-
„პროექტის იდეაც ჩვენი იყო, პროექტიც ჩვენ გავაკეთეთ, ტენდერიც ჩვენ ჩავატარეთ, პროექტის განსახორციელებელი ფულიც ჩვენ ვიშოვეთ, მშენებლობებიც ჩვენ დავიწყეთ და სამუშაოების 50%-იც ჩვენ დროს დასრულდა“
2014 წლის 10 სექტემბერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხონის რაიონის სოფელ გორდში მდებარე...
მეტწილად სიმართლეგანცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებასVS
-
“ეს პროექტი [ოკაცეს კანიონის ტურისტული ინფრასტრუქტურის სამშენებლო პროეტი] მანამდე იყო დაანონსებული, თუმცა ჩვენი მოსვლის შემდეგ განვაახლეთ პროექტი და დავიწყეთ მშენებლობა“
2013 წლის 10 ივლისს, დაცული ტერიტორიების სააგენტოში, ოკაცეს კანიონზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განხილვასთან დაკავშირებული სხდომა გაიმართა
მეტწილად მცდარიგანცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა02/10/2014ნახვა 6953
2014 წლის 10 სექტემბერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხონის რაიონის სოფელ გორდში მდებარე ოკაცეს კანიონს ესტუმრა, სადაც ვიზიტორთა ცენტრის გახსნას დაესწრო.
„ეს პროექტი მანამდე იყო დაანონსებული, თუმცა ჩვენი მოსვლის შემდეგ პროექტი განვაახლეთდა დავიწყეთ მშენებლობა. ეს კანიონი მართლაც უნიკალურია და ამით შეგვიძლია ვიამაყოთ. ამ რაიონის განვითარებისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტურისტული ადგილი, ეს შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს ამ კანიონის განვითარების, ამ ცენტრის აშენების შემდეგ ოთხმოცამდე ადამიანი იქნება პირდაპირ და არაპირდაპირ დასაქმებული“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა (წყარო: ნეტგაზეთი).პრემიერის აღნიშნულ განცხადებას დეპუტატი გოგა ხაჩიძე საკუთარ facebook-ის გვერდზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ოკაცეს კანიონის პროექტის იდეა “ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნის, მათ დროს ჩატარდა ტენდერი და სამუშაოების 50%-იც მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს დასრულდა.
ფაქტ-მეტრი განცხადებებში მოყვანილი ფაქტების სიზუსტით დაინტერესდა და ისინი გადაამოწმა.
ოკაცეს კანიონი მდინარე საწისქვილოს ხეობაში, ასხის კირქვული მასივის აღმოსავლეთ ქარაფიდან სამ საფეხურად გადმომავალ ჩანჩქერების კასკადს წარმოადგენს. პირველი ჩანჩქერის სიმაღლე დაახლოებით 25 მეტრია, მეორე ჩანჩქერის კი - 70 მეტრი. ნაკადის მდინარე საწისქვილოსთან შეერთების შემდეგ 20 მეტრში წარმოიქმნება კასკადის მესამე, დაახლოებით 35 მეტრი სიმაღლის საფეხური. ოკაცეს კანიონი კლდეზე დაკიდებულ კანიონის ბილიკს, ასევე საფეხმავლო ბილიკს, იტალიელი დიზაინერის მიერ გაშენებულ ორანჟერეას და დადიანების საბანაოს მოიცავს.
ჩვენ „ოკაცეს კანიონის ტურისტული ინფრასტრუქტურის სამშენებლო პროექტის“ შესახებ ინფორმაცია დაცული ტერიტორიების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე მოვიძიეთ. სააგენტოს 2013 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2012 წელს ბიუჯეტში ცალკე პროექტით ჩასმული იყო „ოკაცეს კანიონის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება“. ამ პროექტზე გამოყოფილმა საბიუჯეტო დაფინანსებამ 4 მილიონი ლარი შეადგინა.ანგარიშში აგრეთვე ნათქვამია, რომ 2013 წლის განმავლობაში გრძელდებოდა „ოკაცეს კანიონის ტურისტული ინფრასტრუქტურის“ სამშენებლო/ სამონტაჟო სამუშაოები, რომელიც მთელი რიგი მიზეზების გამო დადგენილ ვადებში ვერ დასრულდა. საკითხი „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა შემსწავლელ“ სამთავრობო კომისიაზე იქნა გატანილი, რის შედეგადაც კომისიამ სამშენებლო სამუშაოების შესრულების ვადის 2014 წლის 1 ივნისამდე გაგრძელების რეკომენდაცია გასცა. ანგარიშის მიხედვით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ვიზიტორთა ცენტრის, ვანტური ბილიკების, საფეხმავლო ბილიკების, გამშვები პუნქტისა და საზოგადოებრივი საპირფარეშოს მშენებლობა.
2013 წლის 10 ივლისს, დაცული ტერიტორიების სააგენტოში, ოკაცეს კანიონზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განხილვასთან დაკავშირებული სხდომა გაიმართა,რომელზეც ოკაცეს კანიონზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ეფექტურობა განიხილეს, აზრთა სხვადასხვაობა შეკიდული პლატფორმის მშენებლობის საკითხმა გამოიწვია. საბოლოოდ ამ პროექტის მცირედი კორექტირება გადაწყდა.
ფაქტ-მეტრი აგრეთვე შეეცადა დაედგინა, თუ როდის გამოცხადდა ტენდერი ოკაცეს კანიონის ინფრასტრუქტურული სამუშაოების განსახორციელებლად. ამ მიზნით, ჩვენ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ განხორციელებული ტენდერები მოვიძიეთ და დავადგინეთ, რომ 2012 წლის 5 ივნისს სააგენტომ გამოაცხადა ტენდერი (SPA 120015612) „ოკაცეს კანიონის ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობათან“ დაკავშირებით. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4 850 000 ლარი იყო. ტენდერში შპს „ზიმომ“ გაიმარჯვა, რომელთანაც ხელშეკრულება 2012 წლის 12 ივლისს გაფორმდა. სამუშაოების დასრულების ვადად 2013 წლის 19 ივნისი განისაზღვრა.
ფაქტ-მეტრი ოკაცეს კანიონზე ინფორმაციის მოსაპოვებლად დაცული ტერიტორიების სააგენტოს იმდროინდელ ხელმძღვანელს, გიორგი შონვაძეს დაუკავშირდა. გიორგი შონვაძის ინფორმაციით, ოკაცეს კანიონის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის იდეა სააგენტოში 2011 წელს წარმოიშვა და სპეციალისტების გუნდმა აქტიურად დაიწყო ამ იდეაზე მუშაობა, შეიქმნა პროექტი და უკვე 2012 წლის ბიუჯეტში პროექტის განსახორციელებლადთანხაგამოიყო. 2012 წლის 5 ივნისს ტენდერი გამოცხადდადა გამარჯვებული კომპანიაც გამოვლინდა. შპს „ზიმოს“ სამუშაოები 2013 წლის 19 ივნისამდე უნდა განეხორციელებინა, თუმცა მთელი რიგი მიზეზების გამო სამუშაოები დადგენილ ვადებში ვერ დასრულდა. გიორგი შონვაძემ დაკავებული თანამდებობა 2013 წლის მაისში დატოვა და მისი ინფორმაციით, იმ დროისათვის სამუშაოს გარკვეული ნაწილი უკვე დამთავრებული იყო.
ფაქტ-მეტრმა ოკაცეს კანიონის შესახებ ინფორმაცია დაცული ტერიტორიების სააგენტოდანაც გამოითხოვა. სააგენტოდან მიღებული წერილის თანახმადაც, „ოკაცეს კანიონის ტურისტული ინფრასტურქტურის“ სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოები 2012 წელსდაიწყო. მხარებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად სამუშაოები 2013 წლის 19 ივნისამდეუნდა დასრულებულიყო, ხოლო სამთავრობო კომისიის რეკომენდაციით, აღნიშნული ვადა 2014 წლის 1 ივნისამდე გაგრძელდა. აღნიშნული პროექტის დაფინანსების მიზნით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2012 წელს 4 მილიონი ლარი, ხოლო 2014 წელს დამატებით 1 მილიონი ლარი გამოიყო. აქედან 4.85 მილიონი ლარი გათვალისწინებული იყო სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების, ხოლო 150 000 ლარი კი - სამუშაოების ზედამხედველობის მომსახურების დაფინანსებაზე. სამუშაოები ოკაცეს კანიონზე მიმდინარე წლის ივლისში დასრულდა. აღნიშნულ ობიექტზე 13 ადამიანი დასაქმდება.
დასკვნა
ფაქტ-მეტრის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ასევე დაცული ტერიტორიების სააგენტოდან მიღებული ოფიციალური წერილის თანახმად, „ოკაცეს კანიონის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების“ პროექტის განსახორციელებლად თანხა (4 მილიონი ლარი)დაცული ტერიტორიების სააგენტოს 2012 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებული იყო. 2014 წელს დამატებით კიდევ 1 მილიონი ლარი გამოიყო. ტენდერი 2012 წლის 5 ივნისს გამოცხადდა. შპს „ზიმოს“-თან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები 2013 წლის 19 ივნისამდე უნდა დასრულებულიყო. თუმცა, სამუშაოები 2014 წლის ივლისში დასრულდა.
პრემიერი თავის განცხადებაში ამბობს, რომ ოკაცეს კანიონის პროექტის წინა ხელისუფლების დროსმხოლოდ დაანონსება მოხდა. როგორც გავარკვიეთ, პროექტის განსახორცილებლად თანხა უკვე 2012 წლის ბიუჯეტში იყო გამოყოფილი, შესაბამისი ტენდერიც იმავე წლის 5 ივნისს გამოცხადდა და სამუშაოების წარმოებაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე დაიწყო, თუმცა დადგენილ ვადებში ის ვერ დასრულდა. საბოლოოდ, პროექტის მცირედი კორექტირება მოხდა და იგი 2014 წელს დასრულდა. აქედან გამომდინარე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება: „ეს პროექტი მანამდე იყო დაანონსებული, თუმცა ჩვენი მოსვლის შემდეგ განვაახლეთ პროექტი და დავიწყეთ მშენებლობა“, არის მეტწილად მცდარი.
ფაქტ-მეტრმა გოგა ხაჩიძის განცხადებაც გადაამოწმა. აღმოჩნდა, რომ ოკაცეს კანიონის ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის იდეა დაცული ტერიტორიების სააგენტოში 2011 წელს გაჩნდა, თანხაც 2012 წელს გამოიყო, ასევე 2012 წლის 5 ივნისში ჩატარდა ტენდერიც და სამუშაოები ივლისიდან დაიწყო. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამუშაოების 50% „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს არ განხორციელებულა. შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ გოგა ხაჩიძის განცხადება: „პროექტის იდეაც ჩვენი იყო, პროექტიც ჩვენ გავაკეთეთ, ტენდერიც ჩვენ ჩავატარეთ, პროექტის განსახორციელებელი ფულიც ჩვენ ვიშოვეთ, მშენებლობებიც ჩვენ დავიწყეთ და სამუშაოების 50%-იც ჩვენ დროს დასრულდა“, არის მეტწილად სიმართლე.