წლის 26 ივლისს პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართა, სადაც განსახილველ საკითხთა შორის „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონში“ შესატანი ცვლილებებიც იყო. შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ჯაშმა რეპროდუქციული ჯანმრთელობის კუთხით საქართველოში შექმნილ სავალალო მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება. მან აღნიშნა, რომ ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის მაჩვენებელი საგანგაშოა. სხდომაზე სიტყვით თანამომხსენებელი, პარლამენტის ჯამრთელობის და სოციალური დაცვის კომიტეტის თავჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე გამოვიდა, რომელმაც აღნიშნა: „გაეროს მონაცემებით 2050 წლისათვის მოსალოდნელია საქართველოს მოსახლეობა შემცირდეს მილიონ 170 ათასი მოქალაქით. ამის პარალელურად, მოსალოდნელია აზერბაიჯანის მოსახლეობამ მოიმატოს 34%, სომხეთის კი – 7%–ით. ამიტომ, ამიერკავკასიაში მოსალოდნელია მოსახლეობის დისბალანსი, რომელიც შეიძლება ღრმა პოლიტიკური კრიზისის საფუძველი გახდეს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საქართველოში იყო უფრო მაღალი შობადობა, ვიდრე დღეს. პიკი იყო 1961 წელს როცა 124 ათასი ახალშობილი დაიბადა. დღეს ეს მონაცემი ნახევარსაც ვერ აღწევს. ოფიციალური მონაცემებით დღეში კეთდება 100–ზე მეტი აბორტი, მაგრამ სავარაუდოდ, საქართველოში, დღეში კეთდება 200 აბორტი და შეიძლება მეტიც“.
ფაქტ-მეტრი ამ საკითხით დაინტერესდა და მის გადამოწმებას შეეცადა.
ჩვენ გაეროს ამ მონაცემთან და საქართველოში არსებულ დემოგრაფიულ მდგომარეობასთან დაკავშირებით კონსულტაცია პროფესორ ანზორ თოთაძეს ვთხოვეთ.
მისი ინფორმაციით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხალხთმოსახლეობის ფონდის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით (2010 წლის მე-2 გამოცემა), 2050 წლისათვის საქართველოს მოსახლეობა 28%-ით, 1 170 000 კაცით შემცირდება და 3 300 000 კაცი იქნება, სომხეთის მოსახლეობა 7%-ით გაიზრდება და 3 300 000 კაცი შეადგენს, ხოლო აზერბაიჯანის მოსახლეობა კი 34%-ით გაიზრდება და 11 მილიონს გაუტოლდება. საქართველოსა და სომხეთის წილი სამხრეთ კავკასიის მთელ მოსახლეობაში 2050 წელს 18.7 –18.7% გახდება, ხოლო აზერბაიჯანის – 62.6%.
ანზორ თოთაძის ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობის წილი სამხრეთ კავკასიის მოსახლეობაში სულ უფრო მცირდება. 1926 წელს საქართველოს მოსახლეობა სამხრეთ კავკასიის მთელი მოსახლეობის 45.5%-ს შეადგენდა, აზერბაიჯანის - 39.5%-ს, ხოლო სომხეთის - 15%-ს. აღსანიშნავია, რომ 1965 წლამდე საქართველოს მოსახლეობა აზერბაიჯანის მოსახლეობას სჭარბობდა. ამის შემდეგ აზერბაიჯანის მოსახლეობა სწრაფად გაიზარდა და 2009 წელს 8.9 მილიონი კაცი შეადგინა, ხოლო იმავე წელს საქართველოში მხოლოდ 4.4 მილიონი ცხოვრობდა. ამავე პერიოდში, მთელი სამხრეთ კავკასიის მოსახლეობა 16.5 მილიონ კაცს უდრიდა. აქედან, საქართველოს მოსახლეობის წილი მხოლოდ 26.5% იყო, სომხეთის - 19.6%, ხოლო აზერბაიჯანის კი - 53.9%.
მისივე ინფორმაციით, 1990 წლიდან საქართველოს მოსახლეობის სწრაფი კლება დაიწყო. ამ მოვლენის უმთავრეს მიზეზს, საქართველოდან მიგრაციისა და სიკვდილიანობის მაღალი, ხოლო შობადობის დაბალი მაჩვენებელი წარმოადგენდა. 1990 წლიდან 2000 წლამდე, საქართველოს მოსახლეობამ 715 ათასი ადამიანით იკლო, 2000 წლიდან 2010 წლამდე კი - 526 ათასი ადამიანით. მთლიანობაში, სულ რაღაც ორი დეკადის განმავლობაში, საქართველოს მოსახლეობა 1.241 მილიონით (22.72%-ით) შემცირდა და 2010 წლისთვის 4.219-მდე დავიდა. შესაბამისად, უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, საქართველოს მოსახლეობა წელიწადში საშუალოდ 59 ათასი ადამიანით მცირდებოდა.
ჩვენ, საკითხში მეტი სიცხადის შესატანად, საქსტატის ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოში 2000 წლის შემდეგ შობადობის სტატისტიკურ მონაცემებსაცგავეცანით, რასაც ქვემოთ გთავაზობთ:
როგორც ამ მონაცემებიდან ჩანს, ბოლო ცამეტი წლის განმავლობაში, ყველაზე მეტი ბავშვი 2009 წელს, ყველაზე ნაკლები კი 2003 წელს დაიბადა. ამ წლების განმავლობაში, შობადობის მკვეთრი კლება არ შეინიშნება, დაბადებულ ბავშვთა რაოდენობა 46 000 – 63 000 შორის მერყეობს.
დიმიტრი ხუნდაძე თავის განცხადებაში ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის (აბორტების) შესახებაც საუბრობს. ფაქტ-მეტრმა ოფიციალური წერილით ჯანმრთელობის, შრომის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართა და 2000-2013 წლის და მიმდინარე წლის სტატისტიკა გამოითხოვა. სამინისტრომ ჩვენი წერილი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრს გადაუგზავნა, საიდანაც მიღებულ სტატისტიკასქვემოთ გთავაზობთ:
როგორც მონაცემებიდან ჩანს აბორტების რიცხვი 2000 წელთან (14 951 აბორტი) შედარებით მკვეთრად არის გაზრდილი და 2013 წელს უკვე 37 018 აბორტია რეგისტრირებული.
მიმდინარე, 2014 წლის იანვარ-ივნისის წინასწარი სტატისტიკა ასეთია:
მინდინარე წელს, 6 თვის მანძილზე, უკვე 16 427 აბორტია რეგისტრირებული.
დასკვნა
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხალხთმოსახლეობის ფონდის მიერ 2010 წელს გამოქვეყნებული მონაცემის მიხედვით, 2050 წლისათვის საქართველოს მოსახლეობა 28%-ით შემცირდება, სომხეთის მოსახლეობა გაიზრდება 7%-ით, ხოლო აზერბაიჯანის კი 34%-ით.
დემოგრაფ ანზორ თოთაძის ინფორმაციით, საქართველოში შობადობის მკვეთრი შემცირება 1992 წლიდან დაიწყო. 2005 წელს საქართველოში უკვე 46 000 ბავშვი დაიბადა და შობადობა წინა წლებთან შედარებით 2-ჯერ შემცირდა (1960-1990 წლებში წელიწადში საშუალოდ 93 000 ბავშვი იბადებოდა).
ბოლო წლების სტატისტიკის მიხედვით, 2000-2013 წლებში შობადობის მკვეთრი შემცირება არ შეინიშნება და ამ წლებში დაბადებულ ბავშვთა რაოდენობა 46 000 – 63 000 შორის მერყეობს. თუ ამ მაჩვენებელსაც მე-20 საუკუნის 60-90-იან წლების შობადობის მაჩვენებელს შევადარებთ (93 000), ცხადია, რომ შობადობა შემცირებულია.
რაც შეეხება ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტას, 2013 წელს, სტატისტიკის მიხედვით, 37 018 აბორტია ოფიციალურად რეგისტრირებული, რაც საშუალოდ, დღეში 100 აბორტს უდრის.
გაანალიზებული ინფორმაციის საფუძველზე ჩვენ ვასკვნით, რომ დიმიტრი ხუნდაძის განცხადება: „გაეროს მონაცემებით 2050 წლისათვის მოსალოდნელია საქართველოს მოსახლეობა შემცირდეს მილიონ 170 ათასი მოქალაქით. ამის პარალელურად, მოსალოდნელია აზერბაიჯანის მოსახლეობამ მოიმატოს 34%-ით, სომხეთისამ კი – 7%–ით... შობადობა შემცირებულია, აბორტების რაოდენობა კი ოფიციალური მონაცემით დღეში 100-ზე მეტია,“ არის სიმართლე.