2014 წლის 21 თებერვალს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზვიად ძიძიგურმა განაცხადა: “სასამართლო დავების დროს, როდესაც ბიზნესი და სახელმწიფო დავობდა ერთმანეთში, 99% სახელმწიფოს სასარგებლოდ წყდებოდა. შარშანდელი წლის განმავლობაში, ასეთი დავების 70% გადაწყდა ბიზნესის სასარგებლოდ. გარდა ამისა, ფინანსთა სამინისტროში არსებულ დავების საბჭოში, ბიზნესის სასარგებლოდ უფრო მეტი დავა წყდება, ვიდრე სახელმწიფოს სასარგებლოდ“.
ფაქტ-მეტრი დეპუტატის განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.
ამ განცხადებასთან დაკავშირებით თავად ზვიად ძიძიგურს ვესაუბრეთ. მან ჩვენს საპარლამენტო წარმომადგენელს განუცხადა, რომ საკითხის შესახებ კონკრეტული სტატისტიკა არ გააჩნია და მისი განცხადება იმ ზოგად ინფორმაციას ეყრდნობოდა, რაც პრესით და საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდება.
საკითხის გარკვევის მიზნით, ჩვენ უზენაეს სასამართლოს შემდეგი კითხვებით მივმართეთ:
- 2004 წლის 1 იანვრიდან დღემდე, სულ ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის დავების რამდენი საქმე განიხილეს პირველი ინსტანციის სასამართლოებმა, მთელი საქართველოს მასშტაბით? განხილული საქმეებიდან, რამდენი დასრულდა სახელმწიფოების სასარგებლოდ?
- 2004 წლის 1 იანვრიდან დღემდე, სულ ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის დავების რამდენი საქმე განიხილეს თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებმა? მათგან რამდენი დასრულდა სახელმწიფოს სასარგებლოდ?
- 2004 წლის 1 იანვრიდან დღემდე, სულ ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის დავების რამდენი საქმე განიხილა უზენაესმა სასამართლომ? მათგან რამდენი დასრულდა სახელმწიფოს სასარგებლოდ?