წლის 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო და სამამულო ომის ვეტერანებს გამარჯვების დღე მიულოცა. სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანების წინაშე სახელმწიფოს ვალდებულებებზე გაამახვილა ყურადღება და ხელისუფლების მიერ განხორციელებულ სოციალურ პროგრამებზე ისაუბრა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ხელისუფლებამ სამამულო ომის ვეტრანებს 400 ლარიანი, სამამულო ომში მარჩენალდაკარგულ პირებს კი 200 ლარიანი დახმარება გადასცა. ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანთა ჯანდაცვის გაუმჯობესების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ახლადამოქმედებული საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა ვეტერანთა სამედიცინო მომსახურების ხარჯებს სრულად ანაზღაურებს.
ფაქტრ-მეტრი პრემიერის განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.
საქართველოში ომის ვეტერანების სოციალური დაცვის სამართლებრივ და ეკონომიკურ საფუძვლებს „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ კანონი განმარტავს. აღნიშნული კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრულია საქართველოში მცხოვრები ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების ოთხი ძირითადი კატეგორია: 1) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; 2) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; 3) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; 4) სამხედრო ძალების ვეტერანები.
პრემიერ-მინისტრის განცხადება ვეტერანებისთვის 400 ლარიანი დახმარების გადაცემის შესახებ, ზემოთ ჩამოთვლილთაგან, ვეტერანთა მხოლოდ პირველ კატეგორიას, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს უკავშირდება.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნატოსთან თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, 1997 წელს საქართველოში ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი შეიქმნა. 2011 წელს აღნიშნული დეპარტამენტი თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სტრუქტურულ ქვედანაყოფად გარდაიქმნა. მოგვიანებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 იანვრის, N102 დადგენილების საფუძველზე, ქვედანაყოფი დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულად - ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურად ჩამოყალიბდა. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ფსიქო–სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობა და მათი სოციალური პრობლემების მოგვარება სწორედ ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს. როგორც ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურში ფაქტ-მეტრს განუცხადეს, ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავთან დაკავშირებით სამსახურმა შეიმუშავა პროექტი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა და სამამულო ომში მარჩენალდაკარგული პირებისათვის ერთჯერადი სოციალური დახმარების გამოყოფის შესახებ. აღნიშნული პროექტის შესაბამისად და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 აპრილის, N289 დადგენილებისსაფუძველზე, 2014 წლის 9 მაისისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიების ფარგლებში დაწესდა ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთათვის 400 ლარის, ხოლო ომში დაღუპულთა თითოეული მარჩენალდაკარგულისათვის 200 ლარის ოდენობით. ამავე დადგენილების თანახმად, ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის მიერ მიწოდებული სახელობითი სიის საფუძველზე, დედაქალაქში მცხოვრები ვეტერანებისა და ომში მარჩენალდაკარგულ პირთათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემის ორგანიზება თბილისის მერიას, რეგიონების მასშტაბით კი, სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა. აღნიშნული უწყებების ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარება რეგიონებში მცხოვრებმა 1477-მა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა და 521-მა ომში მარჩენალდაკარგულმა პირმა მიიღო. აღნიშნული პირების პირად ანგარიშზე სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გადარიცხულმა მთლიანმა თანხამ 695 000 ლარი შეადგინა. რაც შეეხება თბილისში მცხოვრებ 116 მარჩენალდაკარგულსა და 727 მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, ერთჯერადი დახმარების სახით, თბილისის მერიამ მათ მთლიანობაში 31 400 ლარი გამოყო. სამამულო ომის ვეტერანებსა და მარჩენალდაკარგული ოჯახების წარმომადგენლებს კუთვნილი ფულადი დახმარების მიღება უკვე 2014 წლის 6 მაისისთვის ლიბერთი ბანკის ფილიალებში შეეძლოთ.
ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავთან დაკავშირებული ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების ღონისძიებისაგან განსხვავებით, პრემიერ-მინისტრის განცხადების მეორე ნაწილში ნახსენები ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის განზოგადება ზემოაღნიშნულ ვეტერანთა ოთხივე კატეგორიაზეა შესაძლებელი.
