2014

წლის 2 აპრილს, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა: „27 მარტს ევროკომისიამ კონკრეტული რეკომენდაციები წაუყენა საქართველოს მთავრობას. მათგან ხუთამდე რეკომენდაცია ეხება სწორედ კანონის უზენაესობის სფეროში პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების გამორიცხვას და ევროკომისია პირდაპირ ითხოვს საქართველოს ხელისუფლებისგან პოლიტიკური ოპონენტების დევნა, დაპატიმრება და პოლიტიკური მოტივაციით პროკურატურის გამოყენება გამოირიცხოს“.

ფაქტ-მეტრი დეპუტატის განცხადებით დაინტერესდა და ევროკომისიის ანგარიში და მისი რეკომენდაციები შეისწავლა.

ევროკომისია ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოა და ევროკავშირის საერთო ინტერესს წარმოადგენს. იგი შეიმუშავებს ახალ ევროპულ კანონების პროექტებს, რომელსაც ევროპის პარლამენტსა და საბჭოს წარუდგენს. ის პრაქტიკაში ახორციელებს ევროკავშირის საერთო პოლიტიკას და განაგებს ევროკავშირის ფონდებსა და პროგრამებს. კომისია 28 კომისრისგან შედგება - თითოეული წარმოადგენს ევროკავშირის ერთ ქვეყანას. კომისიის პრეზიდენტი არჩეულია  ევროკავშირის 28 მთავრობის მიერ და დამტკიცებულია ევროპის პარლამენტის მიერ. სხვა კომისრები ნომინირებულნი არიან მათი ეროვნული მთავრობების მიერ ახალ პრეზიდენტთან კონსულტაციების საფუძველზე და ევროპის პარლამენტის მიერ მტკიცდებიან. ისინი არ წარმოადგენენ თავისი ქვეყნების მთავრობებს. თითოეული მათგანი პასუხისმგებელია ევროკავშირის პოლიტიკის კონკრეტულ სფეროზე. ყველა მათგანი ხუთი წლის ვადით ინიშნება. ევროკომისიის 2014 წლის 27 მარტის დოკუმენტში, რომელსაც „ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელება საქართველოში - 2013 წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესი და შემდგომ ქმედებებთან დაკავშირებული რეკომენდაციები

“ ეწოდება, შეფასებულია ევროკავშირსა და საქართველოს შორის ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის შესრულების დინამიკა 2013 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში.

ანგარიშში ვკითხულობთ (ქვევით მოყვანილია მხოლოდ დეპუტატის განცხადებასთან ახლოს მდგომი რეკომენდაციები და განცხადებები), რომ  ევროპის სამეზობლო პოლიტიკის გეგმის 2014 წლის განმავლობაში მდგრადი განხორციელების მიზნით სასურველია, საქართველომ:

  • უზრუნველყოს, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა წარიმართებოდეს გამჭირვალედ, მიუკერძოებლად და იყოს პოლიტიკური მოტივაციისგან თავისუფალი, რათა თავიდან იქნეს აცილებული შეხედულებები, რომ ხორციელდება პოლიტიკურად მოტივირებული სამართალი;
  • უზრუნველყოს, რომ პროკურატურის საქმიანობა ხორციელდებოდეს დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობის და პოლიტიკური მიკერძოების თავიდან აცილების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად, მათ შორის პროკურატურის ეფექტური ზედამხედველობის მეშვეობით;
  • უზრუნველყოს, რომ წინასწარი პატიმრობა აღკვეთის ზომად, კანონის შესაბამისად, მხოლოდ გამონაკლისი ზომის სახით იქნეს გამოყენებული, რათა სხვა პრინციპებთან ერთად დაცული იყოს უდანაშაულობის პრეზუმფცია. გადასინჯოს ადმინისტრაციული პატიმრობის მარეგულირებელი წესები სამართლიანი სასამართლოს ნორმებთან შესაბამისად;
  • გაზარდოს სამართალდამცველი სტრუქტურების ანგარიშვალდებულებისა და მათზე დემოკრატიული ზედამხედველობის ხარისხი. შეიმუშაოს სრულფასოვანი დამოუკიდებელი და ეფექტური გასაჩივრების მექანიზმი. გამოიძიოს დარღვევები, განახორციელოს სტრუქტურული რეფორმები და ეფექტური მონიტორინგი სასჯელაღსრულების სისტემაში (გვ. 7).

