წლის 21 თებერვლის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა, გიორგი ვაშაძემ, საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს მიმართა: „ძალიან კარგია, რომ თქვენ გაეცანით სტრატეგიულ დოკუმენტს ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს 2020 წელს საქართველო, მაგრამ სამწუხაროა, რომ თქვენ მოგწონთ ეს დოკუმენტი, რომელშიც ძალიან ბევრი ტყუილია. ამ დოკუმენტში, მაგალითად, წერია, რომ 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 13 000 დოლარი იქნება. მარტივი მათემატიკაა, წელს 12 %-ით, მომავალ წელს 12-ით და ასე ყოველ წელს 12 %-ით უნდა გაიზარდოს ეკონომიკა, რომ 2020 წელს ამ პარამეტრს მივაღწიოთ, მაგრამ ბიუჯეტში, რომელიც წარმოდგენილი არის საქართველოს მთავრობის მიერ, გათვლილია მხოლოდ 5-6 %-იანი ზრდა“.
ფაქტ-მეტრი დეპუტატის ამ განცხადებით დაინტერესდა და მისი გადამოწმება გადაწყვიტა.
2014 წლის 12 თებერვალს, ფინანსთა სამინისტრომ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის პროექტი - „საქართველო 2020“ გამოაქვეყნა.ამ დოკუმენტში საქართველოს ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტებისა და მათი განხორციელების გზების შესახებ მთავრობის ხედვაა წარმოდგენილი. მთავრობა 2020 წლისთვის შემდეგი ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად:
დოკუმენტში ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მონაცემები ნომინალურ მაჩვენებელშია წარმოდგენილი, რომელიც გამოსახულია ეროვნულ ვალუტაში (ლარში) და არა აშშ დოლარში, როგორც ეს დეპუტატმა განაცხადა. შესაბამისად, განცხადების ამ ნაწილში, გიორგი ვაშაძემ შეცდომა დაუშვა, რამაც ის შემდგომი გამოთვლისას არაზუსტ მაჩვენებლამდე მიიყვანა.
მთავრობის დოკუმენტი შემუშავებულია 2013 წლის ნოემბერში, შესაბამისად, მიმდინარე მაჩვენებლებად 2012 წლის მონაცემებია აღებული, ხოლო საპროგრონოზო მაჩვენებლები კი, 2020 წლისთვის დასახული გეგმაა.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2012 წელს ერთ სულ მოსახლეზე ნომინალური მშპ-ის მაჩვენებელი 5,818.1 ლარია, რაც დოკუმენტში წარმოდგენილ რიცხვს ემთხვევა. ამასთანავე, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ „საქართველო 2020“-ით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად, საჭიროა ეკონომიკის რეალური ზრდის ტემპი საშუალოდ 7%-ს, ხოლო ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი კი - 4.0%-ს შეადგენდეს.
დოკუმენტზე მსჯელობისას ყურადღება იმ ფაქტს უნდა მოვაქციოთ, რომ მასში ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მაჩვენებელი ნომინალურია, ხოლო მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი კი - რეალური. დეპუტატმა შეცდომა დაუშვა - მან დოკუმენტში ჩაწერილი მშპ-ის რეალური ზრდის მაჩვენებლით (7%) სცადა ერთ სულ მოსახლეზე 13 000 დოლარის ოდენობის ნომინალური მშპ-ის დაანგარიშება. სწორი ანალიზისთვის კი საჭიროა ჯერ ნომინალური მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი გამოვიანგარიშოთ და ამის შემდეგ განვსაზღვროთ თუ რამდენად შესაძლებელია 2020 წლისათვის ერთ სულ მოსახლეზე 13 000 ლარის (და არა დოლარის) ოდენობის ნომინალური მშპ-ის მიღწევა.
შესაბამისი ფორმულის გამოყენებით (1+მშპ ნომინალური ზრდა) = (1+მშპ რეალური ზრდა)*(1+ინფლაცია), დავიანგარიშეთ, რომ „საქართველო 2020“-ის მიხედვით, მშპ-ის ნომინალური ზრდა, 4%-იანი ინფლაციის პირობებში, დაახლოებით 11.28% უნდა იყოს, რათა 2020 წლისთვის დასახული მაჩვენებლები იქნას მიღწეული.
„საქსტატს“ 2013 წლის ნომინალური მშპ-ის ზრდის ტემპი ჯერჯერობით გამოქვეყნებული არ აქვს. ზემოთ მოყვანილი ფორმულის მეშვეობით, ჩვენ 2013 წლის ნომინალური მშპ-ის ზრდის ტემპი დავიანგარიშეთ. 2013 წელს ინფლაცია -0.5% იყო, ხოლო მშპ-ის რეალური ზრდა კი 3.2%. შესაბამისად, მშპ-ის ნომინალური ზრდა დაახლოებით 2.68%-ია.
უპირველეს ყოვლისა, უნდა ავღნიშნოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობის რაოდენობა უცვლელი იქნება, ნომინალური მშპ-ის x%-იანი ზრდა ერთ სულ მოსახლეზე ნომინალურ მშპ მაჩვენებელსაც იმავე პროცენტით გაზრდის. მაგალითად, ავიღოთ ქვეყანა, რომლის ნომინალური მშპ 1000 ლარია და 20 ადამიანი ცხოვრობს. შესაბამისად, ერთ სულ მოსახლეზე მშპ 50 ლარი გახლავთ. ნომინალური მშპ-ის 10%-იანი ზრდის შემთხვევაში და მოსახლეობის რაოდენობის უცვლელობის პირობებში, მომდევნო წელს, მშპ-ს ოდენობა 1100 ლარი იქნება, ერთ სულ მოსახლეზე ნომინალური მშპ კი - 55 ლარი (=1100:20). 50 ლარის 10%-იანი ზრდაც სწორედ 55 ლარს გვაძლევს.
ქვემოთ მოყვანილ დიაგრამაზე მოცემულია, რა მაჩვენებელს მიაღწევს ერთ სულ მოსახლეზე ნომინალური მშპ ზემოთ მოყვანილი ნომინალური ზრდის ტემპების გათვალისწინებით.
2013წელს ინფლაცია -0.5%-ის ნაცვლად 3%-მდე რომ ყოფილიყო, რეალური მშპ-ის 7%-იანი ზრდის პირობებში, 2020 წლისთვის 13 000 ლარიანი მაჩვენებლის მიღება, სავსებით შესაძლებელი იქნებოდა. შესაბამისად, ეკონომიკის 7%-ზე მაღალი ზრდის პირობებში და/ან ინფლაციის 4%-ზე მაღალი მაჩვენებლის შემთხვევაში, 2020 წლისთვის ერთ სულ მოსახლეზე ნომინალური მშპ-ის მაჩვენებლის 13 000 ლარზე აყვანა სავსებით შესაძლებელია.
თუმცა, შენიშვნის სახით დავამატებთ, რომ უპრიანია საზოგადოებამ ყურადღება არა ნომინალურ, არამედ ერთ სულ მოსახლეზე რეალური მშპ-ის მაჩვენებლის ზრდაზე გაამახვილოს. მოცემულ შემთხვევაში, მოსახლეობის იგივე რაოდენობის პირობებში, 2013 წელს 3.2%-იანი, ხოლო 2014-2020 წლებში, რეალური მშპ-ს 7%-იანი ზრდით, 2020 წლისათვის ერთ სულ მოსახლეზე რეალური მშპ 5355 ლარს მიაღწევს (დათვლილს 2003 წლის ფასებში). ამ შემთხვევაში, 2012 წელთან შედარებით, ერთ სულ მოსახლეზე რეალური მშპ 2020 წელს 1.66-ჯერ იქნება გაზრდილი.
მკითხველს შევახსენებთ, რომ რეალური მშპ ასახავს ქვეყანაში წარმოებული საქონლისა და გაწეული მომსახურების ღირებულებას მუდმივ (ჩვენს შემთხვევაში 2003 წლის) ფასებში, რათა ფასების ცვლილება, ანუ ინფლაცია/დეფლაცია გამოირიცხოს. ფაქტიურად, რეალური მშპ წარმოებული საბოლოო პროდუქციის რეალურ რაოდენობას გვიჩვენებს. შესაბამისად, ერთ სულ მოსახლეზე რეალური მშპ აჩვენებს თუ ამ საბოლოო პროდუქციის რეალური მაჩვენებლის რა რაოდენობა მოდის ერთ სულ მოსახლეზე.
დასკვნადოკუმენტში [„საქართველო 2020“] ერთ სულ მოსახლეზე საქართველოს მშპ ნაჩვენებია ლარში და არა აშშ დოლარში. აგრეთვე, რეალური მშპ-ის ზრდის ტემპად აღებულია 7% და არა 5-6%, როგორც ამას დეპუტატი აცხადებს. ამასთან, გიორგი ვაშაძე მხედველობიდან უშვებს იმ ფაქტს, რომ ერთ სულ მოსახლეზე მშპ ნომინალურ მაჩვენებელშია გამოსახული, ხოლო მშპ-ის ზრდის ტემპი კი - რეალურში. შესაბამისად, იმისათვის რომ შეფასდეს, თუ რამდენად რეალურია ერთ სულ მოსახლეზე 13 000 ლარის ოდენობის ნომინალური მშპ-ის მიღწევა 2020 წელს, მშპ-ის ზრდის ტემპი ჯერ რეალურიდან ნომინალურში უნდა გადავიყვანოთ და ამის შემდეგ განვახორციელოთ შესაბამისი კალკულაცია.
დოკუმენტში „საქართველო 2020“-ში ჩაწერილი მაჩვენებლებით, მშპ-ის 7%-იანი რეალური ზრდითა და 4%-იანი ინფლაციით, მართლაც შესაძლებელია 2020 წლისათვის ერთ სულ მოსახლეზე ნომინალური მშპ-ის 13 000 ლარის მიღწევა. მართალია, დეპუტატმა სწორად დაიანგარიშა მათემატიკურად საჭირო მშპ-ის ნომინალური ზრდის ტემპი (12%), თუმცა შეცდომა თავიდანვე, პროექტში ჩაწერილი მონაცემების გაანალიზებისას დაუშვა, რამაც ის საბოლოოდ არასწორ მაჩვენებლებამდე მიიყვანა.
შესაბამისად, დეპუტატ გიორგი ვაშაძის განცხადება: „დოკუმენტში [“საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის პროექტი - საქართველო 2020“] ძალიან ბევრი ტყუილია. ამ დოკუმენტში მაგალითად წერია, რომ 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე იქნება 13 000 დოლარი. მარტივი მათემატიკაა, წელს 12 %-ით, მომავალ წელს 12-ით და ასე ყოველ წელს 12 %-ით უნდა გაიზარდოს ეკონომიკა, რომ 2020 წელს ამ პარამეტრს მივაღწიოთ. მაგრამ, ბიუჯეტში, რომელიც წარმოდგენილია საქართველოს მთავრობის მიერ, მხოლოდ 5-6 %-იანი ზრდაა გათვლილი”, არის მცდარი.