საყოველთა ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებამდე, საქართველოში ვეტერანთათვის განკუთვნილი სამოხელეო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა არ არსებობდა. 2013 წლის 28 თებერვლისთვის ამოქმედებული საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა კი ეტაპობრივად საქართველოს ყველა იმ მოქალაქეზე გავრცელდა, რომლებიც 2013 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით ჯანმრთელობის დაზღვევის სხვა ტიპის პაკეტით არ სარგებლობდნენ. მათ შორის იყვნენ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებიც. ისინი საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში სრულფასოვნად 2013 წლის 15 ივლისიდან ჩაერთვნენ. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 ივლისის, N178 დადგენილებისთანახმად განისაზღვრა ვალდებულება, რომ ვეტერანებისთვის საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობითვის აუცილებელი ფინანსური უზრუნველყოფა შეიქმნას. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტს (შემდგომში ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურს) დაევალა სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ყოველთვიურად მიაწოდოს ინფორმაცია მის მიერ საქართველოში აღრიცხული ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა რაოდენობის შესახებ.
2013 წლის ივლისამდე, ერთადერთი სახელმწიფო სადაზღვევო პაკეტი, რომელიც ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების მხოლოდ საპენსიო ასაკის წარმომადგენლებზე არა სამოხელეო, არამედ ასაკობრივი ნიშნით ვრცელდებოდა, იყო საქართველოს მთავრობის 2012 წლის, N165 დადგენილებით განსაზღვრული - სკოლამდელი ასაკის ბავშვების, საპენსიო ასაკის მოსახლეობის (60 წლის ზემოთ ქალებისა და 65 წლის ზემოთ მამაკაცების), შეზუდული შესაძლელობების მქონე ბავშვებისა და მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების სადაზღვევო ვაუჩერით გათვალისწინებული სამედიცინო დაზღვევის პაკეტი. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N 396 დადგენილებისშესაბამისად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ვეტერანთა სამოხელეო ნიშნით დაზღვევის ამოქმედების შემდეგ საპენსიო ასაკის ვეტერანებიც საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სადაზღვევო პაკეტით სარგებლობენ.
საყოველთაო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პაკეტი 2013 წლის 1 ივლისიდან მისი ყველა მოსარგებლისთვის მნიშვნელოვნად გაფართოვდა. სადაზღვევო პროგრამა სამედიცინო მომსახურების სხვადასხვა ტიპის შესაბამისად და მოსარგებლეთა სხვადასხვა კატეგორიისთვის 70, 80, და 100%–იან სადაზღვევო პაკეტს აერთიანებს. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემებით, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისთვის საყოველთაო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 100%-ით ანაზღაურებს სადაზღვევო პროგრამით გათვალისწინებულ ყველა ტიპის სამედიცინო მომსახურების ხარჯებს. მათ შორისაა:
- გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება;
- ოჯახის ექიმის მიმართვის საფუძველზე ჩატარებული გეგმური ამბულატორიული მომსახურება;
- ამბულატორიულ დონეზე სხვადახვა სახის ინსტრუმენტული და კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები;
- ინკურაბელური და შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა მეთვალყურეობა;
- ჯანმრთელობის მდგომარეობისა და რისკ-ფაქტორების შეფასება, აგრეთვე დაავადებათა პრევენციული ღონისძიებების გატარება;
- სამედიცინო საჭიროებებიდან გამომდინარე მოსარგებლის ბინაზე მომსახურება (კომპეტენციის ფარგლებში);
- გადაუდებელი სტაციონალური მომსახურება.
გარდა ამისა, დაზღვევის პროგრამა 15 000 ლარიანი წლიური ლიმიტის ფარგლებში მოიცავს გეგმური ქირურგიული ოპერაციების ფართო სპექტრის, მათ შორის კარდიოქირურგიის სრულ დაფინანსებას (დღის სტაციონარის ჩათვლით).
