2014 წლის 21 თებერვალს, პარლამენტში გამოსვლისას ჩხოროწყუს მაჟორიტარმა დეპუტატმა, ვახტანგ ლემონჯავამ სამეგრელოში სხვადასხვა დროს დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. საპარლამენტო უმცირესობის წევრის განცხადებით, კოალიცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ფოთის აეროპორტისა მშენებლობა შეჩერდა. ასევე, არ დაწყებულა ფოთი-ანაკლიის დამაკავშირებელი მაგისტრალის,ზუგდიდში კი რეგიონული სამედიცინო ცენტრის მშენებლობა.სენაკის მუნიციპალიტეტში არ დაწყებულა კურორტ მენჯის რეაბილიტაცია.
ფაქტ-მეტრი დეპუტატის განცხადების სიზუსტით დაინტერესდა და ის გადაამოწმა.
ვახტანგ ლემონჯავამ ჩვენს საპარლამენტო კორესპონდენტთან საუბარში აღნიშნა, რომ ფოთის აეროპორტის მშენებლობა 2011 წელს არაბულმა ჯგუფმა „რასალ ხაიმამ“ დაიწყო. საინვესტიციო სააგენტომ თავის დროზე ფოთის პორტი იყიდა და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნა დაიწყო თუმცა, ფოთის აეროპორტის მშენებლობა ახალმა ხელისუფლებამ შეაჩერა.
აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ფოთის აეროპორტის პროექტი აბსოლუტურად გაუმართლებელი იყო, ვინაიდან შესაბამისი ტერიტორია ფრინველების გადაფრენისა და ჭაობიანი ზონაა. ამიტომაც, მინისტრის თქმით, საერთაშორისო აეროპორტი ფოთის ნაცვლად ანაკლიაში აშენდება. თუმცა, ვახტანგ ლემონჯავამ ფაქტ-მეტრთან საუბარში აღნიშნა, რომ გადამფრენი ფრინველები და რამსარის კონვენცია მშენელობების შეჩერების გამომწვევი არ არის, რადგან ფოთის აეროპორტი რამსარის კონვენციაზე მიერთებამდე აშენდა. ლოკალური ფრენები ფოთის აეროპორტში წარსულშიც ხორციელდებოდა, თუმცა რეაბილიტაციის შემდეგ აეროპორტი საერთაშორისო რეისებსაც უმასპინძლებდა. დეპუტატის განცხადებით, ეკონომიკის მინისტრის არგუმენტი არარელევანტურია, რადგან ფოთიდან ყულევამდე ფრინველების გადაფრენის ზონაა და ასეთ შემთხვევაში არც ქალაქი ფოთი უნდა აშენებულიყო.
ვახტანგ ლემონჯავას განცხადებით, სამედიცინო დაწესებულების მშენებლობა და კურორტ მენჯის რეაბილიტაცია "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებას წარმოადგენს, რომელიც ასევე არ შესრულდა. ამასთან, დეპუტატის ინფორმაციით, ამ პროექტებზე ცენტრალური ხელისუფლება იყო პასუხისმგებელი. რაც შეეხება ფოთი-ანაკლიის დამაკავშირებელ მაგისტრალს, დეპუტატმა განაცხადა, რომ სამუშაოები გარემოს დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნის საფუძველზე შეაჩერეს.
განცხადების დაზუსტების შემდეგ ფაქტ-მეტრმა საკითხის კვლევა განაგრძო. ბიძინა ივანიშვილი კურორტ მენჯის რეაბილიტაციის შესახებ 2012 წლის 16 სექტემბერს მოსახლეობასთან გამართულ ტელეხიდში საუბრობდა. მისი განცხადებით, „ქართული ოცნება“ აუცილებლად მოახერხებდა ამ კურორტის აღდგენას. ფაქტ-მეტრი ამ საკითხის გასარკვევად სენაკის გამგებელს, გოჩა დგებუაძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, თურქი ინვესტორები დაინტერესებულები არიან კურორტ მენჯის რეაბილიტაციით. გამგებლის ინფორმაციით, უახლოეს ხანებში თურქი ექსპერტების ჩამოსვლა იგეგმება, რომლებიც შეიმუშავებენ დასკვნას, რის შემდეგაც გადაწყდება, დაიწყება თუ არა მენჯის რეაბილიტაცია. გოჩა დგებუაძის განცხადებით, ინვესტორისგან ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების პირობით კურორტ მენჯის იჯარის წესით გასხვისება იგეგმება. ამ ეტაპზე კონკრეტული დეტალები უცნობია, რადგან თურქი ინვესტორები ექსპერტების დასკვნას ელოდებიან. გამგებლის ინფორმაციით, ცენტრალური ხელისუფლება ცდილობს უცხოელი ინვესტორები დააინტერესოს. აქვე აღსანიშნავია, რომ კურორტით ინვესტორები წარსულშიც ინტერესდებოდნენ, თუმცა სარეაბილიტაციო სამუშაოები არ დაწყებულა.
