„სასამართლო დავების დროს, როდესაც ბიზნესი და სახელმწიფო დავობდა ერთმანეთში, 99% სახელმწიფოს სასარგებლოდ წყდებოდა. შარშანდელი წლის განმავლობაში, ასეთი დავების 70% გადაწყდა ბიზნესის სასარგებლოდ. ფინანსთა სამინისტროში არსებულ დავების საბჭოში, ბიზნესის სასარგ
2014 წლის 21 თებერვალს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზვიად ძიძიგურმა განაცხადა: “სასამართლო დავების დროს, როდესაც ბიზნესი და სახელმწიფო დავობდა ერთმანეთში, 99% სახელმწიფოს სასარგებლოდ წყდებოდა. შარშანდელი წლის განმავლობაში, ასეთი დავების 70% გადაწყდა ბიზნესის სასარგებლოდ. გარდა ამისა, ფინანსთა სამინისტროში არსებულ დავების საბჭოში, ბიზნესის სასარგებლოდ უფრო მეტი დავა წყდება, ვიდრე სახელმწიფოს სასარგებლოდ“. ფაქტ-მეტრი დეპუტატის განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა. ამ განცხადებასთან დაკავშირებით თავად ზვიად ძიძიგურს ვესაუბრეთ. მან ჩვენს საპარლამენტო წარმომადგენელს განუცხადა, რომ საკითხის შესახებ კონკრეტული სტატისტიკა არ გააჩნია და მისი განცხადება იმ ზოგად ინფორმაციას ეყრდნობოდა, რაც პრესით და საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდება. საკითხის გარკვევის მიზნით, ჩვენ უზენაეს სასამართლოს შემდეგი კითხვებით მივმართეთ:
  • 2004 წლის 1 იანვრიდან დღემდე, სულ ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის დავების რამდენი საქმე განიხილეს პირველი ინსტანციის სასამართლოებმა, მთელი საქართველოს მასშტაბით? განხილული საქმეებიდან, რამდენი დასრულდა სახელმწიფოების სასარგებლოდ?
  • 2004 წლის 1 იანვრიდან დღემდე, სულ ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის დავების რამდენი საქმე განიხილეს თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებმა? მათგან რამდენი დასრულდა სახელმწიფოს სასარგებლოდ?
  • 2004 წლის 1 იანვრიდან დღემდე, სულ ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის დავების რამდენი საქმე განიხილა უზენაესმა სასამართლომ? მათგან რამდენი დასრულდა სახელმწიფოს სასარგებლოდ?
უწყებიდან მიღებული პასუხის მიხედვით, საქართველოს საერთო სასამართლოებში მოქმედი სტატისტიკური ანგარიშების ფორმებში ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის დავები ცალკე გამოყოფილი არ არის. შესაბამისად, უზენაესმა სასამართლომ მონაცემები ჩვენს მიერ მოთხოვნილი ფორმით ვერ მოგვაწოდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ კონკრეტულად ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის დავებს ვერ განვიხილავთ, თუმცა, მთლიანად ადმინისტრაციულ ორგანოებსა (სახელმწიფო) და კერძო/იურიდიული პირებს (არასახელმწიფო) შორის დავების გაანალიზება შესაძლებელია. ქვემოთ მოცემული ცხრილები უზენაესი სასამართლოს მონაცემებია და 2008-2013 წლებს მოიცავს. მასში I ინსტანციის სასამართლოების, სააპელაციო სასამართლოების და უზენაესი სასამართლოს მიერ განხილული ადმინისტრაციული საქმეებია წარმოდგენილი. I ინსტანციის სასამართლოების მიერ განხილული ადმინისტრაციული საქმეები: dziსააპელაციო სასამართლოების ადმინისტრაციული პალატის მიერ განხილული ადმინისტრაციული საქმეები: dzi1უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ კატეგორიის საქმეთა პალატის მიერ განხილული საკასაციო საჩივრები: dzi2 ზემოთ მოყვანილი ცხრილებიდან ჩანს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოებში, ადმინისტრაციული ორგანოების მიერ, 2008-2012 წლებში მოგებული დავები არასდროს ყოფილა 70,6%-ზე მეტი. სააპელაციო სასამართლოში ანალოგიური მონაცემი, 2008–2012 წლებში 67,3%-ს არ აღემატებოდა. ხოლო უზენაეს სასამართლოში, ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მოგებული დავების ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი 2012 წელს, 57,5% დაფიქსირდა. ამ სტატისტიკიდან ჩანს, რომ დეპუტატის მიერ დასახელებული მონაცემი - 99% გადაჭარბებულია. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2013 წელს, 2008–2012 წლებთან შედარებით, პირველი ინსტანციის სასამართლოებში სახელმწიფო ორგანოების მიერ მოგებული დავების პროცენტი მართლაც შემცირებულია, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში კი დაახლოებით იგივე მაჩვენებლები ფიქსირდება, რაც წინა წლებში. რაც შეეხება 2013 წელს კერძო ფიზიკური/იურიდიული პირების მიერ მოგებულ დავებს, პირველი ინსტანციის სასამართლოებში ამ მონაცემმა 61,4% შეადგინა (რაც შედარებით ახლოს დგას დეპუტატის მიერ დასახელებულ 70%-იან მაჩვენებელთან), სააპელაციო სასამართლოებში - 44%, ხოლო უზენაეს სასამართლოში კი - 45,9%. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წინა წლებთან შედარებით, 2013 წელს კერძო ფიზიკური/იურიდიული პირების მიერ მოგებული დავების შესამჩნევი პროცენტული ზრდა მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოებში დაფიქსირდა. სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში კი დაახლოებით იგივე მდგომარეობაა, რაც 2008–2012 წლებში იყო. გარდა ზემოთ მოყვანილი მონაცემებისა, ჩვენ კონკრეტულად საგადასახადო დავების სტატისტიკის მიმოხილვაც გადავწყვიტეთ. I ინსტანციის სასამართლოების მიერ განხილული საგადასახადო დავები: dzi3სააპელაციო სასამართლოების ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ განხილული საგადასახადო დავები: dzi4 უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის  მიერ განხილული საგადასახადო დავები: dzi5 სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ 2008-2012 წლებში, პირველი ინსტანციის სასამართლოებში ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მოგებული დავების საკმაოდ მაღალი პროცენტული მაჩვენებელი ფიქსირდებოდა, თუმცა, არასდროს ყოფილა 84%-ზე მეტი. აქვე აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ მდგომარეობა მნიშვნელოვნად არც 2013 წელს შეცვლილა და გასული წლის მონაცემი 78%-ს უდრის. სააპელაციო სასამართლოებში ადმინისტრაციული ორგანოების მიერ, 2008-2012 წლებში მოგებული დავების პროცენტი არასდროს ყოფილა 70,3%-ზე მეტი. რაც შეეხება უზენაეს სასამართლოს, ამ ინსტიტუციაში სახელმწიფო ორგანოების მიერ მოგებული დავების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2012 წელს, 45,6% დაფიქსირდა. 2013 წელს კერძო (არასახელმწიფო) პირების მიერ მოგებული საგადასახადო დავები, პირველი ინსტანციის სასამართლოებში 21,9%-ს შეადგენდა. ეს მონაცემი 2008–2012 წლების მსგავსია და დეპუტატის მიერ მოყვანილი რიცხვისგან (70%) მკვეთრად განსხვავდება. რაც შეეხება სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში, 2013 წელს კერძო პირების მიერ მოგებულ დავებს, ეს რიცხვები შესაბამისად, 60,6 და 70,1%-ს უდრის. აქვე აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებლები წინა წლების ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით გაზრდილია. ზვიად ძიძიგური თავისი განცხადების მეორე ნაწილში ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოს შესახებაც საუბრობს. ფაქტ-მეტრი ამ თემაზე ადრეც წერდა, თუმცა აქაც მიმოვიხილავთ დავების საბჭოს სტატისტიკას. დავების საბჭოში საჩივარი კერძო ფიზიკურ/იურიდიულ პირებს შეაქვთ. ქვემოთ მოცემული მონაცემები 2009 წლიდან 2013 წლის სამი კვარტლის ჩათვლით საბჭოში შესული საჩივრების სტატისტიკას ასახავს. dzi6 სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ 2013 წლის სამ კვარტალში კერძო პირების სასარგებლოდ უფრო მეტი საჩივარი დაკმაყოფილდა, თუმცა ანალოგიური ვითარება იყო 2012 და 2011 წლებშიც. მართალია 2009, 2010 წლებში საჩივრების უმეტესი ნაწილი არ კმაყოფილდებოდა, მაგრამ შემდეგ ორ წელში ეს ვითარება შეიცვალა და 2013 წელს ამ მხრივ რაიმე განსაკუთრებული გარდატეხა არ მომხდარა.   