ევროკომისიის დოკუმენტში ასევე საუბარია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე, მოსამართლეების პროკურატურისგან უფრო მეტ დამოუკიდებლობაზე და ა.შ. თუმცა ასევე აღნიშნულია, რომ "მიუხედავად ამისა, ანგარიშის შემუშავების პროცესში, წინა მთავრობის 35 თანამდებობის პირს დაეკისრა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ბრალდებები შეეხებოდა სახელმწიფო ქონების დაპატრონებას, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას და წამებას. 14 მათგანი ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორებშია, 14 გირაოთი იქნა გაშვებული, ერთ მათგანი გათავისუფლებული იქნა აღმკვეთი ღონისძიებების გარეშე, ერთი გასამართლების შემდეგ პრეზიდენტმა შეიწყალა, ხოლო ხუთმა მათგანმა ქვეყანა დატოვა. საჯარო სამსახურის ათობით ყოფილ მოხელეს, რომლებიც ეჭვმიტანილნი იყვნენ ოპოზიციაში მყოფი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერაში, ასევე ბრალი წაუყენეს ან გაასამართლეს. ამ კონტექსტში ევროკავშირმა განაცხადა პოლიტიკური ჩარევებისაგან თავისუფალი, სამართლიანი, გამჭვირვალე და მტკიცებულებებით გამყარებული პროცესების აუცილებლობა".

დოკუმენტი ასევე საუბრობს ყოფილი პრემიერისა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის შესახებ: “სისხლისსამართლებრივი ბრალი, ასევე  ყოფილ პრემიერ-მინისტრს და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალურ მდივანს, ვანო მერაბიშვილს წაეყენა. 2014 წლის 20 თებერვალს მას ორი ბრალდების საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ  სათანადო გამოძიებას საჭიროებს განცხადებები პროკურორების მიერ ბ-ნ  მერაბიშვილზე გადამეტებული ზეწოლის განხორციელების შესახებ (გვ. 5, 10).

დასკვნა

ჩიორა თაქთაქიშვილი სწორად მიუთითებს ევროკომისიის კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებზე. დოკუმენტში მართლაც ვხვდებით გარკვეულ მითითებებს, პოლიტიკური ჩარევებისაგან თავისუფალი, სამართლიანი, გამჭვირვალე და მტკიცებულებებით გამყარებული პროცესების აუცილებლობის შესახებ.

დეპუტატი ბოლომდე ზუსტი არ არის როცა ამბობს, რომ ევროკომისია პირდაპირ ითხოვს საქართველოს ხელისუფლებისგან, გამორიცხოს პოლიტიკური ოპონენტების დევნა, დაპატიმრება და პოლიტიკური მოტივაციით პროკურატურის გამოყენება, თუმცა რეკომენდაციებში ხაზგასმულია საქართველოს მთავრობის მიერ პოლიტიკური მოტივაციისაგან თავისუფალი სისხლისსამართლებრივი დევნის, პროკურატურის საქმიანობის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობის და პოლიტიკური მიკერძოების თავიდან აცილების უზრუნველყოფის აუცილებლობა.

შესაბამისად ჩვენ ვასკვნით, რომ ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადება: „27 მარტს ევროკომისიამ კონკრეტული რეკომენდაციები წაუყენა საქართველოს მთავრობას. მათგან ხუთამდე რეკომენდაცია ეხება სწორედ კანონის უზენაესობის სფეროში პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების გამორიცხვას და ევროკომისია პირდაპირ ითხოვს საქართველოს ხელისუფლებისგან პოლიტიკური ოპონენტების დევნა, დაპატიმრება და პოლიტიკური მოტივაციით პროკურატურის გამოყენება გამოირიცხოს“, არის მეტწილად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5668 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია