“.
ფაქტ-მეტრმა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების სიზუსტის გადამოწმება გადაწყვიტა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს #108 ბრძანების მიხედვით, დროებითი მოთავსების იზოლატორი შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფია. იზოლატორის ფუნქცია კანონმდებლობით დადგენილი წესით შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემდებარე, სხვა დანაშაულში მონაწილეობისათვის დაკავებულ და ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებული პირების მოთავსებაა. დროებითი მოთავსების იზოლატორების შინაგანაწესის თანახმად, ძალის გამოყენების უფლება დაკავებულ პირთა მიმართ დასაშვებია, თუ ისინი ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევენ იზოლატორის თანამშრომლებს, ან სჩადიან სხვა ძალდატანებით მოქმედებებს როგორც იზოლატორში, ასევე ბადრაგირების დროს, გაქცევის მცდელობისას, მათ მიერ გარშემო მყოფთა ან საკუთარი თავის მიმართ ზიანის მიყენების შემთხვევაში.
ძალის გამოყენების დროს, დასაშვებია ხელბორკილებისა და შებოჭვის გამოყენება მათ დამშვიდებამდე, რაც 2 საათს არ უნდა აღემატებოდეს და ისეთი საშუალებებით უნდა განხორციელდეს, რომელიც გამორიცხავს დაკავებულის მიმართ საკუთარ სხეულზე ზიანის მიყენების შესაძლებლობას. ხელბორკილების გარდა, ამ შემთხვევებში, პოლიციის კანონის შესაბამისად შეიძლება გამოყენებულ იქნას უსაფრთხოების სხვა ზომებიც (შებოჭვა, ორთაბრძოლის ხერხები). ხელბორკილების, შებოჭვის ან ორთაბრძოლის ხერხების გამოყენების თითოეულ შემთხვევაში, იზოლატორის პასუხისმგებელი მორიგე ადგენს ოქმს, რომელშიც მიუთითებს უსაფრთხოების შერჩეული ზომის გამოყენების ადგილს, საფუძველს და შებოჭვისა ან ხელბორკილების მდგომარეობაში ყოფნის ხანგრძლივობას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, სწორედ დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებულ ვითარებას ეხებოდა.
ადამიანის უფლებების შესახებ, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, სხვადასხვა ექსპერტებისა თუ ორგანიზაციის რამდენიმე ანგარიში გამოქვეყნდა.
2013 წლის 31 ივლისს ევროპის საბჭოს წამების წინააღმდეგ კომიტეტის (CPT) ანგარიში გამოქვეყნდა (ამ კონკრეტულ ანგარიშთან დაკავშირებით ფაქტ-მეტრი ადრეც წერდა).აღნიშნული კომიტეტი საქართველოს 2012 წლის 19-23 ნოემბერს სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში, მათ გლდანის მერვე და ქუთაისის მეორე საპყრობილეში არსებული სიტუაცია შეისწავლეს. მიუხედავად ამისა, ევროპის საბჭოს კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში დროებითი დაკავების იზოლატორებში არსებულ ვითარებაზე საუბარი საერთოდ არ არის, რადგან კომიტეტის დელეგაცია მხოლოდ აღნიშნულ საპყრობილეებს ესტუმრა.
2013 წლის 22 სექტემბერს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის თომას ჰამერბერგის ანგარიშიგამოქვეყნდა. ჰამერბერგის ანგარიშში, დროებითი დაკავების იზოლატორებში არსებული ვითარება განხილული არ არის. ადამიანის უფლებათა კომისარი უბრალოდ მიუთითებს ახალი მთავრობის განსაკუთრებულ პასუხისმგებლობაზე, რათა ციხეებში დამკვიდრებული წამების პრაქტიკა არ განმეორდეს.
თომას ჰამერბერგის ანგარიშის შემდეგ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშიცგამოქვეყნდა. ის ქართველი და უცხოელი ექსპერტებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევებს ეყრდნობა. ანგარიშის თანახმად, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ცალსახად გამოიკვეთა ციხეებში არსებული ვითარების გაუმჯობესება, თუმცა პოლიციელების მიერ დაკავებულებთან უხეში მოპყრობისა და ცემის ფაქტები მაინც ფიქსირდება.
