2014 წლის 5 მაისს, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში ქალაქ თბილისის მერობის კანდატი, დავით ნარმანია თბილისის გზებზე შექმნილ ვითარებას შეეხო და განაცხადა: "გზები ის თემაა, რომელთა მიმართებაში შეგნებულ საბოტაჟს ეწევა დედაქალაქის ხელისუფლება. მათ ძალიან დიდი ხნის წინ უნდა მოეგვარებინათ გზების პრობლემა და ჯერ კიდევ იანვრიდან უნდა დაეწყოთ გზების მოწესრიგებაზე ზრუნვა, გამოეცხადებინათ ტენდერები და ზამთრის სეზონის გასვლის შემდეგ სწრაფადვე უნდა მოეხდინათ გზების რეაბილიტაცია, რასაც სამწუხაროდ ვერ ვხედავთ".
ჩვენ ამ განცხადებით დავინტერესდით და შევეცადეთ გაგვერკვია, რეალურად რა მდგომარეობაა თბილისის გზებზე.
2014 წლის ზამთრის სეზონის შემდეგ თბილისის გზები მნიშვნელოვნად დაზიანდა. თბილისის საკრებულომ, თბილისის მერია გზებზე სარემონტო სამუშაოების დაგვიანებით დაწყებაში დაადანაშაულა. თბილისის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე, ჯაბა სამუშია ფაქტ-მეტრთან საუბარში აცხადებდა: "მთელი თბილისის მასშტაბით გზის საფარი სავალალო მდგომარეობაშია. იმის მიუხედავად, რომ თბილისის 2014 წლის ბიუჯეტში გზების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხა 37 მილიონ ლარს შეადგენს, ჯერაც არ დაწყებულა [მაისის მდგომარეობით] გზებზე სამშენებლო-შეკეთებითი სამუშაოები, რაც საზოგადოების ობიექტურ უკმაყოფილებას იწვევს". ჯაბა სამუშიას თქმით, "ქალაქის მთავრობას ჰქონდა შესაბამისი თანხები, რომ გზის საფარის მოწესრიგებასთან დაკავშირებით წინასწარი სამუშაოები ეწარმოებინა. დრო გაიწელა ხელოვნურად. ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელსა და მერიას უნდოდათ საკრებულოსთვის გადმოებრალებინათ ეს საკითხი და შეფერხება ქალაქის ბიუჯეტის არქონით აეხსნათ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ 7 მარტამდეც, ანუ ბიუჯეტის დამტკიცებამდე, 1/12-ის ხარჯვის პირობებშიც და დღესაც, როდესაც თბილისს ბიუჯეტი უკვე აქვს, საკმარისი თანხებია იმისთვის, რომ ავარიული გზების სრული რეაბილიტაცია მოხდეს".
2014 წელს თბილისი ბიუჯეტის გარეშე შეხვდა. ბიუჯეტის პირველადი ვერსია ქალაქ თბილისის მერიამ საკრებულოს 2013 წლის ნოემბერში გადაუგზავნა. დედაქალაქის ბიუჯეტის დამტკიცება 4 თვე გაჭიანურდა. პირველადი ვერსიის მიხედვით, ქალაქის ბიუჯეტი 720 მილიონი ლარით იყო განსაზღვრული. 2013 წლის დეკემბერში საკრებულოში ბიუჯეტის მეორე ვერსია შევიდა, რომელიც დაახლოებით 730 მილიონ ლარს მოიცავდა. ბიუჯეტის მესამე ვერსია, რომლის ასიგნებები დაახლოებით 785 მილიონ ლარს შეადგენდა, საკრებულოს მერიამ უკვე 2014 წლის იანავარში გადაუგზავნა. ბიუჯეტის მეოთხე პროექტი კი, რომლის ასიგნებები დაახლოებით 850 ლარი იყო, მერიამ საკრებულოს უკვე 2014 წლის თებერვალში წარუდგინა. თბილისის ბიუჯეტის დამტკიცება მხოლოდ 7 მარტს მოხერხდა.
ამ ფაქტს გამოხმაურება არასამთავროებო ორგანიზაციების მხრიდანაც მოჰყვა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ქალაქ თბილისის ბიუჯეტის არდამტკიცების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ბიუჯეტის განხილვა-დამტკიცების პროცესი სამი თვის განმავლობაში პოლიტიკური დისკუსიებისა და ბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა, რაც თავის მხრივ აფერხებდა პროცესებს და მოქალაქეების ინტერესების იგნორირებას ახდენდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიიჩნევდა, რომ თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველად ვერსიაზე თბილისის საკრებულოს დარჩენილი შენიშვნები არ ქმნიდა გადაულახავ წინააღმდეგობას და არ წარმოადგენდა ბიუჯეტის არმიღების საფუძველს. აგრეთვე, პროცესის გაჭიანურების სავარაუდო პოლიტიკურ მოტივაციას ადასტურებდა ისიც, რომ საკრებულოს შეეძლო ბიუჯეტზე ყველა შენიშვნა პირველივე ეტაპზე გაეგზავნა და არა ნაწილ-ნაწილ. თუკი ყველა შენიშვნის პირველივე ეტაპზე გაგზავნა ვერ მოესწრებოდა, საკრებულოს მთელი წლის მანძილზე ექნებოდა თბილისის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის საშუალება. წარმოდგენილ ბიუჯეტზე მუდმივად ახალი შენიშვნების მომზადება პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებას ჰგავდა.
რაც შეეხება ბიუჯეტის 1/12-ის გამოყენებას, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 78-ე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დასაგეგმი წლის დაწყებამდე დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, შესაბამისი აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია, თითოეულ პრიორიტეტზე, ყოველთვიურად გასცეს გასული საბიუჯეტო წლის ასიგნებების 1/12.
ქალაქ თბილისის 2013 წლის ბიუჯეტით კი სატრანსპორტო ინფრასტრუქტური მშენებლობა-განვითარებისათვის გამოყოფილი ასიგნებები 122 382 211 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, აღნიშნულ პრიორიტეტზე 2014 წელს ყოველთვიურად დასახარჯი თანხის მოცულობა 10 198 517 ლარი იყო.
საკრებულოს ბრალდებებს თბილისის მერიაში უპასუხეს. მერიის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ თბილისის საკრებულოს უმრავლესობამ დედაქალაქის 2014 წლის ბიუჯეტი ოთხი თვის განმავლობაში არ დაამტკიცა, რამაც ქალაქში არაერთი პროექტის შეჩერება გამოიწვია. ამის მიუხედავად, თბილისის მერიის განცხადების თანახმად, ქალაქში ზამთრის ძლიერი ყინვების გამო დაზიანებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთდროულად რამოდენიმე ქუჩაზე, აქტიურად მიმდინარეობდა.
მეტი ინფორმაციისთვის ფაქტ-მეტრი წინა წლებში თბილისის გზებზე განხორცილებული სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებითაც დაინტერესდა, თბილისის მერიას ოფიციალური წერილით მიმართა და 2009-2013 წლების მანძილზე თბილისის გზებზე განხორციელებული სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების სტატისტიკა გამოითხოვა, რასაც ქვემოთ ცხრილის სახით გთავაზობთ:
2009
2010
2011
2012
2013
გზების შეკეთება-რეაბილიტაციისათვის გამოყოფილი ასიგნებები(ლარი)
111803900
94441800
38311200
73282000
42480700
საკასო შესრულება(ლარი)
96786600
94290800
38310500
67173100
38212300
კაპიტალურად შეკეთებული ქუჩების რაოდენობა
49
33
57
145
129
ორმოულად შეკეთებული ქუჩების რაოდენობა
92
269
250
249
237
2014 წელს ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურისთვის გამოყოფილი ასიგნებები გზების მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოების წარმოებისთვის 37313500 ლარს შეადგენს. მიმდინარე წელს გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა 24 მისამართზე (მაისის მონაცემებით). მათ შორის კაპიტალური რეაბილიტაცია 3 ქუჩას ჩაუტარდა და ორმოული შეკეთების სამუშაოები 21 ქუჩაზე განხორციელდა. მაისის მონაცემებით, სამუშაოები 40 ქუჩაზე მიმდინარეობდა. მათ შორის 14 ქუჩაზე ხორციელდებოდა გზის საფარის კაპიტალური შეკეთება, 26 ქუჩაზე კი - გზის ორმოული შეკეთების სამუშაოები.
სტატისტიკის მიხედვით, 2013 წელს 366 ქუჩა შეკეთდა (129-კაპიტალურად, 237-ორმოულად).მიმდინარე წელს, ოთხი თვის მანძილზე სარემონტო სამუშაოები 40 ქუჩაზე მიმდინარეობდა, ხოლო 24 ქუჩაზე კი უკვე დასრულებული იყო. შესაბამისად, 4 თვის მანძილზე 64 ქუჩის რეაბილიტაცია მოხდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში, უხეში გათვლებით (თუ ჩავთვლით, რომ ყველა სეზონზე თანაბარი სამუშაოები სრულდება) 366-ის მესამედი, ე.ი 122 ქუჩა უნდა შეკეთებულიყო, რაც თითქმის ორჯერ მეტია მიმდინარე წელს შეკეთებულ ქუჩათა რაოდენობაზე (64).
საკითხში კიდევ უფრო უკეთ გასარკვევად მერიიდან 2011-2014 წლებში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად გამოცხადებული ტენდერების სტატისტიკაც გამოვითხოვეთ.
გასულ წელს, მერიის ინფორმაციით, გზების რეაბილიტაციის სამუშაოებთან დაკავშირებით სულ 48 ტენდერი გამოცხადდა. რაც შეეხება მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეს, მერიის ინფორმაციით, გზების რეაბილიტაციის სამუშაოების განსახორციელებლად სულ 4 ტენდერი გაიმართა. შპს „გლობალჰაუსმა“ 21 იანვარს გამოცხადებულ 2 ტენდერში გაიმარჯვა და ხელშეკრულება ქალაქ თბილისში მტკვრის მარჯვენა (სახელშეკრულებო ღირებულება 212,361.00 ლარი) და მარცხენა (სახელშეკრულებო ღირებულება 123,220.00 ლარი) სანაპიროებზე არსებული გზების შეკეთების მიზნით გააფორმა.
შპს „RSP-40“-მა 8 აპრილს გამოცხადებულ 2 ტენდერში, ქალაქ თბილისში მარცხენა (სახელშეკრულებო ღირებულება 597,210,84 ლარი) და მარჯვენა (სახელშეკრულებო ღირებულება 597, 210,84 ლარი) სანაპიროებზე არსებული გზების და ქუჩების მიმდინარე (ორმოული) შეკეთების სამუშაოების განსახორციელებლად, მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა. ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია.
ჩვენ 2014 წელს ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს დავუკავშირდით. მათ ტენდერში გამარჯვება დაგვიდასტურეს. შპს „გლობალ ჯორჯია“ მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს მხარეს არსებულ გზებზე ქვაფენილების მიმდინარე შეკეთებას ახორციელებს, სამუშაოები დაწყებულია და სავარაუდოდ ოქტომბერ-ნოემბერში უნდა დასრულდეს.
შპს „RSP-40“-თან ხელშეკრულება თბილისში მდინარე მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს მხარეს არსებული ქუჩების და გზების ორმოული შეკეთების სამუშაოების განსახორციელებლად გაფორმებულია და სამუშაოების შესრულება დაწყებულია.
ფაქტ-მეტრი თბილისის მერიას მრავალჯერ დაუკავშირდა და თბილისის გზებზე შექმნილი მდგომარეობის შესახებ კომპეტენტური, უფლებამოსილი პირის კომენტარი ითხოვა. ჩვენ გვსურდა გაგვეგო, წელიწადის რომელი პერიოდია გზების დაგების თვალსაზრისით ყველაზე აქტიური, რათა 2013 და 2014 წლების მონაცემების შედარება უფრო ზუსტად მოგვეხდინა. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, მერიამ ფაქტ–მეტრის კითხვები უპასუხოდ დატოვა.
დასკვნა
ფაქტ-მეტრის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, 2013 წელს ქალაქ თბილისში კაპიტალურად 129 ქუჩა შეკეთდა, ორმოული შეკეთება კი 237 ქუჩას ჩაუტარდა, რაც ჯამში 366-ს უდრის.
მიმდინარე წლის მაისის მონაცემებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები 24 მისამართზე დასრულდა. მაისში სამუშაოები 40 ქუჩაზე მიმდინარეობდა, მათ შორის 14 ქუჩაზე გზის საფარის კაპიტალური შეკეთება ხორციელდებოდა, 26 ქუჩაზე კი - გზის ორმოული შეკეთება. სარეაბილიტაციო სამუშაოები სულ 64 ქუჩაზე სრულდებოდა.
იმის გამო, რომ მერიისგან შესაბამისი ინფორმაცია ვერ მივიღეთ, 2013 და 2014 წლების პირველი ოთხი თვის შედარება საშუალო მაჩვენებლების გამოთვლით ვცადეთ. თუ გასული და მიმდინარე წლების პირველი კვარტლის საშუალო მონაცემებს შევადარებთ, ლოგიკური დაშვებით, 2013 წლის 4 თვის მანძილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები სავარაუდოდ 2-ჯერ მეტ ქუჩაზე განხორციელდა, ვიდრე 2014 წლის ანალოგიურ პერიოდში.
2013 წელს გზის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით თბილისის მერიამ 48 ტენდერი გამოაცხადა, მიმდინარე წელს კი (მაისის მონაცემით) მხოლოდ 4 ტენდერი, 2 - იანვრის თვეში, 2 კი აპრილის თვეში. 2014 წელს, 4 თვის განმავლობაში თბილისის მერიას მხოლოდ 4 ტენდერი აქვს გამოცხადებული, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 20, ე.ი. 5-ჯერ მეტი. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ 2013 წლის დეკემბერში გამოცხადებული ტენდერებიდან უმრავლესობა 2014 წლის დასაწყისში განხორციელდებოდა.
2014 წელს გზის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით გამოცხადებულ ტენდერთა სახელშეკრულებო ღირებულება ჯამში 1 530 001 ლარს შეადგენს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ბიუჯეტის 1/12 ფარგლებში, თეორიულად ამ პრიორიტეტზე 10 198 517 ლარის დახარჯვა იყო შესაძლებელი, ბიუჯეტის არდამტკიცების შემთხვევაშიც, მერიას შეეძლო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება.
ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით და ლოგიკური დაშვებების საფუძველზე, შეიძლება ითქვას, რომ 2014 წელს თბილისის გზების და ქუჩების რეაბილიტაციის პროცესი წინა წელთან შედარებით გაუარესებულია.მიმდინარე წელს წარმოქმნილ გზების პრობლემას თბილისის მერია დროულად არმიღებულ ბიუჯეტს აბრალებს. თბილისის საკრებულოში კი აცხადებენ, რომ ბიუჯეტის 1/12 ხარჯვის ფარგლებში გზების შეკეთება შესაძლებელი იყო.
ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრობლემა, რომელიც თბილისის მოსახლეობას შეექმნა ორი პოლიტიკური მხარის სრულიად უსარგებლო დაპირისპირებიდან გამომდინარეობს. როგორც უკვე ვთქვით, გაანალიზებული სტატისტიკა იმაზე მეტყველებს, რომ 2014 წლის პირველ ოთხ თვეში ბევრად ნაკლები სამუშაო შესრულდა, ვიდრე წინა წლებში. ამის ერთ–ერთი მიზეზი ერთის მხრივ საკრებულოს მიერ ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა იყო, რაზეც დავით ნარმანია თავის განცხადებაში არ საუბრობს. როგოც ვთქვით, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ საკრებულოს მიერ თბილისის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა ხელოვნურად გაჭიანურებულ პროცესად შეაფასა.
ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე, ასევე ორი დაპირისპირებული მხარის არგუმენტების გათვალისწინებით ვასკვნით, რომ დავით ნარმანიას განცხადება: "დედაქალაქის ხელისუფლებას დიდი ხნის წინ უნდა მოეგვარებინა გზების პრობლემა, უნდა გამოეცხადებინათ ტენდერები და მოეხდინათ გზების რეაბილიტაცია, რასაც სამწუხაროდ ვერ ვხედავთ", არის ნახევრად სიმართლე.