ბესიკ შაინიძე: „2021 წლის შემოდგომაზე განვითარდა მეწყერი, რის შედეგადაც სოფელ წაბლანის საჯარო სკოლა მოექცა სტიქიის ზონაში. შესაბამისად, სწავლა-განათლება შეწყდა. შემდეგი პროცესი იყო მთავრობის მხრიდან დაპირება ალტერნატიული ფართის მოძებნისა და სკოლის მშენებლობის შესახებ, თუმცა უკვე ოთხი წელია, მთავრობა, პოლიტიკური ნიშნით, გადაწყვეტილებას არ იღებს და სკოლას არ აშენებს“.
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ბესიკ შაინიძის განცხადება არის სიმართლე.
ანალიზი:
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ხულოს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ბესიკ შაინიძემ განაცხადა: „2021 წლის შემოდგომაზე განვითარდა მეწყერი, რის შედეგადაც სოფელ წაბლანის საჯარო სკოლა მოექცა სტიქიის ზონაში. შესაბამისად, სწავლა-განათლება შეწყდა. შემდეგი პროცესი იყო მთავრობის მხრიდან დაპირება ალტერნატიული ფართის მოძებნისა და სკოლის მშენებლობის შესახებ, თუმცა უკვე ოთხი წელია, მთავრობა, პოლიტიკური ნიშნით, გადაწყვეტილებას არ იღებს და სკოლას არ აშენებს“.
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელი წაბლანა სტიქიურად აქტიური ზონაა. 2021 წლის ოქტომბერში, უხვი ნალექის გამო, მეწყრული პროცესები არაერთ სოფელში, მათ შორის, წაბლანაშიც გააქტიურდა და მოსახლეობას სხვადასხვა სახის ზიანი მიაყენა. მიწის მასა სწორედ საჯარო სკოლის მიმდებარედ ჩამოიშალა. შექმნილი საფრთხის გამო, სასწავლო პროცესი შეწყდა. მოსწავლეები სხვა სოფლის სკოლაში გადაიყვანეს.
2021 წლის 5 ივლისს აჭარის ა/რ მთავრობამ თავის Fb-გვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია ხულოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. ამ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ წაბლანის სკოლის მშენებლობის პროექტირების პროცესი მიმდინარეობს. 2023 წლის ოქტომბერში „ფაქტ-მეტრმა“ აჭარის ა/რ განათლების სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია აჭარაში არსებული სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაციის თაობაზე. უწყების პასუხში სოფელ წაბლანის სკოლის შესახებ ნათქვამია, რომ იმ დროს სამინისტრო და ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ჯერ კიდევ ეძებდნენ შესაბამის ტერიტორიას სკოლის მშენებლობისთვის. იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია.
მას შემდეგ ერთ წელზე მეტი გავიდა, თუმცა, როგორც ირკვევა, მშენებლობა ჯერაც არ დაწყებულა. უფრო მეტიც, არსებული მდგომარეობით, ტენდერი ჯერაც არ გამოცხადებულა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვაზე. აჭარის ა/რ განათლებისა და სპორტის სამინისტრომ მოგვწერა, რომ ამ ეტაპზე შერჩეულია ორი ტერიტორია, რომელთა გეოლოგიური კვლევაც უკვე ჩატარდა. სახელმწიფო შესყიდვების გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ექვსი საჯარო სკოლის შენობის მშენებლობის/რეაბილიტაციის/კვლევის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების შედგენაზე გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში, წაბლანის სკოლის მშენებლობისთვის შერჩეულ ტერიტორიებს მართლაც ჩაუტარდა კვლევა და 2024 წლის დეკემბერში გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი. ამ ორი ნაკვეთიდან რომელზე აშენდება სკოლა, გადაწყვეტილი არაა. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის სახელმწიფო შესყიდვაზე ტენდერი მხოლოდ კონკრეტული ტერიტორიის შერჩევის შემდეგ გამოცხადდება. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერის გამოცხადებას კი კიდევ რამდენიმე თვით დააგვიანდება. მანამდე სოფელ წაბლანის მოსწავლეებს (76 მოსწავლე) საგაკვეთილო პროცესი სოფელ ყიშლის სკოლაში უტარდებათ. მათ ტრანსპორტირებას სამინისტრო უზრუნველყოფს. თუმცა სხვა სოფელში ტრანსპორტირების გარდა, პრობლემა იყო ისიც, რომ ყიშლის სკოლას საკმარისი ინვენტარი და რესურსი არ გააჩნდა. როგორც ჩანს, ამ დისკომფორტის ატანა მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და პერსონალს კიდევ დიდხანს მოუწევთ.
ამდენად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ბესიკ შაინიძის განცხადება არის სიმართლე.