მიმდინარე წლის 29 მაისს, ტელეკომპანია ტვ3-ის ეთერში მერობის კანდიდატების: დიმიტრი ლორთქიფანიძის, დავით ნარმანიას, ნიკა მელიას და კახა კუკავას დებატები გაიმართა. დებატების მსვლელობისას კოალიცია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ სოფლის მეურნეობის პროგრამით ახალი საწარმოები გაიხსნა. კახა კუკავამ უარყო ნარმანიას განცხადება და დასძინა, რომ ამ პროგრამით არცერთი ახალი საწარმო არ გახსნილა.
ფაქტ-მეტრმა კახა კუკავას განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
სოფლის დახმარების პროგრამის განსახორციელებლად, 2013 წლის 22 იანვარს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – „სოფლის და სოფლის მეურნობის განვითარების ფონდი“დაფუძნდა. ფონდის შემომწირველია კერძო სამართლის ორი იურიდიული პირი: „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი“ და საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“.
სოფლის მეურნეობის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების“ ფონდის გამგეობის მიერ, 2013 წლის 26 თებერვალს გამართულ სხდომაზე „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტიდამტკიცდა, რომელიც ახალი სასოფლო-სამეურნეო საწარმოების შექმნისა და არსებული საწარმოების ტექნოლოგიური გადაიარაღების მიზნებისთვის საფინანსო ინსტიტუციებისგან შეღავათიანი კრედიტის მიღებას ითვალისწინებდა.სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებულ შეღავათიან აგროკრედიტის პროექტს, „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო“ ახორციელებს, რომელმაც ფუნქციონირება 2013 წლის მარტში დაიწყო. პროექტში ჩართულია 13 ბანკი, 2 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და 2 სალიზინგო კომპანია.
აღნიშნული პროექტი თავდაპირველად სამი კომპონენტისგან შედგებოდა: 1. უპროცენტო სასაქონლო კრედიტი (განვადება) მცირე ფერმერებისთვის; 2. შეღავათიანი აგროკრედიტი საშუალო და მსხვილი ფერმერებისთვის; 3. შეღავათიანი აგროკრედიტი სასოფლო-სამეურნეო საწარმოებისთვის.
ერთი წლის მანძილზე, ფერმერთა და მეწარმეთა მოთხოვნისა და საჭიროების შესაბამისად, პროექტი დაიხვეწა და დაემატა სხვა კომპონენტები: 4. შეღავათიანი აგროლიზინგი; 5. შეღავათიანი აგროკრედიტი ყურძნის გადამამუშავებელი კომპანიებისათვის; 6. შეღავათიანი აგროკრედიტი ციტრუსის ექსპორტიორი და გადამამუშავებელი კომპანიებისათვის; 7. შეღავათიანი აგროკრედიტი თანმხვედრი გრანტით დაფინანსებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოებისათვის.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდზე „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ერთი წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშია გამოქვეყნებული.ანგარიშისმიხედვით, 2014 წლის 4 აპრილის მონაცემებით პროექტის ფარგლებში, საქართველოს ყველა რეგიონში, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში, უკვე გაცემულია 318 000 000 ლარის ოდენობის, 14 100 შეღავათიანი აგროკრედიტი. ერთი წლის მანძილზე 70 ახალი და 400-ზე მეტი უკვე არსებული საწარმოს გაფართოება-გადაიარაღება დაფინანსდა.
მესამე კომპონენტის ფარგლებში სულ გაცემულია 482 აგროკრედიტი. მათ შორის, კახეთის რეგიონში - 215; ქვემო ქართლში - 96; თბილისში - 24; სამეგრელოში - 27; შიდა ქართლში - 40; იმერეთში - 39; სამცხე-ჯავახეთში - 20; გურიაში - 5; მცხეთა-მთიანეთში - 7; აჭარაში - 6 და რაჭა-ლეჩხუმში - 3.
ანგარიშის მიხედვით, მესამე კომპონენტის ფარგლებში დაფინანსებულია 70 ახალი საწარმო. ერთ ახალ საწარმოზე საშუალოდ გაცემულია 300 000 ლარის შეღავათიანი აგროკრედიტი.
რეგიონების მიხედვით ახალი საწარმოები გაიხსნა: კახეთი - 26; ქვემო ქართლი - 17; შიდა ქართლი - 10; სამეგრელო - 2; სამცხე-ჯავახეთი - 2; გურია - 3; აჭარა - 3; მცხეთა-მთიანეთი - 2 და იმერეთი - 5.
