2013 წლის 12 ივლისს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო და მისი მოტივირებული შენიშვნები განიხილებოდა. პრეზიდენტის ერთ-ერთი შენიშვნა ეხებოდა მაუწყებლების მიერ მარეგულირებელი კომისიისთვის წარსადგენ ინფორმაციასთან დაკავშირებულ დამატებით ვალდებულებებს. კერძოდ, იმას, რომ საერთო საეთერო ლიცენზიის მქონე მაუწყებელს ყოველი წლის 1 მაისამდე კომისიისთვის გასული წლის აქტივებისა და პასივების, აგრეთვე ინვესტიციების შესახებ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება ეკისრება. პრეზიდენტი მიიჩნევდა, რომ მოქმედი კანონი და ასევე მიღებული ცვლილებები მაუწყებლების საქმიანობის გამჭვირვალობას ისედაც ითვალისწინებდა და დამატებითი ვალდებულებების დაკისრება მაუწყებლებს მძიმე ტვირთად დააწვებოდა.
პრეზიდენტის ამ შენიშვნას არ დაეთანხმა კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი და კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი თამარ კორძაია. დეპუტატმა განაცხადა: „იმისათვის, რომ ტელევიზია რეალურად თავისუფალი იყოს პოლიტიკური გავლენისაგან, მისი ფინანსები უნდა იყოს გამჭვირვალე. ცოტა ცინიკურია, დღევანდელ ხელისუფლებას, რომელიც მაუწყებლების გამჭვირვალობისათვის იბრძვის, დააბრალო ტელევიზიებზე გავლენის ქონის სურვილი. მაშინ [მსგავსი სურვილის შემთხვევაში] მარტივად დავტოვებდით იმ წესებს, რაც არსებობს. დღეს კომუნიკაციების კომისიის მიერ დადგენილ ფორმაში რომ ჩაიხედოთ, ყველა ტელევიზიის შემოსავალში „სხვა წყაროები,“ რომელიც არ არის გაშიფრული, არის გაცილებით უფრო დიდი, ვიდრე რეკლამის თუ სხვა ღია წყაროების შემოსავალი. ჩვენ ვაყენებთ საკითხს, რომ ტელევიზიის ყველა წყარო იყოს ღია“.
ჩვენ დავინტერესდით, ტელევიზიების მიერ წარმოდგენილ ფინანსურ ანგარიშებში ე.წ. „სხვა წყაროებიდან“ მიღებული შემოსავლები მართლაც აღემატება თუ არა რეკლამიდან და სხვა ღია წყაროებიდან მიღებულ შემოსავლებს.
ფაქტ-მეტრმა ტელემაუწყებლების შემოსავლების 2102 წლის ამსახველი მონაცემები კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან გამოითხოვა. კომისიამ 44 კერძო (საზოგადოებრივ მაუწყებელში შემავალი სუბიექტები ჩვენი კვლევის საგანს არ წარმოადგენენ, რადგან ისინი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან) ტელევიზიის შემოსავლების შესახებ მოგვაწოდა ინფორმაცია. კომუნიკაციების კომისიისგან მიღებულ დოკუმენტში შემოსავლის წყაროები შემდეგნაირად არის წარმოდგენილი: სპონსორობა, შემოწირულობა, ტელეშოპინგი, რეკლამა. როგორც ხედავთ, ჩამონათვალში ტერმინი „სხვა წყაროები“ არ ფიგურირებს. ამასთან დაკავშირებით, კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენელმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ე.წ. გაუშიფრავი შემოსავლები - „სხვა წყაროები“, ტელევიზიის მთლიანი შემოსავლისა და ღია წყაროების ჯამს შორის დაფიქსირებულ (სპონსორობა, შემოწირულობა, ტელეშოპინგი, რეკლამა) სხვაობას წარმოადგენს.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 2012 წელს საქართველოში 44 კერძო ტელევიზია ფუნქციონირებდა (მოქმედად განიხილება ისეთი მაუწყებელი, რომლის მიერ წარმოდგენილი 2012 წლის შემოსავალი ნულზე მეტი იყო). სტატიაში 5 ძირითადი ეროვნული მაუწყებლის შემოსავლებს დეტალურად განვიხილავთ, ხოლო დანარჩენებზე შეჯამებულ სტატისტიკურ ინფორმაციას მოგაწვდით (44–ვე ტელემაუწყებლის შემოსავლების ამსახველი მონაცემების სანახავად იხ. ბმული). ჩვენს მიერ შერჩეული ძირითადი მაუწყებლებია: „რუსთავი–2“, „იმედი“, „მაესტრო“, „კავკასია“, „მე–9 არხი“. ტელევიზიების შემოსავლების წყაროების შესწავლისას, ძირითად აქცენტს რეკლამისა და ე.წ. „ სხვა წყაროების“ შედარებაზე გავაკეთებთ, რადგან ყველა მაუწყებლის შემოსავლის მთავარ წყაროს სწორედ რეკლამა წარმოადგენს და არა სპონსორობა, შემოწირულობა ან ტელეშოპინგი.
