მიმდინარე წლის 23 ივლისს საქართველოს პარლამენტში მთავრობის განახლებული შემადგენლობისათვის ნდობის გამოხატვის საკითხი განიხილებოდა. დეპუტატ გუგული მაღრაძის შეკითხვაზე პასუხისას, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა: „ჩვენ ნამდვილად შევამცირეთ ჯარიმები, დეკემბერშივე შევამცირეთ ჯარიმები, მათ შორის საგადასახადო მიმართულებით“. მანვე განმარტა, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ამოქმედდა ახალი მექანიზმი. მაგალითად, თუკი ადრე მეწარმეს ჯარიმის არსებობის შემთხვევაში ანგარიშზე არსებული თანხა სრულად ეჭრებოდა, ახლა მას საარსებო მინიმუმი მაინც რჩება.
ფაქტ-მეტრი ფინანსთა მინისტრის განცხადებით დაინტერესდა და მისი გადამოწმება გადაწყვიტა.
ჯარიმების შესახებ ინფორმაციის გადასამოწმებლად საქართველოს საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ის ცვლილებები შევისწავლეთ, რომელიც 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილებიდან დღემდე განხორციელდა. 2012 წლის დეკემბრიდან დღემდე საგადასახადო კოდექსში ჯამში სულ 20 ცვლილებაა შესული. პირველი ცვლილება 2012 წლის დეკემბერშივე განხორციელდა, როგორც ეს ფინანსთა მინისტრმა განაცხადა. განხორციელებული ცვლილებები ჯარიმებსაც შეეხო. უფრო დეტალურად 2012 წლის დეკემბერში განხორციელებული ცვლილებები ასე გამოიყურება:
- ცვლილება შევიდა 272-ე მუხლის მე-4 ნაწილში, რომლის მიხედვითაც საურავი თანხის ოდენობა 0,07-დან 0,06 %-მდე შემცირდა;
- 274-ე მუხლის მეორე ნაწილში შესული ცვლილების თანახმად, ამავე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით გამოანგარიშებული სანქციების ჯამური თანხა არ უნდა იყოს 50 ლარზე ნაკლები, რაც წინა რედაქციით 200 ლარს შეადგენდა;
- 276-ე მუხლი: პირის საქმიანობა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის გარეშე ან სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ობიექტის დალუქვის გარეშე, თუ ასეთი ვალდებულება დადგენილია კანონით, იწვევს პირის დაჯარიმებას ამ ობიექტის მიხედვით კუთვნილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადასახდელი თანხის 100%-ის ოდენობით. ამოღებულია შენიშვნა - „არანაკლებ 1000 ლარისა“, რაც წინა რედაქციით იყო გათვალისწინებული;
- 281-ე მუხლის 1, 3, და 5 პუნქტებით გათვალისწინებული ჯარიმები 500 ლარიდან 200 ლარამდე შემცირდა;
- 286-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმა 1000 ლარიდან 500 ლარამდე შემცირდა. ამოღებულია ამავე მუხლის მესამე ნაწილი, რომელიც მეორე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის განმეორებით დაფიქსირების შემთხვევაში 10 000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებდა;
- 289-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რომელიც პირის მიერ საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევის შემთხვევაში იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა. წინა რედაქციით ყოველ დაგვიანებულ დღეზე გათვალისწინებული იყო 100 ლარიანი ჯარიმა, მაგრამ არაუმეტეს 1500 ლარისა;
- ამავე მუხლის მე-10 პუნქტი - საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადატანა ან გადმოტანა, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100%-ით ან ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას ან/და საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვას 1 წლის ვადით. შეტანილი ცვლილების თანახმად 1 წლიანი შეზღუდვა გაუქმებულია;
- 1 წლიანი შეზღუდვები მოხსნილია ამავე მუხლის მე-11 და მე-14 პუნქტებით გათვალისწინებული სანქციების შემთხვევაშიც.
ნაწილი, რომელიც 281-ე მუხლის პირველი, მესამე და მეხუთე ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის გადამხდელს საგადასახადო სანქციებს უმცირებდა და 200 ლარით განსაზღვრავდა.
ჯარიმების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, ფაქტ-მეტრმა ოფიციალური წერილით ფინანსთა სამინისტროსაც მიმართა და საქართველოში დაფიქსირებული ჯარიმების შესახებ 2010-2014 წლების ამსახველი სტატისტიკა გამოითხოვა.
მიღებული წერილის თანახმად, ჯარიმები შემდეგ სამ კატეგორიად იყოფა:
- ჯარიმები და საურავები საგადასახადო სამართალდარღვევების გამო;
- ჯარიმები და საურავები საბაჟო სამართალდარღვევების გამო;
- სხვა ჯარიმები.
თითოეული კატეგორია ჯარიმების სხვადასხვა სახეობას აერთიანებს. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ფინანსთა სამინისტრომ ჩვენ მიერ გაგზავნილი წერილის პასუხად განმარტა, რომ საქართველოს მასშტაბით მოქმედი ჯარიმების შესახებ ინფორმაცია უწყების კომპეტენციაში არ შედის. შესაბამისად, მათ აღნიშნულის შესახებ წლების მიხედვით დაფიქსირებული სტატისტიკა ვერ მოგვაწოდეს. აგრეთვე, არ მიგვიღია პასუხი იმაზეც, თუ რამდენი ჯარიმა იყო ამოღებული ჯარიმის სახეობების მიხედვით 2010-2014 წლებში. წერილში მოცემულია მხოლოდ თანხობრივი მონაცემები და ჯარიმის თითოეულ სახეობაში განხორციელებული გადარიცხვების რაოდენობა. იქიდან გამომდინარე, რომ ტრანზაქცია შესაძლოა ერთსა და იმავე კატეგორიაში რამდენჯერმე განხორციელდა, ჯარიმების შემცირებაზე საუბრისას ამ მონაცემებზე დაყრდნობით სრულყოფილად ვერ ვიმსჯელებთ. შესაბამისად, უნდა გამოვიყენოთ ის ინფორმაცია, რომელიც ჯარიმების კატეგორიებში შემავალ ტიპებს მოიცავს, აგრეთვე ის თანხები, რომელიც 2010-2014 წლებში იქნა ამოღებული ჯარიმის სხვადასხვა სახეობაში.
