„ასეთი უპრეცედენტო ამნისტიის შემდეგ, როდესაც პატიმრების 60 პროცენტი გავათავისუფლეთ, კრიმინალი არ გაიზარდა. ბუნებრივია, მოსალოდნელი იყო, რომ ფონი შეცვლილიყო. ვნახეთ საოცარი რამ, რომ კრიმინალი შემცირდა“
მიმდინარე წლის 25 ივლისს, მთავრობის ახალი შემადგენლობის იურიდიულ კომიტეტში განხილვის დროს, დეპუტატები და მთავრობის წარმომადგენლები კრიმინოგენულ ვითარებაზე საუბრობდნენ. ეკა ბესელიამ აღნიშნა: „ასეთი უპრეცედენტო ამნისტიის შემდეგ, როდესაც პატიმრების 60 პროცენტი გავათავისუფლეთ, კრიმინალი არ გაიზარდა. ბუნებრივია, მოსალოდნელი იყო, რომ ფონი შეცვლილიყო. ვნახეთ საოცარი რამ, რომ კრიმინალი შემცირდა“.
ფაქტ-მეტრმა გადაწყვიტა, შეემოწმებინა, რამდენად შეესაბამება ეკა ბესელიას განცხადება სიმართლეს. საქართველოს კანონი ამნისტიის შესახებ, რომელზეც ეკა ბესელია საუბრობს, 2012 წლის 28 დეკემბერს გამოქვეყნდა. შესაბამისად, კრიმინალის სტატისტიკური მონაცემების შეფასებაც ამ პერიოდიდან, 2013 წლის იანვრიდან უნდა დავიწყოთ. ფაქტ-მეტრი ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ ვითარებას 2013 წლის აგვისტოდან იკვლევს. დიდი ხნის მანძილზე სტატიის გამოქვეყნება ვერ მოხერხდა, რადგან ფაქტ-მეტრი სამინისტროსგან ამომწურავ ინფორმაციას ვერ იღებდა. ამ პრობლემაზე ფაქტ-მეტრი უკვე წერდა. 2012 წლის ნოემბერში, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ პატიმრების ციხეებიდან გამოშვება გარკვეულწილად გააუარესებდა კრიმინოგენულ ვითარებას საქართველოში. მოგვიანებით, 2013 წლის მარტში შინაგან საქმეთა სამინისტრომ სააგენტო „ნეტგაზეთს” დეტალური სტატისტიკა მიაწოდა. აღნიშნული სტატისტიკის თანახმად, 2012 წლის ნოემბერში რეგისტრირებული დანაშაული 2011 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 59.7%, დეკემბერში - 40.7%, ხოლო 2013 წლის იანვარში - 19.6%, თებერვალში კი 15.7%-ით (2012 წლის ანალოგიურ თვეებთან შედარებით) გაიზარდა. 2013 წლის 19 მარტს „ნეტგაზეთის” ჟურნალისტმა ეს მონაცემები მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს გააცნო. მინისტრმა განაცხადა, რომ ის აღნიშნულ ინფორმაციას საერთოდ არ იცნობდა და თვის ბოლოს თავად გაასაჯაროებდა სტატისტიკას. 2013 წლის აპრილის დასაწყისში სამინისტროს მიერ 2013 წლის პირველი კვარტლის ანგარიში გამოქვეყნდა. აღნიშნული სტატისტიკა შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურისა და სხვა სახელმწიფო უწყებების საგამოძიებო სრუქტურათა მაჩვენებლებს მოიცავდა. გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, საყოველთაო ამნისტიის გამოცხადების შემდეგ, იანვარი-მარტის პერიოდში, 2012 წელთან შედარებით, 2013 წელს, სულ რეგისტრირებული დანაშაულების რაოდენობა 1675-ით (16,7%) გაიზარდა.

