-
„60 მილიონი [ლარი] დავუმატეთ [თავდაცვის სამინისტროს] 2012 წელს. [...] რადგან თავდაცვის სამინისტროს „დელტა“ გამოეყო და ეკონომიკის სამინისტროში გადავიდა, შესაბამისი დაფინანსება მოაკლდა [...]
2014 წლის 23 ივლისს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა...
ნახევრად სიმართლეგანცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეაVS
-
„2012 წელს თავდაცვის სფეროს ბიუჯეტი 735 მლნ [ლარი] იყო. 2013-ში ის 660 მილიონამდე შემცირდა. [...]“
ნუგზარ წიკლაურის საპასუხოდ, ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა, განაცხადა: „60 მილიონი დავუმატეთ [თავდაცვის სამინისტროს] 2012 წელს. [...] რადგან „დელტა“ გამოეყო თავდაცვის სამინისტროს
ნახევრად სიმართლეგანცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა11/08/2014ნახვა 6583
2014 წლის 23 ივლისს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ მოისმინეს. სესიაზე საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი ნუგზარ წიკლაური თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი დაფინანსების საკითხით დაინტერესდა. დეპუტატმა ამ საკითხთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს მიმართა: „2012 წელს 735 მლნ იყო თავდაცვის სფეროს ბიუჯეტი. 2013-ში ის შემცირდა 660 მილიონამდე. ეს იყო „ქართული ოცნების“ პირველი ბიუჯეტი და მისი დამოკიდებულებაც ასახა თავდაცვის სფეროს მიმართ - 120 მილიონით იქნა შემცირებული ეს ბიუჯეტი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ თქვენეული გეგმის მიხედვით, რომელიც წარმოადგინეთ, 2012 წლის, ე.ი. შარშანწინდელ მაჩვენებელს, ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტი გაუტოლდება მხოლოდ და მხოლოდ 2016 წელს.“
ნუგზარ წიკლაურის საპასუხოდ, ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა, განაცხადა: „60 მილიონი დავუმატეთ [თავდაცვის სამინისტროს] 2012 წელს. [...] რადგან „დელტა“ გამოეყო თავდაცვის სამინისტროს, და გადავიდა ეკონომიკის სამინისტროში, შესაბამისი დაფინანსება მოაკლდა. დაფინანსება არ აკლდება [თავდაცვის სამინისტროს]. მომავალ წელს თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება იზრდება.“
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა განცხადებებში მოყვანილი ფაქტების სიზუსტით და ისინი გადაამოწმა.
თავდაცვის სამინისტროს 2014 წლის დაზუსტებული ბიუჯეტი, აპრილის მონაცემებით, 660848000 ლარს შეადგენს. 2013 წელს უწყების დაფინანსება 660000000 ლარი იყო. 2012 წლის საბოლოო მონაცემებით კი, თავდაცვის სამინისტროსთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილმა ხარჯებმა მართლაც 734733800 ლარი შეადგინა, როგორც ეს უმცირესობის დეპუტატმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა. 2012 წელთან შედარებით, 2013 წელს შეიარაღებული ძალების მზადყოფნის შენარჩუნებისა და ამაღლების მიზნით, დაახლოებით, 80 მილიონი ლარით ნაკლები დაიხარჯა, 2014 წელს ამ მიზნით გამოყოფილი თანხა კიდევ 9,35 მილიონით შემცირდა და 586 304000 ლარი შეადგინა. ბიუჯეტის კლება, ძირითადად, სწორედ ამ მუხლს ეხება. სხვა მიმართულებებით კი, კერძოდ, სამხედრო განათლების განვითარების, თავდაცვის სამინისტროს პერსონალის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის და თავდაცვის სფეროში სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის მიზნით, 2012 წელთან შედარებით, დაფინანსება გაზრდილია.
თუმცა, საყურადღებოა, რომ 2012 წლის ბიუჯეტში დეკემბერში განხორციელებულ ცვლილებამდე თავდაცვის სამინისტროსთვის 676500000 ლარი იყო გამოყოფილი, როგორც ეს ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა. ზრდა, ძირითადად, შეიარაღებული ძალების მზადყოფნის შენარჩუნებისა და ამაღლების მუხლს შეეხო - 2012 წლის დეკემბრის ცვლილებამდე ამ მიზნით გამოყოფილი თანხა 623 932 800 ლარი იყო, ცვლილების შემდეგ კი - 677 326 300 ლარი.
ამასთან, იქიდან გამომდინარე, რომ უმცირესობის დეპუტატი ხელისუფლებას პირველივე წელს თავდაცვის ბიუჯეტის შემცირების გამო აკრიტიკებს, ჩვენ ასევე დავინტერესდით, თუ რა ოდენობის დაფინანსებას ითვალისწინებდა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პარლამენტში წარდგენილი 2013 წლის ბიუჯეტის პროექტი.
როგორც მოყვანილი მონაცემიდან ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 2013 წლის ბიუჯეტის პროექტში თავდაცვის სამინისტროსთვის 690000000 ლარი იყო გათვალისწინებული, რაც აღემატება 2012 წელს დაგეგმილ 676500 0000 ლარს, თუმცა ნაკლებია საბოლოოდ დაფიქსირებულ მონაცემზე - 734733800 ლარზე, რაზეც უმცირესობის დეპუტატი მიუთითებდა.
რაც შეეხება მომავალ წლებში თავდაცვის სფეროსთვის განსაზღვრული სავარაუდო დაფინანსების ოდენობას, ამის მოძიება 2014-2017 წლებისთვის ქვეყნის ძირითადი მონაცემების და მიმართულებების დოკუმენტშია შესაძლებელი (BDD).
დოკუმენტის თანახმად, 2016 წელს თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი სავარაუდო დაფინანსება 736577000 ლარია, რაც 2012 წლის ფაქტობრივ მაჩვენებელთან ყველაზე ახლოსაა.
თავდაცვის სამინისტროს დაფინანსების საკითხი ასევე განხილულია უწყების მიერ 2013 წელს მიღებულ დოკუმენტში - „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2013-2016.”
თავდაცვისა და ფინანსთა სამინისტროების გათვლებზე დაყრდნობით, დოკუმენტში მოყვანილი ცხრილი (სქემა № 8) 2004-დან 2016 წლის ჩათვლით, თავდაცვის ბიუჯეტს ასახავს. როგორც დოკუმენტშია ნავარაუდები, არსებული ანალიზის საფუძველზე მოსალოდნელია, რომ თავდაცვის ბიუჯეტი, თავდაცვის სტრატეგული მიმოხილვის დაგეგმვის პერიოდის მანძილზე მიახლოებული იქნება ნატოს მიერ რეკომენდირებულ დონესთან - მთლიანი შიდა პროდუქტის 2.0%-თან. თუმცა, საყურადღებოა, რომ დოკუმენტში თავდაცვის სამინისტროს 2014 წლისთვის ნავარაუდები დაფინანსება რეალურად მიღებულზე 60000000 ლარით მეტია.
თავდაცვის ბიუჯეტთან დაკავშირებით განცხადება 25 ივლისს საკომიტეტო განხილვისას, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამაც გააკეთა. ირაკლი ალასანიას თქმით, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად მის უწყებას სერიოზული სამუშაო აქვს ჩატარებული და მან მომავალი წლისთვის უწყების ბიუჯეტის 11%-იანი ზრდა მოითხოვა, რაზეც საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის ერთსულოვანი თანხმობის იმედი გამოთქვა. 2014 წელს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 660 მილიონ ლარს შეადგენს, რომლის 11 პროცენტიც 72,6 მილიონია.
„ჩვენი მოთხოვნაა და იმედია პარლამენტი ერთსულოვნად - ოპოზიციაც და პოზიციაც მხარს დაგვიჭერს, რომ 11%-იანი ზრდა დაფიქსირდეს ბიუჯეტის“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ საკომიტეტო მოსმენაზე 25 ივლისს, რომელიც განახლებული მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების წინ მიმდინარე განხილვების ფარგლებში გაიმართა. ირაკლი ალასანიამ ბიუჯეტის ზრდის საჭიროება რეგიონში არსებული საფრთხეებით, უკრაინაში რუსეთის აგრესიული ქმედებებით ახსნა. შესაბამისად, პარლამენტის მიერ მისი წინადადების გაზიარების შემთხვევაში, 2015 წელს თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებამ 732,6 მილიონი ლარი უნდა შეადგინოს.
ფაქტ-მეტრმა ასევე ფინანსთა მინსიტრის განცხადების ის ნაწილი შეისწავლა, რომლის მიხედვითაც თავდაცვის ბიუჯეტის კლება ნოდარ ხადურმა სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის „დელტა“ ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლით ახსნა. სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემამდე თავდაცვის სამინისტროს ექვემდებარებოდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობამ 2014 წლის 11 მარტს მიიღო. შესაბამისად, ის ვერ იქონიებდა გავლენას 2013 წლის ბიუჯეტზე. ამასთან, „დელტას“ დაფინანსება 2014 წლის ბიუჯეტშიც თავდაცვის სამინისტროს ფარგლებშია გამოყოფილი, ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტში კი „დელტას“ დაფინანსება გათვალისწინებული არ არის. აღნიშნული ფაქტ-მეტრს ეკონომიკის სამინისტროშიც დაუდასტურეს.
დასკვნა
2012 წელს თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება 734733800 ლარს შეადგენდა, თუმცა აღნიშნული მონაცემი ბიუჯეტში 2012 წლის დეკემბერში განხორციელებული ცვლილების შემდეგ დაფიქსირდა, იქამდე კი თავდაცვის უწყებისთვის 676500000 ლარი იყო გამოყოფილი. 2013 წელს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 2012 წელთან შედარებით 75 მილიონით შემცირდა და 660000000 ლარი შეადგინა. 2014-2017 წლებისთვის ქვეყნის ძირითადი მონაცემების და მიმართულებების (BDD) დოკუმენტის თანახმად, 2016 წელს თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი სავარაუდო დაფინანსება 736577000 ლარია, რაც 2012 წლის ფაქტობრივ მაჩვენებელთან ყველაზე ახლოსაა.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, უმცირესობის დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის განცხადება: „2012 წელს თავდაცვის სფეროს ბიუჯეტი 735 მლნ [ლარი] იყო. 2013-ში ის 660 მილიონამდე შემცირდა. ეს იყო „ქართული ოცნების“ პირველი ბიუჯეტი და მისი დამოკიდებულებაც ასახა თავდაცვის სფეროს მიმართ - 120 მილიონით იქნა შემცირებული ეს ბიუჯეტი. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ თქვენეული გეგმის მიხედვით, რომელიც წარმოადგინეთ, 2012 წლის, ე.ი. შარშანწინდელ მაჩვენებელს, ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტი მხოლოდ და მხოლოდ 2016 წელს გაუტოლდება“, არის ნახევრად სიმართლე.
რაც შეეხება ფინანსთა მინისტრის განცხადებას, 2012 წლის დეკემბერში ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებებით თავდაცვის სამინისტროსთვის დამატებით დაახლოებით 60 მლნ გამოიყო. ქვეყნის ძირითადი მონაცემების და მიმართულებების (BDD) დოკუმენტების თანახმად, თავდაცვის უწყების დაფინანსების ზრდა გათვალისწინებულია. განცხადების ის ნაწილი, სადაც თავდაცვის ბიუჯეტის კლება ნოდარ ხადურმა სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის „დელტა“ ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლით ახსნა, არაზუსტია. აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობამ 2014 წლის 11 მარტს მიიღო. შესაბამისად, ის ვერ იქონიებდა გავლენას 2013 წლის ბიუჯეტზე. ამასთან, „დელტას“ დაფინანსება 2014 წლის ბიუჯეტშიც თავდაცვის სამინისტროს ფარგლებშია გამოყოფილი, ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტში კი ამ მიმართულებით დაფინანსება გათვალისწინებული არ არის. აღნიშნული ფაქტ-მეტრს ეკონომიკის სამინისტროშიც დაუდასტურეს.
შესაბამისად, ჩვენი დასკვნით, ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადება: „60 მილიონი [ლარი] დავუმატეთ [თავდაცვის სამინისტროს] 2012 წელს. [...] რადგან თავდაცვის სამინისტროს „დელტა“გამოეყო და ეკონომიკის სამინისტროში გადავიდა, შესაბამისი დაფინანსება მოაკლდა. მომავალ წელს თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება დაფინანსება არ აკლდება, ის იზრდება“, არის ნახევრად სიმართლე.