ივლისს, პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე, დავით დარჩიაშვილმა ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „სისხლის სამართლის კოდექსი იძლევა საშუალებას საქმე აღიძრას ფაქტზე და არა თვითმკვლელობაზე“.
ფაქტ-მეტრი მოყვანილი ფაქტის სიზუსტით დაინტერესდა და განცხადება გადაამოწმა.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ 2014 წლის 15 ივლისს, პროკურატურას მიეწოდა შეტყობინება, რომლის მიხედვითაც „ქალაქ თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, №37-ე „დ“ კორპუსის მიწისქვეშა ავტოფარეხში გაჩერებულ ავტომანქანაში აღმოჩენილი იყო მამაკაცის გვამი. მითითებული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (პიროვნების თვითმკვლელობამდე მიყვანა), რაც განპირობებული იყო საწყის ეტაპზე არსებული ფაქტობრივი გარემოებებით. შემთხვევის ადგილზე მისვლისას საკუთარ ა/მანქანაში აღმოჩენილ იქნა ეროსი კიწმარიშვილის გვამი, რომელსაც თავის არეში აღენიშნებოდა სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა. ასევე აღმოჩენილი იქნა მისივე სახელზე, იმავე დღეს, 15 ივლისს რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, რომლიდანაც სავარაუდოდ გასროლა მოხდა.“ მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, მომხდარი ფაქტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, შსს-სა და პროკურატურის თანამშრომლების შემადგენლობით შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი. ასევე, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.
როგორც განცხადებიდან ჩანს, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე (ეს ინფორმაცია კი სწორედ მომხდარი ფაქტის, ამ შემთხვევაში პიროვნების სიკვდილის ფაქტის შესახებაა), მთავარმა პროკურატურამ საქმის გამოძიება კონკრეტული მუხლის მიხედვით დაიწყო. დავით დარჩიაშვილმა აღნიშნული ქმედება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ საქმე უნდა აღძრულიყო ფაქტზე და კონკრეტული მუხლის მითითება საჭირო და აუცილებელი არ იყო. ფაქტ-მეტრმა გამოძიების მსგავსი დაწყების შესაძლებლობა გადაამოწმა.
პირველ რიგში, ტერმინი „საქმის აღძვრა“ არ წარმოადგენს სისხლის სამართალში მოქმედ ტერმინს და მის ნაცვლად გამოიყენება ტერმინი „გამოძიება“. სისხლის სამართლის პროცესი იწყება გამოძიებით. გამოძიების დაწყების საფუძველია დანაშაულის შესახებ ინფორმაცია, რომელიც გამომძიებელს ან პროკურორს მიაწოდეს, გამოვლინდა სისხლის სამართლის პროცესის დროს, ან გამოქვეყნდა მასმედიაში. ასეთი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში (მნიშვნელობა არ აქვს ინფორმაციის წყაროს) გამომძიებელი და პროკურორი ვალდებული არიან დაიწყონ გამოძიება (სსსკ,მუხ. 100 და 101). აქვე მნიშვნელოვანია იმ ტექნიკური მომენტის გათვალისწინება, რომ დღეს საქართველოში მოქმედი ნორმების თანახმად, გამოძიების წარმოების ეტაპები ელექტრონულად აღირიცხება და პირველად მოქმედებას წარმოადგენს ფორმა N1-ის დარეგისტრირება. ანუ, გამოძიება ტექნიკურად იწყება აღნიშნული ფორმის დარეგისტრირებით, რომელსაც ენიჭება ნომერი და ის წარმოადგენს სისხლის სამართლის საქმის ნომერს. ფორმა N1 ვერ დარეგისტრირდება, თუ მასში არ იქნება მითითებული კონკრეტული მუხლი. თუ თავდაპირველად დანაშაულის ჩამდენი პირი უცნობია, გამოძიება დანაშაულთან დაკავშირებული მტკიცებულებების მოსაპოვებლად და დანაშაულის ჩამდენი პირის გამოსავლენად მიმდინარეობს. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა თავიდანვე ცნობილია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა იწყება, მიმდინარეობს მისი მამხილებელი მტკიცებულებების შეგროვება და პროცესუალურად დამაგრება.
გამომძიებელი უფლებამოსილია მისი კომპეტენციის ფარგლებში სისხლის სამართლის საქმის გამოძიება აწარმოოს (სსკ,მუხ. 37). ის, დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში, დამოუკიდებლად წყვეტს საგამოძიებო (საპროცესო) მოქმედებების ჩატარების საკითხს (გამონაკლისს წარმოადგენს საგამოძიებო (საპროცესო) მოქმედებები, რომლის ჩატარებისთვისაც კანონი ითვალისწინებს პროკურორთან შეთანხმებასა და სასამართლოს ნებართვას, მაგ., ჩხრეკა, ამოღება და ა.შ.). გამომძიებელი, მისი კომპეტენციის ფარგლებში, ჩადენილ ქმედებასთან დაკავშირებით ამოწმებს ყველა შესაძლო ვერსიას და დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად, მოიპოვებს მტკიცებულებებს.