რაც შეეხება ფოთი-ანაკლიის დამაკავშირებელი მაგისტრალის მშენებლობას, ამ თემაზე ფაქტ-მეტრი საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაუკავშირდა, თუმცა ამ საკითხზე დეპარტამენტში ინფორმაციას არ ფლობენ. მათი განცხადებით, ფოთი-ანაკლიის დამაკავშირებელი მაგისტრალის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილი არ ყოფილა, შესაბამისად არც სამუშაოები დაწყებულა. აღსანიშნავია, რომ ფოთი-ანაკლიის დამაკავშირებელი მაგისტრალის მშენებლობის ინიციატივა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის. მან ამ ინიციატივის შესახებ 2010 წლის 10 ოქტომბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და რეგიონული განვითარების სამინისტროების გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა. ამ საკითხზე ჩვენ ფოთის მერის მოვალეობის შემსრულებელს ვასილ თოდუასაც დავუკავშირდით. მისი განცხადებით, ფოთი-ანაკლიის დამაკავშირებელი მაგისტრალის მშენებლობა არ დაწყებულა, რადგან აღნიშნული გადაწყვეტილება მხოლოდ იდეის სახით იყო, ხოლო გზის საფარის მოწყობის პროექტი არ არსებობდა.
ფოთის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის შესახებ ვასილ თოდუა ამბობს, რომ მისი მშენებლობა 2013 წლის მაისში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ცენტრალურმა ხელისუფლებამ ფოთში მშენებლობის შეჩერება გადაწყვიტა. ასევე გადაწყდა, რომ ფოთის ნაცვლად საერთაშორისო აეროპორტი ანაკლიაში აშენდება.
აღსანიშნავია, რომ გარემოს დამცველი ექსპერტები ფოთის ტერიტორიაზე საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობას ეკოლოგიური რისკებიდან გამომდინარე დაუშვებლად მიიჩნევდნენ. არასამთავრობო ორგანიზაცია „აგრომედიას“ თავჯდომარის, ირაკლი აბსანძის განცხადებით, „ფოთში დიდი აეროპორტის აშენების წინააღმდეგ ბევრი მყარი არგუმენტია. პირველი: ეს პარკი ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტია გადამფრენი ფრინველებისთვის, აფრიკა-ევრაზიის ტრასაზე. აეროპორტი ძირეულად დაარღვევს უნიკალურ ეკო-სისტემას და გლობალური ეკოლოგიური დანაშაული იქნება. მეორეს მხრივ, ფრინველებით მდიდარი გარემო საფრთხეს უქმნის ფრენების უსაფრთხოებას. ამიტომაცაა, რომ დიდ აეროპორტებში საგანგებოდ გაწვრთნილი მტაცებელი ფრინველებით ებრძვიან ჩიტებს“. ირაკლი აბსანძე ასევე აღნიშნავს, რომ ფოთის აეროპორტის მშენებლობა რამსარის კონვენციასაც ეწინააღმდეგება.
რამსარის კონვენციას 1971 წლის 2 თებერვალს ქ. რამსარში (ირანი) 18-მა ქვეყანამ („საერთაშორისო მნიშვნელობის წყალჭარბი, განსაკუთრებით წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი, ტერიტორიების შესახებ კონვენცია) მოაწერა ხელი. იგი წარმოადგენს მთავრობათაშორის შეთანხმებას, რომელიც წყალჭარბი ტერიტორიების დაცვას, მათ მდგრად გამოყენებას და ამისათვის საერთაშორისო თანამშრომლობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. ტერმინში „წყალჭარბი ტერიტორიები“ კონვენციის ტექსტში იგულისხმება ჭაობები, ჭანჭრობები, ტორფიანი ტერიტორიები, ყველა ტიპის წყალსატევები - როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნური, მუდმივი და დროებითი, დამდგარი და გამდინარე, მტკნარი, ნახევრად მარილიანი და მარილიანი, აგრეთვე ზღვის აკვატორია, სადაც წყლის სიღრმე უკუქცევის დროს არ აღემატება 6 მეტრს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამ სავარგულებს, როგორც წყლის ფრინველთა საბინადრო ადგილს. კონვენცია ხელმომწერ მხარეებს გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს. მათ უნდა უზრუნველყონ წყალჭარბი ტერიტორიების დაცვა და მდგრადი გამოყენება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. მთავრობებმა მიწათსარგებლობის სახელმწიფო დაგეგმვისას უნდა გაითვალისწინონ წყალჭარბი ტერიტორიების დაცვის აუცილებლობა. გარდა ზოგადი ვალდებულებებისა, რამსარის კონვენციას სპეციფიკური მოთხოვნაც აქვს: ყოველმა მხარემ უნდა გამოაცხადოს სულ ცოტა ერთი ე.წ. რამსარის საიტი, რომელიც საერთაშორისო მნიშვნელობის წყალჭარბი ტერიტორიების, ანუ რამსარის საიტების სიაშია. მათი შერჩევა ხდება სპეციალური კრიტერიუმების მიხედვით. მხარეები ვალდებული არიან შეინარჩუნონ ამ ტერიტორიების ეკოლოგიური ხასიათი და ითანამშრომლონ ტრანსასაზღვრო წყალჭარბი ტერიტორიებისა და აქ მომდინარე სახეობების დაცვის საქმეში. 1971 წლიდან კონვენციის გეოგრაფია თანდათან გაფართოვდა, დღეისათვის იგი 138 მხარეს ითვლის. 1366-მდე წყალჭარბი ტერიტორია რამსარის ტერიტორიად ე. წ. რამსარის საიტად არის გამოცხადებული. მათი საერთო ფართობი 119,6 მლნ. ჰექტარს აღემატება (www.ramsar.org). საქართველო რამსარის კონვენციას 1996 წელს შეუერთდა. რამსარის საიტად გამოცხადდა კოლხეთის დაბლობის წყალჭარბი სავარგულები (კერძოდ: ჭურიის ჭაობები, ნადარის ჭაობები, ფიჩორა-პალიასტომის ჭაობები, პალიასტომის ტბა და შავი ზღვის აკვატორია), ასევე ისპანის ჭაობები ქობულეთთან.
„გურია ნიუსი“ ასოციაცია „მედია და საზოგადოებაზე“ დაყრდნობით წერდა, რომ ფოთის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა წინააღმდეგობაში მოდიოდა რამსარის კონვენციასთან და ასევე აღნიშნავდა, რომ პროექტი გარემოს დაცვის სამინისტროს ეკოლოგიური ექსპერტიზისა და ინსპექტირების დეპარტამენტში, ეკოლოგიური დასკვნის მიღების მიზნით, წარმოდგენილი არ ყოფილა.
გარემოს დამცველები ასევე ეწინააღმდეგებოდნენ ანაკლია-ფოთის დამაკავშირებელი მაგისტრალის მშენებლობასაც. 2012 წლის 12 ოქტომბერს „მწვანე ალტერნატივის“ ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორმა, ირაკლი მაჭარაშვილმა opinion.ge–ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ კოლხეთის ეროვნული პარკი, ერთერთი ყველაზე მაღალი დონის დაცული ტერიტორიაა, ხოლო მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია დაბალი დაცვის დონით გამოირჩევა, თუმცა მისი გამოყენება მაგისტრალის ან სხვა რაიმე ინფრასტრუქტურული მშენებლობისათვის დაუშვებელია.
„მწვანე ალტერნატივის“ მიერ მომზადებულ დოკუმენტში, „გარემოსდაცვითი პოლიტიკის, ინსტიტუციური მოწყობის და რეგულირების მექანიზმების ხარვეზების ანალიზის“ შესახებ ვკითხულობთ: „ზემოთ აღწერილი ცვლილებების გარდა, 2011 წლის 13 ოქტომბრის N5128 კანონით, კოლხეთის ეროვნული პარკიდან (მკაცრი დაცვის ზონა) ამოირიცხა 842,4 ჰა ფართობი და შეიქმნა მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია. ამ ცვლილების მიზანი იყო ფოთი-ანაკლიის ავტომაგისტრალის მშენებლობა და ქალაქ ლაზიკას განვითარება. ინფრასტრუქტურული/ეკონომიკური პროექტის განხორციელების მიზნით კანონში ასეთი ცვლილების შეტანა იყო გარემოს დაცვის სამინისტროს (ინიციატორის) და პარლამენტის შეცდომა. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ კანონის თანახმად, მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე ამგვარი პროექტების განხორციელება არ არის დაშვებული. იმისათვის, რომ ფოთი-ანაკლიის ავტომაგისტრალი და ქალაქი ლაზიკა კანონდარღვევის გარეშე აშენდეს, პარლამენტს მოუწევს საერთოდ გააუქმოს დაცული ტერიტორია. ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით, ეს ნიშნავს კოლხეთის ეროვნული პარკის შუაგულის დეგრადაციას. ეს ადგილი ერთადერთია მთელი შავი ზღვის აუზში, სადაც საზღვაო დაცული ტერიტორია უწყვეტად გადადის სახმელეთო დაცულ ტერიტორიაში. ასეთი ქმედებები არღვევს საქართველოს მიერ დადებულ მრავალმხრივი ხელშეკრულებებს (რამსარის, ბერნის და ორჰუსის კონვენციები, შეთანხმება აფრიკა-ევრაზიის მიგრირებადი წყლის ფრინველების დაცვის შესახებ). ის ასევე ეწინააღმდეგება ევროკავშირის ჰაბიტატების და ფრინველთა დაცვის დირექტივებს“.
ფაქტ-მეტრმა ვახტანგ ლემონჯავას განცხადების ის ნაწილიც გადაამოწმა, სადაც ის „ქართული ოცნების“ მიერ დაპირებულ სამედიცინო ცენტრზე საუბრობდა. აღსანიშნავია, რომ ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის 22 სექტემბერს ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა: ზუგდიდში შეიქმნება საერთაშორისო, კავკასიის რეგიონისთვის განკუთვნილი სამედიცინო ცენტრი და სასწავლებელი. გვინდა, რომ მშენებლობა 2013 წლიდან დავიწყოთ და აუცილებლად დავიწყებთ კიდეც. მთავარი კი ისაა, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის მკურნალობა და სწავლა სრულიად უფასო იქნება და ასევე, აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვისაც“. წინასაარჩევნოდ მომზადებულ ვიდეორგოლში, ზუგდიდში რეგიონული მასშტაბის სარეაბილიტაციო ცენტრის აშენების შესახებ, ასევე საუბრობდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ალასანია. აღსანიშნავია, რომ როგორც ირაკლი ალასანია, ისე ბიძინა ივანიშვილი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ზუგდიდის ეკონომიკაში 100 მილიონიანი ინვესტიციის განხორციელების შესახებ საუბრობდნენ. აღნიშნული ინვესტიციის ფარგლებში უნდა დაფინანსებულიყო ზუგდიდში რეგიონული მნიშვნელობის სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობაც.
ახლახანს, საქართველოს რეგიონებში გამართული ტურნეს ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილმა, ზუგდიდში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ორ თვეში ზუგდიდში რეგიონული მასშტაბის სამედიცინო ცენტრის მშენებლობა დაიწყება, რომლის აშენების შესახებაც ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის 22 სექტემბერს ზუგდიდში ისაუბრა.
ამ საკითხზე ჩვენ ზუგდიდის გამგებელს, ედიშერ თოლორაიას დავუკავშირდით. მისი განცხადებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, რუხის ტერიტორიაზე ორ თვეში ზუგდიდის სამედიცინო, სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობის დაწყება იგეგმება, რომელიც 220 ადამიანს მოემსახურება და ტექნიკური პერსონალის ჩათვლით 600-მდე ადამიანი დასაქმდება. პროექტი ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდება და მას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და ჯანდაცვის სამინისტროები ერთობლივად განახორციელებენ. ამ საკითხზე ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროსაც დავუკავშირდით და დავინტერესდით 2014 წლის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტში რა მოცულობის თანხა იყო გამოყოფილი ცენტრის ასაშენებლად. სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ამ ეტაპზე სამედიცინო ცენტრის პროექტზე მიმდინარეობს მუშაობა და მისი დასრულების შემდეგ იქნება ცნობილი როგორც ხარჯების, ისე მშენებლობის დაწყებისა და დასრულების შესახებ. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ასევე ირკვევა, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდი, ჯანდაცვის სამინისტროს თხოვნით, შესაბამის გეოლოგიურ კვლევას ახორციელებს.
დასკვნა
ფაქტ-მეტრის მიერ მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ რუხში სამედიცინო ცენტრის მშენებლობის პროექტზე მუშაობა ახლა მიმდინარეობს. შესაბამისად ამ დროისათვის მშენებლობის დაწყებისა და დასრულების ვადები ცნობილი არ არის. ამ ფაქტორის გამო დეპუტატ ვახტანგ ლემონჯავას განცხადება მცდარად ვერ ჩაითვლება.
ფოთის საერთაშორისო აეროპორტისა და ფოთი-ანაკლიის დამაკავშირებელი მაგისტრალის მშენებლობის შეჩერების შესახებ, ვახტანგ ლემონჯავა მართებულად აღნიშნავს, რომ პროექტი შეჩერდა. საქართველოს ხელისუფლებისა და გარემოსდამცველი ორგანიზაციების შეფასებით კი ამას შესაბამისი მიზეზი ჰქონდა, რადგან ორივე პროექტი რამსარის კონვენციას ეწინააღმდეგება. ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ფოთის ნაცვლად საერთაშორისო აეროპორტის ანაკლიაში აშენების ერთერთ მიზეზსაც სწორედ ეს ფაქტორი წარმოადგენს. თუმცა აღსანიშნავია, რომ გარემოს დამცველი ორგანიზაციები, ფოთის ტერიტორიაზე საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობასა და ასევე ზოგადად ქალაქ ლაზიკის აშენების იდეასაც ეკოლოგიური რიკსებიდან და რამსარის კონვენციის მოთხოვნებიდან გამომდინარე დაუშვებლად მიიჩნევენ. რაც შეეხება გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას, საერთაშორისო აეროპორტის ანაკლიის ტერიტორიაზე აშენებასთან დაკავშირებით, ამ დროისათვის ფაქტ-მეტრისათვის უცნობია, იგივე ეკოლოგიური რისკებიდან გამომდინარე რამდენად გამართლებულია ეკონომიკის მინისტრისათვის ანაკლიაში საერთაშორისო აეროპორტის აშენება.
რაც შეეხება ფოთი-ანაკლიის დამაკავშირებელი მაგისტრალის მშენებლობის ინიციატივას, ამ დროისათვის ამ მიმართულებით არანაირი სამუშაოები არ მიმდინარეობს. გარემოს დაცმველი ორგანიზაციების დასკვნის მიხედვით, ანაკლია-ფოთის დამაკავშირებელი მაგისტრალის მშენებელობა დაუშვებელია, რადგანაც ის რამსარის კონვენციას ეწინააღმდეგება.
ვახტანგ ლემონჯავას განცხადების ბოლო ნაწილი, რომელშიც დეპუტატი „ქართული ოცნების“ შეუსრულებელი დაპირების, კურორტ მენჯის რეაბილიტაციის შესახებ საუბრობს, სიმართლეს შეესაბამება, რადგან არც არჩევნების შემდეგ და არც ახლა მენჯის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ დაწყებულა.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების ანალიზის საფუძველზე ჩვენ ვასკვნით, რომ ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.