2012 წელს „რუსთავი–2“–ის შემოსავალმა 30,723,755 ლარი შეადგინა. აქედან, 3,969,052 ლარი კომპანიამ სპონსორობით მიიღო, ხოლო 25,060,345 ლარი რეკლამიდან. 2012 წელს „რუსთავი–2“–ის გაუშიფრავი წყაროებიდან მიღებული შემოსავალი 1,694,358-ს უდრის, რაც არ აღემატება ღია წყაროებიდან მიღებულ არცერთ მაჩვენებელს.
„იმედის“ 2012 წლის მთლიანი შემოსავალი 21,383,405 ლარი იყო. სპონსორობიდან „იმედმა“ 2,513,974 ლარი მიიღო, ტელეშოპინგიდან – 61,770, რეკლამიდან –18,636,662, გაუშიფრავი წყაროებიდან მიღებული თანხა კი 170,999 ლარს შეადგენს. როგორც ხედავთ, ე.წ. „სხვა წყაროდან“ მიღებული თანხა აქაც ნაკლებია ძირითად შემოსავალზე – რეკლამაზე. ეს მაჩვენებელი ასევე ბევრად ჩამორჩება სპონსორობიდან მიღებული თანხის მონაცემს.
ტელეკომპანია „მაესტრომ“ 2012 წელს 3,375,654 ლარის შემოსავალი მიიღო. როგორც კომუნიკაციების კომისიის მიერ მოწოდებულ დოკუმენტშია აღნიშნული, ეს თანხა მაუწყებელმა მხოლოდ რეკლამის საშუალებით გამოიმუშავა.
ტელეკომპანია „კავკასიის“ 2012 წლის ჯამურმა შემოსავალმა 1,171,136 ლარი შეადგინა. აქედან, 21,256 ლარი კომპანიამ ტელეშოპინგიდან მიიღო, 837,381 რეკლამიდან, 312,499 ლარი კი გაუშიფრავია. „კავკასიის“ შემთხვევაშიც, „სხვა წყაროებიდან“ მიღებული თანხა არ აღემატება რეკლამიდან მიღებულს, თუმცა იგი მთლიანი შემოსავლის საკმაოდ დიდ ნაწილს შეადგენს.
ტელეკომპანია „მე–9 არხმა“ 2012 წელს შემოსავლის სახით 825,306 ლარი მიიღო, აქედან 822,391 ლარი სარეკლამო დროის გაყიდვით გამოიმუშავა, „სხვა წყაროებიდან“ კი 2915 ლარი ერგო.
დანარჩენი 39 ტელემაუწყებლიდან, რომლებიც დეტალურად არ განგვიხილია, მხოლოდ ექვსია ისეთი, რომელთა გაუშიფრავი წყაროებიდან მიღებული შემოსავალი აღემატება რეკლამიდან მიღებულ შემოსავლებს. ეს მაუწყებლები არიან: „გლობალ მედია ჯგუფი“, „ჯი–ემ–სი“, „მე–5 არხი“, „გორდა“, „ევრიკა“ და „მეგა“. აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ ტელეკომპანია „მზის“ და „იმერვიზიის“ შემოსავლებში რეკლამიდან შესული თანხა კი აღემატება „სხვა წყაროებიდან“ მიღებულს, თუმცა, გაუშიფრავი შემოსავლების მოცულობა საკმაოდ დიდია და საერთო შემოსავლის თითქმის ნახევარს შეადგენს.
სრულყოფილი სურათის მისაღებად ჩვენ 2013 წლის იანვარ - მაისში ტელევიზიების მიერ მიღებული შემოსავლებიც გამოვიკვლიეთ. აღნიშნული სტატისტიკა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევიდან ავიღეთ, რომელიც ასევე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებს ეყრდნობა.
2013 წლის იანვარ–მაისში ტელეკომპანია „რუსთავი–2“–ის შემოსავალმა 12,262,925 ლარი შეადგინა. აქედან 9,609,830 ლარი მაუწყებელმა რეკლამიდან მიიღო, 2,451,595–სპონსორობიდან, 107,964–საეთერო დროის გაყიდვიდან, 90,792–ტექნიკური მომსახურებიდან, ხოლო 2736–„სხვა წყაროებიდან“.
