2014 წლის 2 აპრილს, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა: „27 მარტს ევროკომისიამ კონკრეტული რეკომენდაციები წაუყენა საქართველოს მთავრობას. მათგან ხუთამდე რეკომენდაცია ეხება სწორედ კანონის უზენაესობის სფეროში პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების გამორიცხვას და ევროკომისია პირდაპირ ითხოვს საქართველოს ხელისუფლებისგან პოლიტიკური ოპონენტების დევნა, დაპატიმრება და პოლიტიკური მოტივაციით პროკურატურის გამოყენება გამოირიცხოს“.
ფაქტ-მეტრი დეპუტატის განცხადებით დაინტერესდა და ევროკომისიის ანგარიში და მისი რეკომენდაციები შეისწავლა.
ევროკომისია ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოა და ევროკავშირის საერთო ინტერესს წარმოადგენს. იგი შეიმუშავებს ახალ ევროპულ კანონების პროექტებს, რომელსაც ევროპის პარლამენტსა და საბჭოს წარუდგენს. ის პრაქტიკაში ახორციელებს ევროკავშირის საერთო პოლიტიკას და განაგებს ევროკავშირის ფონდებსა და პროგრამებს. კომისია 28 კომისრისგან შედგება - თითოეული წარმოადგენს ევროკავშირის ერთ ქვეყანას. კომისიის პრეზიდენტი არჩეულია ევროკავშირის 28 მთავრობის მიერ და დამტკიცებულია ევროპის პარლამენტის მიერ. სხვა კომისრები ნომინირებულნი არიან მათი ეროვნული მთავრობების მიერ ახალ პრეზიდენტთან კონსულტაციების საფუძველზე და ევროპის პარლამენტის მიერ მტკიცდებიან. ისინი არ წარმოადგენენ თავისი ქვეყნების მთავრობებს. თითოეული მათგანი პასუხისმგებელია ევროკავშირის პოლიტიკის კონკრეტულ სფეროზე. ყველა მათგანი ხუთი წლის ვადით ინიშნება.
ევროკომისიის 2014 წლის 27 მარტის დოკუმენტში, რომელსაც „ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელება საქართველოში - 2013 წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესი და შემდგომ ქმედებებთან დაკავშირებული რეკომენდაციები“ ეწოდება, შეფასებულია ევროკავშირსა და საქართველოს შორის ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის შესრულების დინამიკა 2013 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში.
ანგარიშში ვკითხულობთ (ქვევით მოყვანილია მხოლოდ დეპუტატის განცხადებასთან ახლოს მდგომი რეკომენდაციები და განცხადებები), რომ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის გეგმის 2014 წლის განმავლობაში მდგრადი განხორციელების მიზნით სასურველია, საქართველომ:
- უზრუნველყოს, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა წარიმართებოდეს გამჭირვალედ, მიუკერძოებლად და იყოს პოლიტიკური მოტივაციისგან თავისუფალი, რათა თავიდან იქნეს აცილებული შეხედულებები, რომ ხორციელდება პოლიტიკურად მოტივირებული სამართალი;
- უზრუნველყოს, რომ პროკურატურის საქმიანობა ხორციელდებოდეს დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობის და პოლიტიკური მიკერძოების თავიდან აცილების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად, მათ შორის პროკურატურის ეფექტური ზედამხედველობის მეშვეობით;
- უზრუნველყოს, რომ წინასწარი პატიმრობა აღკვეთის ზომად, კანონის შესაბამისად, მხოლოდ გამონაკლისი ზომის სახით იქნეს გამოყენებული, რათა სხვა პრინციპებთან ერთად დაცული იყოს უდანაშაულობის პრეზუმფცია. გადასინჯოს ადმინისტრაციული პატიმრობის მარეგულირებელი წესები სამართლიანი სასამართლოს ნორმებთან შესაბამისად;
- გაზარდოს სამართალდამცველი სტრუქტურების ანგარიშვალდებულებისა და მათზე დემოკრატიული ზედამხედველობის ხარისხი. შეიმუშაოს სრულფასოვანი დამოუკიდებელი და ეფექტური გასაჩივრების მექანიზმი. გამოიძიოს დარღვევები, განახორციელოს სტრუქტურული რეფორმები და ეფექტური მონიტორინგი სასჯელაღსრულების სისტემაში (გვ. 7).