წლის 31 ივლისს, ფაქტ-მეტრის სერვისის – „შეამოწმე შენი ფაქტის“ ფარგლებში, მკითხველმა ნინო მალაშხიამ პრემიებთან დაკავშირებულ საკითხის გადამოწმების თხოვნით მოგვმართა: "ამა წლის 30 ივლისს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ნინო კობახიძემ განაცხადა, რომ 2012 წელთან შედარებით წელს გასცეს 11 მილიონით ნაკლები პრემია და 38 მილიონი ლარით ნაკლები სახელფასო დანამატი".
ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
დასაწყისისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ფაქტ-მეტრს პრემიებთან და სახელფასო დანამატებთან დაკავშირებით სტატია უკვე აქვს გამოქვეყნებული. საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული N449დადგენილება (2014 წლის 15 ივლისი) „საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“, საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირებზე გასაცემი პრემიის ოდენობას, მისი გაცემის წესსა და პირობებს განსაზღვრავს. ამ დადგენილებით პრემიის დეფინიცია ჩამოყალიბდა, რომელიც მანამდე არ არსებობდა. პრემია საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე გაცემული შრომითი გასამრჯელოა, რომელიც მის მიმართ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისთვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის (მუხ. 2.ბ) გაიცემა.
დადგენილებაში, ასევე, პრემიის გაცემის პერიოდულობა და ოდენობა გაიწერა, კერძოდ: საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს არ უნდა აღემატებოდეს, რომელიც შეიძლება კვარტალში ერთხელ გაიცეს (მაგრამ არა უმეტეს წელიწადში სამჯერ). ამ წესიდან გამონაკლისის დაშვება საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მოტივირებული შუამდგომლობითაა შესაძლებელი.
რაც შეეხება სახელფასო დანამატს, ის საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებითრეგულირდება. ბრძანებულების მიხედვით, საჯარო მოხელეს, რომელსაც მინიჭებული აქვს საკლასო ჩინი, ხელფასის დანამატები შემდეგი ოდენობით მიეცემა:
№ |
საკლასო ჩინი |
დანამატი პროცენტებში თანამდებობრივ სარგოსთან |
I | 1. ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი2. პირველი კლასის სახელმწიფო მრჩეველი3. სახელმწიფო მრჩეველი |
40 35 30 |
II | 1. პირველი კლასის მრჩეველი2. მეორე კლასის მრჩეველი3. მესამე კლასის მრჩეველი |
35 30 25 |
III | 1. საჯარო სამსახურის I კლასის მრჩეველი2. საჯარო სამსახურის II კლასის მრჩეველი3. საჯარო სამსახურის III კლასის მრჩეველი |
30 25 20 |
IV | 1. საჯარო სამსახურის I კლასის რეფერენტი2. საჯარო სამსახურის II კლასის რეფერენტი3. საჯარო სამსახურის III კლასის რეფერენტი |
25 20 15 |
ნინო კობახიძე თავის განცხადებაში 2013 წელს გაცემულ პრემიებს გულისხმობდა. იმის გასარკვევად, თუ რა რაოდენობის პრემიები და სახელწიფო დანამატები გაიცა მთლიანად საჯარო სექტორში 2012 და 2013 წლებში, ფაქტ-მეტრმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წერილობით მიმართა. სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად:
– 2012 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პრემიებზე 134 662 100 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატებზე კი 163 103 600 ლარი გაიცა;
– 2013 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პრემიებზე 124 037 000 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატებზე კი 125 138 000 ლარი გაიცა.
წერილიდან ასევე ირკვევა, რომ 2013 წელს საჯარო სექტორში გაცემული თანამდებობრივი სარგო 185 523 000 ლარით მეტია 2012 წლის ამავე მონაცემთან შედარებით.
ქვემოთ მოცემულ ცხრილში ასევე მოცემულია, თუ როგორ იზრდებოდა ბიუჯეტში საჯარო სექტორში შრომის მომსახურება 2004 წლიდან დღემდე:
წლები | შრომის ანაზღაურება (შესრულებული) |
2004 | 180 197 794 ლარი |
2005 | 276 461 300ლარი |
2006 | 373 530 700 ლარი |
2007 | 482 035 600 ლარი |
2008 | 913 142 600 ლარი |
2009 | 943 253 800 ლარი |
2010 | 993 483 900 ლარი |
2011 | 1 012 474 100 ლარი |
2012 | 1 049 425 400 ლარი |
2013 | 1 187 569 500 ლარი |
2014 (გეგმა) | 1 318 303 600 ლარი |
რაც შეეხება დასაქმებულთა რიცხოვნობას ბოლო სამი წლის განმავლობაში, ეს მონაცემი შემდეგნაირად გამოიყურება:
წელი | მომუშავეთა რაოდენობა |
2012 | 102 976 |
2013 | 103 665 |
2014 | 104 878 |
მეტი სიცხადისათვის, ჩვენ მთავრობის ადმინისტრაციას კითხვით მივმართეთ, თუ რა იყო პრემიებისა და სახელფასო დანამატების კლების მიზეზი. ადმინისტრაციიდან მიღებული პასუხის თანახმად:
„სახელმწიფო ბიუჯეტიდან შრომის ანაზღაურებაზე გაცემული თანხებიდან დანამატის 38 მლნ ლარით, ხოლო პრემიის საერთო მოცულობის 11.6 მლნ ლარით შემცირება საქართველოს პრემიერ მინისტრის 2013 წლის 15 მარტის #53 ბრძანებამ („საქართველოს მინისტრებისათვის დანამატის დაწესების შესახებ“) გამოიწვია, რომელმაც მინისტრებს დაუწესა და შეუმცირა სახელფასო დანამატის ზღვარი, რაც შემდგომ აისახა მთელ სახელმწიფო ვერტიკალზე პრემიებისა და დანამატების გაცემის პროცესის მიმდინარეობისას“.
ადმინისტრაციის მიერ მითითებულ #53 ბრძანებაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს მინისტრებს (სახელმწიფო მინისტრებს) საფინანსო წლის განმავლობაში დაუწესდეთ დანამატი, თითოეულს თვეში 4335 ლარის ოდენობით. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ მოგვიანებით დანამატის ზღვარი კვლავ შემცირდა. კერძოდ, 2014 წლის 21 იანვარს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოსცა #18 ბრძანება, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობის წევრებს (სახელმწიფო მინისტრებს) თითოეულ თვეში 2710 ლარიანი დანამატი დაუწესდათ. მართალია, ადმინისტრაციიდან მიღებულ წერილში პრემირების საკითხთან დაკავშირებით არაფერია ნათქვამი, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პრემიებზე გაცემული თანხის მოცულობის კლების ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ 2013 წლის მარტიდან 2013 წლის ბოლომდე საქართველოს მინისტრებს და ასევე სახელმწიფო მინისტრებს პრემიები არ აუღიათ. დასკვნა 2013წელს, 2012 წელთან შედარებით პრემიებზე გაცემული თანხა 10 625 100 ლარით, ხოლო სახელფასო დანამატი კი 37 965 600 ლარით შემცირდა. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საჯარო სამსახურში 2013 წელს გაცემული თანამდებობრივი სარგოების რაოდენობა 2012 წელთან შედარებით 185 523 000 ლარით მეტია, ვინაიდან საჯარო სამსახურისათვის 2004 წლიდან სახელმწიფო ბიუჯეტიდან შრომის ანაზღაურებაზე გამოყოფილი დაფინანსება ყოველ წელს იზრდება.
პრემიერ-მინისტრის 2013 წლის შესაბამისი ბრძანებით, საქართველოს მინისტრებს და სახელმწიფო მინისტრებს დანამატის ზღვარი თვეში 4335 ლარით განესაზღვრათ (მოგვიანებით ზღვარმა კიდევ დაიწია). ასევე აღსანიშნავია, რომ 2014 წლის ივლისის მდგომარეობით (2013 წლის მარტიდან) მინისტრებს პრემიები აღარ აუღიათ.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ნინო კობახიძის განცხადება: „2012 წელთან შედარებით წელს ჩვენ გავეცით 11 მილიონით ნაკლები პრემია და 38 მილიონი ლარით ნაკლები სახელფასო დანამატი,“ არის სიმართლე.