შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ბიზნესმენებს გასული წლის ეკონომიკური მაჩვენებლები გააცნო და საკუთრების უფლების დაცულობაზეც ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „საკუთრების უფლება საქართველოში დაცულია, ისე როგორც არასდროს. ამას ადასტურებს საერთაშორისო რეიტინგები, რაც სათანადოდ აისახა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2013-2014 წლის გლობალური კონკურენტუნარიანობის მოხსენებაში საქართველოსათვის მინიჭებულ გაუმჯობესებულ რეიტინგში. კერძოდ, ამ მოხსენების მიხედვით, საქართველოს რეიტინგი 5 ადგილით გაუმჯობესდა. კვლევის თანახმად, საქართველოს პოზიციები გაუმჯობესებულია 114-დან 48 ქვეკომპონენტში. Doing Business-ის მონაცემებით საქართველოს მერვე ადგილი უკავია ბიზნესის კეთების რეიტინგში.“
ფაქტ-მეტრი პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.
„გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიში“ ყოველწლიური ანგარიშია, რომელსაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი აქვეყნებს. მასში ქვეყნები გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის საფუძველზე ფასდებიან. ანგარიში აფასებს ქვეყნების შესაძლებლობას, უზრუნველყონ მოქალაქეების კეთილდღეობის მაღალი დონე. ეს კი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად პროდუქტულად იყენებს ქვეყანა ხელმისაწვდომ რესურსებს.
ანგარიშის ავტორები კონკურენტუნარიანობას განმარტავენ, როგორც ინსტიტუტების, სხვადასხვა მიმართულებით გატარებული პოლიტიკისა და იმ ფაქტორების ერთობლიობას, რომლებიც ქვეყნის პროდუქტიულობის დონეს განსაზღვრავენ. უფრო მეტად კონკურენტული ეკონომიკა ისაა, რომელსაც, სავარაუდოდ, მომავალში უფრო სწრაფად ზრდის პერსპექტივა აქვს. გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი 114 კომპონენტზე დაყრდნობით გამოითვლება, რომლებიც კონკურენტუნარიანობის 12 სვეტადაა დაჯგუფებული. პირველი სვეტი ინსტიტუტებს მოიცავს, მეორე - ინფრასტრუქტურას, მესამე - მაკროეკონომიკურ გარემოს, მეოთხე - ჯანმრთელობასა და დაწყებით განათლებას, მეხუთე უმაღლეს განათლებასა და ტრენინგს უკავშირდება, მეექვსე - სასაქონლო ბაზრის ეფექტურობას, მეშვიდე - შრომის ბაზრის ეფექტურობას, მერვე - ფინანსური ბაზრის განვითარებას, მეცხრე - ტექნოლოგიურ მზაობას, მეათე - ბაზრის ზომას, მეთერთმეტე - ბიზნესის განვითარების დონეს, მეთორმეტე სვეტი კი იმ კომპონენტებს აერთიანებს, რომლებიც ინოვაციას მოიცავს.
2013-2014 წლის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშში,“სადაც საქართველოს 148 ქვეყანაში 72-ე ადგილი უკავია, წინა წელთან შედარებით ქვეყნის პოზიციები მართლაც 5 ადგილით გაუმჯობესდა. 2012-2013 წლებში საქართველოს 77-ე ადგილი ეკავა (144 ქვეყანაში) თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, შესწავლილი ქვეყნების რაოდენობის ზრდა საქართველოს პოზიციებზე გავლენას არ ახდენს. ქვეყნისთვის რეიტინგში ადგილის მინიჭება გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის საფუძველზე ხდება, რომელიც, თავის მხრივ, 114 კომპონენტში ქვეყნის მიერ მიღებულ შეფასებას ეყრდნობა. გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი 1-დან (უდაბლესი) 7-მდე (უმაღლესი) მერყეობს, საქართველოსთვის ეს მაჩვენებელი 2013-2014 წწ. ანგარიშში 4.15-ს შეადგენს, რაც წინა წლის მონაცემს (4.07) 0.08 ქულით აღემატება. შედარებისთვის, წლევანდელ ანგარიშში პირველ ადგილზე მყოფი შვეიცარიის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი 5.67-ს შეადგენს, ბოლო ადგილზე მყოფი ჩადის კი - 2.85-ს. რეიტინგში საქართველოს მეზობლად არიან ვიეტნამი და ეკვადორი, შესაბამისად, 70-ე და 71-ე ადგილებზე, მათი გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი 4.18-ს შეადგენს, ასევე მაკედონია (4.14) და ბოტსვანა (4.13), შესაბამისად, 73-ე და 74-ე ადგილებით. რაც შეეხება გეოგრაფიულად საქართველოს მეზობლად მდებარე ქვეყნებს, ამ რეიტინგში აზერბაიჯანი (4.51) 39-ე ადგილზეა, თურქეთი (4.45) 44-ზე, რუსეთი (4.25) 64-ზე, სომხეთი (4.10) 79-ზე, უკრაინა კი - (4.05) 84-ზე.
წლევანდელ ანგარიშში წინა წელთან შედარებით საქართველოს პოზიციები მართლაც 114-დან 48 კომპონენტში გაუმჯობესდა, მათ შორისაა საკუთრების უფლებაც, ასევე ინტელექტუალური საკუთრების უფლება, სასამართლო დამოუკიდებლობა, განათლების სისტემის ხარისხი, ანტიმონოპოლიური პოლიტიკის ეფექტურობა და სხვა კომპონენტები. პრემიერ-მინისტრის განცხადების ის ნაწილი, სადაც იგი ამბობს, რომ „საკუთრების უფლება საქართველოში დაცულია, ისე როგორც არასდროს“, შესაძლოა, გავიგოთ, როგორც მისი პოლიტიკური შეფასება, რის განხილვაშიც ფაქტ-მეტრი არ შედის. თუმცა, ამ მოსაზრების გასამყარებლად, ირაკლი ღარიბაშვილს გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიში მოჰყავს, რის გამოც საკუთრების უფლების კომპონენტში საქართველოს შეფასებები გასული წლების მოხსენებებშიც ვნახეთ. ვინაიდან სხვადასხვა წელს ანგარიში განსხვავებული რაოდენობის ქვეყნებს შეისწავლიდა, მართებული იქნება, საქართველოს მონაცემები არა სხვა ქვეყნებთან მიმართებით დაკავებული პოზიციის მიხედვით განვიხილოთ, არამედ ამ კომპონენტში მისთვის მინიჭებული ინდექსით. როგორც ქვემოთ მოყვანილ ცხრილშიც ჩანს, საქართველოს წლევანდელი მაჩვენებელი აღემატება გასული სამი წლის მონაცემს, უტოლდება 2009-2010 წლების შედეგს და ნაკლებია 2008-2009 წლების ანგარიშში მინიჭებულ ინდექსზე.
ასევე საყურადღებოა, რომ ქვეყნის პოზიციების გაუმჯობესება სხვა ქვეყნებთან მიმართებით არ ნიშნავს, რომ თავად სახელმწიფომ ამა თუ იმ მიმართულებით პროგრესი განიცადა. ერთსა და იმავე კომპონენტში ქვეყნის ადგილი რეიტინგში შესაძლოა გაუმჯობესდეს, თუმცა ამ კომპონენტის შეფასება (ინდექსი) წინა წელთან შედარებით - გაუარესდეს. მოცემულ შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრი 48 კომპონენტში სხვა ქვეყნებთან შედარებით გაუმჯობესებულ პოზიციებზე საუბრობს, თუმცა ამ კომპონენტებიდან 5 შემთხვევაში საქართველოს შეფასება (ინდექსი) წინა წელთან შედარებით გაუარესებულია. მაგალითად, საქართველოს პოზიციები წლევანდელ ანგარიშში გაუმჯობესებულია მთავრობის მიერ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების გამჭვირვალობის კომპონენტში (33-ე 2013-2014 წ., 36-ე 2012-2013 წ.), თუმცა, შემცირებულია ამ მიმართულებით ქვეყნის შეფასება (4.8 გასულ წელს, 4.7 მიმდინარე წელს. შეფასება აქაც 1-დან (უდაბლესი) 7 (უმაღლესი) ქულამდე ხდება).
ასევე შესაძლებელია, რომ ქვეყნის შეფასება ამა თუ იმ კომპონენტში გაუმჯობესდეს, თუმცა რეიტინგში კი ადგილი გაუარესდეს, რაც, სავარაუდოდ, სხვა ქვეყნების პროგრესით იქნება გამოწვეული. წლევანდელ ანგარიშში 114 კომპონენტიდან საქართველოს შეფასება (ინდექსი) 50-ში გაუმჯობესდა, თუმცა აქედან 9 შემთხვევაში საქართველოს პოზიციები სხვა ქვეყნებთან მიმართებით მაინც გაუარესდა.
საერთო ჯამში, შეფასების თვალსაზრისით საქართველოს მდგომარეობა 114-დან 50 კომპონენტში გაუმჯობესდა, 34-ში გაუარესდა, 24-ში კი იგივე დარჩა. სხვა ქვეყნებთან მიმართებით საქართველოს პოზიციები, როგორც პრემიერ-მინისტრიც აღნიშნავს, 48 კომპონენტში გაუმჯობესდა, თუმცა 49-ში გაუარესდა, 11 შემთხვევაში კი იგივე დარჩა.
უფრო დეტალურად, წინა წლის მაჩვენებლებთან შედარებით, საქართველოს მდგომარეობა ცხრილშიაწარმოდგენილი, სადაც ყვითელი ფერით აღნიშნული მონაცემი წინა წელთან შედარებით გაუმჯობესებას აღნიშნავს, ლურჯი - იმავე პოზიციის შენარჩუნებას, წითელი კი - გაუარესებას.
როგორც პრემიერ–მინისტრიც აღნიშნავს, 2012-2013 წლების ანგარიშთან შედარებით წელს საქართველოს პოზიციები სხვა ქვეყნებთან მიმართებით 5 ადგილით გაუმჯობესდა, თუმცა, სრული სურათის დასანახად, ვფიქრობთ, საინტერესოა გასული წლების დინამიკაც.
„Doing Business” ბიზნესის მდგომარეობის რეიტინგს 189 ქვეყნის შესახებ ყოველ წელს აქვეყნებს. მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC-ის) ერთობლივი კვლევა - „ბიზნესის წარმოება“, რეგულაციების და იმ პროცედურების ანალიზს ახორციელებს, რაც ბიზნესის დაწყებას, საერთაშორისო ვაჭრობას, გადასახადის გადახდას, გადახდისუუნარობის გადაწყვეტას (ლიკვიდაციას) ეხება. ბიზნესის წარმოების შეფასება ათ შესაბამის ინდიკატორს ეყრდნობა.
„Doing Business”-ის 2014 წლის ანგარიშში,საქართველო 189 ქვეყანას შორის მსოფლიოში ბიზნესის წარმოების სიმარტივის თვალსაზრისით მე-8 ადგილზე დასახელდა და პოზიცია, გასულ წელთან შედარებით, ერთი საფეხურით გაიუმჯობესა.
დასკვნა 2013-2014
წლების გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშში საქართველოს პოზიციები წინა წელთან შედარებით 5 პოზიციით გაუმჯობესდა და 148 ქვეყანაში 72-ე ადგილი დაიკავა.
წლევანდელ ანგარიშში საქართველოს პოზიციები სხვა ქვეყნებთან მიმართებით მართლაც 114-დან 48 კომპონენტში გაუმჯობესდა, მათ შორისაა საკუთრების უფლებაც. ამ კომპონენტში წელს საქართველოს შესაბამისი შეფასებაც (ინდექსიც) გაზრდილია, თუმცა, ვინაიდან პრემიერის განცხადება გასულ წლებსაც გულისხმობდა, ჩვენ წინა ანგარიშების მონაცემებიც გავითვალისწინეთ. საკუთრების უფლების კომპონენტში საქართველოს წლევანდელი შეფასება (ინდექსი) აღემატება გასული სამი წლის მონაცემს, უტოლდება 2009-2010 წლების შედეგს და ნაკლებია 2008-2009 წლების ანგარიშში მინიჭებულ ინდექსზე. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრი მართალია, როდესაც საკუთრების უფლების მხრივ წინა წელთან შედარებით მდგომარეობის გაუმჯობესების კონტექსტში ამ მაგალითზე საუბრობს, თუმცა მისი განცხადება არაზუსტია იმ ნაწილში, სადაც გასული წლების მდგომარეობასაც გულისხმობს.
ამასთან, ქვეყნის პოზიციების გაუმჯობესება სხვა ქვეყნებთან მიმართებით ყოველთვის არ ნიშნავს, რომ თავად სახელმწიფომ ამა თუ იმ მიმართულებით პროგრესი განიცადა. ერთსა და იმავე კომპონენტში ქვეყნის ადგილი რეიტინგში შესაძლოა გაუმჯობესდეს, თუმცა ამ კომპონენტის შეფასება (ინდექსი) წინა წელთან შედარებით გაუარესდეს. მოცემულ შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრი 48 კომპონენტში გაუმჯობესებულ პოზიციებზე საუბრობს , თუმცა ამ კომპონენტებიდან 5 შემთხვევაში საქართველოს შეფასება (ინდექსი) წინა წელთან შედარებით გაუარესებულია.
ასევე შესაძლებელია ისიც, რომ ქვეყნის შეფასება ამა თუ იმ კომპონენტში გაუმჯობესდეს, თუმცა რეიტინგში ადგილი გაუარესდეს, რაც, სავარაუდოდ, სხვა ქვეყნების პროგრესით იქნება გამოწვეული.
საერთო ჯამში, შეფასების თვალსაზრისით საქართველოს მდგომარეობა 114-დან 50 კომპონენტში გაუმჯობესდა, 34-ში გაუარესდა, 24-ში კი იგივე დარჩა. სხვა ქვეყნებთან მიმართებით საქართველოს პოზიციები, როგორც პრემიერ-მინისტრიც აღნიშნავს, 48 კომპონენტში გაუმჯობესდა, თუმცა 49-ში გაუარესდა, 11 შემთხვევაში კი იგივე დარჩა, რაც მნიშვნელოვანი დეტალია, რომელიც განცხადების მიღმა რჩება.
რაც შეეხება „Doing Business-ის” მონაცემებს, 2014 წლის ანგარიშში,საქართველო 189 ქვეყანას შორის მსოფლიოში ბიზნესის წარმოების სიმარტივის თვალსაზრისით მართლაც მე-8 ადგილზე დასახელდა და პოზიცია, გასულ წელთან შედარებით, ერთი საფეხურით გაიუმჯობესა.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება: „საკუთრების უფლება საქართველოში დაცულია, ისე როგორც არასდროს. ამას ადასტურებს საერთაშორისო რეიტინგები, რაც სათანადოდ აისახა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2013-2014 წლის „გლობალური კონკურენტუნარიანობის მოხსენებაში,“ საქართველოსათვის მინიჭებულ გაუმჯობესებულ რეიტინგში. კერძოდ, ამ მოხსენების მიხედვით, საქართველოს რეიტინგი 5 ადგილით გაუმჯობესდა. კვლევის თანახმად, საქართველოს პოზიციები გაუმჯობესებულია 114-დან 48 ქვეკომპონენტში, Doing Business-ის მონაცემებით საქართველოს მერვე ადგილი უკავია ბიზნესის კეთების რეიტინგში,“ არის ნახევრად სიმართლე.