მიმდინარე წლის 15 ივლისს, ფაქტ-მეტრის ახალი სერვისის „შეამოწმე შენი ფაქტის“ ფარგლებში, ჩვენმა მკითხველმა, ნინო დემურიამ, მესტიის მიმართულებით დანიშნულ ახალ ავიარეისთან დაკავშირებით მოგვმართა. კერძოდ, მან უმცირესობის დეპუტატის, საჰაერო ნავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, გიორგი კარბელაშვილის განცხადების სიზუსტის გადამოწმება გვთხოვა, რომლის თანახმად, მესტიის მიმართულებით დანიშნული თვითმფრინავი მსოფლიოში საშიშად არის აღიარებული.

ჩვენ მოვიძიეთ უმცირესობის დეპუტატ გიორგი კარბელაშვილის განცხადება:

„მედიით შევიტყვე, რომ მესტიის მიმართულებით ფრენები დაიწყო, რაც ძალიან გამიხარდა, რადგან გამოდიოდა, რომ მესტიაში ამხელა ინვესტიციები ჩაიდო და ფრენები გაჩერებული იყო. მაგრამ გავიგე კატასტროფული რამ, რომ ფრენებს ჩეხური წარმოების L-410 ტიპის თვითმფრინავი განახორციელებს. როდესაც ოთხი წლის წინ ჩვენი მთავრობა განიხილავდა, თუ რა თვითმფრინავს ეფრინა მესტიაში, საუბარი იყო აღნიშნულ ჩეხურ თვითმფრინავზე, მაგრამ როდესაც თვითმფრინავი შევისწავლეთ, გაირკვა, რომ ეს არის ყველაზე საშიში თვითმფრინავი მსოფლიოში. უსაფრთხოების არანაირ ნორმებს არ აკმაყოფილებს. როცა ქვეყანა წინ მიდის, ამ თვითმფრინავის შემოყვანა შეურაცხყოფაა. ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რა კატასტროფა შეიძლება მოჰყვეს ამას. ამ თვითმფრინავის ფრენამ შეიძლება უბედურება მოგვიტანოს. თავის დროზე, უცხოელმა ექსპერტებმაც გვითხრეს, რომ ეს თვითმფრინავი არ არის კონტროლირებადი. მას სულელ თვითმფრინავს ეძახიან. 1991 წელს მოხდა ოთხი ტრაგედია, ტრაგედია მოხდა 1992 წელს, რუსეთის თითქმის ყველა ქალაქში ჩამოვარდნილია, ექვსჯერ მოხდა ტრაგედია 2003 წელს, 2004-ში ჩამოვარდა კილიმანჯაროზე, სამი ჩამოვარდა აფრიკაში. თავის დროზე ჩამოვარდა სოხუმში, ჩამოვარდა ფოთში და ამას მოჰყვა ტრაგედია. ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რა კატასტროფა შეიძლება მოპყვეს მათ გადაწყვეტილებას, რასაც ჰქვია L-410 ტიპის, ჩეხური თვითმფრინავის ფრენას მესტიის მიმართულებით“.

დეპუტატის განცხადებას „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“ გამოეხმაურნენ

და აღნიშნეს, რომ „საჰაერო ხომალდი L 410, რომელიც  მესტიაში იფრენს, არის უსაფრთხო, რასაც ასევე მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი სერტიფიცირებულია ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს მიერ, რომელიც მოქმედებს საერთაშორისო და ევრორეგულაციებზე დაყრდნობით. შესაბამისად, საჰაერო ხომალდი, რომელიც სერტიფიცირებულია ევროკავშირის ქვეყნებში ოპერირებისათვის, არ შეიძლება იყოს საფრთხის შემცველი, სწორედ ამის გარანტად დგება ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტო“.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, თუ რამდენად უსაფრთხოდ მიიჩნევა მსოფლიოში L 410-ის ტიპის თვითმფრინავები.

2013 წელს ვებ-გვერდმა AirlineRatings.com, ერთ-ერთმა დამოუკიდებელმა წყარომ, რომელიც მომსახურების უსაფრთხოებასა და ხარისხს სხვადასხვა კრიტერიუმზე დაყრდნობით აფასებს, 2003-2012 წლების კვლევა გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად,

ჩეხური L 410 ტიპის თვითმფრინავს სამ სხვა მოდელთან ერთად (Antonov AN-12,  Ilyushin Il-76, CASA C-212) ჩამოვარდნის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა. ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ის მიხედვით, აღნიშნული მოდელები ყველაზე ნაკლებად უსაფრთხო თვითმფრინავებს შორის დასახელდა. საკვლევ პერიოდში L 410 ტიპის ჩეხურმა თვითმფრინავმა, სულ მცირე 20 ავარია განიცადა, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა (fatal crash). კვლევის ავტორების განმარტებით, სხვადასხვა მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით, მათ მხოლოდ ის თვითმფრინავები შეისწავლეს, რომლებიც, 2013 წლის მდგომარეობით, ექსპლუატაციაში იყო. 1970-იან და 1980-იან წლებში მომხდარი ის ინციდენტები, რომლის მონაწილე თვითმფრინავებმა მოდერნიზაცია განიცადა და აღარ გამოიყენება, კვლევის მიღმა დარჩა.

image001 წყარო: The Telegraph თუმცა, ზოგადად ავარიის მიზეზებზე საუბრისას, ვებ-გვერდის AirlineRatings.com რედაქტორმა და გლობალური ავიაციის ექსპერტმა, ჯეფრი ტომასმა, განმარტა,

რომ უბედური შემთხვევების გამომწვევად, როგორც წესი, ცუდ ამინდში ფრენისას კონტროლის დაკარგვა და ასაფრენ ბილიკზე აცდენა (runway overrun) რჩება და არა თვითმფრინავის კონსტრუქცია (დიზაინი).

„ანგარიშთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია განიმარტოს, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მაჩვენებელს (aircraft’s crash rate) საერთო თითქმის არაფერი აქვს თვითმფრინავის კონსტრუქციასთან ან ხარისხთან. მგზავრებმა უფრო მეტად ყურადღება არა აუცილებლად თავად თვითმფრინავს უნდა მიაქციონ, არამედ ოპერატორის უსაფრთხოების მაჩვენებელს და შემდეგ, როგორ და სად იყენებენ ისინი თვითმფრინავს“ - განაცხადა ჯეფრი ტომასმა. ექსპერტმა მაგალითად სწორედ L 410-ის მაჩვენებლები მოიყვანა და აღნიშნა, რომ მასთან დაკავშირებული ინციდენტებიდან, ფაქტობრივად, არცერთი თვითმფრინავის კონსტრუქციის (aircraft design) ბრალი არ ყოფილა, მის უკანასკნელ მოდელს კი უსაფრთხოების ძალიან კარგი მაჩენებელი აქვს და სერტიფიცირებულია ბევრი ქვეყნის მიერ, მათ შორის, ევროპაში, აშშ-სა და ავსტრალიაში.

„ამ თვითმფრინავებმა აფრიკის კონტინენტზე გაითქვეს სახელი ძალიან კარგი, მოკლე მანძილზე ასაფრენი და დასაფრენი შესაძლებლობებით, მტკიცე სტრუქტურით და ექსტერმალურ კლიმატურ პირობებში მოქმედების უნარით“ - განმარტა ჯეფრი ტომასმა. თუმცა, მისივე თქმით, ჩამოვარდნის მაჩვენებელი მსჯელობისას დიდ ყურადღებას მოითხოვს, რადგან L 410 და მსგავსი თვითმფრინავები, როგორც წესი, მოქმედებენ მთიან რეგიონებში, ჯუნგლებში და თითქმის ყოველთვის, ბალახიან ან ხრეშიან ასაფრენ ბილიკზე, ისეთ პირობებში, სადაც თვითმფრინავების უმრავლესობას მუშაობა არ შეუძლია.

