წლის 13 ნოემბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა სერგო რატიანმა განაცხადა: „მიმდინარე წელს გათვალისწინებული 5 მილიონი ლარი არ გაიხარჯა სტუდენტებზე და გადავიდა სხვა მუხლში. საინტერესო მოტივაცია ჰქონდა განათლების სამინისტროს, რომ 5 მილიონის ზედმეტობა იყო და სტუდენტები არ დააფინანსეს“.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა პარლამენტის წევრის განცხადებით და მასში მოყვანილი ფაქტის სიზუსტე გადავამოწმეთ.
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელის სერგო რატიანის განმარტებით, ის განცხადებაში განათლების და მეცნიერების სამინისტროს ქვეპროგრამაზე - „სახელმწიფო სასწავლო გრანტი“ საუბრობს. მისი თქმით, „სახელმწიფო სასწავლო გრანტისთვის“ გამოყოფილი თანხა პროგრამის ფარგლებში ბოლომდე არ გაიხარჯა და 5 მლნ ლარი სხვა მუხლში იქნა გადატანილი.
2013 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, ქვეპროგრამის „სახელმწიფო სასწავლო გრანტის“ დაფინანსება გაიზარდა და მისი მოცულობა 57.6 მლნ ლარით განისაზღვრა. 2012 წელსაღნიშნული ქვეპროგრამის ბიუჯეტი 44,2 მლნ ლარს შეადგენდა.
სახელმწიფო სასწავლო გრანტი მოიცავს: ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების საფუძველზე ბაკალავრიატის სტუდენტების სრულ ან ნაწილობრივ დაფინანსებას. ასევე, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და უფასო ფაკულტეტების დაფინანსებას.
განათლების და მეცნიერების სამინისტროსგან მიღებული ინფორმაციისთანახმად, სახელმწიფო სასწავლო გრანტის ფარგლებში „უფასო ფაკულტეტების“ პროგრამული დაფინანსების ზრდა დაიგეგმა. 2012 წლის ბოლოდან 2013 წლის გაზაფხულამდე უფასო ფაკულტეტების ბენეფიციართა რაოდენობის და დაფინანსებისთვის საჭირო თანხის ოდენობის განსაზღვრისათვის მუშაობა გაგრძელდა. განათლების სამინისტროს განმარტებით, აღნიშნულიდან გამომდინარე ქვეპროგრამაში, „სახელმწიფო სასწავლო გრანტი“ 4,8 მლნ ლარის ოდენობით თანხის ზედმეტობა აღმოჩნდა და ეს თანხა მოგვიანებით სხვა პროგრამებზე გადანაწილდა:
- პროგრამაზე „მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა“ -1,4 მლნ ლარი. აღნიშნული პროგრამა საჯარო სკოლების ყველა კლასის, ასევე კერძო სკოლების სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების მოსწავლე შვილებისათვის ზოგადი განათლების მისაღებად საჭირო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფას გულისხმობს.
- პროგრამაზე „ზოგადი განათლების ხელშეწყობა“ - 3,4 მლნ ლარი. აღნიშნული პროგრამა იმ მოსწავლეების სკოლაში ტრანსპორტირებას (ავტობუსით, მიკროავტობუსით) გულისხმობს, რომლებიც ისეთ დასახლებულ პუნქტში, (დაბა, სოფელი) ცხოვრობენ, სადაც სკოლა არ ფუნქციონირებს.
ზემოთ აღნიშნული ფაქტი ასევე დაგვიდასტურა განათლების და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ეკატერინე მაჩიტიძემ.
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი, სერგო რატიანი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს: „ის ფაქტი, რომ სასწავლო გრანტების მოცულობა გაიზარდა მისასალმებელია. მაგრამ, სახელმწიფო სასწავლო გრანტისითვის განსაზღვრული თანხის ათვისება შესაძლებელი იყო პროგრამის ფარგლებში და ისევ სტუდენტების დაფინანსებას უნდა მოხმარებოდა. ამ თანხით შესაძლებელი იყო მეტი სტუდენტის დაფინანსება“.
დასკვნა 2013წელს უფასო ფაკულტეტების უზრუნველსაყოფად ქვეპროგრამის „სახელმწიფო სასწავლო გრანტის“ დაფინანსება გაიზარდა და მისი მოცულობა სახელმწიფო ბიუჯეტში 57.6 მლნ ლარით განისაზღვრა.
განათლების და მეცნიერების სამინისტროს განმარტებით, საბოლოოდ უფასო ფაკულტეტების ბენეფიციართა რაოდენობა და დაფინანსებისთვის საჭირო თანხის ოდენობა 2013 წლის გაზაფხულზე განისაზღვრა, რის შემდეგაც, ქვეპროგრამაში „სახელმწიფო სასწავლო გარნტი“ 4,8 მლნ ლარის ოდენობით თანხის „ზედმეტობა“ აღმოჩნდა. აღნიშნული თანხა პროგრამის ფარგლებში არ გადანაწილებულა და სხვა მუხლებში („მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა“ -1,4 მლნ ლარი და „ზოგადი განათლების ხელშეწყობა“ - 3,4 მლნ ლარი) იქნა გადატანილი.
შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ დეპუტატ სერგო რატიანის განცხადება: „მიმდინარე წელს გათვალისწინებული 5 მილიონი ლარი არ გაიხარჯა სტუდენტებზე და გადავიდა სხვა მუხლში“, არის სიმართლე.