უნდა აღინიშნოს, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა ვეტერანებისთვის არ ითვალისწინებს შემდეგი სამედიცინო მომსახურების - ვირუსული ჰეპატიტის მკურნალობის, თერაპიული პროფილის გეგმური ჰოსპიტალური მომსახურების, საზღვარგარეთ გაწეული სამედიცინო მომსახურების, ორგანოთა ტრანსპლანტაციის, ეგზიპროთეზირებისა და სანატორიულ-კურორტული მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებას. მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ საყოველთაო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა მოსარგებლეთა, მათ შორის ვეტერანთა მკურნალობის შეზღუდულ მედიკამენტეზორ უზრუნველყოფას ითვალისწინებს. საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სამკურნალო საშუალებებზე გაწეული ხარჯები ანაზღაურდება მხოლოდ 50 ლარიანი წლიური ლიმიტისა და მოსარგებლის მიერ 50 პროცენტიანი თანაგადახდის პირობებში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემებით, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 აპრილის, N291 დადგენილების შესაბამისად, ქვეყანაში ომის ვეტერანთა რეაბილიტაციის ხელშემწყობი ქვეპროგრამაც მოქმედებს. აღნიშნული ქვეპროგრამაც ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებზე არასამოხელო ნიშნით ვრცელდება. მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ან ხანდაზმულ ომის ვეტერანს (ქალი- 60 წლიდან, მამაკაცი - 65 წლიდან) შეუძლია წლიური 250 ლარიანი ლიმიტის ფარგლებში მიიღოს ქვეპროგრამით გათვალისწინებული შემდეგი ტიპის მომსახურება: ექიმთან კონსულტაცია; ჩაუტარდეს ფიზიოთერაპიული და ლაბორატორიული-ინსტრუმენტული კვლევები, ბანლეოლოგიური, სამკურნალო ფიზკულტურისა და მანუალური თერაპიის პროცედურები.დასკვნა
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების გადამოწმებისას გაირკვა, რომ 2014 წლის მაისში, ფაშიზმზე გამრჯვების 69-ე წლისთავთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, საქარველოს მთავრობამ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისთვის 400 ლარიანი, მეორე მსოფლიო ომში მარჩენალდაკარგული პირებისთვის კი 200 ლარიანი ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარება დააწესა. თბილისის მერიისა და საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს კოორდინირებით, ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარება საქართველოს მასშტაბით 2204-მა სამამულო ომის ვეტერანმა და 637-მა სამამულო ომში მარჩენალდაკარგულმა პირმა მიიღო.
ფაქტ-მეტრმა ასევე გაარკვია, რომ საქართველოში რეგისტრიტებულ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებზე წლების განმავლობაში არ ვრცელდებოდა სამოხელეო ტიპის სახელმწიფო დაზღვევა. 2013 წელს ამოქმედებულმა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამამ კი 2013 წლის 15 ივლისიდან საქართველოში რეგისტრირებული ყველა კატეგორიის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები სამოხელეო ნიშნით მოიცვა. აღნიშნული პაკეტით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ხარჯები სახელმწიფოს მხრიდან სრულად დაიფარება.
მიუხედავად იმისა, რომ სადაზღვევო პაკეტში საერთოდ არ არის გათვალისწინებული მოსარგებლეთათვის გარკვეული ტიპის სამედიცინო მომსახურების, მაგალითად, მედიკამენტების სრულად შესყიდვის, ვირუსული ჰეპატიტის მკურნალობის და ორგანოთა ტრანსპლანტაციის სამედიცინო პროცედურების დაფინანსება, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა სადაზრვევო პაკეტით მოსარგებლეთა სხვა კატეგორიებისაგან განსხვავებით, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთათვის სადაზღვევო პაკეტით გათვალისწინებული ყველა ტიპის სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას ბენეფიციარის მხრიდან თანადაფინანსების გარეშე, 100%-ით უზრუნველყოფს.
ჩვენ ვასკვნით, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება: „69-ე წლისთავთან დაკავშირებით, ჩვენმა მთავრობამ გამოვყავით 400 ლარიანი დახმარება ვეტერანებისთვის, ასევე 200 ლარიანი დახმარება მარჩენალდაკარგული ოჯახებისთვის... ამოქმედდა სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც მოიცავს 100%-იან პაკეტს ვეტერანებისთვის,“ არის სიმართლე.