წლის 23 იანვარს უმცირესობის წევრმა, გიორგი თევდორაძემ, პარლამენტის მიერ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მეორე მოსმენით განხილვისას, განაცხადა: „საერთაშორისოდ აღიარებული კრიტერიუმია, რომ თვითმმართველი ქალაქების განმსაზღვრელი ერთ-ერთი პარამეტრი მისი მოსახლეობა იყოს. ამ კანონპროექტში, განსხვავებით პირველი რედაქციისა, ეს კრიტერიუმი უგულვებელყოფილია“.
ფაქტ-მეტი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
დღეის მდგომარეობით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანულ კანონში თვითმმართველ ქალაქებად ის ქალაქები განისაზღვრა, რომლებიც 2006 წლის 1 იანვრამდე რაიონის შემადგენლობაში არ შედიოდნენ (მუხლი 65 ნაწილი 2). დღეს თვითმმართველი ქალაქებია:თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი, ბათუმი და სოხუმი.
პარლამენტის მიერ განხილული „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ თავდაპირველ ვერსიაში,ქალაქისთვის თვითმმართველი სტატუსის მინიჭება გარკვეული კრიტერიუმებით განისაზღვრებოდა. კერძოდ, კოდექსის მიხედვით:„თვითმმართველი ქალაქი არის ისეთი დასახლება, რომლის ტერიტორიაზეც რეგისტრირებულია არანაკლებ 15,000 მოსახლე, გააჩნია ურბანული მიზიდულობისა და განვითარების პოტენციალი და მინიჭებული აქვს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი.
საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, თვითმმართველი ქალაქის სტატუსი შეიძლება ასევე მიენიჭოს იმ ქალაქს, რომლის რეგისტრირებული მოსახლეობა 15,000 მცხოვრებზე ნაკლებია“ (მუხლი 3 ნაწილი 2).
შესაბამისად, ამ რედაქციის ამოქმედების შემთხვევაში, თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მიენიჭებოდათ იმ ქალაქებს, სადაც 15 000-ზე მეტი მოსახლე იქნებოდა და ზემოთ აღნიშნულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებდნენ, ან პარლამენტი თავისი დადგენილებით, გამონაკლის შემთხვევებში (რიცხოვნობის კრიტერიუმის გარეშე), ასევე მიანიჭებდა თვითმმართველი ქალაქის სტატუსს.
თუმცა, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მეორე მოსმენით მიღებულ ორგანულ კანონპროეტში,თვითმმართველი ქალაქის სტატუსი რაიმე კრიტერიუმებით აღარ განისაზღვრება (აღსანიშნავია, რომ კონკრეტულად ეს ნორმა პარლამენტმა მესამე მოსმენითაც ძალაში დატოვა და პროექტიც საბოლოოდ ასეთი ფორმით მიიღო). გარდამავალ დებულებებში ჩამოთვლილია ქალაქები, რომელთაც მიენიჭებათ (ან უკვე აქვთ) თვითმმართველი ქალაქების სტატუსი, ესენია: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი (რომელთაც უკვე ჰქონდათ თვითმმართველი ქალაქის სტატუსი) და თელავი, ოზურგეთი, ზუგდიდი, გორი, მცხეთა და ახალციხე (რომელთაც მიენიჭებათ თვითმმართველი ქალაქების სტატუსი).
ფაქტ–მეტრი თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმებს საერთაშორისო დონეზეც გაეცნო. გავეცნოთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების რამდენიმე მაგალითს:
იტალია იტალია შედგება სამი დონის თვითმმართველობისგან: რეგიონებისგან (სულ 20 რეგიონი, აქედან 5 განსაკუთრებული სტატუსის), პროვინციებისგან (სულ 107) და მუნიციპალიტეტებისაგან (სულ 8 094). ასევე, იტალიაში გხვდება მეტროპოლისები (სულ 9), რომლებიც წარმოადგენენ თვითმმართველ ერთეულებს და უშუალოდ არიან გაწერილი კანონში (Decreto Legislativo 18 agosto 2000, n. 267). მეტროპოლის (თვითმმართველ) ქალაქებს წარმოადგენენ: ტურინი, მილანი, ვენეცია, გენუა, ბოლონია, ფლორენცია, რომი, ბარი და ნეაპოლი. შესაბამისად, იტალიაში არ არსებობს კონკრეტული კრიტერიუმები თვითმმართველი ქალაქის სტატუსის განსასაზღვრად და მათ უშუალოდ კანონი ადგენს.
სლოვაკეთი სლოვაკეთი დაყოფილია ორ დონიან თვითმმართველობად - ესენია, რეგიონული და ადგილობრივი. არსებობს სულ 8 რეგიონი და 2 892 ადგილობრივი ხელისუფლება. აქედან 138-ს თვითმმართველი ქალაქის (mesto)
სტატუსი აქვს, მინიჭებული სლოვაკეთის პარლამენტის მიერ იმ მუნიციპალიტეტებისთვის, რომლებიც ადმინისტრაციულ, ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრებს წარმოადგენენ და საჯარო მომსახურებას ეწევიან მეზობელი ქალაქებისთვის.
ამასთან ერთად, სლოვაკეთის ეროვნულ საბჭოს, მთავრობის წარდგინებით, მუნიციპალიტეტის თვითმმართველ ქალაქად გამოცხადების უფლებამოსილება გააჩნია, რაც ასევე სხვადასხვა მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს. კერძოდ, ის უნდა წარმოადგენდეს ეკონომიკურ, კულტურულ და ადმინისტრაციულ ან ტურისტულ ცენტრს, მომსახურებას უწევდეს მეზობელ მუნიციპალიტეტებს, იყოს ურბანულად განაშენიანებული და ჰყავდეს მინიმუმ 5 000 მცხოვრები.როგორც ვხედავთ, სლოვაკეთში თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭების მთელი რიგი კრიტერიუმები განსაზღვრულია.
ასევე, სპეციალური კანონითრეგულირდება სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავას (Law 377/1990) და სიდიდით მეორე ქალაქის კოშიცეს სტატუსი (Law 401/1990) .
ჩეხეთის რესპუბლიკა ჩეხეთის რესპუბლიკა 14 რეგიონისაგან (მათ შორის პრაღა, რომელიც ქალაქიცაა და რეგიონიც) და 6 249 მუნიციპალიტეტისაგან შედგება. „Act
No 128/200 Coll.. on Municipalities“ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის შესახებ კანონს, რომელშიც 20 თვითმმართველი ქალაქია გაწერილი და ქალაქისთვის თვითმმართველი სტატუსის მინიჭების არანაირი კრიტერიუმი არ გვხვდება.
პოლონეთი პოლონეთი 16 რეგიონად (Województwo), 379 საგრაფოდ (poviat) და 2479 მუნიციპალიტეტებადაა (gmina)
დაყოფილი. 379 საგრაფოდან 65 ურბანული მუნიციპალიტეტია, რომელთაც სპეციალური სტატუსი - „ქალაქი საგრაფოს უფლებებით“ (თვითმმართველი ქალაქი) გააჩნიათ. ასევე, სპეციალური სტატუსით სარგებლობს დედაქალაქი ვარშავა.
თვითმმართველი ქალაქის სტატუსით სარგებლობისთვის პოლონური კანონმდებლობის მიხედვით, ქალაქში მინიმუმ 100 000 მოსახლეუნდა ცხოვრებდეს.
დასკვნა
გიორგი თევდორაძის განცხადების გადამოწმების შედეგად, დადგინდა, რომ ცალკეულ ქვეყნებში თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმს ნამდვილად წარმოადგენს მოსახლეობის რაოდენობა. თუმცა, საერთაშორისო პრაქტიკა ასევე ითვალისწინებს სტატუსის მინიჭების სხვა, არარაოდენობრივ მაჩვენებლებსაც, როგორებიცაა ეკონომიკური, კულტურული, ადმინისტრაციული და სხვა კრიტერიუმები. ასევე, შესაძლებელია კრიტერიუმები საერთოდ არც არსებობდეს და ქალაქისთვის თვითმმართველი სტატუსი უბრალოდ ადგილობრივი კანონმდებლობით იყოს მინიჭებული. ეს კარგად ჩანს ჩვენს მიერ განხილული ქვეყნების მაგალითებიდანაც.
შესაბამისად, გიორგი თევდორაძე მართალია, როდესაც აცხადებს, რომ ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა თვითმმართველი სტატუსის მინიჭების ერთ-ერთ კრიტერიუმს წარმოადგენს. იგი ასევე, მართალია, როცა აღნიშნავს, რომ მეორე რედაქციისგან განსხვავებით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ კანონპროექტის პირველ რედაქციაში რიცხოვნობის კრიტერიუმი გათვალისწინებული იყო. მიუხედავად ამისა, არასწორია დეპუტატის განცხადების კონტექსტი, რომლითაც ის უგულებელყოფს სხვა კრიტერიუმებს, ან საერთოდ ნებისმიერი კრიტერიუმების გარეშე ქალაქისთვის ამგვარი სტატუსის მინიჭების საერთაშორისო პრაქტიკას.
სტატიაში გაანალიზებული ფაქტებიდან გამომდინარე, ჩვენ ვასკვნით, რომ გიორგი თევდორაძეს განცხადება: „საერთაშორისოდ აღიარებული კრიტერიუმია, რომ თვითმმართველი ქალაქების განმსაზღვრელი ერთ-ერთი პარამეტრი მისი მოსახლეობა იყოს. ამ კანონპროექტში, განსხვავებით პირველი რედაქციისა, ეს კრიტერიუმი უგულვებელყოფილია“, არის მეტწილად სიმართლე.