საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 25 დეკემბრის სხდომაზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა: „მშობიარობა ფინანსდება და დღეს უკვე 17000-მდე მშობიარობაა დაფინასებული“.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა დეპუტატის განცხადებით და მასში მოყვანილი ფაქტის სიზუსტე გადაამოწმა.
შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს 2013 წლის ანგარიშისთანახმად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, 23 დეკემბრის მდგომარეობით, 1 ივლისიდან სულ 16 924 მშობიარობა დაფინანსდა, აქედან ფიზიოლოგიური მშობიარობა - 11 261 შემთხვევა, ხოლო საკეისრო კვეთა - 5 663.
აქვე, მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს ზოგადად გასული წლების მშობიარობის სტატისტიკა, რაც სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მოგვაწოდა (იხ. ცხრილი)
ორსულთა პატრონაჟისა და მშობიარობისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო თანხას პირველი ივლისიდან გამოყოფს, სადაც ლიმიტი ფიზიოლოგიური მშობიარობისას 500 ლარს, საკეისრო კვეთის შემთხვევაში კი 800 ლარს შეადგენს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საკეისრო კვეთის შესახებ ექიმის მიმართვა არ არსებობს და ის მოქალაქის სურვილით ხდება, სახელმწიფო მხოლოდ 500 ლარს გამოყოფს. ჯანდაცვის სამინისტროს 2013 წლის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2014 წლის 1 იანვრიდან ამ სერვისით სარგებლობა იმ მოქალაქეებსაც შეუძლიათ, რომლებსაც კერძო სადაზღვევო კონტრაქტი ჰქონდათ და ის 2013 წლის 1 ივლისის შემდეგ შეუწყდათ.
ფაქტ-მეტრის ყურადღება მშობიარობების დაფინანსების საკითხმა ადრეც მიიპყრო. როგორც აღვნიშნავდით, ამ პროგრამით გათვალისწინებული თანხა მშობიარობის ხარჯების სრულად დასაფარად ყოველთვის არ კმარა. მაგალითად, „ჩაჩავას კლინიკაში“ ფიზიოლოგიური მშობიარობისას სამედიცინო მომსახურების ღირებულება 550 ლარიდან იწყება და 2950 ლარს აღწევს, საკეისრო კვეთის ღირებულება კი 1140 ლარიდან იწყება და 3550 ლარამდე მერყეობს. „იმედის კლინიკაში“ ფიზიოლოგიური მშობიარობის ფასები 690 ლარიდან, საკეისრო კვეთის კი - 890 ლარიდან იწყება. შპს „შალვა (დავით) ქორიძის სახელობის სამშობიარო სახლში“ ფიზიოლოგიური მშობიარობის ფასი 600 ლარიდან იწყება, საკეისრო კვეთის კი - 900 ლარიდან. სს „რუსთავის სამშობიარო სახლში“ ფიზიოლოგიური მშობიარობისა და საკეისრო კვეთის ფასები, შესაბამისად, 580 და 800 ლარიდან იწყება. „დავით გაგუას კლინიკაში“ ფასები 650 და 995 ლარიდან, სამშობიარო სახლში „ემბრიო“ კი - 625 და 900 ლარიდან იწყება.
ფაქტ-მეტრი ასევე დაინტერესდა, აფინანსებდა თუ არა სახელმწიფო მშობიარობას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებამდე. მთავრობის N218 და N165 დადგენილებები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებამდე თავისი ბენეფიციარებისთვის მშობიარობის დაფინანსებას ითვალისწინებდა, რომელთა ძირითადი მოსარგებლეებიც სოციალურად დაუცველი მოსახლეობა და სტუდენტები იყვნენ. ამ შემთხვევაშიც ფიზიოლოგიური მშობიარობისას სადაზღვევო ლიმიტი 500, საკეისრო კვეთისას კი 800 ლარს შეადგენდა.
დასკვნა
შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს 2013 წლის ანგარიშის თანახმად, 23 დეკემბრის მდგომარეობით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სულ 16 924 მშობიარობაა დაფინანსებული, აქედან ფიზიოლოგიური მშობიარობა - 11 261 შემთხვევა, საკეისრო კვეთა - 5 663. დეპუტატი მართალია, როდესაც აცხადებს, რომ სახელმწიფოს მიერ 17000-მდე მშობიარობა დაფინანსდა, თუმცა, როგორც კვლევამ აჩვენა, ეს თანხა მშობიარობის მთლიანად დასაფინანსებლად ყოველთვის საკმარისი არ არის და მოქალაქეებს რიგ შემთხვევებში მაინც უწევთ თანხის საკუთარი ჯიბიდან გადახდა.
ჩვენი დასკვნით, დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის განცხადება, რომ „17000-მდე მშობიარობაა დაფინასებული“, არის მეტწილად სიმართლე.