ივლისს საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართა, სადაც ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა, 2013 წლის და 2014 წლის 6 თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარადგინა. სხდომაზე მინისტრმა დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა. ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით, ნოდარ ხადურმა განაცხადა: „მსოფლიო ბანკთან ჩვენ ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც მივიღეთ შეღავათიანი კრედიტი და პირველი 15 წელი გადავიხდით ძალიან დაბალ პროცენტს. ეს სესხი ხელს შეუწყობს დამატებით 200 კილომეტრი ადგილობრივი გზების გაკეთებას“.
ფაქტ–მეტრი ამ განცხადებით დაინტერესდა.
ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავებული ინფორმაციის თანახმად, 2014 წლის 9 ივლისს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში – ჰენრი კელიმ, ხელი მოაწერეს „შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მესამე პროექტის“ დაფინანსების ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებში, საქართველო 75 მლნ აშშ დოლარის ოდენობის შეღავათიან ფინანსურ რესურსს მიიღებს. სესხის ხანგრძლივობა 25 წელია, მათ შორის 10 წელი შეღავათიანი პერიოდი, ხოლო საპროცენტო განაკვეთი ცვალებადია და libor-ზეა (ლიბორი არის ლონდონის ბანკთაშორისო საპროცენტო განაკვეთი სესხებზე, რომელიც გამოიყენება საერთაშრისო სესხების საპროცენტო განაკვეთის რეგულირებისთვის) დამოკიდებული.
პროექტი ითვალისწინებს მთელი ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 200 კმ საერთო სიგრძის შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების რეაბილიტაციას, აგრეთვე საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაძლებლობების გაუმჯობესებას პროექტის მართვისა და განხორციელების საკითხებში.
30 ივლისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რატიფიცირებისთვის წარდგენილი რამდენიმე დადგენილების პროექტი განიხილეს,მათ შორის 2014 წლის 9 ივლისს ხელმოწერილი „საქართველოს და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების“ ("შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მესამე პროექტი") პროექტიც.
ფაქტ-მეტრმა ამ პროექტის შესახებ ინფორმაციამსოფლიო ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზეც მოიძია.
ინფორმაციის თანახმად, 2014 წლის 3 ივლისს მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 75 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაამტკიცა, რომელიც "შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მესამე პროექტის" განხორციელებისთვის არის გამოყოფილი. აღნიშნული პროექტი "შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების ორ მიმდინარე პროგრამას" და, ასევე, მსოფლიო ბანკის მიერ გზების სექტორში დაფინანსებულ სხვა პროექტებს ეფუძნება. პროექტის განხორციელების მიზანს სატრანსპორტო ხარჯების შემცირება და შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების ქსელების მართვის მდგრადობის გაუმჯობესება წარმოადგენს. პროექტი სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგება: შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი დანიშნულების გზების რეაბილიტაცია და გაუმჯობესება; შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი დანიშნულების გზების მართვის გაუმჯობესება და ამ სფეროში შესაძლებლობის შექმნა; საგზაო უსაფრთხოების საკითხებში ტექნიკური დახმარების გაწევა.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, რეგიონული და ადგილობრივი დანიშნულების 200 კილომეტრი სიგრძის გზის მონაკვეთების რეაბილიტაცია მოხდება. ამის შედეგად, სამ ქალაქთან (თელავი, სამტრედია და წალენჯიხა), 126 სოფელთან და დაახლოებით 45,600 ოჯახთან დაკავშირება გამარტივდება, რაც დაახლოებით 138,000 ადამიანს გულისხმობს. ამ სოფლების უმეტესობა ისეთ რეგიონებში მდებარეობს, სადაც გადაადგილება ჭირს და სიღარიბის მაღალი მაჩვენებელია.
პროექტი 2018 წლის 30 სექტემბრამდე უნდა დამთავრდეს. ფაქტ-მეტრი აღნიშნული პროექტის სასესხო პირობების დასაზუსტებლად ფინანსთა სამინისტროს დაუკავშირდა. სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, "შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მესამე პროექტისთვის" გამოყოფილი სესხი არის 25 წლიანი, შეღავათიანი პერიოდი არის 10 წელი, პროცენტის სახეობა კი libor-ი. ძირითადი თანხის გადახდის საწყისი თარიღია 15.12.2024; ძირითადი თანხის გადახდის საბოლოო ვადაა 15.06.2039. ძირითადი თანხა გადახდის პერიოდში თანაბარ ნაწილებად, წელიწადში ორჯერ იფარება.
დასკვნა
ფაქტ-მეტრის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, 2014 წლის 9 ივლისს ფინანსთა მინისტრმა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა ხელი მოაწერეს პროექტს, რომლის თანახმად საქართველო 75 მილიონ დოლარს მიიღებს შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების რეაბილიტაციისთვის. სესხის ხანგრძლივობა 25 წელია, მათ შორის 10 წელი შეღავათიანია. პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 200 კმ სიგრძის გზების რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
აქედან გამომდინარე ვასკვნით, რომ ფინანსთა მინისტრის განცხადება: „მსოფლიო ბანკთან ჩვენ მოვაწერეთ ხელი ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც მივიღეთ შეღავათიანი კრედიტი და პირველი 15 წელი გადავიხდით ძალიან დაბალ პროცენტს. ეს სესხი ხელს შეუწყობს დამატებით 200 კილომეტრი ადგილობრივი გზების გაკეთებას,“ არის სიმართლე.