ლევან ხაბეიშვილი: ყველაზე გაჭირვებული რეგიონია გურია, ლამის 30-40% მოსახლეობის სოციალურად დაუცველთა ბაზაშია, ჩოხატაურში, მაგალითად, რომ ჩახვიდეთ, უკიდურესი გაჭირვებაა.
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან ხაბეიშვილის განცხადება არის სიმართლე.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, ბოლო წლებია, გურიაში მოსახლეობის რიცხოვნობა კლების ტენდენციით ხასიათდება. ამავე უწყების მონაცემებით, მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლების განაწილების მიხედვით, გურიის რეგიონს მხოლოდ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი ჩამორჩება. მოსახლეობის რთულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე მიუთითებს ის გარემოება, რომ უმრავლესობა რეგისტრირებულია მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში. კერძოდ, 2024 წელს ბაზაში რეგისტრირებული იყო გურიის მთლიანი მოსახლეობის 55.3% (მარტის მდგომარეობით). მიმდინარე წლის მარტში რეგისტრირებულთა რიცხვი გაზრდილია, მაგრამ ჯერ არ არის გამოქვეყნებული მოსახლეობის რიცხოვნობა 2025 წლის მდგომარეობით.ამდენად, პოლიტიკოსის განცხადების კონტექსტი ხაზს უსვამს გურიის რეგიონში მოსახლეობის დაბალ შემოსავლებსა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, თუმცა გურია ყველაზე გაჭირვებული რეგიონი არაა. როგორც ირკვევა, უფრო დაბალი მაჩვენებელი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში ფიქსირდება და დროდადრო - მცხეთა-მთიანეთში. ამიტომ ლევან ხაბეიშვილის განცხადებას ვაფასებთ ვერდიქტით სიმართლე.
ანალიზი:
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა: „ყველაზე გაჭირვებული რეგიონია გურია, ლამის 30-40% მოსახლეობის სოციალურად დაუცველთა ბაზაშია, ჩოხატაურში, მაგალითად, რომ ჩახვიდეთ, უკიდურესი გაჭირვებაა.“
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გურიაში 101 900 ადამიანი ცხოვრობს. ბოლო რამდენიმე წელია, მოსახლეობის რიცხოვნობა მუდმივად იკლებს. მაგალითად, 2020 წელთან შედარებით, გურიაში 6 200 ადამიანით ნაკლები მოქალაქეა რეგისტრირებული (2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით). სურათი რომ უფრო ცხადი იყოს, საანგარიშო პერიოდის საწყის მონაცემად 2019 (პანდემიური) წელი ავიღეთ და ყველა შემდგომ მონაცემს აღნიშნული პერიოდის მიხედვით წარმოგიდგენთ.
ცხრილი 1. გურიის მოსახლეობის რიცხოვნობა 2020-2024 წლებში, მუნიციპალიტეტების მიხედვით, ათასი
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
როგორც ცხრილი 1 აჩვენებს, მოსახლეობის რიცხოვნობა კლებადია სამივე მუნიციპალიტეტის მიხედვით. საინტერესოა, როგორია გურიაში მცხოვრები მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლები. იმავე საქსტატის მიხედვით, მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლების განაწილების მიხედვით, გურია მართლაც ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი რეგიონია, თუმცა მასზე დაბალი მონაცემები აქვს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონს, ასევე, პერიოდულად, მცხეთა-მთიანეთს. თუმცა 2023 წლის მონაცემებით, ეს უკანასკნელი გურიას უსწრებს.
ცხრილი 2. მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლების განაწილება გურიაში, 2019-2023 წლების მიხედვით, მლნ ლარი
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ფულადი და არაფულადი სახსრების ჯამური მოცულობით თუ ვიმსჯელებთ, გურიაში მზარდი დინამიკა გვაქვს. საინტერესო კომპონენტია არაფულადი შემოსავლები, რომელიც 2019 წელთან შედარებით, მზარდი იყო, მაგრამ 2023 წელს შემცირდა. ასევე უცხოეთიდან მიღებული გზავნილები, რომელიც მზარდი ტენდენციით ხასიათდება. გაზრდილია პენსიების, სტიპენდიებისა და დახმარებების კომპონენტი. დანარჩენ ორ რეგიონთან მიმართებით კი, ფულადი და არაფულადი შემოსავლების ჯამური მონაცემების მიხედვით, ასეთი სურათი გვაქვს:
დიაგრამა 1. მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლების განაწილება გურიაში, მცხეთა-მთიანეთში, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში, 2019-2023 წლების მიხედვით, მლნ ლარი
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
როგორც ვხედავთ, საქართველოში ყველაზე დაბალი შემოსავლები რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონში ფიქსირდება. რაც შეეხება ფარდობით სიღარიბესა და აბსოლუტურ სიღარიბეს, ამ მონაცემებს საქსტატი რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით არ აქვეყნებს.
თუმცა ჩვენ შეგვიძლია გავეცნოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკას და ვნახოთ, გურიის მოსახლეობის რა ნაწილია რეგისტრირებული მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში და რა ნაწილი იღებს ფულად საარსებო შემწეობას. ამ შემთხვევაში, საანგარიშო პერიოდად 2019-2025 წლებს ავიღებთ. ვინაიდან ბაზაში რეგისტრირებულთა და შემწეობის მიმღებთა რიცხოვნობა ყოველთვიურად ქვეყნდება, საორიენტაციოდ ავიღებთ ყოველი წლის მარტს, რადგან 2025 წელს ბოლო მონაცემი მარტის მდგომარეობას ასახავს.
ცხრილი 3. მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული მოსახლეობის რაოდენობა, გურია, 2019-2025 წლები (მარტი)
წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო
უნდა აღინიშნოს, რომ 2024 წლის მარტში ბაზაში რეგისტრირებულთა რიცხოვნობა, წინა წელთან შედარებით, შემცირებული იყო, თუმცა მიმდინარე წლის მარტში კვლავ გაიზარდა და საანგარიშო პერიოდის ყველა მაჩვენებელს გადააჭარბა. რაც შეეხება რეგისტრირებულთა წილს გურიის მოსახლეობის მთლიან რაოდენობასთან მიმართებით, მდგომარეობა ასეთია:
დიაგრამა 2. მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული მოსახლეობის წილი გურიის მოსახლეობის მთლიან რიცხოვნობასთან მიმართებით, 2019-2024 წლები
წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო, საქსტატი, ავტორის გამოთვლები
მიუხედავად იმისა, რომ გურიის რეგიონში მოსახლეობის მთლიანი რაოდენობა მუდმივად იკლებს, ბაზაში რეგისტრირებულთა წილი, 2020 წლიდან, მზარდია და ეს გრძელდება პანდემიური პერიოდის დასრულების შემდეგაც. 2022 წლიდან, ბაზაში რეგისტრირებულია მოსახლეობის ნახევარზე მეტი. ამავე პერიოდში, 2019 წელთან შედარებით, მკვეთრად გაიზარდა შემწეობის მიმღებთა რიცხოვნობაც და 2023 წელს მაქსიმალურ რაოდენობას მიაღწია. 2024 წელს მიმღებთა რიცხვი შემცირდა, მაგრამ 2025 წელს კვლავ მოიმატა.
ცხრილი 4. ფულადი საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის რაოდენობა, გურია, 2019-2025 წლები
წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო, საქსტატი, ავტორის გამოთვლები
რეგისტრირებული მოსახლეობის მსგავსად, პანდემიურ 2019 წელთან შედარებით, გაზრდილია შემწეობის მიმღებთა წილიც.
დიაგრამა 3. საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა წილი, გურიის მოსახლეობის მთლიან რიცხოვნობასთან მიმართებით, 2019-2024 წლები
წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო