იტვირთება

2014

  წლის 15 იანვარს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნეს-სექტორთან შეხვედრა გამართა. აღნიშნულ შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება სოფლის მეურნეობის სექტორში არსებულ მდგომარეობაზეც გაამახვილა და იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლებსაც მთავრობა ამ მიმართულებით ახორციელებს. მისი თქმით, სოფლის მეურნეობის სექტორში მომუშავეთა მხარდასაჭერად 2013 წლის გაზაფხულიდან  შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა ამოქმედდა. სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი ბანკების მიერ დაფინანსებული აგროსესხების საპროცენტო განაკვეთების ცხრიდან 10-12 %-მდე თანადაფინანსებას ახორციელებს. გარდა ამისა: „აქტიური მუშაობა მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების სამელიორაციო მომსახურების უზრუნველსაყოფად, რისთვისაც შემუშავდა და ხორციელდება სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაციის პროგრამა“. პრემიერ–მინისტრმა განმარტა, რომ ამ და სხვა პროექტების განხორციელებამ  ქვეყანაში პირველადი პროდუქციის წარმოების წახალისება გამოიწვია და დამატებითი სამუშაო ადგილები შექმნა.

ფაქტ-მეტრი სოფლის მეურნეობის სექტორში მიმდინარე სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაციის პროგრამით დაინტერესდა და საკითხის შესწავლა გადაწყვიტა.

ინფორმაციისათვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მივმართეთ. მიღებულ წერილის მიხედვით გაირკვა, რომ სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის პროექტი 2011 წლიდან მიმდინარეობს. 2013 წელს კი „შპს საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიისათვის“ კაპიტალის გაზრდისა და ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 იანვრის #122 განკარგულების საფუძველზე აღნიშნული პროგრამის გაუმჯობესება დაიწყო.

სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიმდინარე პროგრამა ითვალისწინებს:

  • მაგისტრალური სარწყავი არხების, პირველი და სხვა რიგის გამანაწილებლების, სარწყავი სისტემების, შიდასამეურნეო ქსელების სარეაბილიტაციო და საექსპლოატაციო ღონისძიებებს;
  • სადრენაჟო სისტემების მაგისტრალური წყალგამყვანი არხების, პირველი და სხვა რიგის წყალშემკრები კოლექტორების,  შიდასამეურნეო არხებისა და (შიდასამეურნეო კვლების „ორნატი“) ქსელის სარეაბილიტაციო და საექსპლოატაციო ღონისძიებებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროსავე ინფორმაციით:

  • სარეაბილიტაციო ობიექტების პროექტირება და ექსპერტიზა ძირთადად დამთავრებულია;
  • 2013 წლის პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულ ყველა ობიექტზე გამოცხადებულია ტენდერი;
  • მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, ხორციელდება მათი ტექნიკური და საავტორო ზედამხედველობა;
  • სარეაბილიტაციო სამუშაოების პროგრამის დასრულება განსაზღვრულია პროექტებით დადგენილი კონკრეტული ვადების მიხედვით (აღნიშნული ვადები წერილში მითითებული არ არის).

ფაქტ-მეტრი ასევე დაინტერესდა, თუ რა მდგომარეობა იყო ამ მიმართულებით და რა ოდენობის თანხები იხარჯებოდა სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის დაფინანსების კუთხით გასულ წლებში. სოფლის მეურნეობის სამინისტროდან შესაბამისი სტატისტიკა გამოვითხოვეთ, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება:

  • სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია-მოდერნიაზაციის დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხები:
2009 წელი

ამ წლებში მიზნობრივად, სარეაბილიტაციო დანიშნულებით კომპანიას სახსრები არ გამოეყოფოდა

2010 წელი
2011 წელი

3 280 000 ლარი

2012 წელი

6 776 000 ლარი

  • სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის განახლებისთვის გამოყოფილი რესურსები:
2009 წელი

419 000 ლარი

2010 წელი

79 000 ლარი

2011 წელი

445 000 ლარი

2012 წელი

3 635 000 ლარი

რაც შეეხება შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიისათვის 2013 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს მთავრობის 27.11.2013 წლის # 1602 განკარგულების საფუძველზე გამოყოფილ დაფინანასებას, შემდეგნაირად გამოიყურება:

1

 

სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება სულ, მათ შორის:

45, 052, 194

1.1

ირიგაცია

35, 823, 737

1.2

დრენაჟი

2, 588, 230

1.3

პროექტების ექსპერტიზისა და ზედამხედველობის ღონისძიებები

6, 640, 227

2

სამალიორაციო დანიშნულების ტექნიკის შეძენა

3, 547, 606

საბიუჯეტო დაფინანსება სულ

48, 599, 800

წერილში შენიშვნის სახით მითითებულია, რომ ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 11 აპრილის #112 ბრძანების შესაბამისად, გეგმის წლიური შესრულების დეტალური ანგარიში 2014 წლის 1 მარტს დასრულდება.

სოფლის მეურნეობის სექტორიში, მელიორაციის კუთხით, მიმდინარე პროცესები დადებითად არის შეფასებული არასამთავრობო ორგანიზაცია „EPRC” -ის („ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“) მიერ. მათ ანგარიშში: „სოფლის მეურნეობა: გამოწვევები და მიდინარე პოლიტიკა“ ნათქვამია, რომ 2013 წლიდან აგრარულმა პოლიტიკამ ქვეყანაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა და სოფლის მეურნეობამ პრიორიტეტული მნიშვნელობა შეიძინა. ანგარიშში დეტალურად არის განხილული ყველა ის პროცესი, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ მიმართულებით ახორციელებს:

  • 2013 წელს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის მიერ სარემონტო სამუშაოები დაიყო 195 ობიექტზე, აქედან 180 ობიექტზე უკვე დასრულებულია;
  • გაწმენდილი და შეკეთებულია სარწყავი სისტემების 680 კმ მაგისტრალური არხი და პირველი რიგის გამანაწილებელი, 3 ათას კილომეტრამდე სხვადასხვა დონის გამანაწილებლები, 148 კმ-მდე დამშრობი სისტემების არხები;
  • პირველად მოხდა სახელმწიფოს სახსრებით შიდასამეურნეო ქსელის წმენდა და დღეის მდგომარეობით 1000 კმ-მდე შიდასამეურნეო არხია გაწმენდილი;
  • საქართველოს მასშტაბით სარწყავი სისტემების პრაქტიკულად ყველა დიდი მაგისტრალური არხი და გამანაწილებელი გაწმენდილია და სარწყავი სეზონის დამთავრებისთანავე დაგეგმილია მათზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება, რაც ბოლო 20-25 წელია არ ჩატარებულა;
  • შეძენილია 3,6 მლნ ლარის თანამედროვე მიწისმთხრელი მექანიზმები. გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების  კომპანია ასევე აღიჭურვა 4,5 მლნ დოლარის ღირებულების ტექნიკით;
  • ტბისი-კუმისი სარწყავი სისტემის გარდა, ყველა სისტემაში გაშვებულია წყალი და დაწყებულია მორწყვის სეზონი.

მიუხედავად იმისა, რომ „EPRC”–ის მიერ ჩატარებულ კვლევაში საირიგაციო სისტემების რეაბილიტაციის პროცესი დადებითად არის შეფასებული, აღნიშნულია, რომ ქვეყანაში მელიორაციის პრობლემების მოგვარება ერთჯერადი პროგრამებითა და ღონისძიებებით შეუძლებელია. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია ინსტიტუციონალური განვითარება, ოპტიმალური სტრუქტურის ჩამოყალიბება და ამ პროცესებში კერძო სექტორის ჩართვაც.

დასკვნა

საკითხის შესწავლისას გაირკვა, რომ სოფლის მეურნეობის სექტორში სასოფლო-სამეურნეო სავარგულების სამელიორაციო სისტემის მოდერნიზების პროგრამა მართლაც მიმდინარეობს. აქვე, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ პროექტი ხელისუფლების ცვლილების შემდეგ არ შემუშავებულა, ის 2011 წლიდან ხორციელდება და ყოველწლიურად პროგრამისათვის ბიუჯეტიდან შესაბამისი თანხებიც არის გამოყოფილი, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილი ყურადღებას არ ამახვილებს. 2013 წელს კი აღნიშნული პროგრამის კაპიტალის გაზრდისა და ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით, თანხის გამოყოფის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება გამოიცა და სამელიორაციო ინფრასტურქტურის რეაბილიტაცია-გაუმჯობესებისათვის გათვალისწინებული თანხა 48 599 800 ლარით განისაზღვრა, რაც რამდენჯერმე აღემატება წინა წლებში იმავე მიზნებისთვის გამოყოფილი სახსრების ოდენობას. შესაბამისად, არსებული პროგრამის გაუმჯობესება და არა მისი შემუშავება მოხდა, როგორც ამას პერმიერ-მინისტრი მიუთითებს.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება: „აქტიური მუშაობა მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების სამელიორაციო მომსახურების უზრუნველსაყოფად, რისთვისაც შემუშავდა და ხორციელდება სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაციის პროგრამა“, არის მეტწილად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

4664 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
18%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%
ტყუილი
7%

ყველაზე კითხვადი