2014 წლის 23 იანვარს, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მეორე მოსმენით განხილვისას, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შერგელაშვილმა, განაცხადა: „ცენტრალურ ხელისუფლებას არანაირი დავალების უფლება არა აქვს მუნიციპალიტეტებისთვის, მას, შესაბამისი ფინანსური სახსრების გადაცემით, მხოლოდ და მხოლოდ უფლებამოსილების დელეგირება შეუძლია“.
ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადება გადაამოწმა.
საკითხის არსში გასარკვევად, მნიშვნელოვანია მიმოვიხილოთ, როგორც „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონი“, ასევე პარლამენტში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ თავდაპირველი და მეორე მოსმენით მიღებული ვარიანტები.
უნდა აღინიშნოს, რომ თვითმმართველი ერთეული დამოუკიდებელი იურიდიული პირია, რომელსაც თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, კანონით დადგენილი უფლებამოსილებები, საკუთარი ქონება და ბიუჯეტი გააჩნია.
ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ორგანულ კანონში ჩამოთვლილია სახელმწიფო ხელისუფლების უფლებამოსილებები ადგილობრივ თვითმმართველობასთან მიმართებაში. ეს უფლებამოსილებები ძირითადად ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებული კანონების მიღებას, მათში ცვლილებების შეტანას, მათი შესრულების კონტროლს, სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებათა გამიჯვნის უზრუნველყოფასა და დაცვას, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას ეხება (მუხლი 4, ნაწილი 4). შესაბამისად, ის არ ერევა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში და მხოლოდ გარკვეულ კონტროლს ახორციელებს.
თვითმმართველობის ერთეულს უფლებამოსილების ორი სახე გააჩნია: საკუთარი უფლებამოსილება და დელეგირებული უფლებამოსილება (მუხლი 15, ნაწილი 1). ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული საკუთარ უფლებამოსილებებს დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით ახორციელებს. შესაბამისად, მხოლოდ თვითმმართველ ერთეულს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილებები ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადება, განხილვა და დამტკიცება, ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება და გაუქმება, ადგილობრივი მოსაკრებლის ამოღება, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების მართვა-განკარგვა, მშენებლობის ნებართვის გაცემა, ადგილობრივი მნიშვნელობის გზების შენახვა, მშენებლობა და განვითარების უზრუნველყოფა და სხვა. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ თვითმმართველობის ერთეული უფლებამოსილია გადაწყვეტილება ისეთ საკითხებზე მიიღოს, რომელიც კანონის თანახმად ხელისუფლების სხვა ორგანოს უფლებამოსილებას არ განეკუთვნება და არ არის აკრძალული თვითმმართველი ერთეულისთვის (მუხლი 16).
რაც შეეხება უფლებამოსილების დელეგირებას, სახელმწიფო მმართველობის ორგანოების მიერ თვითმმართველი ერთეულისთვის უფლებამოსილებათა დელეგირება დაიშვება საქართველოს საკანონმდებლო აქტების, აგრეთვე ხელშეკრულებების საფუძველზე, შესაბამისი მატერიალური და ფინანსური რესურსების გადაცემით. შემდგომში, დელეგირებულ უფლებამოსილებას ზედამხედველობას უწევს შესაბამისი სახელმწიფო ორგანო ან თანამდებობის პირი (მუხლი 17).
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისთავდაპირველ ვარიანტში, ასევე პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით მიღებულ დოკუმენტში, მოცემულია მუნიციპალიტეტების (ადგილობრივი თვითმმართველობების) უფლებამოსილებების ორი სახე: საკუთარი და დელეგირებული. საკუთარი უფლებამოსილებები კოდექსში (მუხლი 15 ნაწილი 2) კიდევ უფრო ფართოდაა განმარტებული. რაც შეეხება დელეგირებულ უფლებამოსილებას, კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო მმართველობის ორგანოსგან თვითმმართველ ერთეულს შეიძლება გადაეცეს სახელმწიფო მმართველობის ორგანოების ის უფლებამოსილებები, რომელთა ადგილობრივ დონეზე განხორციელება უფრო ეფექტურია. აგრეთვე, მუნიციპალიტეტს, კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, აქ უფლება, დელეგირებული უფლებამოსილება განახორციელოს ადგილობრივ პირობებთან მისადაგებით (მუხლი 16).
დასკვნა
ცენტრალურ ხელისუფლებასა და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის არსებული ურთიერთობის შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგად, გაირკვა, რომ ცენტრალური ხელისუფლება მხოლოდ გარკვეულ საკანონმდებლო კონტროლს ახორციელებს, რათა თვითმმართველობის მიერ არ მოხდეს უფლებამოსილების გადამეტება და ის კანონით დადგენილ ჩარჩოებში მოქმედებდეს. თვითმმართველი ერთეული საკუთარ საქმიანობაში დამოუკიდებელია და მასში ჩარევა ან დავალების მიცემა დაუშვებელია. ცენტრალურ ხელისუფლებას (სახელმწიფოს ან ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებას), უფლება აქვს თვითმმართველი ერთეულისთვის გარკვეული უფლებამოსილების დელეგირება მოახდინოს. ამასთანავე, უფლებამოსილების დელეგირება უნდა მოხდეს შესაბამისი მატერიალური და ფინანსური რესურსების გადაცემით/უზრუნველყოფით.
სტატიაში გაანალიზებული გარემოებებიდან გამომდინარე, ვასკვნით, რომ თენგიზ შერგელაშვილის განცხადება: „ცენტრალურ ხელისუფლებას არანაირი დავალების უფლება არა აქვს მუნიციპალიტეტებისთვის, მას შესაბამისი ფინანსური სახსრების გადაცემით მხოლოდ და მხოლოდ უფლებამოსილების დელეგირება შეუძლია“, არის სიმართლე.