ამჟამად უკვე ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "500 ოჯახს, რომელთაც აგვისტოს ომის შემდეგ, წინა მთავრობის დროს, სახლები აუშენეს, სოზარ სუბარმა ისინი პრაქტიკულად ხელახლა გაურემონტა. მათ არც იატაკი ჰქონდათ და არც სახურავი".
ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტრომ 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირებისთვის საერთო ჯამში 5 903 საცხოვრებელი სახლი (4 379 კოტეჯი და 1 524 ბინა) ააშენა, ხოლო საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, 2008 წლიდან დღემდე, დევნილთათვის 3 899 საცხოვრებელი სახლი აშენდა. მათ შორის 1 375 სახლი და 2 524 ბინა, რომელთა საერთო ღირებულებაც 129 750 785 ლარია.
რაც შეეხება სარემონტო სამუშაოებს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული სამუშოები მხოლოდ 2015 წელს (2013-2015 წლების პერიოდში), შემდეგ დასახლებებში ჩატარდა:
- თიღვის მუნიციპალიტეტი - სოფელი დოღლაურა, 4 კოტეჯის სახურავის რეაბილიტაცია;
- ერედვის მუნიციპალიტეტი - სოფელი თელიანი, 4 კოტეჯის იატაკის აღდგენითი სამუშაო. სოფელი სკრა, 5 კოტეჯის იატაკის აღდგენის სამუშაო. სოფელი ხურვალეთი, 31 კოტეჯის იატაკის აღდგენის სამუშაო;
- ქურთის მუნიციპალიტეტი - სოფელი კარალეთი, 84 კოტეჯის იატაკის აღდგენის სამუშაო.