მიმდინარე წლის 30 სექტემბერს თოქშოუ „არჩევანში,“ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა: „პენსიები მომავალ წელსაც არ გაიზრდება. სოციალურ ნაწილში სულ არის გათვალისწინებული 100 მილიონიანი ზრდა (არც კი). დიდი ალბათობით, ეს მიდის ისევ ჯანდაცვაზე. პენსია მომავალ წელსაც დარჩება 150 ლარი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩადო, როდესაც ხელისუფლებაში იყო, 2013 წლის ბიუჯეტში”.
ფაქტ-მეტრმა ზურაბ ჯაფარიძის განცხადება გადაამოწმა. 2015 წელს გაიზრდება თუ არა პენსია? კონკრეტულად როდის და რა მოცულობით? ფაქტ-მეტრი ამ კითხვებზე პასუხის მიღებას ბოლო ერთი თვის განმავლობაში ცდილობდა.
2015 წლის ბიუჯეტის პროექტის [პირველი წარდგენა თანახმად, 2015 წელს საპენსიო უზრუნველყოფის დაფინანსებისთვის 1 360 მლნ ლარი განისაზღვრა. 2014 წელს აღნიშნული მუხლის დასაფინანსებლად 1 326 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, შესაბამისად საპენსიო უზრუნველყოფის დაფინანსება 34 მლნ ლარით იზრდება.
2015 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ "2015-2016 წლებში დაგეგმილი რეფორმების ფარგლებში განხორციელდება არსებული სოციალური გასაცემლების დახვეწა მიზნობრივ ჯგუფებზე მეტი შედეგის მისაღწევად. გაგრძელდება საპენსიო და სხვა სოციალური გასაცემლების მოცულობის ეტაპობრივი ზრდა". თუმცა, ბიუჯეტის პროექტში არ არის ჩანაწერი, თუ როდის და რა მოცულობით გაზრდის მთავრობა ასაკობრივ პენსიას.
2015 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული ზრდა, 34 მილიონი ლარი, პენსიების მნიშვნელოვანი ზრდისთვის არასაკმარისია, რადგან თუ გავითვალისწინებთ, რომ 2014 წლის ოქტომბრის თვის მონაცემებით ქვეყანაში 696 197 ასაკით პენსიონერია, თუ 34 მლნ ლარი მათი პენსიის ზრდას მოხმარდება, მაშინ აღნიშნული თანხის ფარგლებში პენსია დაახლოებით 4 ლარით გაიზრდება. იმ შემთხვევაში, თუ პენსია 2015 წლის სექტემბრიდან გაიზრდება, ზრდა 12 ლარი იქნება. თუმცა, აღნიშნული ზრდის ფარგლებში პენსიის მცირედით გაზრდის ალბათობას შემდეგი ფაქტი აბათილებს: სოციალური მომსახურეობის სააგენტოს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ასაკით პენსიონერი ადამიანების რაოდენობა ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იზრდება (იხ. გრაფიკი N1). საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2015 წელს პენსიის მიღების უფლებას, საპენსიო ასაკის მიღწევის გამო, 52 892 ადამიანი მოიპოვებს. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ საპენსიო უზრუნველყოფის დაფინანსების ზრდა (34 მლნ ლარით) სწორედ ასაკით პენსიონერების რაოდენობის ზრდასთან არის დაკავშირებული.
გრაფიკი 1: ასაკით პენსიონერთა რაოდენობა
მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს, იმ ინფორმაციას, რომ 2015 წლის ბიუჯეტის პირველად პროექტში პენსიების ზრდა არ იყო გათვალისწინებული, პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილიც ადასტურებდა. მისი თქმით, 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში, საპენსიო ფონდის გაზრდა გათვალისწინებული არ იყო.
მოგვიანებით, კერძოდ, 7 ოქტომბერს დავით ონოფრიშვილმა 2015 წლისთვის პენსიის გაზრდაზე ისაუბრა. მისი ვარაუდით, პენსია 5-10 ლარის ფარგლებში გაიზრდება.
ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა 7 ოქტომბერს ასევე განაცხადა, რომ 2015 წელს პენსია გაიზრდება. მისივე თქმით, უახლოეს 2 თვეში გახდება ცნობილი კონკრეტულად როდის და რა მოცულობით გაიზრდება პენსია.
ამ საკითხის დაზუსტების მიზნით, ფაქტ-მეტრმა ფინანსთა სამინისტროს მიმართა. მიღებული პასუხის თანახმად, „საქართველოს მთავრობის მიერ 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მეორე წარდგენისას, გადამუშავებულ ვარიანტში გათვალისწინებული იქნება პენსიების მატების საკითხი, კონკრეტული პერიოდის და მოცულობის მითითებით“.
ზურაბ ჯაფარიძე თავის განცხადებაში ასევე აღნიშნავს, რომ ბიუჯეტი სოციალურ ნაწილში 100 მლნ ლარით (არც კი) იზრდება. 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველი წარდგენის მიხედვით, 2015 წელს სოციალური უზრუნველყოფის დაფინანსება 2 653 მლნ ლარით განისაზღვრა. 2014 წელს სოციალურ ხარჯებზე 2 581 მლნ ლარი იყო გამოყოფილი. როგორც ვხედავთ, 2015 წელს სოციალური უზრუნველყოფის დაფინანსება 72 მლნ ლარით იზრდება.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტში წინა ხელისუფლების მიერ წარდგენილ 2013 წლის ბიუჯეტის პროექტში პენსიის ზრდა გათვალისწინებული იყო. საპენსიო პაკეტი 100 დოლარის ექვივალენტამდე უნდა გაზრდილიყო.
დასკვნა
იმ ეტაპზე, როცა ზურაბ ჯაფარიძიემ განცადება გააკეთა, ბიუჯეტის პროექტში 2015 წელს პენსიების ზრდაზე კონკრეტული ჩანაწერი არ არსებობდა. ამასთან, საპენსიო უზრუნველყოფის დაფინანსების ზრდა ძალიან მცირე [34 მლნ ლარი] იყო, იმ ფონზე როცა სტატისტიკურად პენსიონერთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და 2015 წელსაც, საპენსიო ასაკის მოსახლეობა 52 892 ათასით გაიზრდება.
ბიუჯეტის პროექტის პირველი წარდგენის შემდეგ, ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ვითრება შეიცვალა და ბიუჯეტის უკვე გადამუშავებულ ვარიანტში პენსიების ზრდის საკითხი გათვალისწინებული იქნება, კონკრეტული მოცულობის და პერიოდის მითითებით. აღნიშნული ცვლილების გამო ფაქტ-მეტრი ამჯერად თავს იკავებს კონკრეტული ვერდიქტის გამოტანისგან. ჩვენ ამ საკითხზე მუშაობას ვაგრძელებთ და შესაბამის ინფორმაციას პირველივე შესაძლებლობისთანავე მივაწვდით მკითხველს.
ინფორმაციის განახლება
6 ნოემბერი, 2014 წელი.
5 ნოემბერს საქართველოს მთავრობამ პარლამენტს 2015 წლის ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი წარუდგინა. მეორე წარდგენის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საპენსიო უზრუნველყოფის დაფინანსება 1 370 მლნ ლარით განისაზღვრა. შესაბამისად, მისი მოცულობა წინა წელთან შედარებით 44 მლნ ლარით, ხოლო 2015 წლის ბიუჯეტის პირველად პროექტთან შედარებით 10 მლნ ლარით გაიზარდა.
ბიუჯეტის განმარტებითი ბარათის თანახმად, გამოყოფილი თანხის ფარგლებში 2015 წლის 1 სექტემბრიდან სოციალურად დაუცველი პენსიონერების და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პენსიის (სოციალური პაკეტის) 25 ლარით ზრდაა დაგეგმილი. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს პენსია მხოლოდ ზემოაღნიშნული კატეგორიის პენსიონერებს გაეზრდებათ და მხოლოდ 2016 წლიდან იგეგმება პენსიის გაზრდა ყველა კატეგორიის პენსიონერისათვის.
17 ნოემბერი, 2014 წელი.
14 ნოემბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის კორექტირებული ვარიანტი განიხილეს.
ფინანსთა მინისტრის, ასევე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, 2015 წლის სექტემბრიდან პენსია ყველა კატეგორიის პენსიონერს 10 ლარით გაეზრდება. დავით ონოფრიშვილის განმარტებით, აღნიშნული საკითხი ბიუჯეტის მესამე ვარიანტში იქნება ასახული, რომელიც პარლამენტს დეკემბერში წარედგინება.