2013 წლის 29 მაისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა, გიორგი ვაშაძემ, განაცხადა:
„ჯანდაცვის სექტორში აბსურდული დაზღვევა, რომელიც გააკეთეთ თქვენ, ახალმა მთავრობამ, ფაქტობრივად არ ფარავს არაფერს. ჭრილობის ბინტით გადახვევასაც არ ფარავს. მარტო ორი ანალიზი შედის ამ დაზღვევაში. ხალხი ძალიან რთულ მდგომარეობაშია“.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2013 წლის 28 თებერვალს ამოქმედდა. საყოველთაო დაზღვევა 6-დან 60-წლამდე საქართველოს ყველა იმ მოქალაქისთვის გავრცელდა, ვისაც ჯანმრთელობის რაიმე სხვა ტიპის დაზღვევა არ ჰქონდა. აღნიშნული დაზღვევის მისაღებად შემდეგი სახის პროცედურის გავლაა საჭირო: მოქალაქეები აღნიშნულ პროგრამაში ჩართული პოლიკლინიკებიდან სასურველს თავად ირჩევენ და ხელმოწერით ადასტურებენ, რომ გეგმიური ამბულატორიული მომსახურეობის მიღება ამ კონკრეტულ პოლიკლინიკაში სურთ.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, თუ რა ტიპის მომსახურეობას იღებენ ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევით მოსარგებლე მოქალაქეები. ჩვენ გადავამოწმეთ, რამდენად შეესაბამება გიორგი ვაშაძის განცხადება სიმართლეს.
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირები უფასოდ იღებენ შემდეგ მინიმალურ სამედიცინო მომსახურეობებს:
- კონსულტაცია ოჯახის ან უბნის ექიმთან; ჯანმრთელობის ცნობის აღება; პროფილაქტიკური აცრების ვაქცინაციით უზრუნველყოფა; საჭიროების შემთხვევაში მომსახურეობა ბინაზე; ლაბორატორიული გამოკვლევები ექსპრეს-დიაგნოსტიკური მეთოდით: შარდის ანალიზი და გლუკოზა სისხლში; ელექტროკარდიოგრაფია საჭიროების შემთხვევაში.
- კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები ექიმის დანიშნულებით: სისხლის საერთო ანალიზი და შარდის საერთო ანალიზი.
- საჭიროების შემთხვევაში, გადაუდებელი ამბულატორიული (სამედიცინო) მომსახურეობის ულიმიტოდ დაფინანსება.
- გადაუდებელი სტაციონარული მომსახურეობა (ჰოსპიტალიზაცია), ერთ შემთხვევაზე 15 ათას ლარის ლიმიტით.