2014 წლის 21 თებერვალს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიგლა აგულაშვილმა 2013 წლის რთველის შედეგებსა და ღვინის ექსპორტის შესახებ ისაუბრა. დეპუტატმა განაცხადა: „2013 წლის რთველი უნიკალური პროექტი გამოვიდა სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ არ დავხარჯეთ ბიუჯეტის ფული. ყველაზე მთავარი ეს არის, რომ არ დავხარჯეთ ბიუჯეტის ფული. ვიტყვი მხოლოდ, რომ თითქმის 16 ათას ტონამდე არაკონდიცირებული ყურძენი ვიყიდეთ, რაც საერთო ჯამში 17%-მდეა საერთო მასაში. გასულ წელს 34 ათასი ტონა, ანუ 65% იყო, რომელშიც თქვენ [„ნაციონალური მოძრაობა“] დახარჯეთ ბიუჯეტის ფული. აი მიდგომა ეკონომიკისადმი, აი სხვაობა თქვენსა და ჩვენ მიდგომებს შორის. ანალოგიურად, ადრეც ვახსენე ბაზრების დივერსიფიცირება, შემიძლია გითხრათ, რომელ ქვეყნებში გაიზარდა ღვინის ექსპორტი: უკრაინაში 7%-ით... ყაზახეთში გაიზარდა, პოლონეთში, ბელორუსიაში, ინგლისში, ლიტვაში, ჰონგ კონგში, ნიდერლანდებში, ფინეთში, სომხეთში, საფრანგეთში და ა.შ.“

ფაქტ-მეტრი დეპუტატის განცხადებაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტით დაინტერესდა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის

თანახმად, „რთველი - 2013“-ის ჩატარების ძირითადი პრინციპები და მიმართულებები საქართველოს მთავრობის 2013 წლის 20 აგვისტოს განკარგულებით განისაზღვრა. ამ განკარგულების მიხედვით, ღვინის ეროვნულ სააგენტოს ღვინის კომპანიებზე შემდეგი ოდენობის სუბსიდიების გაცემა დაევალა: 1 კგ. კახური მწვანისა და რქაწითელისთვის 0,40 ლარი, ხოლო 1 კგ. საფერავისთვის - 0,25 ლარი. სუბსიდიით მიღების უფლება იმ კომპანიებს მიენიჭათ, რომლებიც ყურძნის ჩამბარებელი ფიზიკური პირებისგან ერთ კილოგრამ ყურძენს არანაკლებ 1 ლარად შეიძენდნენ (შედარებისთვის, 2012 წელს ყურძნის გადამამუშავებელი კომპანიებისთვის ჩაბარებულ ფიზიკურ პირს 1 კგ. რქაწითელის ჯიშის ყურძნეზე 0,25 ლარი, საფერავზე კი 0,35 ლარი აუნაზღაურდა). 2013 წელს, წინა წლებისგან განსხვავებით, სუბსიდირებას 10 ჰა-ზე მეტი ფართობის ვენახების მფლობელი ფიზიკური პირებიც დაექვემდებარენ. ამასთან, ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეღავათიანი სესხებით ისარგებლეს.

კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში ღვინის კომპანიებმა 92 773 ტ. ყურძენი გადაამუშავეს. აღსანიშნავია, რომ ეს სარეკორდო მაჩვენებელია უკანასკნელი 20-22 წლის განმავლობაში (შედარებისთვის, 2012 წელს სულ 52 200 ტ. ყურძენი გადამუშავდა).

შედარებისთვის, 2012 წლის რთველის მონაცემებიც მიმოვიხილოთ. საქართველოს 2012 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში

ნათქვამია, რომ 2012 წლის განმავლობაში რთველის ხელშეწყობის ღონისძიებებისთვის სულ 47 მლნ ლარი, მათ შორის ყურძნის შესყიდვის, გადამუშავებისა და თანმდევი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით 28 მლნ ლარი მიიმართა. ააიპ „სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის“ შვილობილი კომპანიების მიერ შესყიდულ იქნა და გადამუშავდა სულ 25,7 მლნ ლარის ღირებულების 35,5 ათასი ტ. ყურძენი.

2013 წელს სახელმწიფო საწარმოებმა 15,7 ათასი ტ. ყურძენი შეისყიდეს, რაც მთლიანად ჩაბარებული ყურძნის 16,9%-ს შეადგენს. ეს წინა წლებზე დაბალი მაჩვენებელია, რაც პოზიტიურია, ვინაიდან ყურძნის მეტი ოდენობის კერძო კომპანიების მიერ შესყიდვაზე მიუთითებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2013 წელს შესრულებული სამუშაოების ანგარიშში

ნათქვამია, რომ 2013 წელს ყურძენი ორმა სახელმწიფო კომპანიამ შეიძინა: სს „აკურამ“ და შპს „გრუზვინპრომმა“. სს „აკურამ“ 7,4 მლნ ლარის ღირებულების 7 400 ტონა ყურძენი, ხოლო შპს „გრუზვინპრომმა“ კი 8,5 მლნ. ლარად 8 300 ტონა ყურძენი შეისყიდა. ამდენად, სახელმწიფო კომპანიებმა 2013 წელს, ჯამში 15,9 მლნ ლარის ღირებულების ყურძენი შეიძინეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2013 წლის შესრულებული ბიუჯეტის ანგარიშში

ნათქვამია, რომ „სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხრიდან რთველის პროცესის სწორად დაგეგმვისა და წარმართვის შედეგად პრაქტიკულად გამოირიცხა კონკურენცია სახელმწიფოსა და კერძო კომპანიებს შორის: შპს. „გრუზვინპრომისა“ და სს „აკურას“ მიერ ყურძნის შეძენა ხდება იმ ზონებში, სადაც მოწეული ნედლეული, ადგილწარმოშობის პრინციპებიდან გამომდინარე ნაკლებად შედის კერძო სექტორის ინტერესის სფეროში. საფერავის ჯიშის ყურძნის დეფიციტის პირობებში, სახელმწიფო კომპანიების მიერ მიღებული და გადამუშავებული იქნა ამ ჯიშის სულ 255 ტ. ყურძენი, რაც საფერავის საერთო რაოდენობის 0,08%-ს შეადგენს.“

sheskiduli-kurdzeni-stats

ამდენად, სახელმწიფო საწარმოებმა მართლაც შეისყიდეს მთლიანად ჩაბარებული ყურძნის 16,9% და ეს მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით მკვეთრად შემცირებულია. სახელმწიფო კომპანიებს ყურძნის შეძენა 15,9 მლნ. ლარი დაუჯდა, რაც ასევე დაბალი მაჩვენებელია (შედარებისთვის, 2012 წელს სახელმწიფო კომპანიებმა 25,7 მლნ ლარის ღირებულების ყურძენი). თუმცა, არაზუსტია გიგლა აგულაშვილის ნათქვამი, რომ ბიუჯეტის ფული არ დახარჯულა. 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ რთველის ხელშეწყობის ღონისძიებებზე ჯამურად 32 046,5 ათასი ლარი მიიმართა. მიუხედავად ამისა უნდა ითქვას, რომ დეპუტატის განცხადების ეს ნაწილი უფრო შეფასებითია, რადგან, სავარაუდოდ მას სახელმწიფოს მიერ 2013 წელს, ბიუჯეტიდან შედარებით ნაკლები თანხის დახარჯვაზე სურდა ხაზის გასმა, ვიდრე ეს წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა.თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აგულაშვილის მტკიცება წინა და მოქმედი მთავრობების „განსხვავებულ მიდგომებთან“ დაკავშირებით არამართებულია, რადგან 2013 წელს კერძო საწარმოების გაზრდილი აქტივობა არა განსხვავებული ეკონომიკური მიდგომის, არამედ ძირითადად რუსეთის ბაზრის გახსნის და ღვინოზე მოთხოვნის ზრდის შედეგია.

ჩვენ გიგლა აგულაშვილის განცხადების ის ნაწილიც გადავამოწმეთ, სადაც საუბარია 2013 წელს ღვინის ექსპორტის ზრდაზე. ღვინის ეროვნული სააგენტოს 2013 წელს გაწეული სამუშაოების შესახებ ანგარიშში

აღნიშნულია, რომ 2013 წლის იანვარ-ნოემბერში ღვინის ექსპორტმა 41,6 მლნ ბოთლი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელზე 96%-ით მეტია. აღსანიშნავია, რომ ექსპორტის ზრდა მნიშვნელოვნად დაკავშირებულია რუსეთის ბაზრის გახსნასთან. 2013 წელს რუსეთში საქართველოდან 23 მლნ ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც მთლიანად ექსპორტის 55,3%-ს შეადგენს.

რუსეთში ქართული ღვინის ექპორტის მონაცემების გათვალისწინების გარეშე ზრდა 3,2%-ს შეადგენს. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ექსპორტი გაზრდილია უკრაინაში (8%-ით), ყაზახეთში (2%-ით), ბელორუსში (8%-ით), პოლონეთში (1%-ით), ლიტვაში (7%-ით), დიდ ბრიტანეთში (30%-ით), ჰონგ კონგში (15%-ით), ნიდერლანდებში (48%-ით), ფინეთში, საფრანგეთში, სომხეთში, იაპონიაში და ა.შ.

2013

წლის იანვარ-ნოემბერში ქართული ღვინის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 128,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს 63 მლნ აშშ დოლარით აღემატება.

დასკვნა

2013

წელს სახელმწიფო საწარმოებმა მთლიანად ჩაბარებული ყურძნის 16,9% შეიძინეს, რაც წინა 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (63%) და მთლიანად წინა წლების მონაცემებს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება და ყურძნის მეტი წილის კერძო კომპანიების მიერ შესყიდვაზე მიუთითებს. 2013 წელს სახელმწიფო კომპანიებმა სულ 15,9 მლნ ლარის ყურძენი შეიძინეს, რაც მისი წინა წლის ხარჯებთან (25,7 მლნ ლარი) შედარებით ნაკლებია. 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში ნათქვამია, რომ რთველის ხელშეწყობის ღონისძიებებზე ჯამურად 32 046,5 ათასი ლარი დაიხარჯა, რაც ასევე ნაკლებია 2012 წლის შესაბამის მაჩვენებელზე (47 მლნ ლარი), მაგრამ გვიჩვენებს, რომ სახელმწიფოს თანხები ნამდვილად დაიხარჯა. შესაბამისად, არაზუსტია გიგლა აგულაშვილის ნათქვამი, რომ ბიუჯეტის ფული არ დახარჯულა. მიუხედავად ამისა უნდა ითქვას, რომ დეპუტატის განცხადების ეს ნაწილი უფრო შეფასებითია, რადგან, სავარაუდოდ მას სახელმწიფოს მიერ 2013 წელს, ბიუჯეტიდან შედარებით ნაკლები თანხის დახარჯვაზე სურდა ხაზის გასმა, ვიდრე ეს წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა. თუმცა,დეპუტატის მტკიცება წინა და მოქმედი მთავრობების „განსხვავებულ მიდგომებთან“ დაკავშირებით არამართებულია, რადგან 2013 წელს კერძო საწარმოების გაზრდილი აქტივობა არა განსხავებული ეკონომიკური მიდგომის, არამედ ძირითადად რუსეთის ბაზრის გახსნის და ღვინოზე მოთხოვნის ზრდის შედეგია.

გიგლა აგულაშვილი სწორად მიუთითებს 2013 წელს ღვინის ექსპორტის ზრდასთან დაკავშირებით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2013 წელს რუსეთში საქართველოდან 23 მლნ ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც მთლიანად ექსპორტის 55,3%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ რუსეთში ექსპორტის გათვალისწინებით ქართული ღვინის ექსპორტის ზრდამ 2013 წელს 2012 წელთან შედარებით 96% შეადგინა, მის გარეშე კი - 3,2%.

ჩვენ ვასკვნით, რომ გიგლა აგულაშვილის განცხადება: „2013 წლის რთველი უნიკალური პროექტი გამოვიდა სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ არ დავხარჯეთ ბიუჯეტის ფული. ყველაზე მთავარი ეს არის, რომ არ დავხარჯეთ ბიუჯეტის ფული. ვიტყვი მხოლოდ, რომ თითქმის 16 ათას ტონამდე არაკონდიცირებული ყურძენი ვიყიდეთ, რაც საერთო ჯამში 17%-მდეა საერთო მასაში. გასულ წელს 34 ათასი ტონა, ანუ 65% იყო, რომელშიც თქვენ [„ნაციონალური მოძრაობა] დახარჯეთ ბიუჯეტის ფული. აი მიდგომა ეკონომიკისადმი, აი სხვაობა თქვენსა და ჩვენ მიდგომებს შორის. ანალოგიურად, ადრეც ვახსენე ბაზრების დივერსიფიცირება, შემიძლია გითხრათ რომელ ქვეყნებში გაიზარდა ღვინის ექსპორტი: უკრაინაში 7%-ით... ყაზახეთში გაიზარდა, პოლონეთში, ბელორუსიაში, ინგლისში, ლიტვაში, ჰონგ კონგში, ნიდერლანდებში, ფინეთში, სომხეთში, საფრანგეთში და ა.შ.“ არის ნახევრად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5669 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია