წლის 4 ივნისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტებს შეხვდა. პრესკონფერენციაზე „ტაბულას“ ჟურნალისტმა კრიმინალის სტატისტიკასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ 2013 წლის მარტის შემდეგ დეტალური სტატისტიკა აღარ ქვეყნდება და პრემიერს სთხოვა აღნიშნული მხედველობაში მიეღო. საპასუხოდ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: “სამინისტრო არის აბსოლუტურად გამჭვირვალე და ღია. დაინტერესდით, გამოითხოვეთ სტატისტიკა... ჩემი მინისტრობის დროს სტატისტიკას ყოველთვე ვაქვეყნებდი. ეს იყო ჩვენი კეთილი ნება, ამის ვალდებულება ჩვენ არ გვაქვს“.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა გაერკვია, შეესაბამება თუ არა პრემიერ-მინისტრის ეს განცხადება სიმართლეს.
ფაქტ-მეტრი კრიმინალის სტატისტიკას 2013 წლის 7 აგვისტოდან, მას შემდეგ იკვლევს, რაც უმრავლესობის წარმომადგენელმა, ეკა ბესელიამ პარლამენტში დანაშაულის რაოდენობის კლების შესახებ განაცხადა. კვლევის დაწყებისთანავე ფაქტ-მეტრმა შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტზე განთავსებული ინფორმაცია გაანალიზა. აღსანიშნავია, რომ 2004-2012 წლებში დანაშაულის სტატისტიკა სრული სახით, დანაშაულის კატეგორიების, თვეების და რეგიონების მიხედვით ქვეყნდებოდა და არქივში მისი მოძიება შესაძლებელი იყო, თუმცა 2013 წლიდან აღნიშნული არქივი ვებ-საიტზე ხელმისაწვდომი აღარაა. 2013 წლის აგვისტოში ფაქტ-მეტრმა შსს-დან ინფორმაცია 2011, 2012 და 2013 წლების დანაშაულის სტატისტიკის შესახებ, თვეების და დანაშაულის სახეობების მიხედვით, გამოითხოვა. უწყებიდან პასუხი 10 დღის ნაცვლად ერთ თვეში მივიღეთ, თანაც არასრულად. ინფორმაციათვეების მიხედვით არ იყო წარმოდგენილი. ასევე, ინფორმაცია არ იყო ჩაშლილი დანაშაულების სახეობების მიხედვით ისე, როგორც ამას ფაქტ-მეტრი თავის განცხადებაში ითხოვდა. 80-მდე დასახელების დანაშაულის ნაცვლად, შსს-ს მიერ მოწოდებულ წერილში დანაშაულთა შესახებ ინფორმაცია მხოლოდ 14 სახეობის დანაშაულის მიხედვით, 2011, 2012 და 2013 წლის პირველი რვა თვის ჯამური სახით იყო წარმოდგენილი. შესაბამისად, პირველ ჯერზე ფაქტ-მეტრმა შინაგან საქმეთა სამინისტროდან დანაშაულის სტატისტიკასთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია ვერ მიიღო.
მოგვიანებით, ფაქტ-მეტრმა კვლავ განაახლა კრიმინალის თემაზე მუშაობა. 2013 წლის 8 ოქტომბერს ფოთში, წინასაარჩევნოდ გამართულ შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა: “საქართველოში უპრეცედენტო ამნისტიის ფონზე, კრიმინალი ნაკლებია, ანუ ნაკლებია დანაშაულების რაოდენობა სტატისტიკურად წინა წელთან შედარებით და მეტი არის გახსნა“. ფაქტ-მეტრმა 2013 წლის 31 ოქტომბერს, ინფორმაციის გადასამოწმებლად ოფიციალური წერილით კვლავ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. ფაქტ-მეტრი დანაშაულის სტატისტიკას ცალკეული თვეების მიხედვით ითხოვდა. ასევე, ფაქტ-მეტრმა რეგისტრირებული დანაშაულის სააღრიცხვო მეთოდოლოგიაში განხორცილებული ცლილებების შესახებ ინფორმაციაც გამოითხოვა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ წერილი კვლავაც დაგვიანებით, 3 დეკემბერს მოგვაწოდა. შსს-ს ამ ინფორმაციაშიცსტატისტიკა თვეების მიხედვით ჩაშლილი არ იყო. ასევე, დეტალურად არ იყო ახსნილი ის ცვლილებები, რაც შსს-ს განცხადებით სააღრიცხვო მეთოდოლოგიაში 2013 წლიდან შევიდა.
2014 წლის 29 იანვარს ფაქტ-მეტრმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაშაულის სტატისტიკის მიწოდების თხოვნით კიდევ ერთხელ მიმართა.ჩვენ სტატისტიკა დანაშაულთა კატეგორიებისა და თვეების მიხედვით გამოვითხოვეთ. აღნიშნულ წერილზე პასუხი ფაქტ-მეტრს დღემდე არ მიუღია. აქვე აღსანიშნავია შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემის ბიუროს დამოკიდებულებაც. ფაქტ-მეტრმა არაერთხელ სცადა ბიუროსთან დაკავშირება ვებ-გვერდზე მითითებულ ნომრებზე. ზარების აბსოლუტურ უმრავლესობაზე ბიუროში არავინ გვპასუხობს, ხოლო პასუხის შემთხვევაში, შეუძლებელია ამომწურავი ინფორმაციის მიღება.
2012წლის ოქტომბრის არჩევნებიდან, პოლიტიკური ძალები და საზოგადოება კრიმინალის გაზრდა-შემცირების საკითხთან დაკავშირებით აქტიურად დაობენ. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ კრიმინალმა იკლო, თუმცა, მეორე ნაწილი კრიმინალის მატებაშია დარწმუნებული. ფაქტ-მეტრის მხრიდან დანაშაულის დეტალური სტატისტიკით დაინტერესება სწორედ აქედან გამომდინარე მიზეზებით იყო გამოწვეული.
აღსანიშნავია, რომ ფაქტ-მეტრისთვის შსს-ს მიერ პირველივე ჯერზე მოწოდებული სტატისტიკამ მის სანდოობაში დაგვაეჭვა. მოწოდებული წერილის თანახმად, 2013 წლის 8 თვის განმავლობაში 19 253 დანაშაული დაფიქსირდა. მიუხედავად ამისა, კატეგორიების მიხედვით წარმოდგენილი დანაშაულების დაჯამებისას 14 858 დანაშაული მივიღეთ. ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციაში ე.წ. „სხვა დანაშაულის“ კატეგორიაც კი არ არის მითითებული. შესაბამისად, ფაქტ-მეტრისთვის გაუგებარია რა კატეგორიის დანაშაულს მიეკუთვნებოდა 8 თვის განმავლობაში დაფიქსირებულ შემთხვევათა 22,8%. სწორედ ამიტომ, ფაქტ-მეტრისთვის მნიშვნელოვანი იყო გაერკვია რა ტიპის დანაშაულების შემცირების შედეგად შემცირდა შსს-ს მიხედვით ქვეყანაში რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობა.
შსს-ს მიხედვით, 2013 წლის მარტამდე დანაშაულის რაოდენობის დაახლოებით 10%-იანი ზრდა ფიქსირდებოდა. შემდეგი 4 თვის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკა აღარ გამოუქვეყნებია. 2013 წლის აგვისტოში გასაჯაროებული ინფორმაციისთანახმად კი, 7 თვის განმავლობაში, 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დანაშაულის დაახლოებით 18%-იანი შემცირება დაფიქსირდა. შესაბამისად ფაქტ-მეტრის კვლევისთვის მნიშვნელოვანი იყო იმის გარკვევა, თუ თვიდან თვემდე რა დინამიკით მცირდებოდა დანაშაულის რაოდენობა. სწორედ ამიტომ გახლდათ მნიშვნელოვანი დანაშაულის სტატისტიკის თვეების მიხედვით ჩაშლილად მოპოვება, რაც ფაქტ-მეტრის არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2013 წლის პირველ კვარტალში გამოქვეყნებულ მონაცემებში, სააღრიცხვო მეთოდოლოგიის ცვლილების შესახებ ინფორმაციაამითითებული. სამინისტროს თანახმად, მეთოდოლოგიაში ორი მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა:
- წარმოებით შეწყვეტილი სისხლის სამართლის საქმეები, მიუხედავად შეწყვეტის საფუძვლისა, სტატისტიკურ მონაცემებში 2013 წლამდე არ აისახებოდა;
- იმავე პერიოდისათვის, საქმის გახსნილად გამოცხადების ერთადერთ საფუძველს ბრალის წარდგენის შესახებ დადგენილება წარმოადგენდა. თუმცაღა, ვინაიდან 2013 წლამდე მოქმედ სააღრიცხვო სისტემას არ გააჩნდა ბრალის კომპონენტის გარეშე საქმის გახსნილად ჩათვლის მექანიზმი, რათა არ მომხდარიყო გაუხსნელი საქმეების რიცხვის გაუმართლებელი გაზრდა, ასეთი დანაშაულობები ერთიანი კონსოლიდირებული რაპორტის ფორმაში საერთოდ არ აისახებოდა;
ახალ მეთოდოლოგიურ საფუძვლებზე გადასვლამ წინა წლებისა და 2013 წლის ერთმანეთთან შედარების პრინციპი მიზანშეუწონელი გახადა, რადგან განსხვავებული მეთოდოლოგიით დაანგარიშებული მონაცემების პირდაპირი ურთიერთშედარება გარკვეულ ფარგლებში ყოველთვის ამახინჯებს სურათს დანაშაულის მატება-კლების დინამიკისა და ტენდენციების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ თავად შინაგან საქმეთა სამინისტრო მიუთითებდა წინა წლებისა და 2013 წლის შედარების მიზანშეუწონლობაზე, დანაშაულის სტატისტიკა მაინც წინა წლებთან შედარებით ქვეყნდებოდა. კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები: ეკა ბესელია, გიორგი მარგველაშვილი და თავად პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც დანაშაულის შემცირების შესახებ აკეთებდნენ განცხადებებს.
გარდა “საქართველოს რეფორმების ასოციაციისა”, დანაშაულის სტატისტიკას სააგენტო “ნეტგაზეთიც” იკვლევდა. განცხადებაზე სრულყოფილი პასუხის მიღება ვერც მან მოახერხა. ანალოგიური გამოცდილება გაიზიარა “ჯამპსტარტ ჯორჯიამ”. ამასთან დაკავშირებით აღშნიშნულმა ორგანიზაციამ პეტიციაც გაავრცელა. 2013 წლის დეკემბერში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სრულყოფილი ინფორმაციის გამოქვეყნებისკენმოუწოდებდა “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტიც (IDFI)”.
საინტერესოა, თუ როგორ საჯაროვდებოდა დანაშაულის სტატისტიკა ირაკლი ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს სამინისტროს ვებგვერდზე. როგორც მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, შსს დანაშაულის სტატისტიკის შესახებ ინფორმაციას ყოველთვე აქვეყნებდა. მიუხედავად ამისა, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების ეს ნაწილი სიმართლეს არ შეესაბამება. სამინისტროს საიტზე 2013 წლის აპრილში პირველი კვარტლის მონაცემები გამოქვეყნდა. მორიგი ინფორმაცია 7 თვის დანაშაულის სტატისტიკის შესახებ ოთხი თვის შემდეგ, 2013 წლის აგვისტოში გამოქვეყნდა. 2013 წლის სექტემბრიდან კი ინფორმაცია დანაშაულის შესახებ ყოველთვე, თუმცა დაჯამებული სახით, წლის დასაწყისიდან იმ მოცემულ თვემდე ქვეყნდებოდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სამინისტროს მიერ გასაჯაროვებულ მონაცემებში ინფორმაცია დანაშაულთა ცალკეული კატეგორიების მიხედვით გამოყოფილი არ იყო. 2014 წლიდან კი შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-საიტზე არანაირი სახის სტატისტიკა აღარ ქვეყნდება. ბოლოს, სამინისტროს მიერ სტატისტიკა 2013 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა.როგორც ვხედავთ, პრემიერი შეცდა როცა განაცახადა, რომ საკუთარი მინისტრობის პერიოდში შსს ინფორმაციას ყოველთვიურად აქვეყნებდა. ასევე, სიმართლეს არ შეესაბამება პრემიერ-მინისტრის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ კრიმინალთან დაკავშირებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია და ამ მხრივ სამინისტრო გამჭვირვალეა.
ჩვენ ასევე გავარკვიეთ, თუ რამდენად შეესაბამება პრემიერ-მინისტრის განცხადება სამინისტროს კეთილ ნებასთან (ინფორმაციის გამოქვეყნებაზე) დაკავშირებით სიმართლეს. 2013 წლის 26 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება #219 “საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმითა მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ”. ამ დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საკუთარი საქმიანობისა და კომპეტენციის ფარგლებში საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი საჯარო ინფორმაცია პროაქტიულად გამოაქვეყნოს. აღნიშნული კი ადმინისტრაციული ორგანოს არა ვალდებულებას, არამედ უფლებამოსილებას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ კანონი პირდაპირ არ ავალდებულებს სამინისტროს გამოაქვეყნოს ინფორმაცია, წლების განმავლობაში დანაშაულის სტატისტიკის გამოქვეყნება დამკვიდრებული პრაქტიკა იყო. ამასთანავე, ამ თემასთან დაკავშირებით განსაკუთრებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს. ნიშანდობლივია, რომ სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა ნეტგაზეთთან ინტერვიუში აღნიშნა: “მე ვფიქრობ, ეს არ არის არანაირად კეთილ ნებაზე დამოკიდებული, სახელმწიფო არის ვალდებული გამოაქვეყნოს რეალური მაჩვენებლები, თუ რა ხდება ქვეყანაში. ამის შესახებ ინფორმაცია უნდა მიეწოდოს საზოგადოებას“. აქვე აღსანიაშნავია, რომ მოგვიანებთ, იმავე პრესკონფერენციაზე თავად ირაკლი ღარიბაშვილმა ერთგვარად დააკორექტირა თავისი წინა განცხადება:„ეს ჩვენი ვალდებულებაა და ამას ემატება კეთილი ნებაც“.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია პირს მიაწოდოს ინფორმაცია, თუ იგი არ მიეკუთვნება პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას. დანაშაულის სტატისტიკა არ მიეკუთვნება ამ გამონაკლისებს. შესაბამისად, ნებისმერი პირის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია გასცეს აღნიშნული ინფორმაცია სრულად. ამრიგად მართალია, შინაგან საქმეთა სამინისტროს პირდაპირი ვალდებულება არ გააჩნია, რომ მან საიტზე პროაქტიულად გამოაქვეყნოს დანაშაულის სტატისტიკა, თუმცა იგი ვალდებულია, პირის განცხადების შემთხვევაში გასცეს საჯარო ინფორმაცია.
დასკვნაფაქტ-მეტრმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაშაულის სტატისტიკის შესახებ საჯარო ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნით სამჯერ მიმართა. ჩვენს მიერ ორჯერ მიღებული ინფორმაცია იყო არასრული, ხოლო ერთ განცხადებაზე პასუხი დღემდე არ მიგვიღია. ფაქტ-მეტრის გარდა დეტალური სტატისტიკის მიღება ვერ მოახერხა სააგენტო “ნეტგაზეთმა”, “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა” და “ჯამპსტარტ ჯორჯიამ”.
აქვე აღსანიშნავია, რომ კრიმინალის სტატისტიკა ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის დროს ყოველთვიურად არ ქვეყნდებოდა, ხოლო, 2014 წლის იანვრიდან სამინისტროს ვებგვერდზე ის საერთოდ არ გამოქვეყნებულა. შესაბამისად პრემიერ–მინისტრის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ სამინისტროში მსგავსი ინფორმაცია ადვილად არის ხელმისაწვდომი, სიმართლეს არ შეესაბამება.
რაც შეეხება ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულებას, მთავრობის #219 დადგენილების თანახმად, ინფორმაციის საიტზე განთავსების ვალდებულება ნამდვილად არ არსებობს. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და დამკვიდრებული პრაქტიკა. კეთილ ნებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება მოგვიანებით, თავად პრემიერმაც დააკორექტირა. ამასთანავე, საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ თანახმად, სამინისტრო ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია, თუ პირი მას განცხადებით მიმართავს.
ჩვენ ვასკვნით, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, “სამინისტრო არის აბსოლუტურად გამჭვირვალე და ღია. დაინტერესდით, გამოითხოვეთ სტატისტიკა...”, არის ტყუილი.