საწყის ეტაპზე ხდება არსებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასება. ვინაიდან გამოძიება იწყება სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის (მართლსაწინააღმდეგო ქმედებისა და ბრალის) საფუძველზე, სამართალდამცავი პირი აფასებს, თუ რომელი სავარაუდო დანაშაულის ნიშნები იკვეთება არსებული გარემოებების გათვალისწინებით. ფაქტის საფუძველზე გამოძიების დაწყება იმთავითვე დანაშაულებრივ ქმედებაზე გამოძიების დაწყებასაც გულისხმობს. შესაბამისად, ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტზეც, გამოძიება კონკრეტული სავარაუდო დანაშაულის ანუ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი მუხლის საფუძველზე დაიწყო (სსსკ, მუხ. 115), ხოლო აღნიშნული მუხლით გამოძიების დაწყება განაპირობა არსებულმა გარემოებებმა, რაც გამოძიების დაწყებაზე უფლებამოსილ პირს შემთხვევის ადგილზე დახვდა.
ამასთან, ამ კონკრეტულ საქმეზე გამოძიების დაწყება შესაძლოა მომხდარიყო თვითმკვლელობამდე მიყვანის ან მკვლელობის მუხლით. არსებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისა და პირველადი დანაშაულებრივი ქმედების განსაზღვრის შემდეგ, გამომძიებელმა, მისი კომპეტენციის ფარგლებში, გამოძიება 115-ე მუხლით, თითმკვლელობამდე მიყვანით დაიწყო. შეიძლება გამომძიებელმა შემთხვევის ადგილზე მისვლის შემდეგ მიიჩნია,რომ 108-ე მუხლის (განზრახ მკვლელობა) შემადგენლობაზე მეტად 115-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგელობის ნიშნები იკვეთებოდა, თუმცა, ბუნებრივია, შესაძლებელი იყო 108-ე მუხლითაც (განზრახ მკვლელობა) გამოძიების დაწყება.
ამდენად, გამოძიების დაწყება ფაქტზე ვერ მოხდება შესაბამისი სავარაუდო დანაშაულის განსაზღვრის გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის, კონკრეტული მუხლის შესაბამისად უნდა დაიწყოს. ხოლო ის, თუ რომელი დანაშაულის შესაბამისად დაიწყება გამოძიება, ამას გამომძიებელი ან პროკურორი არსებულ გარემოებებზე დაყრდნობით აფასებს.
დასკვნა
დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, გამომძიებელი ან/და პროკურორი ვალდებულნი არიან დაიწყონ გამოძიება. გამომძიებელი, დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში, დამოუკიდებლად წყვეტს, თუ რომელი დანაშაულის ნიშნები იკვეთება შემთხვევის ადგილზე და სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით იწყებს გამოძიებას, ხოლო ამ მუხლის დისპოზიცია ვარაუდის დონეზე უნდა იყოს სახეზე. ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიების დაწყება ცალსახად გულისხმობდა რომელიმე კონკრეტული მართლსაწინააღმდეგო ქმედების შეფასებას (ამ შემთხვევაში უნდა ვივარაუდოთ, რომ სახეზე გვქონდა ორი ალტერნატივა, მკვლელობა ან თვითმკვლელობამდე მიყვანა). აღნიშნულის შეფასება კი უშუალოდ გამომძიებლის დისკრეციას წარმოადგენდა - განესაზღვრა, სავარაუდოდ რომელი დანაშაულის ნიშნები იკვეთებოდა შემთხვევის ადგილზე. ამდენად, გამოძიების დაწყება მხოლოდ ფაქტზე ვერ მოხდებოდა, ვინაიდან, გამოძიების დაწყება ფაქტზე, იმთავითვე გულისხმობს გამოძიების დაწყებას კონკრეტულ დანაშაულზე და შესაბამის მუხლზე. ამას მოწმობს დღეს არსებული გამოძიების წარმოების მეთოდი - ელექტრონული გამოძიება, სადაც დანაშაულებრივი ქმედების კონკრეტული კვალიფიკაცია უნდა იქნას მითითებული. ფორმა N1 ვერ დარეგისტრირდება, თუ მასში არ იქნება მითითებული კონკრეტული მუხლი. ეს მექანიზმი კი მოქმედი ნორმებიდან გამომდინარეობს.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენ ვასკვნით, რომ დავით დარჩიაშვილის განცხადება: „სისხლის სამართლის კოდექსი იძლევა საშუალებას, საქმე აღიძრას ფაქტზე და არა თვითმკვლელობაზე,“ არის მცდარი.