მესამე კომპონენტის ფარგლებში შექმნილი საწარმოები დარგების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: პროდუქციის შესანახი მაცივრები -13; მეღორეობა - 2; სასათბურე მეურნეობა - 5; მევენახეობა - 3; თხილის გადამუშავება - 2; მესაქონლეობა - 5; მეთევზეობა - 2; შესაფუთი მასალების წარმოება - 1; შერეული მეცხოველეობა - 1 და თამბაქოს წარმოება -1.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ფაქრ-მეტრს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტთან დაკავშირებით 2 სტატია უკვე გამოქვეყნებული აქვს. პირველი სტატია 2014 წლის 30 ინვარს გამოვაქვეყნეთ. მაშინდელი მონაცემით, 2013 წლის ბოლოსთვის, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში 49 ახალი და 155 უკვე მოქმედი (გადაიარღების მიზნით) საწარმო იყო დაფინანსებული. იმ დროისთვის ფაქტ-მეტრი შეეცადა, დაკავშირებოდა დაფინანსებულ 49 ახალი საწარმოს მფლობელებს და გაერკვია, თუ როგორ მინდინარეობდა მათი საწარმოების მშენებლობა.ჩვენ რამდენიმე მეწარმესთან უშუალოდ დაკავშირება მოვახერხეთ. ჩვენს მიერ გამოკვლეული რვა საწარმოდან, ექვსი მათგანი 2013 წელს, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ დაფუძნდა. აღნიშნული საწარმოების საქმიანობის და დასაქმებულთა რაოდენობის გასაცნობად იხ. შემდეგი ბმული. ჩვენ აგრეთვე, საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული 49-ვე საწარმოს რეგისტრაციის თარიღი გადავამოწმეთ. 17 საწარმო 2012-2013 წლებში რეგისტრირებული აღმოჩნდა, დანარჩენი 32 კი წინა წლებში.
ფაქტ-მეტრმა შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში გახსნილ საწარმოებზე მეორე სტატია 2014 წლის 27 მაისს გამოაქვეყნა, სადაც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ფეისბუქის ოფიციალურგვერდზე, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში დაფინანსებული რამოდენიმე საწარმოს საქმიანობის ამსახველი ინფორმაცია გააანალიზა. აღმოჩნდა, რომ 8 საწარმო საჯარო რეესტრში 2012-2013 წლებშია დარეგისტრირებული, 14 კი - წინა წლებში.
კახა კუკავა დებატების დროს აქცენტს სამეგრელოს რეგიონზე აკეთებდა სადაც, მისი თქმით, არც ერთი ახალი საწარმო არ არის გახსნილი. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ჩვენ შემდეგი მონაცემები მოვიძიეთ:სამეგრელოს რეგიონში, კერძოდ აბაშაში შეღავათიანი აგრიკრედიტის პროექტის ფარგლებში შპს „აბაშელი ფერმერი“ გაიხსნა, რომელმაც კრედიტი მეცხოველეობის განვითარებისთვის მიიღო. დასაქმებულია 10 ადამიანი. საწარმო საჯარო რეესტრში 2012 წლის 12 ოქტომბერს არის რეგისტრირებული. შპს „უნიფარმი“ საჯარო რეესტრში 2013 წლის 17 ოქტომბერს არის რეგისტრირებული. საწარმო სენაკში მდებარეობსდაპროფილი მესაქონლეობაა, დასაქმებულია 37 ადამიანი.
დასკვნა
„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ერთი წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშისმიხედვით, 2014 წლის 4 აპრილის მონაცემებით, პროექტის ფარგლებში, საქართველოს ყველა რეგიონში, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში უკვე გაცემულია 318 000 000 ლარის ოდენობის, 14 100 შეღავათიანი აგროკრედიტი. ერთი წლის მანძილზე 70 ახალი და 400-ზე მეტი უკვე არსებული საწარმოს გაფართოება-გადაიარაღება დაფინანსდა.
გასული წლის ოქტომბერში, ფაქტ-მეტრმა იმ დროისთვის საჯარო რეესტრში, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში დაფინანსებული თითქმის ყველა საწარმოს რეგისტრაციის თარიღი გადაამოწმა. 2013 წლის ოქტომბრის მონაცემით, ამ პროექტის ფარგლებში 49 საწარმო იყო დაფინანსებული. ამ საწარმოებიდან 17, 2012-2013 წლებში რეგისტრირებული აღმოჩნდა, დანარჩენი 32 კი წინა წლებში. 17-მა საწარმომ საქმიანობა შეღავათიანი აგროკრედიტის მიღების შედეგად წამოიწყო, ე.ი 17 ახალი საწარმო გაიხსნა.
ჩვენ აგრეთვე გავაანალიზეთ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ოფიციალური მონაცემები ახლადგახსნილი საწარმოების შესახებ. ამ მონაცემის მიხედვითაც რამდენიმე საწარმო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აღმოჩნდა გახსნილი.
გარდა ამისა ის ფაქტი, რომ ყველა საწარმო შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ამოქმედების შემდეგ (ე.ი. არა 2013 წელს) არ არის შექმნილი, არ ნიშნავს, რომ ამ საწარმოების მიერ განხორციელებული საქმიანობა არ შეიძლება ჩაითვალოს start-up-ად, ვინაიდან start-up აუცილებლად ახლადრეგისტრირებულ საწარმოს არ ნიშნავს. საწარმო შეიძლება არსებობდა, მაგრამ მან აღებული კრედიტის საშუალებით წამოიწყო ახალი საქმე. ანუ, საწარმო შეიძლება იყოს წლების წინ დარეგისტრირებული, მაგრამ მისი საქმიანობა იყოს ახალი. ჩვენს მიერ გაანალიზებულმა ყველა საწარმომ დაფინანსება შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში მიიღო და საქმიანობა წამოიწყო, ან განაახლა.
ჩვენ ვასკვნით, რომ კახა კუკავას განცხადება:„სოფლის მეურნეობის პროგრამით არცერთი ახალი საწარმო არ გახსნილა“, არის ტყუილი.