2013 წლის 13 ნოემბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა სერგო რატიანმა განაცხადა: „მიმდინარე წელს გათვალისწინებული 5 მილიონი ლარი არ გაიხარჯა სტუდენტებზე და გადავიდა სხვა მუხლში. საინტერესო მოტივაცია ჰქონდა განათლების სამინისტროს, რომ 5 მილიონის ზედმეტობა იყო და სტუდენტები არ დააფინანსეს“.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა პარლამენტის წევრის განცხადებით და მასში მოყვანილი ფაქტის სიზუსტე გადავამოწმეთ.
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელის სერგო რატიანის განმარტებით, ის განცხადებაში განათლების და მეცნიერების სამინისტროს ქვეპროგრამაზე - „სახელმწიფო სასწავლო გრანტი“ საუბრობს. მისი თქმით, „სახელმწიფო სასწავლო გრანტისთვის“ გამოყოფილი თანხა პროგრამის ფარგლებში ბოლომდე არ გაიხარჯა და 5 მლნ ლარი სხვა მუხლში იქნა გადატანილი.
2013 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, ქვეპროგრამის „სახელმწიფო სასწავლო გრანტის“ დაფინანსება გაიზარდა და მისი მოცულობა 57.6 მლნ ლარით განისაზღვრა. 2012 წელს აღნიშნული ქვეპროგრამის ბიუჯეტი 44,2 მლნ ლარს შეადგენდა.
სახელმწიფო სასწავლო გრანტი მოიცავს: ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების საფუძველზე ბაკალავრიატის სტუდენტების სრულ ან ნაწილობრივ დაფინანსებას. ასევე, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და უფასო ფაკულტეტების დაფინანსებას.
განათლების და მეცნიერების სამინისტროსგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფო სასწავლო გრანტის ფარგლებში „უფასო ფაკულტეტების“ პროგრამული დაფინანსების ზრდა დაიგეგმა. 2012 წლის ბოლოდან 2013 წლის გაზაფხულამდე უფასო ფაკულტეტების ბენეფიციართა რაოდენობის და დაფინანსებისთვის საჭირო თანხის ოდენობის განსაზღვრისათვის მუშაობა გაგრძელდა. განათლების სამინისტროს განმარტებით, აღნიშნულიდან გამომდინარე ქვეპროგრამაში, „სახელმწიფო სასწავლო გრანტი“ 4,8 მლნ ლარის ოდენობით თანხის ზედმეტობა აღმოჩნდა და ეს თანხა მოგვიანებით სხვა პროგრამებზე გადანაწილდა:
- პროგრამაზე „მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა“ -1,4 მლნ ლარი. აღნიშნული პროგრამა საჯარო სკოლების ყველა კლასის, ასევე კერძო სკოლების სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების მოსწავლე შვილებისათვის ზოგადი განათლების მისაღებად საჭირო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფას გულისხმობს.
- პროგრამაზე „ზოგადი განათლების ხელშეწყობა“ - 3,4 მლნ ლარი. აღნიშნული პროგრამა იმ მოსწავლეების სკოლაში ტრანსპორტირებას (ავტობუსით, მიკროავტობუსით) გულისხმობს, რომლებიც ისეთ დასახლებულ პუნქტში, (დაბა, სოფელი) ცხოვრობენ, სადაც სკოლა არ ფუნქციონირებს.