წლის 29 მაისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა, გიორგი ვაშაძემ, განაცხადა:
„ჯანდაცვის სექტორში აბსურდული დაზღვევა, რომელიც გააკეთეთ თქვენ, ახალმა მთავრობამ, ფაქტობრივად არ ფარავს არაფერს. ჭრილობის ბინტით გადახვევასაც არ ფარავს. მარტო ორი ანალიზი შედის ამ დაზღვევაში. ხალხი ძალიან რთულ მდგომარეობაშია“.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2013 წლის 28 თებერვალს ამოქმედდა. საყოველთაო დაზღვევა 6-დან 60-წლამდე საქართველოს ყველა იმ მოქალაქისთვის გავრცელდა, ვისაც ჯანმრთელობის რაიმე სხვა ტიპის დაზღვევა არ ჰქონდა. აღნიშნული დაზღვევის მისაღებად შემდეგი სახის პროცედურის გავლაა საჭირო: მოქალაქეები აღნიშნულ პროგრამაში ჩართული პოლიკლინიკებიდან სასურველს თავად ირჩევენ და ხელმოწერით ადასტურებენ, რომ გეგმიური ამბულატორიული მომსახურეობის მიღება ამ კონკრეტულ პოლიკლინიკაში სურთ.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, თუ რა ტიპის მომსახურეობას იღებენ ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევით მოსარგებლე მოქალაქეები. ჩვენ გადავამოწმეთ, რამდენად შეესაბამება გიორგი ვაშაძის განცხადება სიმართლეს.
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამითმოსარგებლე პირები უფასოდ იღებენ შემდეგ მინიმალურ სამედიცინო მომსახურეობებს:
- კონსულტაცია ოჯახის ან უბნის ექიმთან; ჯანმრთელობის ცნობის აღება; პროფილაქტიკური აცრების ვაქცინაციით უზრუნველყოფა; საჭიროების შემთხვევაში მომსახურეობა ბინაზე; ლაბორატორიული გამოკვლევები ექსპრეს-დიაგნოსტიკური მეთოდით: შარდის ანალიზი და გლუკოზა სისხლში; ელექტროკარდიოგრაფია საჭიროების შემთხვევაში.
- კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები ექიმის დანიშნულებით: სისხლის საერთო ანალიზი და შარდის საერთო ანალიზი.
- საჭიროების შემთხვევაში, გადაუდებელი ამბულატორიული (სამედიცინო) მომსახურეობის ულიმიტოდ დაფინანსება.
- გადაუდებელი სტაციონარული მომსახურეობა (ჰოსპიტალიზაცია), ერთ შემთხვევაზე 15 ათას ლარის ლიმიტით.
გადაუდებელ სამედიცინო მომსახურეობას პაციენტი იმ საავადმყოფოში ვერ მიიღებს, რომელსაც აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობა წერილობით არ დაუდასტურებია.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილებითგანსაზღვრულია საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურეობის ჩამონათვალი. აღნიშნული დაზღვევით მოსარგებლე პაციენტი იმ სამედიცინო მომსახურეობას ვერ მიიღებს, რომელიც #36 დადგენილებით განსაზღვრულ დაავადებათა სიაში არ მოხვდა.
აღსანიშნავია, რომ დაზღვევა გეგმიურ სტაციონარულ სამედიცინო მომსახურეობაზე და მედიკამენტებზე არ ვრცელდება.
ჩვენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს დავუკავშირდით. ცხელი ხაზის განმარტებით, 2013 წლის 1 ივლისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მეორე ეტაპის ამოქმედება განისაზღვრა და სადაზღვევო პაკეტს გეგმიური სტაციონარული მომსახურეობაც დაემატა.
დასკვნაამ ეტაპზე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სადაზღვევო პაკეტი მხოლოდ მინიმალურ ამბულატორიულ მომსახურეობასა და გადაუდებელ სამედიცინო მომსახურეობას აფინანსებს. სადაზღვევო პაკეტი გადაუდებელ სტაციონარულ მომსახურეობასაც ითვალისწინებს. თუმცა, იმ დაავადებათა ტიპები, რომელსაც დაზღვევა აფინანსებს, წინასწარ არის განსაზღვრული.
აღსანიშნავია, რომ პაციენტს აღნიშნული სამედიცინო მომსახურეობის მიღება მხოლოდ იმ პოლიკლინიკაში შეუძლია, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშია ჩართული.
საყოველთაო ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა სრულყოფილი არ არის. თუმცა, ის ნაწილობრივ აფინანსებს როგორც ამბულატორიულ, ასევე გადაუდებელ სამედიცინო მომსახურეობას. შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ გიორგი ვაშაძის განცხადება: „დაზღვევა ფაქტობრივად არ ფარავს არაფერს და მხოლოდ ორ ანალიზს აფინანსებს,“ არის მეტწილად მცდარი.