2013 წლის 14 ნოემბერს, პარლამენტის სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ზურაბ მელიქიშვილმა განაცხადა: „ეკონომიკაში არსებული ცუდი მდგომარეობა გადამდებია სხვა სფეროებზეც. მაგალითად, რკინიგზას წმინდა მოგება შეუმცირდა 40%–ით, ამაზე უკვე დაწერა Fitch-რეიტინგმა და საქართველოს რკინიგზის პერსპექტივა ნეგატიურ კონტექსტში გაიყვანა. რეიტინგში ნებისმიერი პროცენტით დაკლება რამოდენიმე წლიან სპეციფიკურ [გამოსასწორებელ] სამუშაოებს საჭიროებს“.
ფაქტ–მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
მიმდინარე წლის 5 ნოემბერს, საინფორმაციო–ანალიტიკურმა პორტალმა, Georgian Business and Political Insight (BPI)–მა „საქართველოს რკინიგზის“ ფინანსური მონაცემები გამოაქვეყნა. სტატისტიკის მიხედვით, 2013 წლის პირველ 6 თვეში კომპანიამ 41,85 მლნ. ლარის წმინდა მოგება მიიღო. ეს ციფრი 41%–ით ჩამორჩება 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში „საქართველოს რკინიგზის“ შემოსავლებმა 214,91 მლნ. ლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებლს 4,53%–ით ჩამორჩება. რკინიგზის საერთო შემოსავლების 77% (165,77 მლნ. ლარი) ტვირთების გადაზიდვით არის მიღებული და 1%–ით აღემატება 2012 წელს დაფიქსირებულ ციფრს. ვაგონების იჯარიდან მიღებულმა შემოსავალმა მთლიანი შემოსავლის 6,97% (14,99 მლნ. ლარი) შეადგინა. წინა წელთან შედარებით, ეს ციფრი 40,62%–ით შემცირდა. სამგზავრო გადაყვანებით საქართველოს რკინიგზამ 7 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც 6.53%-ით ჩამორჩება 2012 წლის მონაცემს (წყარო: bpi.ge).
BPI-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის სიზუსტე ფაქტ-მეტრმა „საქრთველოს რკინიგზაში“ გადაამოწმა, სადაც დაგვიდატურეს, რომ მონაცემები სიმართლეს შეესაბამება.
5 ნოემბერს Fitch Ratings-მა „საქართველოს რკინიგზის“ საკრედიტო რეიტინგი გამოაქვეყნა. სარეიტინგო სააგენტომ რკინგზის რეიტინგი უცვლელ დონეზე (‘BB-’) დატოვა. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში შეიცვალა Fitch Rating-ის პროგნოზი ე.წ. “Outlook”, რომელიც შემდეგი 9-15 თვის მოლოდინს მოიცავს. სააგენტომ „საქართველოს რკინიგზის“ პერსპექტივა სტაბილურიდან ნეგატიურ კონტექსტში გადაიყვანა. Fitch-ი ნეგატიური პროგნოზის მიზეზად სატვირთო გადაზიდვების შემცირებას, შემცირებულ მოგებას და სახელმწიფოს მხრიდან რკინიგზის მხარდაჭერის შესუსტებას ასახელებს. სააგენტოს ექსპერტთა აზრით, არსებობს იმის რისკი, რომ თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი დაუსრულებელი დარჩება. Fitch Ratings-ი ნეგატიური ტენდენციის გამოსწორების ერთ-ერთ გზად სწორედ რკინიგზისათვის სახელმწიფოს მხარდაჭერას მიიჩნევს.
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს ხედვას „საქართველოს რკინიგზა“ გამოეხმაურა. კომპანიის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ Fitch-ის ნეგატიური პროგნოზი ტვირთების გადაზიდვის შემცირებას (2013 წლის პირველ ნახევარში, წინა წელთან შედარებით გადაზიდვების მოცულობა 11,1%–ით არის შემცირებული) უკავშირდება, რაც ძირითადად გამოწვეული იყო თენგიზ შევრონ ოილის (ყაზახეთი) ნავთობის კლებით დერეფანში (რომელიც თავის მხრივ დაბრუნდა გაზრდილი მოცულობებით მესამე კვარტლიდან) და ბაქოში ბოქსიტის ქარხნის დახურვით.
მოგების შემცირების მეორე მიზეზად „საქართველოს რკინიგზა“ სახელფასო ფონდის 30%-ით ზრდას უკავშირებს, რამაც აბსოლუტურ მაჩვენებლებში 30 მილიონი ლარი შეადგინა და კომპანიის მთლიანი ხარჯები გაზარდა.
„საქართველოს რკინიგზა“ 6 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში იმედს გამოთქვამს, რომ სამომავლოდ სიტუაცია გამოსწორდება. ამ პროგნოზის საფუძველს, კომპანიას მესამე კვარტლის მონაცემები აძლევს, რომლის მიხედვითაც, საშუალო თვის ტვირთბრუნვა მეორე კვარტლის იგივე მაჩვენებელთან მიმართებაში გაზრდილია 10,4%-ით, ხოლო ოქტომბრის - 20.1%-ით. მეორე კვარტალთან შედარებით 65%-ით გაიზარდა მესამე კვარტლის საოპერაციო მოგება (EBITDA). მესამე კვარტალში გაუმჯობესდა მომგებიანობის მარჟაც (EBITDA Margin), რომელმაც 54% შეადგინა, მაშინ როცა იგივე მაჩვენებელი მეორე კვარტალში 41% იყო. აღნიშნული მომგებიანობის მაჩვენებელი 2012 წლის მესამე კვარტალში 50,7% იყო.
დასკვნა
ზურაბ მელიქიშვილის განცხადების გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ „საქართველოს რკინიგზის“ წმინდა მოგებამ 2013 წლის პირველ ნახევარში 41,85 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 41%–ით ჩამორჩება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. საერთაშორისო სააგენტო Fitch Ratings-მა რკინიგზის გრძელვადიანი პერსპექტივა სტაბილურიდან ნეგატიურში გადაიყვანა.
სარეიტინგო სააგენტოს ნეგატიურ პროგნოზს „საქართველოს რკინიგზაში“ გამოეხმაურნენ და მისი გამომწვევი მიზეზები განმარტეს. კომპანია მიიჩნევს, რომ აღნიშნული სიტუაცია დროებითია და მისი გამოსწორება მალე მოხდება, რის დასტურადაც წელს, მესამე კვარტალში დაფიქსირებული ზრდის ტენდენცია მოჰყავს.
სტატიაში გაანალიზებული ინფორმაციის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მელიქიშვილი ფაქტებს სწორად ასახელებს. რკინიგზაში არსებულ პრობლემებს იგი ქვეყნის ეკონომიკის რთული მდგომარეობით ხსნის, რაც ასევე ლოგიკურია. მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ „საქართველოს რკინიგზის“ შემცირებული მოგება შეიძლება მხოლოდ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას არ უკავშირდება და სხვა ისეთი ფაქტორებითაცაა გამოწვეული, როგორიცაა საერთაშორისო ტვირთების შემცირება და კომპანიის მიერ სახელფასო ფონდის 30%-ანი ზრდა. ამ გარემოებების გათვალისწინებით, ჩვენ ვასკვნით, რომ ზურაბ მელიქიშვილის განცხადება: „ეკონომიკაში არსებული ცუდი მდგომარეობა გადამდებია სხვა სფეროებზეც. მაგალითად, რკინიგზას წმინდა მოგება შეუმცირდა 40%–ით, ამაზე უკვე დაწერა Fitch-რეიტინგმა და საქართველოს რკინიგზის პერსპექტივა ნეგატიურ კონტექსტში გაიყვანა“, არის მეტწილად სიმართლე.