„იმედმა“ ზემოაღნიშნულ პერიოდში 6,153,138 ლარის შემოსავალი მიიღო. 4,800,061 ლარი რეკლამიდან შემოსულმა თანხებმა შეადგინა, 1,332,738 ლარი ტელევიზიას სპონსორობიდან ერგო, 32,541–საეთერო დროის გაყიდვიდან, რაც შეეხება „სხვა წყაროებს“, კვლევაში ეს წყარო მოხსენიებული არ არის და არც დათვლის შედეგად ვლინდება მათი არსებობა.
ტელეკომპანია „მაესტროს“ 2013 წლის პირველ ნახევარში მიღებულმა საერთო შემოსავალმა 1,345,954 ლარი შეადგინა. კომპანიამ სარეკლამო დროის გაყიდვიდან 1,102,235 ლარი მიიღო, სხვა წყაროებიდან კი 243,719.
ტელეკომპანია „კავკასიის“ იანვარ–მაისის შემოსავალი 256,111 ლარს უდრის, აქედან 136,373 რეკლამაზე მოდის, 2796–ტელეშოპინგზე, 4590–ინტერაქტივზე, 7627–საეთერო დროის გაყიდვაზე, ხოლო „სხვა წყაროები“ 104,722 ლარს შეადგენს.
„მე–9 არხის“ იანვარ–მაისის ჯამურმა შემოსავალმა 379,333 ლარი შეადგინა. ტელეკომპანიამ რეკლამიდან 312,827 ლარი მიიღო, ტექნიკური მომსახურებიდან – 65,755, ხოლო „სხვა წყაროებიდან“ – 387 ლარი.
ტელეკომპანიების 2013 წლის იანვარ–მაისის შემოსავლების ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ ხუთი ძირითადი მაუწყებლის შემოსავლებში არც ერთი მათგანის „სხვა წყაროებიდან“ მიღებული შემოსავალი არ აღემატება რეკლამიდან მიღებულ შემოსავალებს.
დასკვნა
თამარ კორძაიას განცხადების გადამოწმებისას შემდეგი გარემოებები გამოიკვეთა: 2012 წელს 44 ტელემაუწყებლიდან მხოლოდ ექვსია ისეთი, რომელთა შემოსავლებში ე.წ. „სხვა წყაროებიდან“ მიღებული თანხები აღემატება რეკლამიდან მიღებულ შემოსავლებს. ჩვენ ასევე განვიხილეთ ხუთი ძირითადი ტელემაუწყებლის 2013 წლის იანვარ – მაისის ამსახველი მონაცემებიც და როგორც უკვე ვთქვით, არცერთი მათგანის შემოსავლებში გაუშიფრავი წყაროებიდან მიღებული თანხები არ აღემატება რეკლამიდან შემოსულ ფინანსებს. შესაბამისად დეპუტატის მტკიცება, რომ ყველა ტელევიზია გაუმჭვირვალედ აქვეყნებს თავის შემოსავლებს და ე.წ. „სხვა წყაროებიდან“ მიღებული თანხები რეკლამიდან მიღებულს გაცილებით აღემატება, ცალსახად არაზუსტია. აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი ტელევიზიის შემოსავლებში მართალია ე.წ. „სხვა წყაროების“ მონაცემები რეკლამის მონაცემებს არ აღემატება, მაგრამ მათი მოცულობა საკმაოდ მაღალია. თამარ კორძაიას განცხადებაში შეიძლება ეს კონტექსტიცაა. ფაქტ-მეტრი ფაქტების ანალიზთან ერთად კონტექსტესაც ითვალისწინებს, თუმცა ამ შემთხვევაშიც დეპუტატის განცხადების ეს შესაძლო კონტექსტიც არ არის რელევანტური, ვინაიდან, ასეთი ფაქტებიც მხოლოდ რამდენიმე ტელევიზიის შემთხვევაში ფიქსირდება. შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ თამარ კორძაიას განცხადება: „დღეს კომუნიკაციების კომისიის მიერ დადგენილ ფორმაში რომ ჩაიხედოთ ყველა ტელევიზიის შემოსავალში „სხვა წყაროები“, რომელიც არ არის გაშიფრული, გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე რეკლამის თუ სხვა ღია წყაროების შემოსავალი“ არის მცდარი.
„ყველა ტელევიზიის შემოსავალში „სხვა წყაროები,“ რომელიც არ არის გაშიფრული, გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე რეკლამის, თუ სხვა ღია წყაროების შემოსავალი“
11/09/2013
მცდარი
განცხადება არაზუსტია
პერსონები
-
დაბა ჩაქვსა და ბათუმში რაგბის სტადიონები...
არ შესრულდაარ შესრულდა -
წლის პირველ ნახევარში ინვესტიციების ძალი...
ნახევრად სიმართლეგანცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა -
თბილისის მეტროს გაჭიანურებული პროექტები
გაზეთი ფაქტ-მეტრიგაზეთი ფაქტ-მეტრი