2013

წლის 4 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართა. პრესკონფერენციაზე პრემიერმა ახალი მთავრობის პირობებში განათლების მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებზე ისაუბრა და ყურადღება მასწავლებლების ხელფასებზე და სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციაზეც გაამახვილა. მისი თქმით: „გაიზარდა მასწავლებლების ხელფასები და ათობით მილიოინი ლარი გამოიყო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის”.

ფაქტ-მეტრი პრემიერ-მინისტრის განცხადებით დაინტერესდა და მისი გადამოწმება გადაწყვიტა.

მასწავლებლების ხელფასებისა და საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალური წერილით მივმართეთ. საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაცია უწყებიდან დროულად მივიღეთ, მასწავლებლების ხელფასების შესახებ კი - ერთი თვის დაგვიანებით.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განმარტებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები დაფუძნებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით. ამასთან, „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, საჯარო სკოლები უზრუნველყოფილია ყოველთვიური ვაუჩერული (თითოეულ საჯარო სკოლას ბავშვების რაოდენობის მიხედვით გადაეცემა შესაბამისი ოდენობის ვაუჩერი) დაფინანსებით. აღნიშნული დაფინანსების ფარგლებში საჯარო სკოლის დირექცია მათთან დასაქმებული სკოლის მასწავლებლების შრომის ანაზღაურების ხარჯების დაფინანსებას უზრუნველყოფს. საჯარო სკოლის მასწავლებელთა შრომის ოდენობის გამოანგარიშება „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის #576 ბრძანების შესაბამისად ხორციელდება. ის საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობის გამოანგარიშების წესსა და პირობებს არეგულირებს.

სანამ უშუალოდ ხელფასების მატების თემას შევეხებით, საინტერესოა, იმ მექანიზმის განხილვა, რომლის მიხედვითაც საჯარო სკოლის პედაგოგების სახელფასო სარგო და მასზე დანამატების გაცემის წესი განისაზღვრება.

ზემოთ ხსენებული ბრძანება განსაზღვრავს, რომ მასწავლებელთა შრომის ანაზღაურება თანამდებობრივ სარგოს და თანამდებობრივ სარგოზე დანამატს მოიცავს. მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე შეიძლება სხვადასხვა ტიპის დანამატი გაიცეს.

მასწავლებლის შრომის ანაზღაურების სქემის მიხედვით, მასწავლებლის თანამდებობრივი სარგო და თანამდებობრივ სარგოზე დანამატები შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით ანგარიშდება: ა) მასწავლებლის განათლება და კვალიფიკაცია; ბ) ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლეს საგანმანათლებლო და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა; გ) სამუშაო დატვირთვა; დ) სამუშაოს სპეციფიკა.

საჯარო სკოლის მასწავლებლის განათლება და კვალიფიკაცია 5 საფეხურსა და შესაბამის კოეფიციენტებს მოიცავს.

მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს გაანგარიშებისას განმსაზღვრელია მასწავლებლის სამუშაო სტაჟიც, რომელიც სამ საფეხურს მოიცავს. თითოეულ საფეხურს შესაბამისი კოეფიციენტები აქვს მინიჭებული: ა) 5 წლამდე - 0,2;ბ) 5-დან 10 წლის ჩათვლით - 0,5; გ) 10 წლის ზემოთ - 0,6.

საჯარო სკოლის პედაგოგის სახელფასო სარგოზე დანამატის გაცემა მისი სამუშაო სპეციფიკის გათვალისწინებითაც ხდება. გარდა ამისა, მასწავლებლის სახელფასო სარგო გამოითვლება სამუშაო საათების მიხედვითაც, რომელიც 3 ტიპს

 მოიცავს.

საბოლოო სახით, საჯარო სკოლის მასწავლებლისათვის ხელფასის დაანგარიშება სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმებისათვის მინიჭებული კოეფიციენტებისა და საბაზო თანამდებობრივი სარგოს ერთმანეთზე გადამრავლებით ხდება.

რაც შეეხება საჯარო სკოლების პედაგოგების ხელფასების მატებას, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ  2013 წლის 19 თებერვალს

გააჟღერა. 2013 წლის ბიუჯეტის ფარგლებში, მასწავლებლის შრომის ანაზღაურება 26%–59%–ით გაიზარდა. კერძოდ:

  • გაიზარდა სრულ განაკვეთზე საბაზო ხელფასი (245-დან 305 ლარამდე);
  • ზრდა შეეხო სტაჟის ნაწილს;
  • გაიზარდა კლასკომპლექტით (ორ ან მეტ გაერთიანებულ კლასთან მუშაობა) სწავლების დანამატი (24,5-დან 30,5 ლარამდე);
  • გაიზარდა იმ მასწავლებლების დანამატი, ვინც არაქართულენოვან სკოლებში ქართულ ენასა და ლიტერატურას, საქართველოს ისტორიასა და გეოგრაფიას ასწავლის;
  • გაიზარდა კლასის დამრიგებლის დანამატი (62,48-დან 76,25 ლარამდე);
  • 19-დან 26 საგაკვეთილო საათამდე ჩატარებისას, მასწავლებელს სრული განაკვეთის ხელფასზე დანამატი ყოველ შემდგომ საათზე 5 ლარი დანამატი ეძლევა;
  • სერტიფიცირებულ პედაგოგს დანამატი იმ შემთხვევაშიც მიეცემა, თუ დაწყებითი საფეხურისპედაგოგის დატვირთვა კვირაში 13 საათს შეადგენს;
  • სერტიფიცირების დანამატი ასევე მიეცემა სერტიფიცირებულ პედაგოგს (გარდა დაწყებითი საფეხურის პედაგოგისა), რომლის სამუშაო დატვირთვა კვირაში 15-17 საათს შეადგენს.
image004 რაც შეეხება მიმდინარე წელს, 2014 წლის ბიუჯეტში საჯარო სკოლის მასწავლებლების ხელფასების ზრდა გათვალისწინებული არ არის. თუმცა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, თამარ სანიკიძის განმარტებით,

მასწავლებლის კატეგორიიდან კატეგორიაში გადასვლა პირდაპირ აისახება ხელფასის ზრდაზე.

აქვე, ისიც მნიშვნელოვანია, რომ საჯარო სკოლის მასწავლებლებისთვის ხელფასის ზრდა ეტაპობრივად ყოველწლიურად ხდებოდა. მაგალითად, თუკი 2005 წელს სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებლის საბაზო ხელფასი 115 ლარს შეადგენდა, 2009 წლისთვის აღნიშნული მაჩვენებელი უკვე 220 ლარი იყო. 2009 წლის 1 სექტემბრიდან

კი, სრული განაკვეთის მასწავლებლის საბაზო ხელფასი, 220 ლარიდან 245 ლარამდეგაიზარდა. გარდა ამისა, გაიზარდა სადამრიგებლო დანამატიც და ის 27 ლარის ნაცვლად 63 ლარი გახდა.

რაც შეეხება საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, აღნიშნული მიმართულებით გამოყოფილი თანხებიდან შესრულებული სამუშაოები ასე გამოიყურება:

2009

2010

2011

2012

2013

24 764 430,76

14 166  026,47

29 011 457,97

52 953 280,92

39 620 871,21

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განმარტებით, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროცესი ეტაპობრივად მიმდინარებს. სკოლების ნაწილობრივი რეაბილიტაცია ერთსადაიმავე საჯარო სკოლაში, რიგ შემთხვევებში, ხორციელდება რამდენიმე წლის მანძილზე. რეაბილიტირებული საჯარო სკოლების 2009-2012 წლების სტატისტიკა კი ასეთია:

2009

2010

2011

2012

2013

364 სკოლა

302 სკოლა

225 სკოლა

535 სკოლა

581 სკოლა

2009-2013

წლებში საჯარო სკოლების მშენებლობის ამსახველი სტატისტიკა ასე გამოიყურება:

  • 2009 წელი - დასრულდა 1 საჯარო სკოლის მშენებლობა, 2 კი მშენებლობის პროცესში იყო;
  • 2010 წელი - დასრულდა სამი საჯარო სკოლის მშენებლობა;
  • 2011 წელი - დასრულდა 5 საჯარო სკოლის მშენებლობა;
  • 2012 წელი - დასრულდა 9 საჯარო სკოლის მშენებლობა;
  • 2013 წელი - დასრულდა 1 საჯარო სკოლის მშენებლობა, ხოლო 8 საჯარო სკოლის მშენებლობა კი დაიწყო.

მიმდინარე წლის მონაცემები კი ასეთია:

სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ 2014 წელს საჯარო სკოლების რეაბილიტაცია-მშენებლობისათვის გამოყოფილია 57 114 000 ლარი. 317 საჯარო სკოლაში დაგეგმილია სხვადასხვა ტიპის სარეაბილიტაციო სამუშაოები, აქედან, 40 დედაქალაქში და 277 რეგიონში. დაწყებულია 1 საჯარო სკოლის მშენებლობა, დაგეგემილია 3 სკოლის მშენებლობა და გრძელდება 2013 წელს დაწყებული 8 სკოლის მშენებლობა. ასევე, დაგეგმილია დამატებით კიდევ 4 ახალი სკოლის პროექტირება/მშენებლობის დაწყება.

დასკვნა

როგორც კვლევამ აჩვენა, 2013 წელს საჯარო სკოლის მასწავლებლების ხელფასების მატება მართლაც განხორციელდა. სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებლის საბაზო ხელფასი 245 ლარიდან 305 ლარამდე გაიზარდა. კლასის დამრიგებლისათვის განკუთვნილი დანამატი 62,48 ლარიდან 76,25 ლარამდე გაიზარდა, ექვსი ლარით მოიმატა კლასკომპლექტით სწავლების დანამატმაც და ის 24,5 ლარის ნაცვლად 30,5 ლარი გახდა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 2014 წელს, საჯარო სკოლის მასწავლებლებისათვის ხელფასის მომატების კუთხით ბიუჯეტში ცვლილებები არ ყოფილა. აქვე ისიც მნიშვნელოვანია, რომ საჯარო სკოლის პედაგოგების ანაზღაურებაში წლების განმავლობაში ზრდის დინამიკა ფიქსირდებოდა: 2005-2009 წლებში ის 115 ლარიდან 245 ლარამდე გაიზარდა. ზრდა შეეხო მასწავლებლებისათვის განკუთვნილ დანამატებსაც.

იგივე შეიძლება ითქვას საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის გამოყოფილ თანხებზეც. 2009-2013 წლებში ამ მიმართულებით ბიუჯეტიდან სოლიდური თანხები გამოიყო.

ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება: „გაიზარდა მასწავლებლის ხელფასები და ათობით მილიონი ლარი გამოიყო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის“, არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5398 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი