2014

წლის 20 ოქტომბრიდან „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების თანახმად, უკანონო აბორტზე სანქციები მკაცრდება.

მიმდინარე წლის 17 სექტემბერს, პარლამენტმა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა. განხილვისას კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა და მომხსენებელმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა: “არცერთ ევროპულ ქვეყანაში მსგავსი ლიბერალური დამოკიდებულება არ არსებობს აღნიშნულ დანაშაულთან დაკავშირებით. მანამდე ეს დანაშაული ისჯებოდა ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 100-დან 240 საათამდე. საერთაშორისო გამოცდილებაც გვაჩვენებს, რომ ასეთი დანაშაულისათვის ასეთი ლიბერალური დამოკიდებულება არცერთ ქვეყანაში არ არის და ყველგან მინიმუმ ერთ წლამდეა თავისუფლების აღკვეთა“.

ფაქტ-მეტრი დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით დაინტერესდა. შევეცადეთ გადაგვემოწმებინა, უკანონო აბორტის შემთხვევაში რა ტიპის პასუხისმგებლობა დგება ევროპულ ქვეყნებში.

საქართველოში აბორტი დასაშვებია

თუ ორსულობის ხანგრძლივობა თორმეტ კვირას არ აღემატება ან მუცლის მოშლა უკიდურესი აუცილებლობით არის გამოწვეული, საფრთხეს უქმნის ქალის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. აბორტის გაკეთება უნდა მოხდეს მხოლოდ სპეციალურად მოწყობილ სტაციონალურ სამკურნალო დაწესებულებაში. აბორტი უკანონოდ ითვლება, როცა ის დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ ხდება.

დღემდე მოქმედი კანონმდებლობით უკანონო აბორტი სისხლის სამართლის დანაშაულია. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 133-

ე მუხლის თანახმად:

  • უკანონო აბორტი ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ორასორმოც საათამდე, ან გამოსასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე;
  • იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, რამაც გამოიწვია შვილოსნობის სამუდამო მოშლა ან სხვა მძიმე შედეგი, ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე;
  •  უკანონო აბორტი, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, უკანონო აბორტის შემთხვევაში ისჯება პირი, რომელმაც გააკეთა აბორტი.

დღეიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 133-ე მუხლი (

უკანონო აბორტი) ახალი რედაქციით ამოქმედდება, რომლის თანახმადაც:

  • უკანონო აბორტი ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასოციდან სამას საათამდე, თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ორ წლამდე;
  • იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ან რამაც გამოიწვია შვილოსნობის სამუდამო მოშლა ან სხვა მძიმე შედეგი, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან/და საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე;
  • უკანონო აბორტი, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების ან/და საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
აღნიშნული კანონპროექტის განმარტებით ბარათში

ვკითხულობთ: „სისხლის სამართლის კოდექსი ზედმეტად ლიბერალურია უკანონო აბორტის მიმართ. თითქმის არ მოიძებნა არცერთი ევროპული ქვეყანა, სადაც ამგვარი ლიბერალური მიდგომა ფიქსირდება“. როგორც ვხედავთ, დიმიტრი ხუნდაძე განცხადების გაკეთებისას სწორედ კანონპროექტის განმარტებით ბარათს ეყრდნობა.

საქართველოს პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ კვლევაში

 განხილულია სასჯელი უკანონო აბორტის შემთხვევაში, ევროპის და პოსტსაბჭოთა ქვეყნების მაგალითზე. აღნიშნული კვლევის თანახმად, უმეტეს შემთხვევაში კრიმინალურ აბორტად კვალიფიცირდება:

  • უკანონო აბორტი ქალის ნებართვით – დსთ-ს ქვეყნებში მხოლოდ ამგვარი აბორტი ითვლება უკანონოდ, რადგან აბორტი ქალის ნებართვის გარეშე უკვე განიხილება, როგორც ჯანმრთელობისთვის განზრახ მიყენებული დაზიანება;
  • ორსულობის შეწყვეტა ქალის ნებართვის გარეშე – ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში სწორედ ეს ფორმა კვალიფიცირდება უკანონო აბორტად;
  • თვითნებითი აბორტი ან ქალის ნებართვით ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა სხვა პირის მიერ.  

ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში აბორტი დაშვებულია. აბორტის სრული აკრძალვა არის მხოლოდ მალტაში. ირლანდიაში, ანდორაში, სან-მარინოსა და მონაკოში აბორტი დაშვებულია მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენებით (ანუ იმ შემთხვევაში, როცა აბორტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქმედებაა). აბორტი ასევე იკრძალება პოლონეთში და ესპანეთში, ის დასაშვებია მხოლოდ სამედიცინო ჩვენებით, რაც გულისხმობს, რომ საფრთხე ექმნება დედის ფსიქიკურ/ფიზიკურ ჯანმრთელობას ან ნაყოფს, ასევე იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს დაბადების შემთხვევაში ექნება სერიოზული დაავადებები ან ორსულობა დამდგარია გაუპატიურებით.

სასჯელი უკანონო აბორტისთვის ევროპის ქვეყნებში:
ქვეყნები უკანონო აბორტი ქალის ნებართვით(მაქსიმალური სასჯელი)თავისუფლების აღკვეთა ორსულობის შეწყვეტა ქალის ნებართვის გარეშე(მაქსიმალური სასჯელი)თავისუფლების აღკვეთა თვითნებითი აბორტი(მაქსიმალური სასჯელი)თავისუფლების აღკვეთა
ავსტრია 1 წელი 3 წელი 1 წელი
ბელგია 1 წელი 10 წელი
რუმინეთი 1 წელი (ან ჯარიმა) 1 წელი
ალბანეთი 2 წელი (ან ჯარიმა) 5 წელი
უნგრეთი 3 წელი 5 წელი
გერმანია 3 წელი (ან ჯარიმა) 5 წელი 1 წელი
ესპანეთი 3 წელი 8 წელი 1 წელი
ნორვეგია 3 წელი 15 წელი
ისლანდია 4 წელი 2 წელი
ბულგარეთი 5 წელი 8 წელი
ლუქსემბურგი 5 წელი 10 წელი
შვეიცარია 5 წელი 8 წელი
ლიტვა 2 წელი
ლატვია ჯარიმა 15 წელი
ნიდერლანდები ჯარიმა 12 წელი

როგორც ზემოთ მოცემული ცხრილიდან ჩანს, ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში უკანონო აბორტი თავისუფლების აღკვეთით ისჯება. თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადები 1 წლიდან 15 წლამდე მერყეობს. რუმინეთში, ალბანეთში და გერმანიაში თუ უკანონო აბორტი ქალის ნებართვით ხდება, სასჯელი შეიძლება იყოს ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა. ლატვიაში და ნიდერლანდებში ქალის ნებართვით უკანონო აბორტის შემთხვევაში სანქცია მხოლოდ ჯარიმას ითვალისწინებს.

დასკვნა

მიმდინარე წლის 20 ოქტომრიდან უკანონო აბორტზე სანქციები მკაცრდება. დღემდე მოქმედი კანონმდებლობით უკანონო აბორტი ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით ასიდან ორას ორმოც საათამდე ან გამოსასწორებელი სამუშაოთი, ვადით ერთიდან ორ წლამდე ისჯებოდა. ცვლილებების თანახმად, ჯარიმა – როგორც სანქცია აღარ იარსებებს. უკანონო აბორტი დაისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ასოციდან სამას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ორ წლამდე. სასჯელი იმ შემთხვევებშიც მკაცრდება, როცა უკანონო აბორტი განმეორებითი ქმედებაა, მძიმე შედეგებს (მაგ. შვილოსნობის მოშლა) იწვევს, ან სიცოცხლის მოსპობის მიზეზი გახდა.

პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში უკანონო აბორტი თავისუფლების აღკვეთით ისჯება (მაქსიმალური ვადები 1 წლიდან 15 წლამდე მერყეობს). რუმინეთის, ალბანეთის და გერმანიის შემთხვევაში მინიმალური სასჯელი შეიძლება იყოს ჯარიმაც. ლატვიის და ნიდერლანდების შემთხვევაში კი ქალის ნებართვით უკანონო აბორტი ჯარიმით ისჯება.

ზოგადად, ევროპის სხვა ქვეყნებთან მიმართებით ქართული კანონმდებლობა შეიძლება განვიხილოთ როგორც შედარებით ლიბერალური, ვინაიდან უკანონო აბორტის პირველივე შემთხვევაზე თავისუფლების აღკვეთას დღემდე არ გულისხმობდა. თუმცა, ფაქტია, რომ ევროპის ქვეყნებში უკანონო აბორტი მინიმუმ ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით არ ისჯება, როგორც ამას დიმიტრი ხუნდაძე აღნიშნავს. რიგ შემთხვევებში ეს არის ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა, რიგ შემთხვევებში კი თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადა ერთი წელია.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, დიმიტრი ხუნდაძის განცხადება: „არცერთ ევროპულ ქვეყანაში მსგავსი ლიბერალური დამოკიდებულება  არ არსებობს უკანონო აბორტებთან დაკავშირებით... მინიმუმ ერთ წლამდე არის ყველგან თავისუფლების აღკვეთა“, არის ნახევრად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი