მიმდინარე წლის 10 ივნისს, „ღია მმართველობის“ ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრმა ყურადღება ბიუჯეტში საგადასახდო შემოსავლების კუთხით არსებულ ვითარებაზეც გაამახვილა. „იანვარ-მაისში ნაერთ ბიუჯეტში მობილიზებულია 2.8 მილიარდი ლარი, რაც 130 მილიონი ლარით მეტია წინა წლის შესაბამის პერიოდზე. 2014 წლის იანვარ-მაისის საგადასახადო შემოსავლების გეგმა 101 პროცენტით არის შესრულებული. 5 თვეში შემოსავლებმა წლიური ბიუჯეტის თითქმის 40 პროცენტი შეადგინა“ - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
ფაქტ-მეტრი 2014 წლის ნაერთ ბიუჯეტში გადასახადების კუთხით არსებული მდგომარეობით დაინტერესდა და ნოდარ ხადურის განცხადება გადაამოწმა.
2014 წლის იანვარ-მაისში ნაერთ ბიუჯეტში შემოსული გადასახადების ოდენობამ 2,786.5 მლნ ლარი შეადგინა.გასული წლის იანვარ-მაისში ეს თანხა 2,655.9 მლნ ლარი იყო. როგორც ვხედავთ, ნაერთ ბიუჯეტში გადასახადების თვალსაზრისით მობილიზებული თანხა 130.6 მლნ ლარით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, როგორც ამას ფინანსთა მინისტრი მიუთითებდა.
2014 წლის პირველი 5 თვის მონაცემებით, ნაერთ ბიუჯეტში შემოსავლებმა 3,058.2 მლნ ლარი შეადგინა. შემოსავლების წლიური გეგმა 7,909.0 მლნ ლარია.შესაბამისად, როგორც ვხედავთ, იანვარ-მაისის შემოსავლებმა წლიური გეგმის თითქმის 39% შეადგინა.
ნოდარ ხადური ასევე ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ 5 თვის მონაცემებით საგადასახადო შემოსავლების მხრივ არანაირი შეფერხება არ არის და გეგმა 101%-ით შესრულდა. გამომდინარე იქიდან, რომ 5 თვის გეგმა ხელმისაწვდომი არ არის, ჩვენ პირველი 6 თვის შესრულებაშევადარეთ შესაბამის გეგმას. ფინანსთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ნაერთ ბიუჯეტში 2014 წლის იანვარ-ივნისში შემოსავლების გეგმა 101,3%-ით შესრულდა, გადასახადებმა კი, საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით, 102,5% შეადგინა. თუმცა, 6 თვის მონაცემებით, გრანტების მიღების კუთხით ბიუჯეტი ვერ შესრულდა.
ნაერთი ბიუჯეტიდასახელება | გეგმა(2014 წლის 6 თვე) | ფაქტი(2014 წლის 6 თვე) | პროცენტული შესრულება |
შემოსავლები | 3 664 362.0 | 3 713 724.9 | 101,3 |
გადასახადები | 3 327 000.0 | 3 409 346.2 | 102,5 |
გრანტები | 100 121.0 | 47 703.7 | 47,6 |
სხვა შემოსავლები | 237 241.0 | 256 675.0 | 108,2 |
წლის ნაერთ ბიუჯეტში პირველი ხუთი თვის მონაცემებით საგადასახადო შემოსავლებმა თითქმის 2,786.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 130,6 მლნ ლარით აღემატება. 2014 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით, საგადასახადო შემოსავლები გეგმასთან მიმართებაში 102,5%-ით შესრულდა. 2014 წლის 5 თვეში შემოსავლების მაჩვენებელი წლიური გეგმის თითქმის 39%-ია. ამასთან, შემოსავლების 6 თვის მაჩვენებელი, შესაბამის გეგმასთან მიმართებაში, 101,3 %-ით შესრულდა.
ჩვენ ვასკვნით, რომ ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადება: „იანვარ-მაისში ნაერთ ბიუჯეტში მობილიზებულია 2,8 მილიარდი ლარი, რაც 130 მილიონი ლარით მეტია წინა წლის შესაბამის პერიოდზე. 2014 წლის იანვარ-მაისის საგადასახადო შემოსავლების გეგმა 101%-ით არის შესრულებული. 5 თვეში შემოსავლებმა შეადგინა წლიური ბიუჯეტის თითქმის 40 პროცენტი," არის სიმართლე.