საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 24 ივლისის პლენარულ სხდომაზე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით ონოფრიშვილმა განაცხადა: „პარლამენტარის ხელფასი არის 2 000 ლარი და ხელზე იღებს 1 600 ლარს და საქართველოს პარლამენტში პრემიები არ გაცემულა საერთოდ, დაწყებული 2013 წლიდან. პრაქტიკულად, რაც ჩვენ მოვედით პარლამენტში, პირველ თვეს თუ არ ჩავთვლით, რეალურად მაშინვე შევცვალეთ ძველი რეჟიმი და პრემიები პარლამენტში არ გაიცემა“.

დავით ონოფრიშვილამდე პარლამენტარების ხელფასებზე ზაქარია ქუცნაშვილმა ისაუბრა: „სახელისუფლებო ვერტიკალში ყველაზე დაბალი ხელფასი გვაქვს ჩვენ, პარლამენტის წევრებს... დღეს გვაქვს სისტემა, როდესაც სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორს უფრო მეტი ანაზღაურება და დანამატი აქვს, ვიდრე პარლამენტის წევრს... პარლამენტის აპარატის თანამშრომლებსაც საკმაოდ დაბალი ანაზღაურება აქვთ, სხვა საშტატო მოსამსახურეებთან შედარებით“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული საკითხით დაინეტრესდა და დავით ონოფრიშვილის განცხადება გადაამოწმა.

საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე არსებული მონაცემებით,

პარლამენტარის ხელფასი თანამდებობრივი სარგოსა და სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების თანხისგან შედგება. პარლამენტარების თანამდებობრივი სარგო მართლაც 2 000 ლარს შეადგენს, რაც საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის შემდეგ ხელზე ასაღებ 1 600 ლარს უდრის. თუმცა, უნდა ითქვას, რომ აღნიშნულ თანხას ემატება სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების თანხა. შედეგად, ყველაზე მაღალი შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს და ის 5 905 (4724 ხელზე ასაღები) ლარს შეადგენს. პარლამენტის წევრი, რომელსაც პარლამენტში სხვა თანამდებობა არ უკავია, 3 790 (3032 ხელზე ასაღები) ლარის ოდენობის ხელფასს იღებს. ეს საქართველოს პარლამენტის წევრის მინიმალური ხელფასია.

image001 საქართველოს პარლამენტის წევრის სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების თანხის ოდენობა პარლამენტის ბიუროს 2013 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით განისაზღვრა.

ამავე გადაწყვეტილების თანახმად, პარლამენტის პროპორციული წესით არჩეულ წევრს, რომელიც არ სარგებლობს პარლამენტის ბალანსზე აღრიცხული ავტომანქანის მომსახურებით, ყოველთვიურად გამოეყოფა დანამატი 400 ლარის ოდენობით.

პარლამენტარების ხელფასების შესახებ კომენტარი

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, თინა ხიდაშელმაც გააკეთა. მისი თქმით, დეპუტატის ხელფასი 3 000 ლარზე მეტია. „თუ კანონს ასე წერტილ-მძიმით გავყვებით, გავიგებთ, რომ მაშინ 1 600 ლარი გვაქვს ხელფასი და დაახლოებით ამდენივე, სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისთვის გამოყოფილი დამატებითი თანხა. საბოლოო ჯამში, ეს 3 000 ლარზე ცოტა მეტი გამოდის. თანამდებობის პირებს კი ხელფასი უფრო მეტი აქვთ. ეს არის ძალიან ნორმალური ანაზღაურება და თუ ვინმეს განცდა აქვს, რომ 1 600 ლარი აქვს ხელფასი, ეს იმას ნიშნავს, რომ ის სადეპუტატო უფლებამოსილებას არ ასრულებს და ექვითება სანქციებისთვის“.

ფაქტ-მეტრმა ასევე გადაამოწმა დავით ონოფრიშვილის განცხადების ის ნაწილი, სადაც ნათქვამია, რომ 2013 წლიდან პარლამენტში პრემიები არ გაცემულა.

საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე არსებული მონაცემების

თანახმად, 2013 წელს პარლამენტში 2 087 577,63 ლარის ოდენობის პრემია გაიცა, ხოლო 2014 წლის პირველ კვარტალში კი - 484 658,10 ლარის ოდენობის.

საკითხის დაზუსტების მიზნით, ჩვენ პარლამენტის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, მედეა სიხარულიძეს დავუკავშირდით. მისი თქმით, 2013-2014 წლებში პარლამენტის წევრებს პრემიები მართლაც არ აუღიათ. ამდენად, პრემიები გაიცემოდა მხოლოდ პარლამენტის აპარატის თანამშრომლებზე.

  დასკვნა

პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე არსებული მონაცემების თანახმად, პარლამენტის წევრის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) თანამდებობრივი სარგოსა და სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების თანხისგან შედგება. პარლამენტის ყველა წევრის თანამდებობრივი სარგო 2 000 ლარს შეადგენს. სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების თანხის ოდენობა პარლამენტის წევრის თანამდებობაზეა დამოკიდებული და 1 790 ლარიდან 3 905 ლარამდე მერყეობს. ამდენად, საერთო ჯამში, საქართველოს პარლამენტის წევრის მინიმალური სარგო 3 790 ლარს შეადგენს. ამ მონაცემიდან ჩანს, რომ თავის განცხადებაში, დავით ონოფრიშვილმა სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისთვის გამოყოფილი დანამატის სრული იგნორირება მოახდინა.

დავით ონოფრიშვილის თქმით, საქართველოს პარლამენტში 2013 წლიდან პრემიები არ გაცემულა. საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, პარლამენტში პრემიები გაიცა როგორც 2013 წელს, ისე 2014 წლის პირველ კვარტალში. თუმცა, პარლამენტის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის, მედეა სიხარულიძის ინფორმაციით 2013-2014 წლებში პრემიები მხოლოდ პარლამენტის აპარატის თანამშრომლებმა მიიღეს და დეპუტატებს პრემია არ აუღიათ.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, დავით ონოფრიშვილის განცხადება: „პარლამენტარის ხელფასი არის 2 000 ლარი და ხელზე იღებს 1 600 ლარს და საქართველოს პარლამენტში პრემიები არ გაცემულა საერთოდ დაწყებული 2013 წლიდან. პრაქტიკულად, რაც ჩვენ მოვედით პარლამენტში“, არის მეტწილად მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი