გაწეული ხარჯების შესაბამისად.
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
საქსტატის მონაცემებით მიმდინარე წლის სექტემბერში ინფლაციის დონემ, აგვისტოს თვესთან მიმართებაში 1.2% შეადგინა. ინფლაციის დონის ფორმირებაში მაღალი წვლილი (96%) სურსათზე ფასების ზრდამ შეიტანა. სექტემბერში სასურსათო პროდუქციაზე ფასები წინა თვესთან შედარებით 3.3%-ით გაიზარდა.
2013წლის სექტემბერთან შედარებით, მიმდინარე წლის სექტემბერში ინფლაციის დონემ 4.8% შეადგინა. ფასები ყველაზე მეტად ჯანმრთელობის დაცვაზე (15.2%-ით), სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე (8.4%-ით) გაიზარდა.
საქონელზე ფასების ზრდა გამოწვეული შეიძლება იყოს ორი მიზეზით, როდესაც მოთხოვნა ამ საქონელზე იზრდება უფრო სწრაფად, ვიდრე მისი მიწოდება. შესაბამისად, ჭარბი მოთხოვნა იწვევს ფასების ზრდას. ფასების ზრდის მეორე მიზეზი შეიძლება იყოს წარმოების ფაქტორებზე ფასების ზრდა, შესაბამისად წარმოება ხდება უფრო ძვირი, რაც საქონლის საბოლოო ფასზეც აისახება.
სამომხმარებლო კალათაში შემავალ სხვა სასაქონლო ჯგუფებთან მიმართებაში სასურსათო პროდუქციაზე ფასების ზრდა ყოველთვის მაღალი იყო. ეს ნაწილობრივ შემოსავლების ზრდით შეიძლება აიხსნას, რამდენადაც დაბალშემოსავლიან ქვეყნებში შემოსავლების ზრდის თავდაპირველ ეტაპზე მოთხოვნა პირველ რიგში სასურსათო პროდუქციაზე იზრდება, რადგან ოჯახი პირველ რიგში საკვები რაციონის გამდიდრებაზე ზრუნავს, ხოლო შემოსავლების ზრდის მომდევნო ეტაპზე საკვებ პროდუქტებზე ხარჯების წილი მცირდება და მოთხოვნა ფუფუნების საგნებზე იზრდება.
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ამასთან, თუ საკვებ პროდუქტებზე ფასების ყოველთვიურ ცვლილებას შევხედავთ (იხ. გრაფიკი 1) ვნახავთ, რომ საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდა სექტემბერ-იანვარში შეინიშნებოდა, ხოლო დანარჩენ პერიოდში პროდუქტებზე ფასების ზრდა უმნიშვნელო იყო, ან ზოგ შემთხვევაში იკლებდა კიდეც. ეს გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ საკვები პროდუქტის უმეტესი ნაწილის წარმოება (ხილი, ბოსტნეული) სეზონურია, სექტემბერ-იანვრის პერიოდში ზოგიერთი პროდუქტის წარმოება მცირდება და შესაბამისად, ფასზეც აისახება.
სამომხმარებლო კალათის სტრუქტურაში პირველ სამეულს სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (30.25%), ჯანმრთელობის დაცვა (10.09%) და კომუნალური მომსახურების ხარჯები (8.38%) წარმოადგენს. შესაბამისად, ამ ჯგუფის პროდუქტებზე ფასების ზრდა მტკივნეულად აწვება მომხმარებელს. ქვემოთ მოცემული გრაფიკში ასახულია წლიური ფასების ზრდა სამომხმარებლო კალათის სამ ძირითად ჯგუფზე 2010-2014 წლებში.
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
იქიდან გამომდინარე, რომ ინფლაციის გამომწვევვი ძირითადი მიზეზი მიმოქცევაში არსებული ფულის მასის ზრდაა, ჩვენ გადავწყვიტეთ გვენახა, თუ როგორ იცვლებოდა მიმოქცევაში არსებული ფულის მასა 2013 წლის სექტემბრიდან 2014 წლის სექტემბრამდე.
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი [2]
გრაფიკი 3-დან ჩანს, რომ ფასების დონის მატება შეინიშნება 2013 წლის ბოლოდან, რაც დიდწილად მიმოქცევაში არსებული ფულის მასის ზრდამ განაპირობა. ფულის მასის ზრდამ ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზეც მოახდინა გავლენა და ლარის კურსის გაუფასურება გამოიწვია. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში პროდუქციის უმეტესი ნაწილი (მათ შორის სასურსათო პროდუქციაც) იმპორტირებულია, გაცვლითი კურსის ცვლილება იმპორტირებული პროდუქციის ფასზეც აისახება. მიმდინარე წლის სექტემბერში ლარის საშუალო თვიურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლართან მიმართებაში 1.75 შეადგინა, ხოლო წინა წლის ანალოგიური მაჩვენებელი 1.66 იყო, შესაბამისად, ლარი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში 5.4 %-ით გაუფასურდა. ლარის გაუფასურების გამო იმპორტი გაძვირდა, კერძოდ 1 დოლარის ღირებულების იმპორტირებულ პროდუქციაში ახლა 5%-ით მეტ ლარს ვიხდით, ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში.
დასკვნასექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, ინფლაციის დონემ 1.2% შეადგინა. საკვებ პროდუქტებზე ფასები 3.3%-ით გაიზარდა, ხოლო ბოლო ერთი წლის ინფლაცია არის 4.8%, მათ შორის, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები 8.4%-ით გაიზარდა. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ პროდუქტებზე ფასების ზრდა განსაკუთრებით მტკივნეულად აწვება დაბალშემოსავლიან მოსახლეობას, რამდენადაც მათი შემოსავლის უმეტესი ნაწილი საკვებ პროდუქტებზე იხარჯება.
პროდუქტებზე ფასების ზრდა, როგორც წესი, ყოველთვის უფრო მაღალი იყო სამომხმარებლო კალათის სხვა სასაქონლო ჯგუფებთან მიმართებაში. ასევე, თუ გადავხედავთ ფასების ყოველთვიურ დინამიკას, ვნახავთ, რომ ფასები სეზონურად იცვლებოდა. კერძოდ, მცირდებოდა გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში, ხოლო შემოდგომა-ზამთრის პერიოდში საკვებ პროდუქტებზე ფასთა ზრდა შეინიშნებოდა. აღნიშნული ფაქტი წარმოების მოცულობის სეზონური ცვლილების გავლენის შედეგად ხდებოდა.
ფასების ზრდა, მეტწილად, მიმოქცევაში არსებული ფულადი მასის ზრდამაც განაპირობა, რამაც შიდა მოთხოვნის და შესაბამისად, პროდუქტებზე ფასების ზრდაც გამოიწვია. ასევე, რამდენადაც საქართველოში პროდუქციის ძირითადი ნაწილი (მათ შორის, სურსათი) იმპორტირებულია, გაცვლითი კურსის ცვლილება იმპორტირებული პროდუქციის ფასზეც აისახა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი ვაშაძის განცხადება: „პროდუქტებზე ფასები გაზრდილია,“ არის სიმართლე.
სამომხმარებლო ფასების ინდექსი (CPI) ასახავს ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრებთა მიერ პირადი მოხმარების საქონელზე გაწეული ხარჯების ცვლილებას.
[2] სარეზერვო ფული –ეროვნული ბანკის მიერ ემიტირებული ნაღდი ფული (ეროვნული ბანკის სალაროში სახსრების ნაშთის გარეშე), საქართველოს კომერციული ბანკების (ლიცენზიაგამოთხოვილი ბანკების სახსრების ჩათვლით) მიერ ეროვნულ ბანკში დეპონირებული სავალდებულო რეზერვების, ანგარიშებსა და საკორესპონდენტო ანგარიშებზე ნაშთები, როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში.
M1 აგრეგატი (ვიწრო ფული)– მოიცავს ბანკებს გარეთ არსებულ ნაღდ ფულს (M0) და რეზიდენტი სამეწარმეო და შინამეუნეობების სექტორების მოთხოვნამდე დეპოზიტებს ეროვნული ვალუტით, საბანკო და სამთავრობო სექტორების დეპოზიტების გარეშე.