წლის 13 ნოემბრის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა: „ერთი სფერო რაშიც ჩავარდნა გვაქვს, ეს არის მშენებლობა, მაგრამ გეტყვით რომ მშენებლობაში 40%-ით შემცირებულია მხოლოდ სახელმწიფოს მონაწილეობით, აი ასეთი შენობების [პარლამენტი] ხარჯი. კერძო მშენებლობა 10%-ით არის გაზრდილი და დარგობრივად 9 თვის განმავლობაში ძალიან ბევრი მიმართულებით არის ზრდა“.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა ფინანსთა მინისტრის აღნიშნული განცხადებით და მისი გადამოწმება გადაწყვიტა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2013 წლის პირველ ექვს თვეში მშენებლობის სექტორის პროდუქციის გამოშვება შემცირებულია 13.9%-ით, ხოლო პირველი ცხრა თვის მონაცემებით კი - 27.6%-ით. „საქსტატი“ მშენებლობის პროდუქციას საკუთრების ფორმის მიხედვით 2 კატეგორიად ყოფს, კერძო სექტორის მიერ დაფინანსებულ მშენებლობად და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ მშენებლობად. კერძო სექტორის მიერ დაფინანსებული მშენებლობის პროდუქციის გამოშვება პირველ 6 თვეში 13%-ით შემცირდა, ხოლო 9 თვეში 26.9%-ით. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მშენებლობის პროდუქციის გამოშვება პირველ 6 თვეში 85.1%-ით შემცირდა, ხოლო 9 თვეში 74.7%-ით. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ სახელმწიფო მშენებლობის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელი ძალიან მცირეა კერძო სექტორის მიერ დაფინანსებულ მშენებლობასთან შედარებით.
რაც შეეხება ეკონომიკის სექტორების ზრდას, „საქსტატს“ დღეის მდგომარეობით მხოლოდ 6 თვის მონაცემები აქვს გამოქვეყნებული, რომლიც მიხედვითაც ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ნამდვილად არის ზრდა. მაგალითად, რეალურმა ზრდამ ვაჭრობაში 6.3% შეადგინა, საფინანსო საქმიანობაში 7.8%, განათლებაში 4.1%, სამთომოპოვებით მრეწველობაში 7.9%, სოფლის მეურნეობასა და სატყეო მეურნეობაში 8.7% და ასე შემდეგ (ქვემოთ მოყვანილი ცხრილი არ შეიცავს სექტორების სრულ სიას).
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სექტორის ზრდასთან ერთად ყურადღება ზრდის ტემპის სიდიდესაც უნდა დაეთმოს, რომელიც თავის მხრივ ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ტემპზეც ახდენ გავლენას.
2013 წელს სოფლის მეურნეობა მაღალი ზრდის ტემპით ხასიათდებოდა წინა წლებთან შედარებით. ასევე წინა წლებთან შედარებით მაღალი ზრდის ტემპებით ხასიათდება სამთომომპოვებითი მრეწველობისა და განათლების სექტორებიც. ბოლო 3 წლის მონაცემებზე დაყრდნობით კლებადი ზრდის ტენდენციით ხასიათდება ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოების, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების, კავშირგაბმულობის, სასტუმროებისა და რესტორნების, ვაჭრობისა და რემონტის, საფინანსო საქმიანობის სფეროები. თუმცა რამდენიმე მათგანში ჯერ კიდევ ზრდის მაღალი ტემპებია შენარჩუნებული. ზრდის ტემპი უარყოფით მაჩვენებელშია (ვარდნა) გამოხატული ტრანსპორტის, ასევე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების სექტორებში. დასკვნაფაქტ-მეტრის მიერ განცხადების გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ შემცირებულია არა მხოლოდ სახელმწიფო მშენებლობა, ასევე კერძო სექტორის მიერ განხორციელებული მშენებლობაც. სახელმწიფო მშენებლობა შემცირებულია დაახლოებით 2-ჯერ მეტად, ვიდრე ეს მინისტრმა განაცხადა. ამასთან, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მშენებლობა იმდენად მცირეა კერძო სექტორის მიერ დაფინანსებულ მშენებლობასთან შედარებით, რომ სახელმწიფო მშენებლობის 40%-იანი შემცირების პირობებშიც კი (თუკი კერძო მშენებლობაში 10%-იანი ზრდა იქნებოდა) ის მთლიანი მშენებლობის ზრდის პროცენტულ შემცირებაზე დიდ გავლენას ვერ იქონიებდა, არათუ მას ნეგატიურ მაჩვენებელში გადაიყვანდა. ამასვე მოწმობს მთლიანი მშენებლობისა და კერძო მშენებლობის კლების ტემპები (შესაბამისად 27.6% და 26.9%), რომლებიც ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან.
რაც შეეხება ეკონომიკის სხვა სექტორების ზრდას, ბევრ სექტორში ზრდა ნამდვილად ფიქსირდება, თუმცა არა ყველა სექტორში. ყურადღება ასევე უნდა დაეთმოს სექტორების ზრდის ტემპსაც, რადგან სწორედ მსხვილი სექტორების მაღალი ზრდის ტემპი განაპირობებს ქვეყნის ეკონომიკის მაღალი ზრდის მაჩვენებელსაც.
შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ ნოდარ ხადურის განცხადება, „ერთი სფერო რაშიც ჩავარდნა გვაქვს, ეს არის მშენებლობა, მაგრამ გეტყვით რომ მშენებლობაში 40%-ით შემცირებულია მხოლოდ სახელმწიფოს მონაწილეობით, აი ასეთი შენობების [პარლამენტი] ხარჯი. კერძო მშენებლობა 10%-ით არის გაზრდილი და დარგობრივად 9 თვის განმავლობაში ძალიან ბევრი მიმართულებით არის ზრდა“, არის მეტწილად მცდარი.