ამავე ორგანიზაციის კვლევამ

ყველაზე უსაფრთხო თვითმფრინავებიც გამოავლინა, რომლებიც შემდეგნაირად გამოიყურება:

image002 წყარო: The Telegraph

ფაქტ-მეტრი ასევე დაინტერესდა, თუ რომელ ქვეყნებშია სერტიფიცირებული L 410 ტიპის თვითმფრინავები. L 410-ს ევროკავშირში, EASA-ს (ევროპის ავიაციის უსაფრთხოების სააგენტოს) სერთიფიკატი გააჩნია. ის ასევე სერტიფიცირებულია რუსეთში, შვედეთში, დანიაში, ავსტრალიაში და სხვა ქვეყნებში, ხოლო მისი ბოლო მოდელი კი სერტიფიცირებულია აშშ-შიც.

image003 წყარო: Aircraft Industries

ფაქტ-მეტრი თავად დეპუტატსაც დაუკავშირდა იმის დასაზუსტებლად, თუ რომელი ექსპერტები აფასებდნენ უარყოფითად L 410 ტიპის თვითმფრინავებს. გიორგი კარბელაშვილმა ჩვენთან საუბარში განმარტა, რომ განცხადება, ძირითადად, თვითმფრინავის უარყოფით სტატისტიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით გააკეთა. მისივე თქმით, მას სურდა, რომ მესტიის მიმართულებით უკეთეს თვითმფრინავს ეფრინა და განცხადების მიზანი შესაძლო საფრთხეების შესახებ მთავრობის გაფრთხილება იყო.

ჩვენ ასევე დავინტერესდით, თუ ექსპერტთა რა რეკომენდაციები არსებობს L 410 ტიპის თვითმფრინავებთან დაკავშირებით შპს  „საქაერონავიგაციაში.“ როგორც უწყებაში ჩვენს კითხვაზე პასუხად განაცხადეს,

შპს „საქაერონავიგაციის“ ფუნქციიდან და საქმიანობიდან გამომდინარე, ისინი თვითმფრინავთან დაკავშირებით ჩვენ მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას არ ფლობენ.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, L 410 სერიის თვითმფრინავებიდან, თუ კონკრეტულად რომელი მოდელი ემსახურება მესტიის მიმართულებით ფრენებს. როგორც „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“ განგვიცხადეს, მესტიის მიმართულებით ფრენებს L 410 UVP ასრულებს. „ავიაციის უსაფრთხოების ქსელის“ (Aviation Safety Network) მონაცემთა ბაზაში L 410 სერიის თვითმფრინავებთან დაკავშირებული 52 უბედური შემთხვევა იძებნება,

რომელსაც მსხვერპლიც მოჰყვა. აქედან, 17 შემთხვევა L 410 UVP მოდელთანაა დაკავშირებული, რომელთაგან 9 შემთხვევა 2003 წლის შემდეგ დაფიქსირდა.

დასკვნა ვებ-გვერდის AirlineRatings.com

მიხედვით, L 410 ტიპის თვითმფრინავები უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე, ჩამოვარდნის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. თუმცა, მათივე განმარტებით, ავარიის მიზეზად თვითმფრინავის კონსტრუქციის დასახელება გამართლებული არაა და ავარიის მიზეზებზე საუბრისას  გასათვალისწინებელია ოპერატორების პასუხისმგებლობა, მათ მიერ უსაფრთხოების ზომების დაცვა, მომსახურების ხარისხი და ა.შ.

ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ L 410 ფლობს სხვადასხვა, მათ შორის ევროპის ავიაციის უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) სერტიფიკატს. ამასთან, დეპუტატ გიორგი კარბელაშვილს ჩვენთან საუბარში არ დაუსახელებია კონკრეტული ექსპერტები, რომლებიც L 410-ის ტიპის თვითმფრინავების შესახებ უარყოფით შეფასებას აკეთებდნენ, არამედ აღნიშნა, რომ განცხადება, ძირითადად, თვითმფრინავის უარყოფით სტატისტიკურ მაჩვენებლებს ეყრდნობოდა.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, დეპუტატ გიორგი კარბელაშვილის განცხადება: „ეს [L 410] არის ყველაზე საშიში თვითმფრინავი მსოფლიოში, უსაფრთხოების არანაირ ნორმას არ აკმაყოფილებს,“ არის ნახევრად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5402 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი