2014 წლის 4 ივნისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტებს შეხვდა. პრესკონფერენციაზე „ტაბულას“ ჟურნალისტმა კრიმინალის სტატისტიკასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ 2013 წლის მარტის შემდეგ დეტალური სტატისტიკა აღარ ქვეყნდება და პრემიერს სთხოვა აღნიშნული მხედველობაში მიეღო. საპასუხოდ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: “სამინისტრო არის აბსოლუტურად გამჭვირვალე და ღია. დაინტერესდით, გამოითხოვეთ სტატისტიკა... ჩემი მინისტრობის დროს სტატისტიკას ყოველთვე ვაქვეყნებდი. ეს იყო ჩვენი კეთილი ნება, ამის ვალდებულება ჩვენ არ გვაქვს“.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა გაერკვია, შეესაბამება თუ არა პრემიერ-მინისტრის ეს განცხადება სიმართლეს.
ფაქტ-მეტრი კრიმინალის სტატისტიკას 2013 წლის 7 აგვისტოდან, მას შემდეგ იკვლევს, რაც უმრავლესობის წარმომადგენელმა, ეკა ბესელიამ პარლამენტში დანაშაულის რაოდენობის კლების შესახებ განაცხადა. კვლევის დაწყებისთანავე ფაქტ-მეტრმა შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტზე განთავსებული ინფორმაცია გაანალიზა. აღსანიშნავია, რომ 2004-2012 წლებში დანაშაულის სტატისტიკა სრული სახით, დანაშაულის კატეგორიების, თვეების და რეგიონების მიხედვით ქვეყნდებოდა და არქივში მისი მოძიება შესაძლებელი იყო, თუმცა 2013 წლიდან აღნიშნული არქივი ვებ-საიტზე ხელმისაწვდომი აღარაა.
2013 წლის აგვისტოში ფაქტ-მეტრმა შსს-დან ინფორმაცია 2011, 2012 და 2013 წლების დანაშაულის სტატისტიკის შესახებ, თვეების და დანაშაულის სახეობების მიხედვით, გამოითხოვა. უწყებიდან პასუხი 10 დღის ნაცვლად ერთ თვეში მივიღეთ, თანაც არასრულად. ინფორმაცია თვეების მიხედვით არ იყო წარმოდგენილი. ასევე, ინფორმაცია არ იყო ჩაშლილი დანაშაულების სახეობების მიხედვით ისე, როგორც ამას ფაქტ-მეტრი თავის განცხადებაში ითხოვდა. 80-მდე დასახელების დანაშაულის ნაცვლად, შსს-ს მიერ მოწოდებულ წერილში დანაშაულთა შესახებ ინფორმაცია მხოლოდ 14 სახეობის დანაშაულის მიხედვით, 2011, 2012 და 2013 წლის პირველი რვა თვის ჯამური სახით იყო წარმოდგენილი. შესაბამისად, პირველ ჯერზე ფაქტ-მეტრმა შინაგან საქმეთა სამინისტროდან დანაშაულის სტატისტიკასთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია ვერ მიიღო.
მოგვიანებით, ფაქტ-მეტრმა კვლავ განაახლა კრიმინალის თემაზე მუშაობა. 2013 წლის 8 ოქტომბერს ფოთში, წინასაარჩევნოდ გამართულ შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა: “საქართველოში უპრეცედენტო ამნისტიის ფონზე, კრიმინალი ნაკლებია, ანუ ნაკლებია დანაშაულების რაოდენობა სტატისტიკურად წინა წელთან შედარებით და მეტი არის გახსნა“. ფაქტ-მეტრმა 2013 წლის 31 ოქტომბერს, ინფორმაციის გადასამოწმებლად ოფიციალური წერილით კვლავ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. ფაქტ-მეტრი დანაშაულის სტატისტიკას ცალკეული თვეების მიხედვით ითხოვდა. ასევე, ფაქტ-მეტრმა რეგისტრირებული დანაშაულის სააღრიცხვო მეთოდოლოგიაში განხორცილებული ცლილებების შესახებ ინფორმაციაც გამოითხოვა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ წერილი კვლავაც დაგვიანებით, 3 დეკემბერს მოგვაწოდა. შსს-ს ამ ინფორმაციაშიც სტატისტიკა თვეების მიხედვით ჩაშლილი არ იყო. ასევე, დეტალურად არ იყო ახსნილი ის ცვლილებები, რაც შსს-ს განცხადებით სააღრიცხვო მეთოდოლოგიაში 2013 წლიდან შევიდა.