image001

საგულისხმოა, რომ ცხრილზე გაკეთებული შენიშვნის პირველ ნაწილში აღნიშნულია: მონაცემები დათვლილია ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით. ახალი მეთოდოლოგია, რომელზეც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია საუბარი, საქმის წარმოების ელექტრონულ სააღრიცხვო სისტემას გულისხმობს. სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამა - Integrated Criminal Case Management System (ე.წ. CRIMCASE) 2013 წლის იანვრიდან ამოქმედდა. ამ განცხადებას არ ეთანხმება იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ადვოკატი ოთარ კახიძე. მისი განცხადებით, საქმისწარმოების ელექტრონული სისტემა 2011 წლის მაისში შემოიღეს. ახალი მეთოდოლოგიის განსხვავებებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია აპრილის თვეში გამოაქვეყნა, სადაც ვკითხულობთ:„განსხვავებები ძველ და ახალ მეთოდოლოგიას შორის: - წარმოებით შეწყვეტილი სისხლის სამართლის საქმეები, მიუხედავად შეწყვეტის საფუძვლისა, სტატისტიკურ მონაცემებში 2013 წლამდე არ აისახებოდა; - იმავე პერიოდისათვის, საქმის გახსნილად გამოცხადების ერთადერთ საფუძველს ბრალის წარდგენის შესახებ დადგენილება წარმოადგენდა. თუმცაღა, ვინაიდან 2013 წლამდე მოქმედ სააღრიცხვო სისტემას არ გააჩნდა ბრალის კომპონენტის გარეშე საქმის გახსნილად ჩათვლის მექანიზმი, რათა არ მომხდარიყო გაუხსნელი საქმეების რიცხვის გაუმართლებელი გაზრდა, ასეთი დანაშაულობები ერთიანი კონსოლიდირებული ანგარიშის ფორმაში საერთოდ არ აისახებოდა.” სამინისტროს განცხადებით, ვინაიდან 2012, 2011, 2010 და ა.შ. წლებში სტატისტიკის წარმოება ძველი მეთოდოლოგიით ხდებოდა, 2013 წლიდან ახალ მეთოდოლოგიურ საფუძვლებზე გადასვლამ ამ პერიოდების ერთმანეთთან შედარების პრინციპი მიზანშეუწონელი გახადა, რადგან განსხვავებული მეთოდოლოგიით დაანგარიშებული მონაცემების პირდაპირი ურთიერთშედარება გარკვეულ ფარგლებში ყოველთვის ამახინჯებს სურათს დანაშაულის მატება-კლების დინამიკისა და ტენდენციების შესახებ“. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ ანგარიშში, თვალსაჩინოებისთვის წარმოდგენილია ცხრილი, სადაც იმავე პერიოდის მონაცემები ძველი მეთოდოლოგიითაა დათვლილი.

image002

ძველი მეთოდოლოგით დათვლის მიხედვითაც დგინდება, რომ იანვარი-მარტის პერიოდში 2012 წელთან შედარებით, 2013 წელს 1034-ით (10,3%) მეტი დანაშაულია რეგისტრირებული. დგინდება, რომ მიუხედავად სტატისტიკური მონაცემების დათვლის მეთოდისა, დანაშაულის რიცხვი 2013 წლის იანვარი-მარტის პერიოდში, 2012 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, გაიზარდა. ამნისტიის შემდგომ პერიოდში კრიმინალის მატებასთან დაკავშირებით 25 ივლისს კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმაც. მან განაცხადა: „როცა მოხდა საყოველთაო ამნისტია, პრობლემები იყო, კრიმინალმა მოიმატა, მაგრამ ახლა მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ კრიმინალი არის შესანიშნავ მდგომარეობაში“. როგორც ვხედავთ,  ამნისტიის შემდგომ პერიოდში კრიმინალის მატების ფაქტს თავად შინაგან საქმეთა მინისტრი ადასტურებს.
2013 წლის მარტის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის ივლისამდე დანაშაულის სტატისტიკა არ გამოუქვეყნებია. 2013 წლის ივლისში 7 თვის სტატისტიკა გამოქვეყნდა, თუმცა თანდართული ინფორმაციიდან ბუნდოვანია, აღნიშნული სტატისტიკა ყველა საგამოძიებო უწყებას მოიცავს, თუ მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებს. გასაჯაროებული სტატისტიკის თანახმად, 2013 წელს, 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4126 ერთეულით ნაკლები დანაშაული მოხდა, რაც დანაშაულის დაახლოებით 20%-იან კლებაზე მიუთითებდა. სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), ჯამპსტარტ ჯორჯია), ასევე მედიის წარმომადგენლებმა (ნეტგაზეთი, ტაბულა, რუსთავი 2 და ა.შ.) აღნიშნულ სტატისტიკასთან დაკავშირებით ეჭვები გამოთქვეს და სამინისტროსგან დეტალური მონაცემები გამოითხოვეს. მედიამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა სრულყოფილი ინფორმაციის მიღება მხოლოდ 2014 წლის მაისსა და ივნისში შეძლეს. გამოქვეყნებულ სტატისტიკაში, შედარების მიზნით მოყვანილია 2013 წლის მონაცემებიც. აღნიშნული მონაცემები არ ემთხვევა 2013 წელს გამოქვეყნებულ მონაცემებს, თუმცა როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია მიუთითებს, ეს ორი სტატისტიკა ერთმანეთისგან განსხვავებულია. კერძოდ, 2013 წლის კვარტალურ ანგარიშში მითითებული მონაცემები ინფორმაციას ყველა საგამოძიებო უწყებიდან (შსს, პროკურატურა, ფინანსური პოლიცია და ა.შ.) მოიცავს, ხოლო 2014 წელს გამოქვეყნებული სტატისტიკა კი მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებს ეყრდნობა. 2014 წელს გასაჯაროებული მონაცემების თანახმად, 2014 წლის იანვარ-მაისსა და იანვარ-ივნისში დანაშაულის რაოდენობა შემცირებულია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. გამომდინარე იქიდან, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები რჩება, ფაქტ-მეტრი ცდილობს დამატებითი ინფორმაცია მიიღოს. ჩვენ ასევე ვცდილობთ შევხვდეთ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ლევან იზორიასაც, რათა მისგან ამომწურავი და კომპეტენტური პასუხები მივიღოთ და ისინი საზოგადოებას გავაცნოთ. ფაქტ-მეტრი განცხადების ავტორს, ეკა ბესელიასაც დაუკავშირდა. დეპუტატის განმარტებით, მისი განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბოლოს (ანუ 2014 წლის მაისსა და ივნისში) გამოქვეყნებულ მონაცემებს ეყრდნობოდა. კრიმინოგენულ სიტუაციაზე ამნისტიის გავლენის შესაფასებლად, აუცილებელია ამნისტიამდე და ამნისტიის შემდეგ არსებული ვითარება გავაანალიზოთ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2014 წლის მაისსა და ივნისში შსს-ს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა 2014 და 2013 წლების მონაცემებს შეიცავს. გამომდინარე იქიდან, რომ საყოველთაო ამნისტია 2012 წლის დეკემბერში განხორციელდა, ამნისტიის ფონის შესადარებლად მიზანშეწონილი 2012 და 2013 წლების შედარებაა. შესაბამისად, იმისათვის, რომ განცხადების შეფასება უფრო ზუსტი და დეტალური ყოფილიყო, კრიმინალური ვითარება უშუალოდ ამნისტიის შემდგომ პერიოდში (2013 წლის პირველი კვარტალი 2012 წლის პირველ კვარტალთან შედარებით) შევაფასეთ. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ 2013 წლის პირველი კვარტლის შემდგომი პერიოდის შედარება შეუძლებელია სრული და ამომწურავი სტატისტიკის არარსებობის გამო. 2014 წლის ივლისში გამოქვეყნებული  სტატისტიკა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სხვადასხვა პერიოდში გამოქვეყნებული რიცხვები ერთმანეთს არ ემთხვევა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2013 წლის პირველი კვარტლის ანგარიშის წარდგენისას სამინისტრომ ყველა საგამოძიებო ორგანოს ანგარიში წარმოადგინა. სწორედ ამით ახსნა ლევან იზორიამ ის ფაქტი, რომ 2013 წელს გამოქვეყნებული სტატისტიკის რიცხვები 2014 წელს გამოქვეყნებულ რიცხვებს აღემატებოდა. მოგვიანებით, 2013 წლის ივლისში, აგვისტოში, სექტემბერში, ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში სამინისტრო კრიმინალის დაჯამებულ სტატისტიკას აქვეყნებდა. როგორც ადრე აღვნიშნეთ, გაუგებარია ეს სტატისტიკა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებს მოიცავს, თუ ყველა საგამოძიებო უწყებას. 2013 წელს გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2013 წლის იანვრიდან ივლისამდე 16 590 დანაშაული დაფიქსირდა. 2014 წლის ივლისში გამოქვეყნებულ სტატისტიკაში შედარების მიზნით 2013 წლის მონაცემებიც არის მოყვანილი. ამ სტატისტიკის თანახმად, 2013 წლის იანვრიდან ივლისამდე არა 16 590, არამედ 18 170 დანაშაული დაფიქსირდა. თუ 2013 წელს გამოქვეყნებული სტატისტიკა ყველა საგამოძიებო უწყებას მოიცავდა, მაშინ იგი, ბუნებრივია, მეტი უნდა ყოფილიყო 2014 წელს გამოქვეყნებულ მონაცემებზე, რადგან პირველი ყველა საგამოძიებო უწყების მონაცემებს მოიცავს. თუ 2013 წელს გასაჯაროებული ინფორმაცია მხოლოდ და მხოლოდ სამინისტროს მონაცემებს მოიცავს, მაშინ იგი 2014 წელს გამოქვეყნებულ 18 170 დანაშაულს უნდა დამთხვეოდა. ცხადია, რომ არცერთი შემთხვევა სახეზე არ გვაქვს. შესაბამისად, 2013 წლის პირველი კვარტლის შემდეგ გამოქვეყნებული დანაშაულის სტატისტიკა პრობლემატურია და მისი შედარებაც ამნისტიის ფონის გასაანალიზებლად მიზანშეწონილი არაა.   დასკვნა მოცემულ შემთხვევაში, ფაქტ-მეტრის შეფასების საგანს საქართველოში დღეს არსებული კრიმინოგენული ვითარება არ წარმოადგენს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფაქტ-მეტრი აქტიურ კვლევას კვლავ განაგრძობს. ეკა ბესელიას განცხადება უშუალოდ ამნისტიის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა. როგორც სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, ამნისტიის შემდგომ სამი თვის მანძილზე დანაშაულის ზრდა დაფიქსირდა. 2013 წლის იანვარში დანაშაულების რაოდენობამ 20.2%-ით, თებერვალში 15.7%-ით, ხოლო მარტში 24.7%-ით მოიმატა. მომდევნო ოთხი თვის მანძილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკა აღარ გაუსაჯაროებია. 2013 წლის ივლისში გასაჯაროებული 7 თვის მონაცემების თანახმად კი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კრიმინალმა დაახლოებით 20%-ით იკლო. მიუხედავად იმისა, რომ დღემდე კრიმინალურ სტატისტიკასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვის ნიშნები რჩება, არსებული ეჭვების პირობებშიც კი, როგორც ვნახეთ, ფართომასშტაბიანი ამნისტიის ფონზე, მომდევნო სამი თვის განმავლობაში კრიმინალი გაიზარდა. ფაქტ-მეტრის დასკვნით, ეკა ბესელიას განცხადება: „ასეთი უპრეცედენტო ამნისტიის შემდეგ, როდესაც პატიმრების 60 პროცენტი გავათავისუფლეთ, კრიმინალი არ გაიზარდა. ბუნებრივია, მოსალოდნელი იყო, რომ ფონი შეცვლილიყო. ვნახეთ საოცარი რამ, რომ კრიმინალი შემცირდა“, არის მცდარი.