წლის 17 სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა: „უმცირესობის („ნაციონალური მოძრაობის“) მარგინალიზაციაზე ლაპარაკი იმ პოლიტიკური ძალის (კოალიცია – „ქართული ოცნების“) მხრიდან, რომელმაც წელიწადნახევარში ნახევარი მილიონი ამომრჩეველი დაკარგა, არის ძალიან სასაცილო“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა და მის გადამოწმებას შეეცადა.
2012წლიდან დღემდე საქართველოში სამი არჩევნები ჩატარდა:
- 2012 წლის პირველი ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნები;
- 2013 წლის 27 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები;
- 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნები.
ფაქტ-მეტრი მიიჩნევს, რომ საპარლამენტო, საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები სტრუქტურულად, შინაარსობრივად და ამომრჩევლის დამოკიდებულებით ერთმანეთისგან განსხვავდება. შესაბამისად, რთულია განსხვავებული ტიპის არჩევნების ერთმანეთთან შედარებით კონკრეტული შედეგების მიღება და ზუსტი დასკვნების გაკეთება. ჩვენ აღნიშნულ საკითხში გარკვევა მაინც ვცადეთ.
ფაქტ-მეტრი ზურაბ ჯაფარიძეს დაუკავშირდა, რომელმაც განგვიმარტა, რომ აღნიშნული განცხადების გაკეთებისას ის 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებიდან 2014 წლის ივნისის არჩევნებამდე პერიოდს გულისხმობდა. დეპუტატის აზრით, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნებში (უკანასკნელი ჩატარებული არჩევნები) კოალიცია – „ქართულმა ოცნებამ“ ნახევარი მილიონი ხმით ნაკლები მიიღო, ვიდრე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში და შესაბამისად ხელისუფლებაში მოსვლიდან უკანასკნელ არჩევნებამდე მან ნახევარი მილიონი ამომრჩეველი "დაკარგა".
2012 წლის პარლამენტის არჩევნებში კოალიცია – „ქართულ ოცნებას,“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემების თანახმად, მხარი 1 181 862-მა ამომრჩეველმა დაუჭირა, რამაც ამომრჩეველთა 55% შეადგინა. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიკი, კოალიციამ პროპორციული სისტემით 719 431 ხმა მიიღო (ამომრჩეველთა დაახლოებით 51%), რაც პარლამენტის არჩევნებთან შედარებით 462 431 ხმით, ანუ დაახლოებით ნახევარი მილიონით ნაკლებია.
ამ კუთხით, ასევე საინტერესოა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სტატისტიკაც. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში 867 432, ხოლო 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში კი 317 395 ხმა მიიღო. შესაბამისად, პარტიამ 550 037 ხმით ნაკლები მიიღო. აქვე აღსანიშნავია, რომ 2012 წლის არჩევნებზე მმართველმა კოალიციამ ხმათა 54, 97%, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი 40,34% მიიღო. 2014 წლის არჩევნებზე პროპორციული სისტემით კოალიციამ 50,82%, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 22,42% მიიღო. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ პროცენტული დანაკლისი 5%-მდეა, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კი - 18%.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, კონკრეტულ არჩევნებში ნაკლები ხმის მიღება ავტომატურად „ამომრჩევლის დაკარგვას“არ ნიშნავს. აქ მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, თუ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობიდან რა ნაწილი მივიდა სხვადასხვა არჩევნებზე. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2012 წლის არჩევნებზე 2 215 661 ამომრჩეველი (საერთო რაოდენობის 61%), ხოლო 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 1 485 372ამომრჩეველი (საერთო რაოდენობის 43%) მივიდა. როგორც ამ მონაცემებიდან ჩანს, 2014 წლის არჩევნებზე 730 289 ამომრჩევლით უფრო ნაკლები მივიდა, ვიდრე 2012 წლის არჩევნებზე. ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ ამომრჩეველთა აქტივობის ასეთი შემცირება პარტიების მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობაზე აისახებოდა. თუმცა, შეუძლებელია აღნიშნულ 730 289 ამომრჩეველში კონკრეტული პარტიების მხარდამჭერების რაოდენობრივი განაწილება განვსაზღვროთ.
მნიშვნელოვანია, ზემოაღნიშნულ ორ არჩევნებს შორის ჩატარებული 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების განხილვაც. აღსანიშნავია, რომ 2012 წლის არჩევნებთან შედარებით, ამომრჩევლის საგრძნობი კლება საპრეზიდენტო არჩევნებზეც შეინიშნებოდა. საპრეზიდენტო არჩევნებზე 1 648 662ამომრჩეველი, ანუ საერთო რაოდენობის 46% მივიდა. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ამომრჩეველთა აქტივობა 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ერთმანეთისგან რადიკალურად არ განსხვავდებოდა. კოალიცია – „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა ხმათა 62% მიიღო, რამაც 1 012 610 ამომრჩეველი შეადგინა. აღნიშნულ არჩევნებზე „ნაციონალურმა მოძრაობის“ კანდიდატმა დავით ბაქრაძემ ხმათა 21% მიიღო.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პრაქტიკულად იგივე შედეგი, ხმათა 22% მიიღო (საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით). 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, კოალიცია – „ქართულ ოცნებამ“ ხმათა 50,82% აიღო. შესაბამისად, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით, „ქართული ოცნებმა“ 12%-ით ნაკლები ხმა მიიღო. ამდენად, 2013 წლის არჩევნებიდან 2014 წლის არჩევნებამდე, დაახლოებით თანაბარი ამომრჩევლის მისვლის პირობებში, „ქართულმა ოცნებამ“ დაახლოებით 300 ათასით ნაკლები ხმა მიიღო.
2012წელთან შედარებით, საპრეზიდენტო და თვითმმართველობის არჩევნებზე გაცილებით მაღალი შედეგი აჩვენეს სხვა დანარჩენმა პარტიებმა. კერძოდ, 2012 წლის პარლამენტის არჩევნებზე სხვა პარტიებმა (ერთად) ამომრჩევლის ხმათა 4,7%, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე - 16%, ხოლო 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კი, 26,7% მიიღეს. ბოლო ორი არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე სხვა პარტიების ამომრჩევლის რაოდენობის დაახლოებით 10%-იანი ზრდა, უფრო მეტად კოალიცია – „ქართულ ოცნებაზე“ აისახა, რომელსაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩევლის ხმათა 12%-იანი კლება ჰქონდა.
ფაქტ-მეტრმა პოლიტიკური პარტიების რეიტინგებიც გაანალიზა. აღნიშნულ საკითხზე უახლესი კვლევა ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) ჩაატარა. 2013 წლის ნოემბრის თვეში, კითხვაზე – „რომელი პარტია დგას თქვენ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს“, პასუხად კოალიცია – „ქართული ოცნება“ გამოკითხულთა 61%-მა, 2014 წლის აპრილის თვეში კი 42%-მა დაასახელა. ასევე 42%-მა დაასახელა „ქართული ოცნება“ 2014 წლის აგვისტოს თვეში. ამ პერიოდში ნიშანდობლივია საზოგადოებაში ნიჰილისტური განწყობის ზრდაც. ზემოაღნიშნულ შეკითხვაზე პასუხი – „არცერთი პარტია“ 2013 წლის ნოემბრის თვეში გამოკითხულთა 14%-მა აირჩია, ხოლო 2014 წლის აპრილის და აგვისტოს თვეებში შესაბამისად – 25%-მა და 30%-მა.
ფაქტ-მეტრი საკითხის შესწავლისას სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას – ISFED-საც დაუკავშირდა. ფაქტ-მეტრთან საუბარში ISFED-ის წარმომადგენლმა თამარ ბართაიამ განაცხადა: „ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების შედარება საპარლამენტო ან საპრეზიდენტო არჩევნებთან და დასკვნების გაკეთება დაუშვებელია. ნაკლები ხმის მიღება ავტომატურად არ ნიშნავს, რომ რომელიმე პარტიამ ხმები დაკარგა. ვერც იმას დავადგენთ რატომ არ მივიდა ამომრჩეველი კონკრეტულად რომელიმე არჩევნებზე. თუმცა, თვითმმართველობის არჩევნებზე მეორე ტურის დანიშვნამ ცხადყო, რომ ქვეყანაში გადამწყვეტი უპირატესობა რომელიმე პარტიას არ აქვს. „ქართული ოცნების“ რეიტინგი რომ ეცემა, ამის თქმა ნამდვილად შეიძლება“.
დასკვნა
ზურაბ ჯაფარიძეს მიაჩნია, რომ მმართველმა კოალიციამ 2012 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის ივნისამდე ნახევარი მილიონი ამომრჩეველი დაკარგა. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, კოალიცია – „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, 2012 წელთან შედარებით, ნახევარ მილიონამდე ხმით ნაკლები მიიღო.
თუმცა, აქვე გასათვალისწინებელია ამომრჩეველთა მთლიანი რაოდენობა, რომელმაც არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 730 289 ამომრჩევლით ნაკლები მივიდა. ლოგიკურია, რომ ეს როგორც კოალიცია – „ქართული ოცნების“, ისე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიღებულ ხმათა რაოდენობაზე აისახებოდა. შესაბამისად, ამ ორი არჩევნების შედეგების შედარება ზუსტი დასკვნების გამოსატანად ბოლომდე მართებული ვერ იქნება.
შედარებით უფრო ზუსტი სურათის მისაღებად, ჩვენ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებსა და 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე მიღებული შედეგები შევადარეთ, ვინაიდან ამ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას შორის მნიშვნელოვანი განსხვავება არ ყოფილა. ამ ორი არჩევნების შედარებით ცხადი ხდება, რომ 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით, 2014 წლის ივნისამდე ადგილობრივ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ დაახლოებით 300 ათასი ხმით ნაკლები მიიღო.
ჩვენ პოლიტიკური პარტიების რეიტინგებში ცვლილებების გასაანალიზებლად, NDI-ის კვლევებს გავეცანით. ამ ორგანიზაციის კვლევების შედეგად, 2013 წლის ნოემბრიდან 2014 წლის აგვისტომდე კოალიცია – „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა რაოდენობამ 61%-დან 42%-მდე იკლო. ამასთან, ორგანიზაცია ISFED-ის წარმომადგენელი ფაქტ-მეტრთან საუბარში განაცხადა, რომ განსხვავებული ტიპის არჩევნების შედეგების შედარება არ არის მართებული, თუმცა მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგმა ცალსახად დაიკლო.
ფაქტ-მეტრმა 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე ჩატარებულ სამ არჩევნებზე მიღებული შედეგები გაანალიზა. ეს შედეგები, ისევე როგორც სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევები (მათ შორის NDI-ის) ცხადყოფენ, რომ ორი წლის განმავლობაში, კოალიცია – "ქართული ოცნების" რეიტინგმა კლება ნამდვილად განიცადა. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ზურაბ ჯაფარიძის განცხადების საერთო კონტექსტი სწორია, თუმცა ფაქტ-მეტრი ასევე აცნობიერებს, რომ კონკრეტული პოლიტიკური ძალის „დაკარგული“ ამომრჩევლების ზუსტი რაოდენობის გამოთვლა, ერთმანეთისგან შინაარსობრივად და მნიშვნელობით საკმაოდ განსხვავებული საპარლამენტო, საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედარებით, რთული და არამართებულია. აქედან გამომდინარე, ფაქტ-მეტრი ამჯერად თავს იკავებს კონკრეტული ვერდიქტის გამოტანისგან და მხოლოდ აღნიშნული საკითხის ანალიზითა და ტენდენციების გამოკვეთით შემოიფარგლება.