2010-2014წლებში თითოეულ კატეგორიაში დაფიქსირებული ჯარიმების ტიპების ამსახველი მონაცემები ასე გამოიყურება:
ჯარიმები და საურავები |
2010 |
2011 |
2012 |
2013 |
2014 |
საგადასახადო სამართალდარღვევების გამო |
11 |
11 |
10 |
10 |
10 |
საბაჟო სამართალდარღვევების გამო |
15 |
– |
0 |
0 |
– |
სხვა ჯარიმები |
24 |
25 |
25 |
27 |
26 |
როგორც ცხრილიდან ჩანს, ჯარიმის ტიპებში რაოდენობრივი თვალსაზრისით, რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება არ ფიქსირდება. რაც შეეხება საბაჟო სამართალდარღვევათა კატეგორიას, მასში შემავალი ტიპების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ 2010 წლის მონაცემებში ფიქსირდება. ყველა დანარჩენ შემთხვევაში მითითებულია მხოლოდ ამოღებული თანხის ოდენობა.
2010-2014წლებში სახელმწიფოს მიერ ჯარიმების შედეგად ამოღებული თანხების ამსახველი სტატისტიკა კი ასეთია:
ჯარიმები და საურავები |
2010 |
2011 |
2012 |
2013 |
2014 |
საგადასახადო სამართალდარღვევების გამო |
27,481,914 |
18,645,609 |
15,264,544 |
14,434,003 |
7,919,497 |
საბაჟო სამართალდარღვევების გამო |
9,421,845 |
5,840,373 |
3,872,952 |
6,793,161 |
3,741,479 |
სხვა ჯარიმები |
149,165,867 |
163,595,307 |
176,251,574 |
173,708,949 |
80,136,467 |
როგორც ცხრილიდან ჩანს, საგადასახადო სამართალდარღვევათა კატეგორიაში, ჯარიმის სახით ამოღებული თანხის რაოდენობის კლების ტენდენცია 2011 წლიდან ფიქსირდება და 2014 წლის აგვისტოს მდგომარეობით მართლაც მნიშვნელოვანი ვარდნაა. საბაჟო სამართალდარღვევათა კატეგორიაში ამოღებული თანხების რაოდენობა მცირდება 2011-2012 წლებში, მატებაა 2013 წელს, ხოლო 2014 წლის აგვისტოს მდგომარეობით, თანხა თითქმის განახევრებულია. რაც შეეხება სხვა ჯარიმების კატეგორიას, აქ 2013-2014 წლებში ამოღებული თანხების კლება ფიქსირდება.
2012წლის 1 ნოემბრიდან 2014 წლის 20 აგვისტომდე ჯარიმის სახით ამოღებული თანხები ასეთია:
ჯარიმები და საურავები |
01.11.12–20.08.14 |
საგადასახადო სამართალდარღვევების გამო |
23,363,523,46 |
საბაჟო სამართალდარღვევების გამო |
11,418,289,48 |
სხვა ჯარიმები |
318,284,529,59 |
რაც შეეხება ჯარიმის სხვადასხვა ტიპებში განხორციელებული ტრანზაქციების (გადარიცხვების) ოდენობას 2010-2014 წლების სტატისტიკა შემდეგია:
2010 |
2011 |
2012 |
2013 |
2014 |
01.11.12–20.08.14 |
1,110,134 |
1,428,302 |
1,014,106 |
1,536,063 |
990,516 |
2,538,324 |
დასკვნა 2012
წელს საგადასახადო კოდექსში ჯარიმების შემცირების თვალსაზრისით ცვლილებები ნამდვილად შევიდა. შემცირებულია გარკვეული ჯარიმების გადასახდელად გაწერილი თანხებიც. თუმცა, დიდი ნაწილი უცვლელი რჩება. გარდა ამისა, 2010-2014 წლებში ჯარიმების კატეგორიაში შემავალი ტიპების რაოდენობრივ მონაცემებში მნიშვნელოვანი ხასიათის ცვლილება არ ფიქსირდება. ამასთან, ფინანსთა სამინისტროს მიერ მოწოდებულ დოკუმენტში საბაჟო სამართალდარღვევათა კატეგორიაში შემავალი სახეობების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ 2010 წლის მონაცემს შეიცავს და ინფორმაციის ანალიზი შეუძლებელია. რაც შეეხება სახელმწიფოს მიერ ჯარიმების სახით ამოღებულ თანხებს, საგადასახადო სამართალდარღვევათა კატეგორიაში 2013-2014 წლებში წინა წლებთან შედარებით თანხების შემცირება ნამდვილად ფიქსირდება, რისი კლების ტენდენციაც 2011 წლიდან იწყება. კლება ფიქსირდება სხვა ტიპის ჯარიმებშიც.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადება: „ჩვენ ნამდვილად შევამცირეთ ჯარიმები...მათ შორის საგადასახადო მიმართულებით“, არის მეტწილად სიმართლე.