წლის 13 ნოემბერს საქართველოს პარლამენტში „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილებოდა. ცვლილებების პაკეტი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ წარადგინა. სიტყვით გამოსვლისას მან განმარტა, რომ ხარისხიანი განათლების მისაღებად მნიშვნელოვანია, პოლიციის აკადემიის ფარგლებში სამაგისტრო პროგრამების დანერგვის შესაძლებლობა გაჩნდეს. ამისათვის კი საჭიროა, რომ აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულის სტატუსი მიენიჭოს. მისივე თქმით, ცვლილებების ამოქმედება პოლიციის აკადემიას აღნიშნულ სტატუსს ავტომატურად არ მიანიჭებს, თუმცა შესაძლებელს გახდის, რომ აკადემიამ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მიმართოს და თუ აკადემია ავტორიზაციისათვის საჭირო მოთხოვნებსა და პირობებს დააკმაყოფილებს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიიღოს.
საკითხის განხილვას საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან შენიშვნები მოჰყვა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა, რომ წლების განმავლობაში აკადემიამ შეძლო საქართველოში პოლიცია საბჭოთა მილიციის სისტემიდან თანამედროვე, მოქალაქეების სამსახურში მყოფ პოლიციად გადაექცია. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროში ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებულ რეფორმებს, რომლის შესახებაც მინისტრის მოადგილე საუბრობდა, ჩიორა თაქთაქიშვილის თქმით, ის პოლიციელებისათვის მხოლოდ ახალი ფორმების შეკერვასა და მათი ღირსების შელახვაში გამოიხატება. ამის მაგალითად მან მელორ ვაჩნაძესთან დაკავშირებული ინციდენტი დაასახელა, რომელიც დეპუტატის განცხადებით, პოლიციელის ცემისთვის 100 ლარითაც კი არ დაჯარიმდა. მომხსენებლისადმი მიმართვისას ჩიორა თაქთაქიშვილმა თქვა: „ხარისხიანი განათლება რომ გდომოდათ თქვენ, პოლიციის აკადემიაში, ბატონო ლევან, 2012 წელს, ნოემბრის თვეში, ერთი თვეც არ იყო გასული თქვენი მთავრობის დამტკიცებიდან, თქვენ არ გააუქმებდით კონკურსებს და სასწავლო პროგრამებს პოლიციის აკადემიაში“.
ფაქტ–მეტრი იმ სასწავლო პროგრამებითა და კონკურსებით დაინტერესდა, რომლებიც დეპუტატის თქმით 2012 წლის ნოემბერში ახალი მინისტრის ბრძანების საფუძველზე გაუქმდა და ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადების გადამოწმება გადაწყვიტა.
იმის დასაზუსტებლად, თუ რა კონკურსებსა და პროგრამებს გულისხმობდა დეპუტატი განცხადებისას, ჩიორა თაქთაქიშვილს დავუკავშირდით. ფაქტ–მეტრთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრის ის ბრძანება გაუქმდა, რომელიც პოლიციის აკადემიაში სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესს უზრუნველყოფდა. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული ბრძანებით გათვალისწინებული პროგრამების გავლის გარეშე, ადრე შინაგან საქმეთა სამინისტროში თანამშრომლების შესაბამის თანამდებობებზე დანიშვნა არ ხდებოდა. ჩიორა თაქთაქიშვილის თქმით, სამინისტრომ ბრძანების გაუქმება სხვადასხვა თანამდებობებზე ისეთი თანამშრომლების დასანიშნად გამოიყენა, რომლებსაც აღნიშნული პროგრამები გავლილი არ ჰქონდათ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 9 თებერვლის # 101 ბრძანებისსაფუძველზე, პოლიციის აკადემიაში სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესი განისაზღვრა. აღნიშნული ბრძანებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მისაღები პირებისათვის და სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური პროგრამები დაწესდა. ესენია:
- პატრულ–ინსპექტორთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;
- უბნის ინსპექტორთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;
- დეტექტივ–გამომძიებლის სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;
- მეხანძრე–მაშველთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა.
ზემოაღნიშნული ბრძანების მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროში შესაბამის თანამდებობზე (ბრძანებაში მითითებული პოზიციები) კანდიდატების დანიშვნისათვის პოლიციის აკადემიის სპეციალური პროგრამების გავლა სავალდებულო იყო. ამავე ბრძანების მეორე თავი კი შინაგან საქმეთა სამინისტროში დასანიშნი კანდიდატების სპეციალურ პროგრამაზე ჩარიცხვის წესს არეგულირებდა. ის შემდეგ პუნქტებს მოიცავდა:
- განცხადების წარდგენა;
- განცხადების (აპლიკაციის) განხილვა;
- კანდიდატთა შესარჩევი ტესტირების ან/და გასაუბრების ორგანიზება;
- კანდიდატთა შესარჩევი ტესტირების ან/და გასაუბრების ჩატარების წესი;
- კანდიდატის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება;
- აკადემიაში სპეციალური პროგრამის გასავლელად მსმენელთა ჩარიცხვა;
- სამინისტროს მოსამსახურის სპეციალურ პროგრამაზე მსმენელად ჩარიცხვის წესი.
საფუძველზე „სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 9 თებერვლის #101 ბრძანება ძალადაკარგულად გამოცხადდა.
იმის გადასამოწმებლად, თუ რა მიზეზით გაუქმდა აღნიშნული ბრძანება და რით ჩანაცვლდა ის, პოლიციის აკადემიას დავუკავშირდით. აკადემიის იურისტმა ზურაბ ჩხეტიანმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ზემოთხსენებული პროგრამები კვლავ მოქმედებს და მას შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ 2012 წლის 17 დეკემბერის # 987 ბრძანებაარეგულირებს. ჩვენ ორივე ბრძანების ტექსტს გავეცანით. ახალი ბრძანება შინაარსობრივად ძველის იდენტურია და ბრძანების ახალ რედაქციაში მხოლოდ რამდენიმე ტექნიკური ხასიათის ცვლილებაა შესული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში შესაბამისი მოსამზადებელი პროგრამების ხანგრძლივობა და მომზადებული/გადამზადებული ჯგუფების სტატისტიკა წლების მიხედვით განთავსებულია აკადემიის ვებგვერდზე.ფაქტ–მეტრი შეეცადა გაერკვია, თუ რამ განაპირობა ძველი ბრძანების გაუქმებიდან ახლის მიღებამდე დაფიქსირებული თვენახევრიანი ინტერვალი. ჩვენი მცდელობის მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროდან ამომწურავი პასუხი ვერ მივიღეთ. შსს-ს წარმომადგენლის თქმით, ახალი ბრძანების მიღების დროში გაწელვა სავარაუდოდ არსებული სასწავლო პროგრამების გაუმჯობესება-დახვეწამ გამოიწვია. თუმცა, ჩვენს განცხადებაზე, რომ ახალ ბრძანებაში ამ მიმართულებით რაიმე განსაკუთრებული სახის ცვლილება არ ფიქსირდება და ის ფაქტობრივად ძველის იდენტურია, პასუხად მივიღეთ, რომ მიზეზებზე დეტალურად საუბარი უჭირს. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროსავე ინფორმაციით, ძველი ბრძანების გაუქმებას მიმდინარე სასწავლო პროცესზე გავლენა არ ჰქონია და ის ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
ბუნებრივია რჩება კითხვა, მოხდა თუ არა ძველი ბრძანების გაუქმებიდან ახლის მიღებამდე წარმოქმნილი თვენახევრიანი ინტერვალის დროს თანამდებობებზე ისეთი კადრების დანიშვნა, რომლებსაც შესაბამისი პროგრამები გავლილი არ ჰქონდათ?
უნდა აღინიშნოს, რომ პოლიციის შესახებ კანონი, რომელიც ბრძანების გაუქმების პერიოდში მოქმედებდა, მე–20 მუხლის 11 პუნქტისა და 21–ე მუხლის 1 პუნქტისსაფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტროში თანამშრომლების მიღების წესს არეგულირებდა. კანონის თანახმად წვევამდელებს პოლიციაში მიღებამდე ან მიღების შემდეგ სპეციალური მომზადების პროგრამა უნდა გაევლოთ, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებული წესებითა და ნორმატიული აქტებით რეგულირდებოდა. შესაბამისად, თვენახევრიან პერიოდში, როდესაც სპეციალური პროგრამების გავლის აუცილებლობის შესახებ მინისტრის შესაბამისი ბრძანება არ არსებობდა, შინაგან საქმეთა სამინისტროში თანამშრომლების მიღების პროცესი უნდა შეჩერებულიყო. ინფორმაცია იმის შესახებ, მოხდა თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროში ისეთი კადრების მიღება, ვისაც სპეციალური პროფესიული პროგრამები გავლილი არ ჰქონდათ, ფაქტ–მეტრს არ მოეპოვება. თუმცა, თუკი მსგავს პრეცედენტს ადგილი ჰქონდა, ის უკანონო იქნებოდა, რადგანაც წინააღმდეგობაში მოვიდოდა პოლიციის შესახებ კანონთან.
დასკვნაროგორც კვლევამ აჩვენა, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესის მარეგულირებელი ბრძანება 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის ბრძანების საფუძველზე ძალადაკარგულად გამოცხადდა. თუმცა, 2012 წლის 17 დეკემბერს გამოიცა მინისტრის ახალი ბრძანება, რომელიც იმავე საკითხს არეგულირებს და დღემდე ძალაშია. აკადემიაში კონკურსები და პროგრამები ამ დრომდე მოქმედებს და შესაბამისი პროგრამების მიხედვით მომზადებული კადრების სტატისტიკა აკადემიის ვებგვერდზეა განთავსებული.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ძველი ბრძანების გაუქმებიდან ახალი ბრძანების მიღებამდე თვენახევრიანი ინტერვალი ფიქსირდებოდა (2012 წლის 1 ნოემბრიდან 17 დეკემბრამდე) და ჩიორა თაქთაქიშვილიც პროგრამების გაუქმებაზე საუბრისას, სწორედ ბრძანების გაუქმებას გულისხმობდა, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მისი განცხადება ზუსტად აღწერს ვითარებას. ასევე, ისმის კითხვა, ამ პერიოდში დაინიშნენ, თუ არა, შესაბამის თანამდებობებზე ისეთი კანდიდატები, ვისაც ბრძანებით გათვალისიწინებული პროგრამები გავლილი არ ჰქონდათ. საკმაოდ ბუნდოვანია ძველი ბრძანების გაუქმების მიზეზიც.
აქვე, მხედველობაში უნდა მივიღოთ მინისტრის ახალი ბრძანებაც, რომელიც 2012 წლის 17 დეკემბრიდან მოქმედებს და აკადემიაში სპეციალური პროგრამებისა და კონკურსების არსებობის წესს უზრუნველყოფს. თუმცა, აღნიშნული ბრძანების არსებობაზე დეპუტატი ყურადღებას აღარ ამახვილებს და მხოლოდ მის გაუქმებაზე მიუთითებს. ისიც უნდა ითქვას, რომ განცხადებისას ჩიორა თაქათაქიშვილი მხოლოდ კონკურსებისა და პროგრამების გაუქმებაზე საუბრობდა და შინაგან საქმეთა სამინისტროში თანამშრომლების კონკურსს გარეშე მიღების ფაქტზე განმარტება მხოლოდ ჩვენთან საუბრისას გააკეთა.
ჩვენ ვასკვნით, რომ ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადება: „ხარისხიანი განათლება რომ გდომოდათ თქვენ, პოლიციის აკადემიაში, ბატონო ლევან, 2012 წელს, ნოემბრის თვეში, ერთი თვეც არ იყო გასული თქვენი მთავრობის დამტკიცებიდან, თქვენ არ გააუქმებდით კონკურსებს და სასწავლო პროგრამებს პოლიციის აკადემიაში“, არის ნახევრად სიმართლე.