დასკვნა კვლევის შედეგად გაირკვა, რომ სამივე ინსტანციის სასამართლოებში, სახელმწიფო ორგანოების მიერ, 2008-2012 წლებში მოგებული ადმინისტრაციული დავები, არასდროს ყოფილა 70,6%-ზე მეტი. დაახლოებით იგივეა უშუალოდ საგადასახადო დავების სტატისტიკაც. აქ პირველი ინსტანციის სასამართლოებში ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მოგებული დავების საკმაოდ მაღალი პროცენტული მაჩვენებელი ფიქსირდებოდა, თუმცა არასდროს ყოფილა 84%-ზე მეტი. აქვე აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ მდგომარეობა მნიშვნელოვნად არც 2013 წელს შეცვლილა და გასული წლის მონაცემი 78%-ს უდრის. ამ სტატისტიკიდან ჩანს, რომ დეპუტატის მიერ დასახელებული მონაცემი - 99%, გადაჭარბებულია. შესაბამისად მისი განცხადების ეს ნაწილი მეტწილად მცდარია. რაც შეეხება 2013 წელს, კერძო ფიზიკური/იურიდიული პირების მიერ მოგებულ ადმინისტრაციულ დავებს, პირველი ინსტანციის სასამართლოებში ამ მონაცემმა 61,4% შეადგინა (რაც ახლოს დგას დეპუტატის მიერ დასახელებულ 70%-იან მაჩვენებელთან), სააპელაციო სასამართლოებში - 44%, ხოლო უზენაეს სასამართლოში კი - 45,9%. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წინა წლებთან შედარებით, 2013 წელს კერძო ფიზიკური/იურიდიული პირების მიერ მოგებული დავების შესამჩნევი პროცენტული ზრდა მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოებში დაფიქსირდა. სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში კი დაახლოებით იგივე მდგომარეობაა, რაც 2008–2012 წლებში იყო. უშუალოდ საგადასახადო დავების მხრივ კი შემდეგი ვითარებაა: 2013 წელს კერძო პირების მიერ მოგებული საგადასახადო დავები, პირველი ინსტანციის სასამართლოებში 21,9%-ს შეადგენდა. ეს მონაცემი 2008-2012 წლების მსგავსია და დეპუტატის მიერ მოყვანილი რიცხვისგან (70%) მკვეთრად განსხვავდება. რაც შეეხება სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში, 2013 წელს კერძო პირების მიერ მოგებულ დავებს, ეს რიცხვები შესაბამისად, 60,6 და 70,1%-ს უდრის. აქვე აღსანიშნავია, რომ ისინი წინა წლების ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით გაზრდილია. შესაბამისად, დეპუტატის განცხადების არც ეს ნაწილია ბოლომდე ზუსტი. სრულყოფილი სურათის მისაღებად ფაქტ-მეტრმა ფინანსთა სამინისტროში შესული საჩივრების სტატისტიკაც მიმოიხილა. აღმოჩნდა, რომ 2013 წლის სამ კვარტალში კერძო პირების სასარგებლოდ უფრო მეტი საჩივარი დაკმაყოფილდა, თუმცა ანალოგიური ვითარება იყო 2012 და 2011 წლებშიც. მართალია 2009, 2010 წლებში საჩივრების უმეტესი ნაწილი არ კმაყოფილდებოდა, მაგრამ შემდეგ ორ წელში ეს ვითარება შეიცვალა და 2013 წელს ამ მხრივ რაიმე განსაკუთრებული გარდატეხა არ მომხდარა. ზემოაღნიშნული ფაქტორის გამო ზვიად ძიძიგურის განცხადების არც ეს ნაწილია ბოლომდე მართებული. სტატიაში მოყვანილი გარემოებებიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ზვიად ძიძიგურის განცხადება: „სასამართლო დავების დროს, როდესაც ბიზნესი და სახელმწიფო დავობდა ერთმანეთში, 99% სახელმწიფოს სასარგებლოდ წყდებოდა. შარშანდელი წლის განმავლობაში ასეთი დავების 70% გადაწყდა ბიზნესის სასარგებლოდ. გარდა ამისა, ფინანსთა სამინისტროში არსებულ დავების საბჭოში, ბიზნესის სასარგებლოდ უფრო მეტი დავა წყდება, ვიდრე სახელმწიფოს სასარგებლოდ“, არის მეტწილად მცდარი.