წლის 15 იანვარს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე იგი ეკონომიკის აქტუალურ თემებზე საუბრის დროს საგარეო ვაჭრობის თემასაც შეეხო და განაცხადა: „საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 2013 წლის იანვარ-ნოემბერში 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7%-ით გაუმჯობესდა და 4 მლრდ 446 მლნ [დოლარი] შეადგინა. ამასთან, საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების რიცხვი 133 ქვეყანამდე გაიზარდა. აქედან, დადებითი სავაჭრო ბალანსი 41 ქვეყანასთან დაფიქსირდა. 2013 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი, 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20%-ით გაიზარდა და 383 მლნ აშშ დოლარი შეადგინა“.
ფაქტ-მეტრი საქართველოში საგარეო ვაჭრობის მდგომარეობით დაინტერესდა და პრემიერ-მინისტრის განცხადება გადაამოწმა.
ცხრილი1: საქართველოს საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები 2012-2013 წლებშიროგორც ცხრილიდან ვხედავთ, 2013 წლის იანვარ-ნოემბრის მდგომარეობით, უარყოფითი საგარეო სავაჭრო სალდო (იმპორტს გამოკლებული ექსპორტი) 4 მლრდ 446 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, რაც ზუსტად პრემიერ-მინისტრის მიერ დასახელებული რიცხვია. ეს მონაცემი 2012 წლის იგივე პერიოდის მონაცემზე (4 მლრდ 994 მლნ აშშ დოლარზე) 548 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია, რაც 2012 წელთან შედარებით 2013 წლის უარყოფითი საგარეო სავაჭრო ბალანსის 11%-იანი გაუმჯობესებაზე მიუთითებს. მართალია 11% პრემიერის მიერ დასახელებულ ციფრ 7%-ს აღემატება, თუმცა, ეს კიდევ უფრო ამყარებს პრემიერის პათოსს 2013 წელს საგარეო ვაჭრობაში დაფიქსირებული გაუმჯობესების შესახებ.
ცხრილი 2: საქართველოს საგარეო სავაჭრო ბალანსი „საქსტატიდან’’ მიღებული ინფორმაციისმიხედვით, საქართველოს დადებითი სავაჭრო ბალანსი 2013 წელს 40, ხოლო 2012 წელს - 47 ქვეყანასთან დაფიქსირდა. მართალია, 2012 წელს დადებითი სავაჭრო ბალანსის მქონე ქვეყნის რიცხვი (47) 2013 წელს არსებულ ქვეყნების რიცხვზე (40) მეტია, მაგრამ ამ ქვეყნებთან დადებითი საგარეო სავაჭრო ბალანსი 2013 წელს (433.6 მლნ აშშ დოლარი) 2012 წელთან (399.4 მლნ აშშ დოლარი) შედარებით გაიზარდა.
ასევე, ცხრილი 2-ის მიხედვით, 2013 წელს სულ სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების რიცხვი 134 იყო, 2012 წელს კი - 148. შესაბამისად, სავაჭრო პარტნიორების რიცხვი კი არ გაიზარდა, არამედ 14-ით შემცირდა; თუმცა, აღსანიშნავია, რომ მთლიანი უარყოფითი საგარეო სავაჭრო ბალანსის მიხედვით, 2013 წლის მონაცემი (4 მლრდ 965.1 მლნ აშშ დოლარი) 2012 წლის მონაცემთან შედარებით (5 მლრდ 464.7 მლნ აშშ დოლარი), 499.7 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია.
ცხრილი 3: საქართველოს საგარეო სავაჭრო ბალანსის დინამიკაასევე უპრიანია, ბოლო რამდენიმე წლის უარყოფითი საგარეო სავაჭრო ბალანსის დინამიკაც მიმოვიხილოთ. როგორც ცხრილი 3-დან ვხედავთ, უარყოფითი საგარეო სავაჭრო სალდო 2008 წელს 2007 წელთან შედარებით იზრდება (საქართველო-რუსეთს შორის ომის პერიოდი); 2009 წელს 2008 წელთან შედარებით ის მცირდება და 2009 წლიდან კვლავ ზრდას იწყებს. 2009 წლიდან მოყოლებული ის ზრდის ტენდენციით ხასიათდება და პიკს 2012 წელს (5 მლრდ 464 მლნ აშშ დოლარი) აღწევს. 2013 წელს კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 2012 წელთან შედარებით კლებისკენ მიდის, უმჯობესდება და 2011 წლის მაჩვენებელს უახლოვდება.
„საქსტატის’’ ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, 2013 წლის იანვარ-აგვისტოში, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტმა 383 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2012 წლის ანალოგიურ პერიოდშიკი - 319 მლნ აშშ დოლარი. აქედან ნათელია, რომ 2013 წლის იანვარ-აგვისტოში, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი, 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზუსტად 20%-ით გაუმჯობესდა.
დასკვნა
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების გადამოწმებისას გაირკვა, რომ 2013 წლის იანვარ-ნოემბრის მდგომარეობით, საგარეო სავაჭრო სალდო 4 მლრდ 446 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, რაც 2012 წლის მონაცემთან შედარებით 11%-იან გაუმჯობესებაა. 2013 წელს დადებითი სავაჭრო ბალანსი 40 ქვეყანასთან დაფიქსირდა. რაც შეეხება სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების რიცხვს, ის კი არ გაიზარდა, არამედ 134-მდე შემცირდა, თუმცა, უარყოფითი საგარეო სავაჭრო ბალანსის მიხედვით, 2013 წელს 2012 წელთან შედარებით, უკეთესი მდგომარეობაა. 2013 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტმა 383 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, 2012 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 319 მლნ აშშ დოლარი. შესაბამისად, 2013 წლის იანვარ-აგვისტოში, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი, 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20%-ით გაიზარდა.
სტატიაში მოყვანილ ფაქტებზე დაყრდნობით, ვასკვნით, რომ პრემიერ მინისტრის განცხადება: „საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 2013 წლის იანვარ-ნოემბერში 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7%-ით გაუმჯობესდა და 4 მლრდ 446 მლნ [დოლარი] შეადგინა. ამასთან, საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების რიცხვი 133 ქვეყანამდე გაიზარდა. აქედან, დადებითი სავაჭრო ბალანსი 41 ქვეყანასთან დაფიქსირდა. 2013 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით გაიზარდა და 383 მლნ აშშ დოლარი შეადგინა“, არის სიმართლე.