ამ ქალაქში არ გვაქვს ტროტუარები... უსინათლოებისთვის რომ ბილიკი გავაკეთეთ, ისიც კი მითვისებული აქვს - ზოგი კაფეს, ზოგი მაღაზიას, ზოგი ბოსტნეულს

აკაკი გვიანიძე: პრაქტიკულად, ამ ქალაქში არ გვაქვს ტროტუარები... ეს არ არის ფეხით მოსიარულეების ქალაქი, პარკირებების, შემოღობვების, ათასი უბედურების გამო. უსინათლოებისთვის რომ ბილიკი გავაკეთეთ, ისიც კი მითვისებული აქვს - ზოგი კაფეს, ზოგი მაღაზიას, ზოგი ბოსტნეულს.

ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, აკაკი გვიანიძის განცხადება არის სიმართლე.

ბათუმის მუნიციპალიტეტის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტზე მუშაობა ჯერაც არ დასრულებულა, თუმცა 2021 წლის 16 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულებით, დოკუმენტი 2022 წლის სექტემბერში მზად უნდა ყოფილიყო. კომპანიამ კონცეფციაზე მუშაობა 2023 წელს დაასრულა. საბოლოო პროექტზე მუშაობა კი მხოლოდ კონცეფციის დამტკიცების შემდეგ უნდა დაიწყოს.   ამ ხნის განმავლობაში ქალაქში ქაოსური მშენებლობები კვლავ გრძელდება. ამას ემატება არსებული შენობებისა თუ გზების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები, რასაც, ძალიან ხშირად, თან ახლავს ტროტუარებისა და ზოგჯერ - გზის სამანქანე ნაწილის მიტაცება. ბათუმის ხალხრავალ უბნებში ასევე ტროტუარები ათვისებული აქვთ კვების ობიექტებს, მარკეტებს, გარემოვაჭრეებს... გარდა ამისა, ქალაქში არსებული პარკირების პრობლემის გამო, მძღოლები ავტომანქანებს სწორედ ფეხით მოსიარულეებისთვის განკუთვნილ ადგილებში, მათ შორის, ზებრაზე, აჩერებენ და ხშირად ავტომანქანები ერთმანეთთან ისე მჭიდროდაა განლაგებული, რომ ადამიანი გვერდს ვერ აუვლი.
ფაქტ-მეტრმა ბათუმის არაერთი ქუჩა შემოიარა და სიტუაცია შეისწავლა. ფაქტ-მეტრის დასკვნით აკაკი გვიანიძის განცხადება არის სიმართლე.

ანალიზი:

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა აკაკი გვიანიძემ განაცხადა: „პრაქტიკულად, ამ ქალაქში არ გვაქვს ტროტუარები... ეს არ არის ფეხით მოსიარულეების ქალაქი, პარკირებების, შემოღობვების, ათასი უბედურების გამო. უსინათლოებისთვის რომ ბილიკი გავაკეთეთ, ისიც კი მითვისებული აქვს - ზოგი კაფეს, ზოგი მაღაზიას, ზოგი ბოსტნეულს.“

„ფაქტ-მეტრი“ პოლიტიკოსის განცხადებით დაინტერესდა. პირველ რიგში, გეტყვით, რომ ბათუმის მოსახლეობის ნაწილსა და ტურისტებს არაერთხელ გამოუთქვამთ უკმაყოფილება არსებული სიტუაციის გამო. ამ საკითხს რეგიონული მედია ხშირად აშუქებს. იხ. „ბათუმელების“ სტატიები.

ტროტუარების მიტაცების რამდენიმე მიზეზი არსებობს:

ავტომანქანები – ბევრი მძღოლი ტროტუარზე აჩერებს მანქანას, რადგან ქუჩებში საკმარისი პარკინგის ადგილი არ არის; მშენებლობები – ბათუმში ქაოსური მშენებლობები ბევრისთვის მტკივნეულ პრობლემად იქცა, ხშირად ობიექტის მიმდებარედ ტროტუარი შემოღობილია, ან მთლიანად დაკავებულია სამშენებლო მასალით. ზოგ შემთხვევაში, ობიექტები დაუსრულებელია, ლპება და იშლება, ამ ობიექტების მშენებლობისას მიტაცებულ ტროტუარებსაც ფუნქცია დაკარგული აქვს - აღარ არსებობს.  ასეთ ადგილებში, უმეტესად, ქვეითებისთვის არც ალტერნატიული უსაფრთხო გასასვლელია მოწყობილი. სავაჭრო და კვების ობიექტები – ტროტუარები ათვისებული აქვს მაღაზიებისა და გარე მოვაჭრეების დახლებს, კაფე-ბარებსა და რესტორნებს, სარეკლამო ბანერებს. ხშირად ეს დახლები თუ მაგიდები ისეა განლაგებული, რომ ქვეითი იძულებულია, სამანქანე გზაზე გადავიდეს, რაც, ქალაქისთვის დამახასიათებელი ინტენსიური საავტომობილო მოძრაობის გათვალისწინებით,  უსაფრთხო არაა. ხშირია ტროტუარებზე უსინათლოებისთვის მოწყობილი ბილიკების მიტაცების ფაქტებიც. ზოგ შემთხვევაში ჩანს, რომ ბილიკი იყო, მაგრამ რომელიმე ობიექტის მშენებლობის დროს დაზიანებული ტროტუარი ბეტონის დასხმით მოაწესრიგეს, უსინათლოების ბილიკი კი აღარ აღადგინეს.

ბათუმის ყველაზე ხალხმრავალი ქუჩები - ილია ჭავჭავაძის, ზვიად გამსახურდიას, კოსტავას, ჟორდანიას, ფარნავაზ მეფის, დემეტრე თავდადებულის, ესენინის, ბერიძის, ანგისის, აბუსერიძის, ხინიკაძის, ლერმონტოვის და კიდევ რამდენიმე ქუჩა - ფეხით მოვიარეთ. ჩვენ მიერ გადაღებული ფოტოები ცხადყოფს, რომ ქვეითებისთვის გადაადგილება მართლაც დიდ ძალისხმევასა და რისკებთანაა დაკავშირებული.   განსაკუთრებით სახიფათოა ბავშვებისთვის, მით უფრო, როცა მიტაცებულია არა მხოლოდ ტროტუარები, არამედ ზებრა გადასასვლელებიც. უსინათლოებისთვის განკუთვნილი ბილიკები კი არაერთ ლოკაციაზე ისეთ ადგილას წყდება, შესაძლოა, საჭიროების მქონე ადამიანისთვის დამოუკიდებლად გადაადგილება სერიოზული ტრავმით ან, უარეს შემთხვევაში, ლეტალურად დასრულდეს. მიტაცებული ტროტუარების საკითხი არანაკლებ მტკივნეულია ეტლით მოსარგებლეებისთვის. თემის წარმომადგენლებმა პრობლემაზე ბევრჯერ ისაუბრეს და ვიდეოებიც ჩაწერეს, თუმცა მდგომარეობა არ გამოსწორდა.

რა თქმა უნდა, შეგვეძლო საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა, რამდენი მძღოლი ან სამშენებლო თუ კვების ობიექტი დააჯარიმა მერიის შესაბამისმა სამსახურმა რეგულაციისა და წესების დარღვევისთვის, თუმცა, როგორც ჩვენც დავრწმუნდით და ფოტოებიც ცხადყოფს, ჯარიმების რაოდენობა სიტუაციის გაუმჯობესებას არ იწვევს. ამასთან, „ბათუმელები“ საკითხზე ადრეც წერდა და მედიის მონაცემებით, მიმდინარე წელს, ივლისის ჩათვლით, ბათუმში პარკირების ზედამხედველობის სამსახურმა 46 948 სამართალდარღვევა გამოავლინა. მდგომარეობა კი არ გამოსწორებულა.

საინტერესოა, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტის შემუშავება 2021 წელს დაიწყო. ბათუმის მერიასა და „სითი ინსტიტუტს“  შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, დოკუმენტი ჯერ კიდევ 2022 წლის სექტემბერში მზად უნდა ყოფილიყო, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო, მასზე მუშაობა დღემდე არ დასრულებულა. ამ საკითხზე იხ. ფაქტ-მეტრის სტატია. კომპანიამ 2023 წელს დამკვეთს კონცეფცია მიაწოდა, თუმცა ბათუმის საკრებულომ გეგმების მონახაზები მხოლოდ 2025 წლის ივლისში განიხილა. მისი განკარგულების შესაბამისად, „სითი ინსტიტუტი საქართველო“ ვალდებული იქნება, განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტის ეტაპზე, განკარგულებაში ასახული რეკომენდაციები გაითვალისწინოს. დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ, ქალაქის თვითმმართველ ორგანოს რეგულაციების დაცვა მოუწევს, მათ შორის, მშენებლობის ნებართვების გაცემისას - საპარკინგე და მწვანე სივრცეების ადეკვატური პარამეტრების გათვალისწინება, სატრანსპორტო პოლიტიკის საკითხის მოწესრიგება და სხვა. სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტის დაგვიანებას ბათუმის დამცველები იმით ხსნიან, რომ ნებართვის გამცემ ორგანოს „უკანონო ფულის კეთების“ შესაძლებლობა წაერთმევა და ცდილობს, პროცესი გააჭიანუროს.  სხვათა შორის, მშენებარე თუ უკვე აშენებული ობიექტების ესთეტიკა რომ არ მოსწონს, ეს ირაკლი კობახიძემაც დაადასტურა, როცა რამდენიმე დღის წინ ახალი სტანდარტების შემოღების აუცილებლობაზე ისაუბრა. ფაქტია, რომ ბათუმის განაშენიანებით გამოწვეული მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს და ეს უარყოფითად აისახება არა მხოლოდ მძღოლების, არამედ ქვეითების ცხოვრების ხარისხზე, მათ ფიზიკურ თუ ემოციურ მდგომარეობაზე.


ამდენად, ჩვენ მიერ ნანახი და ფოტოებზე ასახული რეალობა ადასტურებს, რომ აკაკი გვიანიძის განცხადება არის სიმართლე.

ფოტოები გადაღებულია ავტორის მიერ, სტატიაზე მუშაობის პროცესში.