როგორც ვხედავთ, 2012 წლის არჩევნების შემდეგ გამოქვეყნებულ არცერთ ანგარიშში წინასწარი დაკავების იზოლატორებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია არ არის მოცემული. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობდა უცხოელ ექსპერტებზე, რომლებიც საქართველოს ეწვივნენ. 2013 წლის მაისში საქართველოს, ბრიტანელი ექსპერტი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხში, ჯეიმს მერდოკი ეწვია. მან ვიზიტის დროს რამდენიმე წინასწარი დაკავების იზოლატორი მოინახულა. როგორც ვიზიტის დროს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, ვითარების დეტალურად შესწავლის შემდეგ ჯეიმს მერდოკი გარკვეულ რეკომენდაციებს შეიმუშავებდა და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მომზადებისა და გადამზადების სასწავლო პროგრამებზე იმუშავებდა. ვიზიტის დროს ჯეიმს მერდოკს არ გაუკეთებია ოფიციალური კომენტარი წინასწარი დაკავების იზოლატორებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.
სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიშშიაღნიშნულია, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში მოთავსებული 16533 პირიდან დაზიანება აღენიშნებოდა 7095 პირს. რომელთაგანაც 359 პირის გადმოცემით, დაზიანება მიიღეს დაკავებისას ან დაკავების შემდეგ. აღნიშნულ პირთაგან პოლიციის მიმართ პრეტენზიას აფიქსირებდა 111 პირი. მიუხედავად ამისა, ანგარიშში მითითებულია, რომ მსგავსი დაზიანებების მიყენება პირებისთვის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანამდე, დაკავებისას ხდება. სახალხო დამცველის ანგარიშში დადებითად არის აღნიშნული ის ფაქტი, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფ პირთაგან არცერთს არ გამოუთქვამს პრეტენზია იზოლატორის თანამშრომლის მხრიდან არასათანადო მოპყრობის თაობაზე.
დასკვნა 2012
წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, სამი უცხოური ანგარიში გამოქვეყნდა. ევროპის საბჭოს წამების წინააღმდეგ კომიტეტისა და თომას ჰამერბერგის ანგარიშში საერთოდ არ არის საუბარი წინასწარი დაკავების იზოლატორებზე. მხოლოდ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშია აღნიშნული წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანამდე პოლიციელთა მიერ დაკავებულებთან უხეშად მოპყრობის ფაქტები. 2013 წლის მაისში საქართველოს ბრიტანელი ექსპერტი ჯეიმს მერდოკი ეწვია, რომელმაც რამდენიმე დროებითი მოთავსების იზოლატორი დაათვალიერა. ფაქტ-მეტრი არ გამორიცხავს, რომ ჯეიმს მერდოკს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან საუბრისას აღენიშნა იზოლატორებში გაუმჯობესებული ვითარების არსებობის შესახებ. მიუხედავად ამისა, ოფიციალური განცხადება, რომელიც საჯაროდ იქნებოდა ხელმისაწვდომი, ბრიტანელ ექსპერტს არ გაუკეთებია.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვერ შევძელით მოგვეძია უცხოელ ექსპერტთა ანგარიშებში გაკეთებული პირდაპირი განცხადებას იმის თაობაზე, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორებში არსებული სიტუციის მხრივ საქართველოში დიდი პროგრესია მიღწეული, სახალხო დამცველის ანგარიში გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ ამ მხრივ სიტუაცია ქვეყანაში მართლაც გამოსწორებულია და იზოლატორის თანამშრომლები კანონის შესაბამისად ეპყრობიან დაკავებულებს. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ არსებობს გარკვეული ეჭვები პირის დაკავებისას პოლიციელთა მიერ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით.
ჩვენ ვასკვნით, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება: “დროებითი მოთავსების იზოლატორში არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა ადამიანთა უფლებების დარღვევის. უცხოელი ექსპერტები მეორედ იყვნენ ჩამოსულები საქართველოში და ადგილზე ნახეს და დარწმუნდენენ რომ გვაქვს უზარმაზარი პროგრესი ამ მხრივ”, არის მეტწილად სიმართლე.