წლის 16 იანავრს გამართულ პრესკონფერენციაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ენერგეტიკის სფეროში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ „გასული ერთი წლის განმავლობაში გამრიცხველიანდა დამატებით 55 ათასი აბონენტი და გაზიფიცირდა 58 ათასი აბონენტი. ასევე, 2013 წელს განხორციელდა 11 უშუქო სოფლის ელექტრიფიკაცია“. მისივე თქმით, ბოლო 9 წლის განმავლობაში საქართველოში უშუქო სოფლების არსებობის შესახებ არავინ იცოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა მიმდინარე წლის პრიორიტეტად სწორედ მსგავსი საკითხების მოგვარება დაასახელა და თქვა, რომ მთავრობის მიზანია, უშუქო დასახლებული პუნქტები აღარ არსებობდეს. ამისათვის კი, ბიუჯეტიდან უკვე რამდენიმე მილიონი ლარია გამოყოფილი.
პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა ენერგეტიკის სფეროში შესრულებული სამუშაოები დეტალურად შეაჯამა და ენერგეტიკის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტები ჩამოთვალა. მისი თქმით, გასულ წელს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების მიზნით 26 ჰიდროელექტროსადგურთან მემორანდუმი გაფორმდა. 2013 წელს დასრულდა ლარსის, ბახვის, არაგვისა და ახმეტის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა. სწორედ გასულ წელს დაიწყო ერთი-ერთი მსხვილი ჰიდროენერგეტიკული პროექტის, აჭარისწყლის კასკადის მშენებლობა. გარდა ამისა, 2014 წლის ზაფხულში სამეგრელოს რეგიონში, მდინარე ხობის წყალზე დაიწყება 40 მეგავატიანი „ხობიჰესი 2“ – ის მშენებლობა. პირველად საქართველოში დაიწყო ქარის ელექტროსადგურის პროექტის განხორციელება. გარდაბანში 230 მეგავატიანი სიმძლავრის თბოსადგურის მშენებლობა დაიწყო, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგეტიკის სისტემის მდგრადობაში. ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, რომ 2012 წელთან შედარებით, 2013 წელს ენერგეტიკაში შემოსული ინვესტიცია 7%-ით გაიზარდა და პირველი 3 კვარტლის მონაცემებით მისი ოდენობა 141 მლნ ლარს შეადგენს. ასევე დასრულდა საქართველოსა და თურქეთს შორის ახალი 500 კილოვატიანი ძაბვის გადამცემი ხაზის და ქვესადგურის მშენებლობა.ამასთან, ბევრი პროექტი მიმდინარე ფაზაშია და მუშაობა აქტიურად გრძელდება.
ფაქტ-მეტრი 2013 წლის გაზიფიცერებისა და ელექტროფიცირების თემით დაინტერესდა და ენერგეტიკის სფეროში მიმდინარე სამუშაოების შესწავლა გადაწყვიტა.
ინფორმაციის გადასამოწმებლად ენერგეტიკის სამინისტროს მივმართეთ. სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გავარკვიეთ შემდეგი:
გამრიცხველიანებაენერგეტიკის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2013 წლის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით, ჯამში სულ 65 922 აბონენტი გამრიცხველიანდა. რაც შეეხება, 2013 წლის გამრიცხველიანების გეგმას, ის რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:
როგორც ზემოთ მოცემული ინფორმაციიდან ჩანს, 2013 წლის განმავლობაში, წლიურ გეგმასთან შედარებით 15 802-ით მეტი აბონენტი გამრიცხველიანდა.
გაზიფიცირება 2013წელს, საქართველოს მასშტაბით, სულ 57 733 აბონენტის გაზიფიცირება განხორციელდა. რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული რაოდენობის პოტენციურ აბონენტს საშუალება მიეცა, გადახდის საფუძველზე ჩართულიყო ბუნებრივი აირის ქსელში. აღნიშნული ციფრი 2013 წლის გეგმასთან შედარებით 7 668-ით ნაკლებია.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2013 წლის გეგმის მიხედვით, სულ 65 401 აბონენტის გაზაფიცირება იგეგმებოდა. ნოემბრის მდგომარეობით, გაზიფიცირებულ აბონენტთა რაოდენობა 31109–ს შეადგენდა, მიმდინარე სამუშაოების მიხედვით კი (მათ შორის ისეთების, რომლებიც 2014 წლისთვის უნდა დასრულდეს), კიდევ 54 634 აბონენტი უნდა გაზიფიცირებულიყო.ბუნებრვივია, ჩნდება კითხვა, თუკი 2013 წლის პირველი ათი თვის მონაცემებით გაზიფიცირებულ აბონენტთა რიცხვი 31 109 იყო, მაშინ როგორ მოხერხდა წლის დასასრულამდე დარჩენილ ორ თვეში თითქმის გაორმაგებული სამუშაოების შესრულება და 57 733 აბონენტის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფა. აღნიშნული ენერგეტიკის სამინისტროში შემდეგნაირად განმარტეს: გაზიფიცირების ტემპი, როგორც წესი წლის ბოლო თვეებში მატულობს და სამუშაოებს უფრო ინტენსიური ხასიათი აქვს. გარდა ამისა, გაზიფიცირებაზე პასუხისმგებელი კომპანიები სრულყოფილ სტატისტიკას სამინისტროს ყოველთვიურად ვერ აწვდიან და საბოლოო მონაცემებს ერთიანი ანგარიშის სახით ინფორმაციას წლის ბოლოს უგზავნიან.
ელექტრიფიკაციარაც შეეხება უშუქო სოფლებს. ენერგეტიკის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2013 წელს სულ 11 ასეთი სოფლის ელექტრიფიკაცია განხორციელდა. ესენია: ლეთეთი, უტყისუბანი, ჭიაურა, ღართა, ქსოვრისი, გოსტიბე, გრძელველი, მამიშლარი, იმერხევი, ჭართალა და შატილი.
უშუქოდ დარჩენილი სოფლების თემაზე ფაქტ–მეტრი სხვა სტატიაშიცსაუბრობდა. აღნიშნული საკითხის კვლევის ფარგლებში ენერგეტიკის სამინისტროსგან ელექტროენერგიის გარეშე მყოფი სოფლების სრული ჩამონათვალი გამოვითხოვეთ, მათი ჯამური რაოდენობა 35–ს შეადგენდა. თუმცა, მასში სამინისტროს მიერ დასახელებული შემდეგი ოთხი სოფელი: მამიშლარი, იმერხევი, წართალა და შატილი არ ფიქსირდებოდა. შესაძლებელია, ეს სწორედ ის სოფლებია, რომლებიც წერილის გამოთხოვის მომენტში უკვე ელექტრიფიცირებული იყო და მათ შესახებ ინფორმაცია ენერგეტიკის სამინისტრომ მხოლოდ რაოდენობრივი მონაცემების სახით მოგვაწოდა.
დასკვნაირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაცხადებული ინფორმაციის გადამოწმებისას, გაირკვა, რომ 2013 წელს საქართველოს მასშტაბით სულ გამრიცხველიანდა 65 922 აბონენტი, რაც პრემიერ-მინისტრის მიერ დასახელებულ ციფრს 15 722-ით აღემატება, გაზიფიცირდა 57 733 აბონენტი (ეს მაჩვენებელი გაზიფიცირების 2013 წლის წლიურ გეგმაზე 7668-ით ნაკლებია) და 11 უშუქო სოფლის ელექტრიფიკაცია მოხდა.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება: „გასული ერთი წლის განმავლობაში გამრიცხველიანდა დამატებით 55 ათასი და გაზიფიცირდა 58 ათასი აბონენტი. ასევე, 2013 წელს განხორციელდა 11 უშუქო სოფლის ელექტრიფიცირება“, არის სიმართლე.