2013

წლის 30 ოქტომბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დეპუტატებმა ხე-ტყის უკანონო ჭრაზე ჯარიმების ზრდის საკითხი განიხილეს. ამ თემაზე მოსაზრება საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა, გიორგი ვაშაძემ გამოთქვა. მან ეჭვქვეშ დააყენა ჯარიმების ზრდის მექანიზმის ეფექტურობა და აღნიშნა, რომ ეს გლეხებს ზედმეტ ტვირთად დააწვება, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა „სოფლებში გაზიფიცირება გაჩერებულია მთელი საქართველოს მასშტაბით“ და მოსახლეობა იძულებულია ზამთარში შეშა გამოიყენოს.

ფაქტ–მეტრი გაზიფიცირებასთან დაკავშირებული მდგომარეობის გარკვევას შეეცადა.

გიორგი ვაშაძეს ჩვენი საპარლამენტო კორესპოდენტი ესაუბრა და თხოვა დაეზუსტებინა, თუ რის საფუძველზე გააკეთა აღნიშნული განცხადება. დეპუტატის თქმით, მას კონკრეტული სტატისტიკური მონაცემები არ გააჩნდა, თუმცა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მიმდინარე წლის განმავლობაში, ხშირად უნახავს გაზიფიცირების შეჩერებული სამუშაოები.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია ქვეყნის რეგიონების გაზიფიცირების გეგმა 2013-2014

წლებისთვის. გეგმის მიხედვით, 2013 წელს 65,401 კომლის გაზიფიცირება უნდა მომხდარიყო.

გიორგი ვაშაძის განცხადების გადამოწმებისას, ჩვენ 2013 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით, შესაბამისი სტატისტიკა გამოვითხოვეთ,  სადაც აღნიშნულია, რომ წლის დასაწყისიდან ნოემბრამდე, საქართველოს მასშტაბით, 31,109 აბონენტის გაზიფიცირება მოხდა, რაც შარშანდელი გეგმის დაახლოებით ნახევარს შეადგენდა. აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ გეგმის მიხედვით, მიმდინარე წელს, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის გაზიფიცირება გათვალისწინებული არ იყო და ამ რეგიონებში 300 აბონენტის დამატება გეგმის გარეშე მოხდა.

გაზიფიცირების სამუშაოები (აბონენტის/კომლის რაოდენობა)

გეგმა 2013

დასრულებული სამუშაოები 2013 წლის 1 ნოემბრისათვის (მათ შორის გეგმის გარეშე დასახლებები)

მიმდინარე სამუშაოები (მათ შორის ისინი, რომლებიც დასრულდება 2014 წელს)

აჭარის ა.რ.           2,450                       2,450                          -
გურია           1,130                           443                   1,761
იმერეთი         20,819                       7,784                 19,519
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი                  -                           300                          -
კახეთი           8,761                       4,315                 17,515
მცხეთა-მთიანეთი           3,671                       1,827                   2,064
სამეგრელო-ზემო სვანეთი         11,420                       3,940                   8,614
სამცხე-ჯავახეთი           4,976                       3,986                   1,528
ქვემო ქართლი           9,868                       5,138                   2,311
შიდა ქართლი           2,306                           926                   1,322
სულ         65,401                     31,109                 54,634
გასული წლის ბოლოს, ფაქტ-მეტრი გაზიფიცირების თემას კვლავ დაუბრუნდა. ჩვენ ენერგეტიკის სამინისტროდან შესაბამისი სტატისტიკა გამოვითხოვეთ. უწყებიდან მიღებული ინფორმაციის

 თანახმად, 2013 წელს ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის საშუალება 57,733 აბონენტს მიეცა. ბუნებრივია, ჩვენ დავინტერესდით, თუ რამ გამოიწვია გაზიფიცირებული აბონენტების ასეთი მკვეთრი მატება წლის ბოლო ორ თვეში. აღნიშნულ საკითხზე ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენელმა განგვიმარტა, რომ გაზიფიცირებული აბონენტების რიცხვის მკვეთრი მატება ორი მიზეზით არის განპირობებული: ზოგადი ტენდენციის მიხედვით, ანუ, გაზიფიცირების სამუშაოების ტემპი წლის ბოლო თვეებში უფრო იმატებს. მეორე ფაქტორი კი ისაა, რომ გაზიფიცირებაზე პასუხისმგებელი კომპანიები სამინისტროს ყოველთვიურად ვერ აწვდიან სრულყოფილ სტატისტიკას და საბოლოო მონაცემებს ძირითადად წლის ბოლოსთვის აჯამენ.

ფაქტ-მეტრი წინა წლებში არსებული მდგომარეობის გარკვევასაც შეეცადა. ჩვენ გვსურდა გაგვეგო, რამდენი კომლის გაზიფიცირება იყო დაგეგმილი 2011, 2012 წლებში და რამდენად განსხვდებოდა ამ წლებში შესრულებული სამუშაოების საბოლოო სტატისტიკური მონაცემები პირველ ათ თვესთან შედარებით. სამწუხაროდ, მსგავსი ანალიზის გაკეთება ვერ მოხერხდა, რადგან, სამინისტროში განგვიცხადეს, რომ გასული წლების დაზუსტებული თვიური სტატისტიკა და გეგმები არ გააჩნიათ.

გარდა უშუალოდ საკვლევი საკითხისა, მკითხველისთვის ალბათ  საინტერესო იქნება გაზიფიცირებასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის გაცნობაც. ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოში სულ 200 ათასამდე ოჯახია დარჩენილი, რომლებსაც ბუნებრივ გაზზე ჯერჯერობით ხელი არ მიუწვდებათ. მინისტრის განცხადებით, გაზიფიცირების პროცესი საბოლოოდ 2016 წლისთვის დასრულდება. აქვე აღსანიშნავია, რომ  სამინისტროსა და გაზიფიცირების განმახორციელებელ კომპანიებს შორის მოლაპარაკების საფუძველზე, რეგიონის მოსახლეობას საკუთარ სახლებში ბუნებრივი აირის შეყვანის საფასურის გადახდა ეტაპობრივად, რამდენიმე წლის განმავლობაში შეუძლიათ, თავდაპირველი მინიმალური გადასახადი კი 25 ლარს შეადგენს. ეს ინიციატივა კახა კალაძემ 2013 წლის 22 მაისს გამართულ ბრიფინგზე გააჟღერა.   დასკვნა

გიორგი ვაშაძის განცხადების გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ 2013 წელს საქართველოს რეგიონებში 65,401 ახალი აბონენტის დამატება იყო დაგეგმილი. პირველი ნოემბრის მონაცემებით (იმ დროს როდესაც ვაშაძემ განცხადება გააკეთა), 31,109 ოჯახის გაზიფიცირება იყო დასრულებული, რაც წლიური გეგმის თითქმის ნახევარს შეადგენდა. გასული წლის ბოლოს ფაქტ-მეტრი კვლავ მიუბრუნდა გაზიფიცირების საკითხს. ჩვენ 2013 წლის სრული სტატისტიკა გამოვითხოვეთ, რომლის მიხედვითაც, გასულ წელს ქსელში ჩართვის საშუალება 57,733 აბონენტს მიეცა.

ენერგეტიკის სამინისტროს განმარტებით, 2013 წლის ათი თვისა და მთელი წლის სტატისტიკურ მონაცემებს შორის ასეთ დიდ სხვაობას ყოველთვიური სტატისტიკის წარმოებაში არსებული ხარვეზები იწვევს. გაზიციფირებაზე პასუხისმგებელი კომპანიები საბოლოოდ დაზუსტებულ სტატისტიკას წლის ბოლოს წარმოადგენენ, რაც თვიურ მონაცემებთან შედარებით, შესამჩნევი სხვაობის გამომწვევია. აქვე, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გაზიფიცირების სამუშაოებთან დაკავშირებით ფაქტ-მეტრის ერთადერთ წყაროს ენერგეტიკის სამინისტრო წარმოადგენს, რადგან ჩვენ, კანონით, ვერ დავავალდებულებთ გაზიფიცირებაზე პასუხისმგებელ კომპანიებს, რომ ესა თუ ის სტატისტიკური ინფორმაცია მოგვაწოდონ. ბუნებრივია, ფაქტ-მეტრს რამდენჯერმე ჰქონდა კერძო კომპანიებიდან ინფორმაციის მიღების მცდელობა, თუმცა, მათ შესაბამისი სტატისტიკა არ მოგვაწოდეს. მიუხედავად ამისა, ფაქტ-მეტრი კვლავაც გააგრძელებს გაზიფიცირებასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლას და ახალი გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში, მკითხველს განახლებულ ინფორმაციას მიაწვდის.

რაც შეეხება უშუალოდ გიორგი ვაშაძის განცხადებას, როგორც უკვე ვთქვით, ოფიციალური მონაცემებით, 2013 წელს, საქართველოში 57,733 აბონენტს მიეცა ქსელში ჩართვის საშუალება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ გასული წლის გეგმა (65,401 აბონენტი) ბოლომდე არ შესრულდა, თუმცა, მისი დიდი ნაწილი (დაახლ. 90 %) შესრულებულია. აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ეს სტატისტიკა ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე ზუსტი და შესაძლებელია გაზიფიცირებული აბონენტების რაოდენობა დაზუსტების შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდოს. აქედან გამომდინარე, იმის მტკიცება, რომ გაზიფიცირება მთელი ქვეყნის მასშტაბით შეჩერდა, არამართებულია, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა დეპუტატი არანაირ სტატიტიკას არ ეყრდნობა.

ჩვენს ხელთ არსებულ ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, ვასკვნით, რომ დეპუტატ გიორგი ვაშაძის განცხადება: „სოფლებში გაზიფიცირება გაჩერებულია მთელი საქართველოს მასშტაბით“ საკმაოდ გაზვიადებულია და არის მცდარი.

რედაქტორის შენიშვნა: აღნიშნული სტატიის თავდაპირველი ვარიანტი 2013 წლის 25 ნოემბერს გამოქვეყნდა. ამ დროისთვის, ჩვენ ჯერ კიდევ არ გვქონდა გასულ წელს შესრულებული გაზიფიცირების სამუშაოების სრული სტატისტიკა. ამის გამო, გადავწყვიტეთ წლის ბოლოს კვლავ მივბუნებოდით ამ საკითხს. მიმდინარე წლის დასაწყისში, ჩვენ ენერგეტიკის სამინისტროდან გასული წლის სრული მონაცემები გამოვითხოვეთ. უწყებიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, 2013 წელს 57,733 ახალ აბონენტს მიეცა ქსელში ჩართვის შესაძლებლობა. ამ სტატისტიკის გაანალიზების შემდეგ, დღის წესრიგში სტატიის განახლება დადგა. შესაბამისად, სტატია დაკორექტირდა და ფაქტ-მეტრის ვერდიქტიც შეიცვალა.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი