წლის 11 აპრილს, საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიაში“ მე-16 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე სიტყვით გამოსვლისას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა: „2013 წელს ვიზიტორების რიცხვის 22%-იანი ზრდა იყო. 5.4 მილიონი ვიზიტორი ეწვია საქართველოს და ამ მონაცემით ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვაქვს ევროპაში“.
ფაქტ-მეტრი ამ განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისინფორმაციით, 2013 წელს საქართველოს 5 365 356 ვიზიტორი ეწვია, 2012 წელს კი მათი რაოდენობა 4 428 221 იყო. 2013 წელს ვიზიტორთა რიცხვი 937 135-ით, ანუ 21.2%-ით გაიზარდა. საქართველოში შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეების 88% მეზობელი სახელმწიფოებიდან (თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი) არის, ხოლო 12% კი - მსოფლიოს სხვა დანარჩენი ქვეყნებიდან. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი ვიზიტორი საქართველოს თურქეთიდან სტუმრობდა, რაც ვიზიტორთა მთლიანი რაოდენობის 28%-ია. რუსეთის ფედერაციიდან შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა კი წინა, 2012 წლის მონაცემებთან შედარებით 49%-ით არის გაზრდილი და საერთო რაოდენობის 14%-ს შეადგენს.
იმის გასარკვევად, თუ რა ადგილი უჭირავს საქართველოს ვიზიტორების ზრდის მიხედვით ევროპაში, ჩვენ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის 2013 წლის ანგარიში (World Tourism Barometer, January 2014) მოვიძიეთ. აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, ვიზიტორების ზრდის 21.2%-იანი მაჩვენებლით საქართველო მოწინავე ქვეყანაა ევროპაში. 2013 წელს, ვიზიტორთა რაოდენობის პროცენტული ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სია შემდეგნაირად გამოიყურება:
ზემოთ მოცემული გრაფიკიდან ჩანს, რომ საქართველო რეგიონში მეორე ადგილს იკავებს და 0.7%-ით მხოლოდ ყაზახეთს ჩამორჩება.
ფაქტ-მეტრი ასევე დაინტერესდა, თუ როგორი ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა გასულ წლებში საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა. როგორც ზემოთ მოცემული გრაფიკი 1-დან ჩანს, 2006 წლიდან დღემდე ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ნიშანდობლივია, რომ 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს, როდესაც მსოფლიო მასშტაბით ტურისტული აქტივობები შენელდა, საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა 23%-ით გაიზარდა. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2013 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ბოლო 5 წლის მანძილზე, ევროპის დანარჩენ ქვეყნებთან შედარებით, ვიზიტორთა რაოდენობის ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს.
აქვე აღსანიშნავია, რომ მიუხედავად მაღალი პროცენტული ზრდისა, ვიზიტორების რაოდენობა საქართველოში ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით ჯერ კიდევ დაბალია. შესაბამისად, პროცენტული ზრდის მაჩვენებელთან ერთად მიზანშეწონილია ვიზიტორთა რაოდენობის და ზრდის აბსოლუტური მონაცემის განხილვაც. მაგალითისთვის, ჩვენ საფრანგეთისა და საქართველოს შესაბამისი მონაცემები ავიღეთ. 2012 წლის მონაცემებით, საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 1 605 858-ით გაიზარდა, რამაც პროცენტულ მაჩვენებელში 57%-იანი ზრდა შეადგინა. საფრანგეთმა 2012 წელს სულ 83 მილიონ ვიზიტორს უმასპინძლა, წინა წელს კი ეს რიცხვი 81,6 მილიონი იყო. მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელს საფრანგეთს 1 400 000-ით მეტი ვიზიტორი ჰყავდა წინა წელთან შედარებით, ვიზიტორთა რაოდენობის პროცენტულმა ზრდამ, მხოლოდ 1.8% შედგინა. როგორც ამ მაგალითიდან ჩანს, შეიძლება ორ ქვეყანაში ვიზიტორთა ზრდის მაჩვენებელი დაახლოებით ერთი და იგივე იყოს, მაგრამ პროცენტულად მათ შორის დიდი განსახვავება დაფიქსირდეს. შესაბამისად, ამა თუ იმ ქვეყნისთვის ვიზიტორების რიცხვის ზრდა პროცენტულ ზრდაზე გაცილებით უფრო მრავლისმეტყველია.
დასკვნა
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2013 წელს საქართველოს 5 365 356 ვიზიტორი ეწვია, ვიზიტორთა პროცენტულმა ზრდამ კი 21.2% შეადგინა. ეს მონაცემები ზუსტად ემთხვევა გიორგი კვირკაშვილის მიერ დასახელებულ რიცხვებს.
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის 2013 წლის ანგარიშიდან ჩანს, რომ ვიზიტორების ზრდის პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით, საქართველოს ყველაზე მაღალი შედეგი აქვს ევროპაში, ხოლო ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში კი 0.7%-ით მხოლოდ ყაზახეთს ჩამოუვარდება.
ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ გიორგი კვირიკაშვილის განცხადება: „2013 წელს ვიზიტორების რიცხვის 22%-იანი ზრდა იყო. 5.4 მილიონი ვიზიტორი ეწვია საქართველოს და ამ მონაცემით ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვაქვს ევროპაში“, არის სიმართლე.