2014 წლის 29 იანვარს ფაქტ-მეტრმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაშაულის სტატისტიკის მიწოდების თხოვნით კიდევ ერთხელ მიმართა. ჩვენ სტატისტიკა დანაშაულთა კატეგორიებისა და თვეების მიხედვით გამოვითხოვეთ. აღნიშნულ წერილზე პასუხი ფაქტ-მეტრს დღემდე არ მიუღია. აქვე აღსანიშნავია შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემის ბიუროს დამოკიდებულებაც. ფაქტ-მეტრმა არაერთხელ სცადა ბიუროსთან დაკავშირება ვებ-გვერდზე მითითებულ ნომრებზე. ზარების აბსოლუტურ უმრავლესობაზე ბიუროში არავინ გვპასუხობს, ხოლო პასუხის შემთხვევაში, შეუძლებელია ამომწურავი ინფორმაციის მიღება.
2012 წლის ოქტომბრის არჩევნებიდან, პოლიტიკური ძალები და საზოგადოება კრიმინალის გაზრდა-შემცირების საკითხთან დაკავშირებით აქტიურად დაობენ. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ კრიმინალმა იკლო, თუმცა, მეორე ნაწილი კრიმინალის მატებაშია დარწმუნებული. ფაქტ-მეტრის მხრიდან დანაშაულის დეტალური სტატისტიკით დაინტერესება სწორედ აქედან გამომდინარე მიზეზებით იყო გამოწვეული.
აღსანიშნავია, რომ ფაქტ-მეტრისთვის შსს-ს მიერ პირველივე ჯერზე მოწოდებული სტატისტიკამ მის სანდოობაში დაგვაეჭვა. მოწოდებული წერილის თანახმად, 2013 წლის 8 თვის განმავლობაში 19 253 დანაშაული დაფიქსირდა. მიუხედავად ამისა, კატეგორიების მიხედვით წარმოდგენილი დანაშაულების დაჯამებისას 14 858 დანაშაული მივიღეთ. ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციაში ე.წ. „სხვა დანაშაულის“ კატეგორიაც კი არ არის მითითებული. შესაბამისად, ფაქტ-მეტრისთვის გაუგებარია რა კატეგორიის დანაშაულს მიეკუთვნებოდა 8 თვის განმავლობაში დაფიქსირებულ შემთხვევათა 22,8%. სწორედ ამიტომ, ფაქტ-მეტრისთვის მნიშვნელოვანი იყო გაერკვია რა ტიპის დანაშაულების შემცირების შედეგად შემცირდა შსს-ს მიხედვით ქვეყანაში რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობა.
შსს-ს მიხედვით, 2013 წლის მარტამდე დანაშაულის რაოდენობის დაახლოებით 10%-იანი ზრდა ფიქსირდებოდა. შემდეგი 4 თვის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკა აღარ გამოუქვეყნებია. 2013 წლის აგვისტოში გასაჯაროებული ინფორმაციის თანახმად კი, 7 თვის განმავლობაში, 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დანაშაულის დაახლოებით 18%-იანი შემცირება დაფიქსირდა. შესაბამისად ფაქტ-მეტრის კვლევისთვის მნიშვნელოვანი იყო იმის გარკვევა, თუ თვიდან თვემდე რა დინამიკით მცირდებოდა დანაშაულის რაოდენობა. სწორედ ამიტომ გახლდათ მნიშვნელოვანი დანაშაულის სტატისტიკის თვეების მიხედვით ჩაშლილად მოპოვება, რაც ფაქტ-მეტრის არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2013 წლის პირველ კვარტალში გამოქვეყნებულ მონაცემებში, სააღრიცხვო მეთოდოლოგიის ცვლილების შესახებ ინფორმაციაა მითითებული. სამინისტროს თანახმად, მეთოდოლოგიაში ორი მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა:
- წარმოებით შეწყვეტილი სისხლის სამართლის საქმეები, მიუხედავად შეწყვეტის საფუძვლისა, სტატისტიკურ მონაცემებში 2013 წლამდე არ აისახებოდა;
- იმავე პერიოდისათვის, საქმის გახსნილად გამოცხადების ერთადერთ საფუძველს ბრალის წარდგენის შესახებ დადგენილება წარმოადგენდა. თუმცაღა, ვინაიდან 2013 წლამდე მოქმედ სააღრიცხვო სისტემას არ გააჩნდა ბრალის კომპონენტის გარეშე საქმის გახსნილად ჩათვლის მექანიზმი, რათა არ მომხდარიყო გაუხსნელი საქმეების რიცხვის გაუმართლებელი გაზრდა, ასეთი დანაშაულობები ერთიანი კონსოლიდირებული რაპორტის ფორმაში საერთოდ არ აისახებოდა;